თამარ ჟვანიამ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შუალედური ანგარიში წარუდგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018 19:11

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.  ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო პროცესის ორგანიზების,  საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობების გაზრდის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

პრეზიდენტის არჩევნებამდე 5 დღით ადრე ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის,  რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების და აკრედიტებული მედია ორგანიზაციების თაობაზე. „ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვინაიდან ყველა შეკითხვა რომელიც დაისვა და ინფორმაცია, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული. ამავდროულად ჩვენ არასდროს ვივიწყებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გვაქვს და ცხადია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არჩევნების დღისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საარჩევნო პროცესში“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 29 სექტემბერი 2018 11:53

28 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: ''ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში” (HALC 2018).

კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს და პოლიტიკოსებს შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიის ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის სფეროებში არსებული საკითხების განხილვაში, რეალური გამოწვევების დაძლევაში, პროფესიულ განვითარებაში, მოსაზრებების გაზიარებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და მათ შესწავლაში.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყვნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, 
ნიკოლოზ ანთიძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, მანანა ვარძელაშვილი.

DIB სკოლა კურსს - „ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ მასპინძლობს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 10:02

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი „საერთაშორისო უსაფრთხოების სწავლება: ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ გაიხსნა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით გამართული კურსი ორი - ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებებისგან შედგება. 

ნატოს მიმართულებას ქართველ ექსპერტებთან ერთად გაუძღვება კლიგენდაელის წარმომადგენლები სიუზან ოოსტერვიჯკი და გენერალ-ლეიტენანტი ტონ ვან ლუნი, ასევე მოწვეული მკვლევარი ერდოგან აიკაჩი უძღვებიან. კურსი საქართველოს თავდაცვის და ფართო უსაფრთხოების სექტორის საშუალო რგოლის იმ საჯარო მოხელეებისათვისაა გათვლილი, რომლებიც მუშაობენ და ან დაინტერესებულები არიან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებით და ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტებით.

სემინარის ფარგლებში განხილული იქნება ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგები, ნატოს წინაშე მდგარი შიდა და გარე გამოწვევები და საფრთხეები, ნატოს გაფართოების პოლიტიკა, ნატოს როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ასპექტები, ნატოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და შესაძლებლობები, ნატო და კიბერ-თავდაცვის საკითხები, ნატო და თურქეთში მიმდინარე მოვლენები, ნატოს სტრატეგია შავ ზღვასთან მიმართებაში და რუსეთი. კურსი ინტერაქტიურია და ჯგუფურ სამუშაოებსაც მოიცავს.

მამუკა ბახტაძე - დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 16:47

დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, ჩართულობას გულისხმობს - ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის ჩართულობას; ყველას თავისი როლი აქვს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

Financial Time-ის მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუსი დაინტერესდა, ახდენს თუ არა გავლენას საქართველოს არჩევანზე ევროპაში მიმდინარე პროცესები, ვინაიდან, მისივე შეფასებით, ევროპა აღარ არის ის, რაც იყო უწინ. ამ კონტექსტში დისკუსიის მოდერატორმა მაგალითებად პოლონეთსა თუ სლოვაკეთში მიმდინარე მოვლენები, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა დაასახელა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი ცვალებადია, თუმცა ღირებულებები უცვლელი რჩება.

„დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს. დიახ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ცვალებადი პროცესი, მაგრამ ღირებულებები იგივე რჩება. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ევროკავშირის ნათელ მომავალს", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“ იწყება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018 20:08

1-11 სექტემბრის ჩათვლით საქართველო საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“-ს მერვედ უმასპინძლებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „Agile Spirit 2018“-ის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე საერთაშორისო სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიზანი, შინაარსი და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნო.

საინფორმაციო ბრიფინგს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილეები დაესწრნენ.

მრავალეროვნული სწავლება ქალაქ სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით ჩატარდება. 
სწავლების სცენარი ემყარება თავდაცვის, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს. 2017 წელთან შედარებით, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, ესენია: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩეხეთი, ესტონეთი.
Agile Spirit 2018“-ის მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის მიზნით ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვა და ჩატარება. ურთიერთთავსებადობის დახვეწა, სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებისა და სამეთაურო რგოლის ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება, ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს, რეალურ დროში და მრავალეროვნულ გარემოში.

„Agile Spirit 2018“ კომპიუტერული სიმულაციური სისტემების (JCATS/MTWS) მხარდაჭერით, ძალების მიზიდვის გარეშე განხორციელდება. სწავლებას მხარს დაუჭერს „ნატო-საქართველოს შეფასების ერთობლივი ცენტრი“ (JTEC), სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა, სპეციალური ოპერაციების ძალები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა.

შეუერთდით „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას - განაცხადების მიღება დაწყებულია!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 18:29

ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ (YEAs)  იწვევს 18-25 წლის ახალგაზრდებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან განაცხადების შესატანად იმისათვის, რომ შეუერთდნენ საერთაშორისო ახალგაზრდულ მოძრაობას.  განაცხადები მიიღება 2018 წლის 12 სექტემბრამდე. სულ შერჩეული იქნება ინიციატივის 100 ახალი მონაწილე.

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ არიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც  სრულყოფილად ფლობენ ინგლისურ ენას და არიან ევროკავშირის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის მოქალაქეები. ისინი იცნობენ ევროკავშირის საქმიანობას საკუთარ ქვეყანაში და დაინტერესებულები არიან საკუთარ ქვეყანასა და ევროკაშირს შორის პარტნიორობის იდეის პოპულარიზაციით.

"ახალგაზრდა ევროპელი ელჩების" ინიციატივაში მონაწილეობამ ჩემთვის უფრო მკაფიო გახადა მისი, როგორც ღია პლატფორმის მნიშვნელობა იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ეს ყველაფერი ერთად საერთო ევროპულ მომავალს ჰქმნის", - ამბობს ნინო გოზალიშვილი.

წარმატებული კანდიდატები, რომლებიც გაივლიან შერჩევას,  ჩაერთვებიან სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებაში, რომლებიც ორიენტირებულია დიალოგის განვითარებაზე  სხვა ქვეყნების ახალგაზრდობასთან; ისინი ასევე იქნებიან საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდობის წარმომადგენლები საზღვარგარეთ. ისინი გაუზიარებენ სხვებს გამოცდილებას და ცოდნას ევროკავშირის პროგრამების და ინიციატივების შესახებ, განიხილავენ ახალგაზრდების განათლების და დასაქმების საკითხებს, განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს საკუთარი ქვეყნების და მთელი რეგიონის მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ არიან „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის წამყვანი ძალა, რომელიც დღესდღეობით 3300 აქტიურ წევრს აერთიანებს.

 „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის მიზანია გაზარდოს სოციალურად აქტიური ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ინფორმირებულები არიან ევროკავშირის პროექტების და ინიციატივების შესახებ საკუთარ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ხელი შეუწყოს აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ახალგაზრდების თანამშრომლობას. ქსელმა საქმიანობა დაიწყო 2016 წლის ივნისში პროექტის „EU NEIGHBOURS east“  ფარგლებში.

ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ წარმოადგენს ევროკავშირის პროექტის „ღია სამეზობლო - პარტნიორული კავშირების გაძლიერება კომუნიკაციის გზით: ადამიანებს შორის ურთიერთობა აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებით“ („EU NEIGHBOURS east“) ნაწილს.

დამატებითიინფორმაცია:

https://www.euneighbours.eu/en/east/eu-in-action/youth/learn-more-get-involved

https://www.facebook.com/groups/1762832023967493/

შემოიტანეგანაცხადიდაგახდიახალგაზრდაევროპელიელჩი:

https://docs.google.com/forms/d/1_VkQcLOGEIwOcYs0WD02zB2Okq6z7ZK8iTGV0u4FS-I/viewform?edit_requested=true

ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს „ჩინური ენის ხიდის“ საერთაშორისო კონკურსზე

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018 09:45

5 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა უმასპინძლა „ჩინური ენის ხიდის“ საერთაშირისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევ ეტაპს. კონკურსი შედგებოდა 4 ეტაპისაგან: ჩინეთის შესახებ ესეს წერა, სიტყვით გამოსვლა, კითხვებზე პასუხი და კულტურული ნომერი. მონაწილე სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს. 5 ქართველი და ჩინური მხარის წევრისგან შემდგარი ჟიურიმ შეაფასა მონაწილეები და ამოირჩია გამარჯვებული.

პირველი ადგილი დაიკავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ვახტანგ ქაჩიბაიამ. იგი ზაფხულში გაემგზავრება ჩინეთში, სადაც საქართველოს სახელით 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მიიღებს მონაწილეობას რიგით მე-17 საერთაშორისო „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსში. „ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა ამ კონკურსში გამომეცადა ჩემი თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში დაგროვილი ცოდნა“, - აღნიშნა პირველი ადგილის მფლობელმა ვახტანგ ქაჩიბაიამ. სხვა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსი მათთვის დიდი გამოცდილება იყო და მომავალში უფრო მეტს იშრომებენ ჩინურის საფუძვლიანად შესასწავლად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ქალბატონი წუო ხონგპო და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ბატონი ვახტანგ ლეჟავა. ქალბატონმა წუო ხონგპომ სიტყვით მიმართვისას მონაწილეებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი მომავალშიც განაგრძობს საზოგადოებისათვის ჩინეთის გაცნობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას.

ბატონმა ვახტანგ ლეჟავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთის კულტურის პოპულარიზაციაში. ამასთან მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. „ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევი კონკურსი ჩატარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით.

აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი: საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ტარდება

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 23 მაისი 2018 20:10

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ როგორ ემზადებიან საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო ფესტივალისთვის

ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Discover Silk Road Star — „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი" 25 აგვისტო –1 სექტემბრის პერიოდში გაიმართება, რომელშიც 14 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსზე გამოვლენ ახალგაზრდა შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტის სხვა სახელმწიფოებიდან.

ღონისძიების პარტნიორი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო  Sputnik–ი იქნება.   „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში ღონისძიების ქართველი ორგანიზატორებისა და ყაზახეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანისა და ტაჯიკეთის წარმომადგენელი კონკურსანტების მონაწილეობით ვიდეოხიდი გაიმართა.

 „მალე ჩვენ ფესტივალ  „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავის“ ფარგლებში შევხვდებით. ის 25 აგვისტოს აიღებს სტარტს და ჩვენ ყველა ბათუმში შევიკრიბებით. მადლობა თქვენ საქართველოსადმი თბილი დამოკიდებულებისთვის. მე ყველას გგულშემატკივრობთ, არ შემიძლია რომელიმე მონაწილის გამოყოფა. თითოეულ თქვენგანს მთელი გულით დაგიჭერთ მხარს“, – განაცხადა ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ნინო შალამბერიძემ.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 26 აგვისტოს გაიმართება, რა დროსაც მონაწილეები მსოფლიო ჰიტებს შეასრულებენ. კონკურსის მომდევნო ეტაპზე – 28 აგვისტოს, კონკურსანტები საკუთარი ქვეყნის პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ. მაყურებელს ყველაზე საინტერესო ბოლო ეტაპზე ელოდება, როდესაც ახალგაზრდა მომღერლები კომპოზიციებს ქართულ ენაზე შეასრულებენ. როგორც ვიდეოხიდის დროს თავად მონაწილეებმა აღნიშნეს, მათთვის ყველაზე ამაღელვებელი ბოლო ეტაპია.

ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი რეჟისორი ლაშა ონიანია, რომელიც ვიდეოხიდში იღებდა მონაწილეობას. 

„ჩემთვის ძალზე საინტერესო იქნება თქვენთან მუშაობა და მოუთმენლად ველოდები ფესტივალს. ბათუმში არამარტო ქართველი მაყურებელი, არამედ ტურისტებიც შეიკრიბებიან. ამ ღონისძიებით ჩვენ გვსურს ყველას დავუმტკიცოთ, რომ საქართველოში შეუძლიათ საერთაშორისო მასშტაბის სიმღერის კონკურსების ჩატარება“, – აღნიშნა ონიანმა.

მისი სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა გარკვეულ საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ფესტივალი „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ სხვებისგან იმით იქნება გამორჩეული, რომ მისი ორგანიზებით მსოფლიო მასშტაბის გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდია დაკავებული.

ფესტივალზე აზერბაიჯანს ახალგაზრდა ემილია იაკუბოვა წარადგენს, ყირგიზეთს აბაი სერიკოვი, ტაჯიკეთს დანიელ  რუსტამოვი და ყაზახეთს – რუსტემ ჟუგუნუსოვი.

„მე ძალიან  მინდა მალე ვნახო  საქართველოს ღირსშესანიშნაობები და გავიცნო პროექტის სხვა მონაწილეები. ამ დროისთვის გულმოდგინედ ვემზადები ფესტივალისთვის. მე უკვე შევარჩიე ორი სიმღერა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე, პროექტში რომელი სიმღერით გამოვალ. ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა იაკუბოვამ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსზე თუ ვინ წარადგენს საქართველოს, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე არ არის ცნობილი თურქეთისა და ჩინეთის წარმომადგენლების ვინაობა.

 „მონაწილის ვინაობა, რომელიც საქართველოს სახელით გამოვა, ჯერჯერობით, არ გარკვეულა. ჩვენ გვინდა, რომ ის მოსახლეობამ შეარჩიოს სახალხო ხმის მიცემის გზით. თვის ბოლოსთვის ჩვენს საიტზე ხუთი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი და ნებისმიერს შეუძლია საკუთარ ფავორიტს დაუჭიროს მხარი, გამარჯვებული კონკურსზე გავა“, – განაცხადა შალამბერიძემ.

„სიმღერის კონკურსის გამართვასთან ერთად ჩვენ გვინდა მონაწილეებს საქართველო გავაცნოთ – მოვუთხროთ ჩვენი კულტურის შესახებ, დავათვალიერებინოთ ულამაზესი კუთხეები. ამიტომ ჩვენ ექსკურსიები გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ავთანდილ გვასალიამ.

ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ფესტივალი ყოველწლიური გახდება და მომავალში არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ჩატარდება.

„წელს ფესტივალში 14 ქვეყანა მონაწილეობს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მონაწილეების რიცხვი ოცს მიაღწევს“, – აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა თამარ აფციაურმა.

ფესტივალი „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ ბათუმის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის მე-5 ფესტივალი გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 15 მაისი 2018 17:39

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის მე-5 ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნის ტრადიციული სამოსი, ფოლკლორი და კერძები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ IBSU-ში 27 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტი სწავლობს. მათ შორის არიან აშშ-ს, გერმანიის, პოლონეთის, ჩინეთის, ისრაელის, საბერძნეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების სტუდენტები. კულტურის ფესტივალს 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.

 

 

მე-8 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 20 აპრილი 2018 16:37

20 აპრილს, 10:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-8 საერთაშორისო კონფერენციას (IRCEELT) აწყობს, რომელიც ეძღვნება განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას და 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს  - ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიან კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი 30-მდე სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, უნგრეთი, ესპანეთი, ლატვია, ფინეთი, ისრაელი, ბელორუსი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, მალაიზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ომანი, ყატარი, ტაილანდი, ნიგერია, ალჟირი და განა.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო თემებს:

  • განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები)
  • სასწავლო გარემოს მენეჯმენტი
  • განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება
  • უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა)
  • საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
  • ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა
    • ენა და კულტურა

ნაშრომები ქვეყნდება კონფერენციის ნარკვევებში (ISSN: 2298-0180). დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიატ იხილოთ: http://ircelt.ibsu.edu.ge/

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური