თბილისმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019 09:33

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით თბილისში 3–დღიანი საერთაშორისო რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. 30–მდე ქვეყნის 100–ზე მეტმა მონაწილემ ორგანიზაციის წინაშე არსებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის ნაციონალური საზოგადოების საქმიანობის პრეზენტაცია შედგა.

 წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის, ოლგა ჯუმაევას თქმით, ეს იყო განსაკუთრებული ფორუმი ფანდრაიზინგისა და კომუნიკაციების სფეროში. „ჩვენ ვეხმარებით უამრავ ადამიანს, ვისაც კრიზისი შეეხო. ფორუმის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ის საზოგადოებაში ფილანტროპიის განვითარებას უწყობს ხელს. ფილანტროპია – ეს ის პროცესია, როცა ადამიანები არ არინ გულგრილნი სხვათა გასაჭირის მიმართ. რაც უფრო განვითარებულია ფილანტროპია საზოგადოებაში, მით უფრო მაღალია სოციალური ცხოვრების, ურთიერთდახმარების, მეგობრობის, ბედნიერების სტანდარტები.

მრავალი წლის განმავლობაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ადგილობრივი, ეროვნული ორგანიზაციები საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან დოტაციებს იღებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი მათგანი დიდი თანხებით უკვე საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსდებოდა. სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ მხოლოდ საერთაშორისო წითელი ჯვრის მიერ 250 მლნ დოლარზე მეტი შეგროვდა ამ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციოდ“, – განაცხადა ჯუმაევამ.

ამჟამად ვითარება თანდათანობით იცვლება. ქვეყნები ვითარდებიან, მათ საკუთარი შესაძლებლობები და ფინანსური სახსრები უჩნდებათ. იცვლება წითელი ჯვრის ნაციონალური ორგანიზაციების პარტნიორთა დონორული პრიორიტეტებიც და შესაბამისად, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების პასუხისმგებლობა სულ უფრო მატულობს რესურსების მოზიდვისა და საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების კუთხით.

„ამ ფონზე აუცილებელია სახსრების მოზიდვა სწორედ კომუნიკაციების გაძლიერების გზით. 3–დღიან ფორუმში 30–მდე ქვეყნის 100–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პირველად ანალოგიური ფორუმი 2014 წელს ბუდაპეშტში შედგა, სადაც მაშინ 30 მონაწილე გვყავდა. თბილისის ფორუმი უკვე რიგით მე–6 ღონისძიებაა და ყოველწლიურად იზრდება როგორც მონაწილე ქვეყნების, ისე მათი წარმომადგენლების რაოდენობა.

პირადად მე სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში მიმდინარე წლის მაისიდან ვმუშაობ. ვსაქმიანობ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ადგილობრივ ნაციონალურ ორგანიზაციებთან. ჩემი მიზანია, გაფართოვდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, კერძოდ, მოვიზიდოთ მეტი პარტნიორი და დონორი ორგანიზაციები, ვინც დაინტერესებულია, მხარდაჭერა აღმოუჩინოს მსხვილ ჰუმანიტარულ პროექტებს. ახლახანს ჩვენ შევხვდით ავსტრიის ელჩს საქართველოში, ავსტრიული დელეგაციის მონაწილეობით.

საქართველოს წითელ ჯვარს გააჩნია ხანდაზმული ადამიანების მოვლის სფეროში შესანიშნავი გამოცდილება და შესაბამისი მოდელი, რათა ისინი არ გრძნობდნენ თავს საზოგადოების აქტიური ნაწილისგან მოწყვეტილად. ორგანიზაცია ეხმარება სხვა კატეგორიის ადამიანებსაც. ამ მხრივ იგი აქტიურად მუშაობს 28 ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მომზადება საგანგებო ვითარებებისთვის და შესაბამისი ოპერატიული რეაგირება ამჟამად ვასრულებთ მუშაობას იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მაისში, კახეთში, წყალიდოდიბის შედეგად დაზარალდნენ. 5000–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო შესაბამისი დახმარება”, – აღნიშნა ჯუმაევამ.          

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 2018 წელს 100 წლისთავი აღნიშნა. მისი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, თამარ კამკამიძის თქმით,  უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ეროვნული საზოგადოება ზრუნავს და ეხმარება ადამიანებს სოციალურ–ეკონომიკური კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების შედეგების დაძლევაში.

„საქართველოს წითელი ჯვარი ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის ნაწილია და ჰუმანიტარულ სფეროში ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაციაა. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარე იქნება, რომელიც დეკემბერში ჟენევაში გაიმართება.

ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვყნისთვის, რადგანაც 33–ე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება, ასევე იმ არსებული გამოწვევების მიმოხილვა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან ქალაქში თუ სოფლად. ეს არის ის მთავარი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობა, ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველოს ხელისუფლება (რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ეროვნულ საზოგადოებასთან) და მთავარი ჰუმანიტარული პარტნიორები იხილავენ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იღებენ ერთობლივ ვალდებულებებს დაზარალებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, –აღნიშნა კამკამიძემ.     

ვასო კაპანაძე

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 01 დეკემბერი 2018 15:57

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველად, კანტის აკადემიის ორგანიზებით იმართება. კონფერენციის 200-მდე დელეგატს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. 
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებული მდებარეობისა და ისტორიის მქონე სახელმწიფოა, რომელიც ნათელი მაგალითი გახდა იმის, თუ როგორ შეუძლია მცირე ზომის ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო ვაჭრობაში, საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის საქმეში. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ასევე აჩვენა მტკიცე ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების კუთხით და ქვეყნის პოზიციებს ცივილიზებული სამყარო სრულად იზიარებს. 
საერათშორისო კონფერენციის მონაწილეების კითხვები რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას, საგარეო პოლიტიკას, რუსეთთან ურთიერთობებს, საქართველოში გატარებულ საკონსტიტუციო რეფორმას, პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, ქვეყნის დემოკრატიულ გამოწვევებსა და ეკონომიკურ განვითარებას ეხებოდა. მონაწილეებს პრეზიდენტმა ასევე გაუზიარა საკუთარი ხედვა, თუ რა შეიძლება გააკეთოს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

დავით ზალკალიანმა რელიგიის თავისუფლებათა შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ რელიგიური უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ივლისი 2018 15:04

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში რელიგიის თავისუფლების შესახებ. მინისტერიალში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის პატრონაჟით ტარდება, 40-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.
 
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომელიც მდიდარია და სამაგალითოა მსოფლიო საზოგადოებისთვის უნიკალური ტოლერანტობისა და მულტიეთნიკური თანაცხოვრების თვალსაზრისით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს კულტურის თავისებურება, რაც გამოიხატება მრავალფეროვნებაში, რელიგიურ პლურალიზმსა და ინკლუზიურობაში, თავის მხრივ იქცა ქართველი ერის და მისი ცხოვრების წესის განმსაზღვრელად. მისივე თმიქთ რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლების განმალობაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისთვის სალოცავი შენობა-ნაგებობებით უზრუნველყოფის თვალსაზისით.
 
საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალინმა ხაზი გაუსვა საქართველოში მოქმედი რელოგიური ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებაში.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რელოგიური თავისუფლების საერთაშორისო კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის რელოგიური თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დარღვევისა და ხელყოფის ფაქტებზე. მისი თქმით ოკუპაციისა და 2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდგომ ვითარება ოკუპირებულ რეგინებში გართულდა. მისი თქმით ადგილზე ილახება, როგორც მორწმუნეთა უფლებები, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლეთა უფლებები, რომელთაც წლებია არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ ამ ტერიტორიაზე ღვთისმსახურება და მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ ღონისძიებებსა და დღესასწაულებში. მშვიდობიან მოსახლეობას არ ეძლევა საშუალება მოინახულოს და პატივი მიაგოს წინაპართა საფლავებს. დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ისტორიული რელიგიური ტაძრების დაზიანებისა და დამახინჯების ფაქტებზე, როგორც მან აღნიშნა ამ გზით საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია ცდილობს წაშალოს ქართული ისტორიულ-კულტურული კვალი.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
დავით ზალკალიანმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მინისტერიალის მონაწილეებს დაუდასტურა საქართველოს მზაობა მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ცივილიზაციათა დიალოგსა და სხვადასხვა რელიგიურ თუ კულტურულ ჯგუფებს შორის ხიდების მშენებლობასა და ნდობის გაღრმავებაში, რასაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად წარმატებით ართმევდა თავს.  
 
რელიგიური თავისუფლების საკითხზე საერთაშორისო მინისტერიალს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მასპინძლობს. ღონისძიებას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.
 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია იმართება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 21 აპრილი 2017 17:01

21-22 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია იმართება. 

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იტყობინება, 2017 წლის კონფერენციაში მონაწილეობენ მომხსენებლები 26 ქვეყნიდან: საქართველო, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ისრაელი, შვედეთი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, ომანი, ლიბია, მალაიზია, პაკისტანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა. სხვადასხვა თეამტურ პანელებზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხება განათლებას, განათლების ისტორიას, განათლების ფსიქოლოგიას, სასწავლო გარემოს მართვას, განათლების ლიდერობას, მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას, უცხოური ენების სწავლების მეთოდებს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერებას, ლიტერატურას დაზოგადად, კულტურას.

კონფერენცია უკვე მეშვიდე წელია, განათლებისა და ჰუმანუტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციის მთავარ მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების თეორიასა და პრაქტიკას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. 

საერთაშორისო კონფერენციაზე მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 15:02

მეცხოველეობის დარგის განვითარების  მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით საერთაშორისო კონფერენცია - „საერთაშორისო გამოცდილება - მეცხოველეობის დარგში ინვესტირებისა და წარმატებისთვის კავკასიის რეგიონში“გაიმართა. ღონისძიება კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ და კანადის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და  სოფლის განვითარების სამინისტროს - ალბერტას (Alberta Ministry of Agriculture, Forestry and Rural Development) ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიოში  მეცხოველეობის მიმართულების ფერმერული მეურნეობებისგანვითარების საკითხები განიხილეს. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოში მეცხოველეობის დარგში არსებულპოტენციალზე,დარგის განვითარების პერსპექტივებსა და აღნიშნული მიმრთულებით ინვესტირების  შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.  მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგისთვის მეცხოველეობის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია.

,,კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მეცხოველეობის მიმართულებით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ჯიშთა გამოცდა და გენეტიკური გაუმჯობესება, რაც საქონლის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც ქართველ ფერმერთა შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ჩვენი ქვეყნისთვის მეცხოველეობის სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად ეს არის საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოების ნახევარი. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის განვითარება და პროდუქტიულობის ზრდა პირდაპირ კავშირშია  ჩვენი ფერმერების კეთილდღეობასთან. ჯიშთა გამოცდისა და გენეტიკური გაუმჯობესებების მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი  აქტიურად მუშაობს, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ წარმომადგენელმა, თამარ ყაჭაშვილმა აღნიშნა, კომპანია„კავკასიის გენეტიკა“ 2006 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სექტორში, მეცხოველეობის მიმართულებით, აქტიურად მუშაობს. კომპანია სანაშენე საქმიანობაში  ახალი ტექნოლოგიების დანერგვას,მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას დახელოვნური განაყოფიერების გზითჯიშობრივ გაუმჯობესებასუწყობს ხელს უწყობს.

მეცხოველეობის დარგის განვითარების მნიშვენლობაზე და ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების, კანადის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და  სოფლის განვითარების სამინისტროს - ალბერტას, კანადის სავაჭრო პალატის,  მეცხოველობის დარგში მომუშავე კანადისწამყვანი კომპანიებისწარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცხოველეობის დარგის ექსპერტები, უცხოელი სპეციალისტები და მეცხოველეობის ორგანიზაციების წარმომადგენლები (ესტონეთი, ისრაელი, სომხეთი), ვეტერინარები და ზოოტექნიკოსები, ასევე ფერმერები, ფერმერული ასოცოაციების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე მეცხოველეობის სექტორის კანადური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე  ქვეყნებს შორის მეცხოველეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

თამარ სანიკიძე საერთაშორისო კონფერენციაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 აპრილი 2016 17:14

თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისათვის“ გაიმართა. ღონისძიება ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენცია ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა, ღონისძიებას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია. 

კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენებით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიცირებული 4-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის შესახებ და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება. მათ შორის, ბიზნესის ხელშეწყობისა და შრომით ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნის მიმართულებებზე.

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა მეწარმეობის ხელშემწყობ სამთავრობო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ და მის ქვეკომპონენტებზე. მისი განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ ის პროექტი იყო, რომელმაც ადგილობრივ მეწარმეებს მისცა შესაძლებლობა კომერციული ბანკებიდან სესხი 1-დან 3 პროცენტამდე აეღოთ. გარდა ამისა, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო გახდა თანაუზრუნველმყოფელი კომერციული ბანკებიდან სესხის აღების დროს.

ვიცე-პრემიერი ასევე შეეხო განათლების მიმართულებასაც და ისაუბრა იმ პრეზენტაციაზე, რომელიც მცირე ხნის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა. „საუბარია საჯარო და კერძო პარტნიორობასა და პროფესიულ განათლებაში ჩადებულ ძალიან დიდ ინვესტიციაზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ოთხპუნქტიანი გეგმის ამ ორი მიმართულებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება.

კონფერენციაზე საუბარი წარიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ბიზნესისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენას. კვლევამ მოიცვა 300-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია, ხოლო შედეგად გამოვლინდა სამი ძირითადი ფაქტორი: ქვეყანაში მარეგულისრებელი ჩარჩო და სამართლიანი კონკურენცია; ფინანსურ რესურსებზე წვდომადობა და განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობა. 

კონფერენციაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანია, 10-მდე სექტორული გაერთიანება, აგრეთვე ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები.

 

საერთაშორისო კონფერენცია, სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 11:58

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანი იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების, ანუ სასოფლო სამეურნეო ექსტენციის სფეროში და საქართველოს ფერმერთა საჭიროებებისა და პრობლემების განხილვა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შომბი შარპმა - გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლივიე ბურკიმ - სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის დირექტორმა, ნოდარ კერესელიძემ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ, და ქეთი ნატრიაშვილმა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილემ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, ფერმერთა ასოციაციების, უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე სოფლის მეურნეობის ექსპერტებმა დანიიდან, ირლანდიიდან, კოსოვოდან და შვეიცარიიდან.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის საერთაშორისო გამოცდილებაზე, საქართველოში მისი დანერგვის შესაძლებლობაზე და ქართველი ფერმერებისათვის განსაკუთრებით აქტუალური ინფორმაციისა და უნარების შესახებ. ასევე განიხილეს ექსტენციის სხვადასხვა მოდელი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ექსტენციის კონსულტანტების მიმართ.

საერთაშორისო ექპერტებმა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ექსტენციის აუცილებლობაზე სოფლის მეურნეობის წარმატებული განვითარებისათვის, ხოლო საქართველოს მთავრობისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდეციებსა და სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

კონფერენციის დასრულებისას, 8 და 9 დეკემბერს გაიმართება პრაქტიკული სემინარი სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის საკითხებში და გასვლითი სესია.

გაეროს განვითარების პროგრამა დგას ქართველი ხალხის გვერდით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 15:06

დასრულდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილისა და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის - ჯიჰან სულთანოღლუს სამდღიანი ვიზიტი საქართველოში.
11 ნოემბერს, საქართველოდან გამგზავრების წინ ჯიჰან სულთანოღლუმ შეაჯამა ვიზიტის შედეგები და აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამა განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული გარდაქმნებისა და მდგრადი განვითარების გზაზე:
„ჩემი ვიზიტი დაემთხვა მნიშვნელოვან პერიოდს, როდესაც მსოფლიო ემზადება განვითარების ახალი 15-წლიანი ციკლის დასაწყებად. 2016 წლის იანვრიდან ჩვენ შევუდგებით ახალი გლობალური დღის წესრიგის - მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. საქართველოში ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, შესაბამისობაში მოვიყვანოთ მდგრადი განვითარების მიზნები ეროვნულ პრიორიტეტებთან. ეს დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას კეთილდღეობისა და ინკლუზიური საზოგადოებისკენ და შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ღირსეულად გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს. გაეროს განვითარების პროგრამა მხარში უდგას საქართველოს მთავრობასა და ხალხს ქვეყნის განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში“.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯიჰან სულთანოღლუ შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს - დავით უსუფაშვილს, და გაეროს განვითარების პროგრამის ძირითად პარტნიორებს საქართველოში - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს.
ჯიჰან სულთანოღლუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობა, რომელიც ეყრდნობა გაეროსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებასა და გაეროს განვითარების პროგრამის საპროგრამო დოკუმენტს 2016-2020 წლებისთვის.
მან ასევე აღნიშნა საქართველოს მიღწევები დემოკრატიული გარდაქმნების გზაზე, მათ შორის ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მეტი ჩართულობის სფეროში, და ხაზი გაუსვა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა დასაქმების გაზრდა, სოფლის მეურნეობის განვითარება, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სტანდარტის ამაღლება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა.       
10 ნოემბერს, ჯიჰან სულთანოღლუმ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობისათვის - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით ევროკავშირთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი ღარიბაშვილთან, და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში - ფედერიკა მოგერინისთან ერთად მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს.
ჯიჰან სულთანოღლუმ აღნიშნა:
„გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა დაცვის ქვაკუთხედია. მაგრამ ის ასევე იმ მდგრადი განვითარების წინაპირობაა, რომლის აუცილებლობის შესახებ ასე მკაფიოდ განაცხადა ქართველმა ხალხმა. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების ყველა წევრი შეძლებს თანასწორი მონაწილეობა მიიღოს განვითარების პროცესში, ეს ერთობლივი ძალისხმევა შთმბეჭდავ გავლენას იქონიებს როგორც მთელი საზოგადოების, ასევე ცალკეული ოჯახების კეთილდღეობაზე. საქართველოში ამჟამად განიხილება სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების შესაძლებლობა მომავალი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის. გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს და აქტიურად ჩართულია ამ პროცესში, რათა ერთად მოვნახოთ არსებული უთანასწორობის აღმოფხვრის გზები“.  
11 ნოემბერს, ჯიჰან სულთანოღლუ გაემგზავრა დუშეთის რეგიონში, სადაც გაეცნო გაეროს განვითარების პროგრამის, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის შედეგებს საქართველოში რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდასაჭერად.
ჯიჰან სულთანოღლუ შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
ოფიციალურ დელეგაციაში ასევე შედიოდნენ გაეროს შტაბ-ბინის წარმომადგენლები და გაეროს მუდმივი კოორდინატორი/გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ნილს სკოტი.   
ამავე დღეს, ჯიჰან სულთანოღლუმ დაასრულა თავისი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური