სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 16 აპრილი 2018 11:25

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმატებით იქნა შეფასებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა უმრავლესობა გაწერილია ჩვენს პროგრამაში სავალუტო ფონდთან. მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა საქართველოში და გრძელდება 2018 წელს, მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ შესრულდეს მთავრობის მიერ აღებული ყველა ვალდებულება და შენარჩუნდეს წარმატებული პროგრესი რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მთავრობა სწორ და თანამიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს, პირადად, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგისთვის. მისი თქმით, „პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას, მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენს პარტნიორს წარმოადგენს მისი განხორციელების პროცესში“. 

„მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა მიმართულია ადამიანური რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებაზე, კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლის მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობისთვის ეფექტიანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაზე,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017 15:58

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია: საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების სწრაფმა ზრდამ შეუწყო ხელი

საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში. სსფ-მა დადებითად შეაფასა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვა.

სსფ-ს მისიის დონეზე, საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ნოემბერში განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 30 მილიონი ესდეერის (42.3 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით. ამით მიმდინარე პროგრამის ჩამორიცხვები 60 მილიონ ესდეერს (84.6 მილიონ დოლარს) გაუტოლდება.

ამ წუთებში პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება ბრიფინგი. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებებს აკეთებენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017 15:53

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.3 პროცენტამდე ზრდის და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, დაგეგმილი რეფორმების განხორციელება საქართველოს ეკონომიკის მაღალ და ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს, რაც კერძო ინვესტიციების, წარმოებისა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი, უმეტეს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდა.

IMF-ის შეფასებით, ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას, ხელი შეუწყო გონივრულმა პოლიტიკამ, ასევე - სავაჭრო პარტნიორების სიმრავლემ, ექსპორტმა, ტურიზმმა და ინვესტიციებმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შთამბეჭდავად შეაფასა ფისკალური მაჩვენებლებიც და აღნიშნა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს - შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია. ფონდის შეფასებით, მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და დღგ-ს ზედმეტად გადახდილი თანხების  ასანაზღაურებლად.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ფინანსურ სექტორში მიმდინარე რეფორმებს და დადებითად შეფასდა სტრუქტურულ რეფორმებში მიღწეული პროგრესი.

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფონდთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური