ვიცე-პრემიერმა ეკონომიკურ ფორუმზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მნიშვნელობაზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 აპრილი 2019 12:08

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და  „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის  თემატურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა. 

სხვა საკითხებთან ერთად, საკუთარ გამოსვლაში მაია ცქიტიშვილმა დიდი დრო დაუთმო საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ქვეყნის სტრატეგიულ რეგიონულ  ცენტრად და მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად ჩამოყალიბების მიზნით, საქართველომ ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო ასეთი ზონების შექმნაზე ფიქრი. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება უცხოური კომპანიების საქმიანობის გააქტიურებას ქვეყნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, რათა მათ დადგენილი შეღავათების გამოყენებით, 2.3 მილიარდიანი ბაზრით ისარგებლონ. 

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში ამჟამად სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის მქონე 5 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოქმედებს. 

„სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალის მეტად გამოყენების მიზნით, საქართველო-ჩინეთს შორის 2017 წელს გააფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ეკონომიკური ზონების განვითარების შესახებ. ასეთი ზონები ეხმარება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, სამეწარმოე პოტენციალის  და სამეწარმეო  კლასტერების განვითარებას. ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონების განვითარება მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისთვის, ახალისებს მეწარმეებს, რაც თავის მხრივ ააქტიურებს ეკონომიკური საქმიანობის ბევრ სექტორს, ქმნის მეტ სამუშაო ადგილს და საერთო ჯამში, ხელს უწყობს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გიორგი ქობულიამ იაპონელ კოლეგასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 მარტი 2019 11:29

ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან ჰიროშიგე სეკუსთან. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2018 წელს ექსპორტი 55 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ამავე დროს, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პოტენციალი გაცილებით მეტია, რაც აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდად დინამიკაზე იაპონიაში, კერძოდ, 2018 წელს ზრდამ 28 პროცენტი შეადგინა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ტოკიოში ღვინის გამოფენის მოწყობის ფაქტი, რომელიც მარტში გაიხსნება, 7 მაისამდე იმუშავებს და გამოფენის დამთვალიერებლებს მიაწვდის ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიისა და უწყვეტი ტრადიციების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას იაპონიის ბაზარზე. ასევე დადებითად შეფასდა ტოკიოში საქართველო - იაპონიის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტების პოპულარიზებას იაპონიის ბაზარზე. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე შეთანხმებაზე საქართველოსა და იაპონიის  ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას (NEXI) შორის, რომელსაც ხელი 15 მარტს მოეწერება. აღინიშნა, რომ შეთანხმება სტიმულს მისცემს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდას, აგრეთვე ხელს შეუწყობს საქართველოში იაპონური ინვესტიციების შემოსვლას. 

ქართულმა მხარემ ასევე გაამახვილა ყურადღება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხზე და იაპონელ კოლეგას აღნიშნული პროცესის დაწყება შესთავაზა. ასევე აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებაზე, რომლის შედეგადაც შეთანხმების ძირითად ტექსტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. შეხვედრაზე მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რათა დასრულდეს დარჩენილი ფორმალური პროცედურები შეთანხმების გაფორმების მიზნით. იაპონურმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ შემდგომ ნაბიჯად შესაძლოა, საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაწყების შესაძლებლობა განიხილოს. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოსა და იაპონიის მინისტრებმა ისაუბრეს, ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება იყო. ქართული მხარე იაპონიის გამოცდილებით დაინტერესდა. 

ქართული მხარემ იაპონურ მხარეს ორი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა შესთავაზა. საუბარია, 230-250 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურისა და მზის 50 მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებზე. ითქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია, თუკი იაპონური კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერებში. 

გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე და გამოთქვა დაინტერესება, რომ იაპონურმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების ენერგოაუდიტში და როგორც საბითუმო მომხმარებლებს, გაუწიოს ტექნიკური დახმარება და გაუწიოს გამოცდილება მათი ენერგოეფექტურობის გეგმის შემუშავების მიზნით. 

ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, პრიორიტეტად განისაზღვრება ჰიდრო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების მეშვეობით. განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების დიდი პოტენციალი, არამარტო წყლის რესურსის, არამედ ქარის, მზის, გეოთერმული და ბიომასის ენერგიის ათვისების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ქართულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, რომ აღნიშნულ პროცესში იაპონურმა კომპანიებმა უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. 

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონელი კოლეგა თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

მამუკა ბახტაძე - ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 15:47

ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში პირადად ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

„სწორედ ამ ფორუმზე წარმოდგენილი ქვეყნები განიხილებიან იმპორტის მთავარ წყაროდ ჩინეთისთვის. ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდით გეგმავს იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნებიდან და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ამ ქვეყნების რიცხვშია. პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, იმ საექსპორტო პოტენციალზე, რომელიც აქვს საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ გამოფენაში, სადაც რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას ჰქონდა საშუალება, წარედგინა თავისი პროდუქცია ადგილობრივი მომხმარებლისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ექსპორტი და შემცირდეს არსებული მძიმე სავაჭრო დეფიციტი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ჩეხეთის სავაჭრო პალატამ ქართულ-ჩეხური ბიზნეს ფორუმი მოაწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 24 მაისი 2018 11:18

ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტის ირჟი შესტაკის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის სავაჭრო პალატამ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ორგანიზება გაუწია ქართულ-ჩეხურ ბიზნეს ფორუმს.

ფორუმი გახსნეს და მონაწილეებს მიმართეს ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტმა ირჟი შესტაკმა და ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ.

ფორუმი ჩატარდა 23 მაისს, თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში. ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ჩეხმა ბიზნესმენებმა, რომლებიც წარმოადგენენ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს (ფარმაცია, მექანიკური მოწყობილობა, აღჭურვილობა, მანქანათმშენებლობა და ა. შ.).

ფორუმის მიმდინარეობისას ჩეხური კომპანიების ხელმძღვანელებმა ბიზნეს-შეხვედრები გამართეს თავიანთ ქართველ პარტნიორებთან. შეხვედრებზე განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები და დასახეს სამომავლო გეგმები.

ავთანდილ ოთინაშვილი

ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის ელჩთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 09 იანვარი 2018 16:29

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრისას საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებზე ისაუბრა და ორმხრივი თანამშრომლობის ცალკეული მიმართულებები განიხილა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლები 2017 წელს და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. კერძოდ, აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებობს საგარეო ვაჭრობის კუთხით. მაგალითად, 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 24 პროცენტით, ექსპორტი კი - 23 პროცენტით გაიზარდა და 200 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ასევე ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტზე ჩინეთში, რომელმაც 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, 7,6 მლნ ბოთლს გადააჭარბა.  აღინიშნა, რომ 2018 წლიდან ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება აღნიშნულ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

შეხვედრაზე განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება ჩინეთში, ქალაქ შანხაიში 5-10 ნოემბერს დაგეგმილ იმპორტის გამოფენაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის მონაწილეობაზე, რომლის დროსაც ქართველ ბიზნესმენებს პოტენციურ პარტნიორებთან საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობა ექნებათ. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის მხარეებმა ტურიზმიც დაასახელეს, სადაც თანამშრომლობა აგრეთვე მზარდი დინამიკით ხასიათდება. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ მაღალი შეფასება მისცა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც შარშან შემოდგომაზე გაიმართა. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და მასთან ერთად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობის პროცესში ჩინური კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდება, რაც პოზიტიურად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებზე. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური