ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2021 11:50

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციამ საქართველოში დღეს გაავრცელა განცხადება, ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური პარტიის" თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე" - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

აშშ-ის საელჩოს განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021 12:13

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

წყარო: https://ge.usembassy.gov/ka/u-s-embassy-statement-2182021-ka/

სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით განვითარების დახმარების ფარგლებში მიმდინარე პროექტის განხორციელება დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021 10:51
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში (ODA-Official Development Assistance) მიმდინარე პროექტის პრაქტიკული განხორციელების ფაზა დაიწყო.
ამ ეტაპზე ჰიდროგრაფიული სამსახურისათვის კორეული მხარის მიერ გადმოცემული ტექნიკის ინსტალირება და ადგილობრივი კადრების დატრენინგება მიდმდინარეობს.
ჰიდროგრაფიული მოწყობილობები (TRBM) ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ფოთისა და ყულევის აკვატორიაში - ზღვის ფსკერზე იქნა განთავსებული. ისინი წყლის დინების მიმართულების, წყლის მახასიათებლების და სიჩქარის განსაზღვრას, ასევე მოპოვებული მონაცემების დაარქივებას ახორციელებენ. აპარატურა (TRBM) მობილურია და მისი გადაადგილება ზღვის ნებისმიერ რაიონში შესაძლებელია.
აღნიშნნული მოწყობილობით მოპოვებული ინფორმაცია აუცილებელია საზღვაო საქმიანობის განხორციელებისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
 
საქართველოში სამხრეთ კორეის საელჩოს ადმინისტრაცია

აშშ-ის საელჩოს განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 22 იანვარი 2021 11:45
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.
სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების" დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2020 11:11
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში.
დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტისკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას.
ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა.
ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმს მოეწერა ხელი

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2020 12:17

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, სალიჰ ქენან შაჰინთან ერთად ხელი მოაწერა ოქმს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ზემოაღნიშნული ოქმის მიზანია, ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელება, ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღება, მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობებით მომარაგება, სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე, სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის ცერემონიაზე, ონლაინ რეჟიმში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა და სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ხარძიანმა.

ამასთან, გამართული ღონისძიების ფარგლებში, მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ასევე, აქცენტები გააკეთეს მომავალ ახალ პერსპექტივებზე.

საგულისხმოა, რომ ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმის ხელმოწერის მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2019 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის დროს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზი

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2020 17:32

სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

მოგეხსენებათ ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს და ამავდროულად ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება,  ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს.

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მიმართვა თანამემამულეებისადმი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020 16:30

როგორც ცნობილია, 2020 წლის 27 სექტემბერს ოკუპანტმა სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ განახორციელა თავისი მორიგი ვერაგული თავდასხმა. განზრახ და მიზანმიმართულად ჩადენილი ამ სამხედრო პროვოკაციის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები სამოქალაქო მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეთა შორის, ნათქვამია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
"სომხეთის მიზანია ყველა საშუალებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სტატუს-კვოს გაგრძელება, ასევე ქვეყნის საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადატანა ძალიან სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიდან.
ხოლო აზერბაიჯანი იცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას და გამჭვირვალედ და სამართლიანად აგრძელებს თავის პოლიტიკას. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონმა ილჰამ ალიევმა ხალხისადმი თავის მიმართვაში ზახგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის უძველეს მიწას და მთელი მსოფლიო მას აღიარებს აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად. ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ საერთაშორისო დონეზე.
ჩვენი ქვეყნის ახლო მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოც მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
აზერბაიჯანელმა ხალხმა მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე მტკიცედ განაცხადა, რომ არასოდეს არ შეეგუებოდა თავისი მიწების ოკუპაციას და აუცილებლად ბოლოს მოუღებდა ამ ოკუპაციას. სამწუხაროდ, ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების მიზნით წლების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებმა ოკუპანტი სომხეთის პოზიციის გამო დადებითი შედეგი არ გამოიღეს. სომხეთის ქმედებებმა მოახდინეს სამშვიდობო პროცესის პარალიზება, ხოლო მის მიერ ჩადენილმა ძალადობის ბოლო აქტმა აზერბაიჯანს არ დაუტოვა სხვა არჩევანი, გარდა გაეროს წესდების შესაბამისად თავისი კანონიერი თავდაცვის უფლების გამოყენებისა.
ამჟამად მამაცი აზერბაიჯანული ჯარი ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, ღირსეულად იბრძვის სამშობლოს მიწებისათვის და მტერს, ოკუპანტ ჯარს აყენებს გამანადგურებელ დარტყმებს.
ამ მოვლენების მიმდინარეობის ბოლო საბედისწერო დღეებში საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხრიდან საელჩოში შემოდის უამრავი მიმართვა სხვადასხვა სახის დახმარებისა და შემოწირულობის შემოთავაზების, მოხალისედ ჩაწერის სურვილის თაობაზე.
საელჩო მიმართავს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მათ ორგანიზაციებს და ღრმა მადლიერებას გამოხატავს გამოჩენილი პატრიოტიზმის, თავგანწირვისა და სოლიდარობისათვის. თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი.
აზერბაიჯანის სახელმწიფოს და შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ყველა საჭირო შესაძლებლობა მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს.
ამავე დროს, ნივთების და საქონლის სახით ჰუმანიტარული დახმარების და შემოწირულობების საჭიროებაც არ არსებობს.
ხოლო ფინანსური შემოწირულობების განხორციელების მსურველ პირებს შეუძლიათ ეს განახორციელონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდის მეშვეობით. ფონდის საბანკო რეკვიზიტები ხელმისაწვდომია აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, შემდეგ ლინკზე: https://mod.gov.az/…/silahli-quvvelere-yardim-fondunun-ban…/.
ამასთან დაკავშირებით საელჩო ასევე მოგახსენებთ, რომ ადგილებზე მისი სახელით ან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სხვა სახელმწიფო უწყებების სახელით ფულადი სახსრების შეგროვება არ ხორციელდება და გახმოვანებული ამგვარი შესაძლო მოწოდებები უსაფუძვლოა.

ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა.
საელჩო სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების და სამოქალაქო პირების ოჯახებს და ახლობლებს. მარადიული იყოს სამშობლოს ხსნისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნა, სამოთხეში განისვენონ მათი სულები!", - აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020 15:33

აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის აგრესიის აქტის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლია, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები გამყოფი ზოლის გასწვრივ სამოქალაქო პირებზე, კერძო სახლებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებენ, რაც ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 1949 წლის ჟენევის კონვენციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

სამოქალაქო ობიექტები, როგორიცაა საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები, სკოლის შენობები და საბავშვო ბაღები სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლის სამიზნე ხდება, მათ შორის საარტილერიო და სხვა მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. საცხოვრებელ რაიონებში ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ბურსუნლისა და ჰულაბანდის სოფლებში, ასევე ტერტერის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის რამდენიმე კვარტლებში ბუნებრივი აირის მილსადენები სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების სამიზნე გახდა.

29 სექტემბერს აღდამის რაიონის სოფელ გარადაღლის სამედიცინო დაწესებულებაზე იერიშის შედეგად ერთის სამოქალაქო პირი დაიღუპა. 29 სექტემბრის მონაცემებით ჯამში დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი და ორი ხანდაზმული, 35 მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა 66 კერძო სახლი და 8 კერძო საკუთრება. ქვევით მოყვანილია სომხეთის მიერ ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის დამადასტურებელი ფოტოები. სერიოზულად დაზიანდა ტერტერის რაიონის სოფელ აზადგარაგიონლუს მოსახლეობის კერძო საკუთრება", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის საელჩოს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 07 აგვისტო 2020 12:33

აშშ-ის საელჩომ თბილისში დღეს გაავრცელა განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. "ნიუსდეი საქართველო" ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს.

გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას.

2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური