კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 მაისი 2016 11:33

ამ დრომდე კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოში 5 და გურჯაანის  4 სოფელი დააზარალა. 

სტიქიამ გაანადგურა ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. თითქმის სრულად განადგურდა ბოსტნეული. 

ვენახების გადასარჩენად  მოსახლეობა ხელისუფლებას შესაწამლი პრეპარატებით დახმარებას სთხოვს.

 

თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 16:19

"ვისაც უნდა, იმან დამკითხოს, სადაც უნდათ, იქ მივალ"-თავდაცვის მინისტრი საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას აცხადებს. თინათინ ხიდაშელი მზადაა ბრალდებებს პასუხი დოკუმენტებით გასცეს. ხიდაშელი აცხადებს რომ აღნიშნულ თემას ის საჯაროდ აღარ განიხილავს:

"ვისაც უნდა, რომ გაიგოს - გაიგებს, ვისაც უნდა, რომ წაიკითხოს და წაკითხულის შინაარსი, პირველ კლასში რომ ასწავლიან, გამოიტანოს - გამოიტანს, ვისაც არ უნდა, მაინც ვერ გაიგებს. ასე რომ, ამ საუბარს აზრი აღარ აქვს. ვისაც უნდა, იმან დამკითხოს, სადაც უნდათ, იქ მივალ, რა დოკუმენტებიც, უნდათ, იმ დოკუმენტებს მივიტან. ჩემთვის ეს იმდენად არასერიოზული საკითხია, რომ მზად ვარ ყველასთან ყველანაირი ტიპის ფორმატში საუბრისთვის, მაგრამ საჯაროდ ეს თემა დავამთავრე," - განმარტა თინათინ ხიდაშელმა.

საგარეჯოს არჩევნების საკითხზე გამოძიების დაწყება შესაძლოა კოალიციაში ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 16:35

არჩევნების ეჭვქვეშ დაყენება ვარშავის სამიტის წინ, რესპუბლიკელების შეფასებით, მიუღებელი და გაუმართლებელია. 

საგარეჯოს არჩევნების საკითხზე გამოძიების დაწყება შესაძლოა კოალიციაში ახალი და უფრო მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდეს. 

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების შეფასებები შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას სცდება და გამოძიების დაწყებას ქვეყნის ევროატლანტიკური კურსისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ განხორციელებულ დარტყმად აფასებენ. 

არჩევნების ეჭვქვეშ დაყენება ვარშავის სამიტის წინ, რესპუბლიკელების შეფასებით, მიუღებელი და გაუმართლებელია. 

განსხვავებულია კოალიციაში შემავალი სხვა დეპუტატების პოზიცია. ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საგარეჯოს არჩევნების შედეგს ეჭვქვეშ არ აყენებენ, თუმცა თვლიან, რომ პროკურატურამ კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულა და საჯაროდ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. 

 

საგარეჯოს არჩევნების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 11:51

თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ,საგარეჯოს არჩევნების საქმეზე მთავარ პროკურატურაში საქმე აღიძრა.  უწყებას გოგი თოფაძის განცხადებებით დაინტერესებისკენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ მოუწოდა. გოგი თოფაძე თანაკოალიციელ თინათინ ხიდაშელს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. დაიკითხება თუ არა ამ საქმეზე თავდაცვის მინისტრი, რომელიც თოფაძის ბრალდებების ადრესატია ამ დროისთვის უცნობია. პროკურატურის მიერ გამოძების დაწყებას დადებითად აფასებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები , საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ხიდაშელი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას უსაფუძვლოს უწოდებს , თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს. 

31 ოქტომბრის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 01 ნოემბერი 2015 10:41

შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 1 ნოემბრის 02:00 საათზე ცესკოს თავმჯდომარემ წარადგინა. თამარ ჟვანიას განცხადებით, ხმის დათვლის პროცესი საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში დასრულებულია. 

ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე თამარ ჟვანიამ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე უჯარმაში შეკრებილ პირებს მიმართა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა - “მინდა მოვუწოდო უჯარმაში შეკრებილ პირებს და განსაკუთრებით პოლიტიკურ ძალებს, ჩართულ მხარეებს, ნუ დაძაბავენ სიტუაციას და ნუ შეუშლიან ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას; მე-13-ე უბანზე ახლა მიმდინარეობს როგორც ამ უბნის, ისე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნის შედეგების დათვლა. იქ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაცია და მინდა მოვუწოდო ყველას, ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს და პირიქით - ხელი შეუწყონ, რომ დღევანდელი არჩევნები დასრულდეს მშვიდად, ისევე როგორც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა".

ცესკოს თავმჯდომარემ მედიას საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო:

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №11 საგარეჯოს ოლქში, ამ დროისთვის 50-დან 48 უბანია დათვლილი. წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:

№8 ირმა ინაშვილი 6880 (47,48%)

№41 თამარ ხიდაშელი 6967 (48,08%)

№42 ზურაბი ჯორბენაძე 66 (0,45%)

№43 მიხეილ ანდღულაძე 243 (1,67%)

№44 გიორგი დავითაია 334 (2,3 %)

№65 მარტვილის ოლქში კი  დათვლილია ყველა უბანი და წინასწარი შედეგების მიხედვით ხმების 27,45% (3641 ხმა) მიიღო ეთერ მეძველიამ (№8), ხოლო 72,54% (9620 ხმა) სოსო დანელიამ (№41).

უკვე დათვლილია ყველა ის საარჩევნო უბანი, სადაც საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა. შედეგები ასე გამოიყურება:

საგარეჯოს ოლქი №11.12

№7 მანანა ასანიშვილი - 31 (3,51%)

№ 8 ამირანი საგინაშვილი - 169 (19,16%)

№41 ზაზა ჩიხლაძე - 397 (45,01%)

№45 მალხაზ გრძელიშვილი - 285 (32.31 %)

დმანისის ოლქი №24.06

№41მზია ნინიაშვილი - 553 (100%)

ვანის ოლქი №53.07

№41 რაული ძაგნიძე - 367 (69,11%)

№42 თამაზი სანადირაძე - 4 (0,75%)

№43 კონსტანტინე გურგენიძე - 160 (30,13%)

ხობის ოლქი №66.06

№8 ტარიელი ზარანდია - 115 (26,56%)

№41 მელორი გელანტია - 318 (73,44%)

 

დეტალური ინფორმაცია შედეგების შესახებ იხილეთ - results.cec.gov.ge

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, საგარეჯოში, თამარ ხიდაშელმა გაიმარჯვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 23:50

31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარებისთვის, საგარეჯოს რაიონში, გამარჯვებას "ქართული ოცნების" კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა მიაღწია. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. "ვულოცავთ თამარ ხიდაშელს გამარჯვებას და ვუსურვებთ პარლამენტში ნაყოფიერ მუშაობას", წერს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.
ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში ჩატარდა.
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობისთვის საგარეჯოში "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი, "ქართული ოცნებიდან" კი თამარ ხიდაშელი, ასევე, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები – ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია იბრძოდნენ, მარტვილში კი მხოლოდ ორი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, კერძოდ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ეთერ მეძველია და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი სოსო დანელია.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა.
მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, როგორც კი ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმებს, ისინი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე - www.results.cec.gov.ge.

ინფორმაცია კენჭისყრის პროცესის დასრულების და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 20:00 სთ მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 21:23

კენჭისყრის პროცესი დასრულდა, საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურა და საუბნო საარჩევნო კომისიებში უკვე დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. ხმის მიცემის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა.

20:00 სთ-ისთვის საგარეჯოში ამომრჩეველთა 34,43%-მა მიიღო მონაწილეობა, მარტვილში 40%-მა, დმანისში - 35%-მა, ვანში - 47,57%-მა, ხოლო ხობში - 54,14%-მა.

მას შემდეგ რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, დოკუმენტები დაუყოვნებლივ აიტვირთება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე: results.cec.gov.ge.

20:30 სთ-ზე ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საჩივრების შესახებ: „საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 16 საჩივარი შევიდა, აქედან მარტვილში - 12, ხოლო საგარეჯოში - 4.

მინდა ავღნიშნო, რომ ორივე ოლქში შეტანილი საჩივრები მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათ უმრავლესობაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად მოახდინა რეაგირება. საოლქო საარჩევნო კომისიები ასევე იმსჯელებენ და თითოეულ საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ“, განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

ანა მიქელაძემ ასევე წარადგინა სტატისტიკა ცესკოს კონტაქტ ცენტრში შემოსული ზარების შესახებ, - დღეს სულ 27 ზარი განხორციელდა, რომლებიც ძირითადად პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას ეხებოდა.

ბრიფინგის ბოლოს ცესკოს სპიკერმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს საარჩევნო პროცესის წარმართვის ხელშეწყობისთვის.

წინასწარ შედეგებს ცესკო უახლოეს რამდენიმე საათში გაგაცნობთ.

ამომრჩეველთა აქტივობა საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 17:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 18:21

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ამორმჩეველთა აქტივობის შესახებ 17:00 სთ-ის მდგომარეობით მიაწოდა ინფორმაცია.

ამ დროისთვის საგარეჯოში ამომრჩეველთა  28,1 %-მა მიიღო მონაწილეობა, მარტვილში 33,1 %-მა, დმანისში - 26,7%-მა, ვანში - 40,4 %-მა, ხოლო ხობში - 44,4 %-მა.

როგორც ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მან მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია საჩივრების შესახებ - „ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 9 საჩივარი შევიდა, აქედან მარტვილში - 6, ხოლო საგარეჯოში - 3. ორ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას 3 შემთხვევაში ერთი და იგივე პროცედურულ ხარვეზთან დაკავშირებით აქვს საჩივარი წარდგენილი. მინდა ავღნიშნო, რომ ორივე ოლქში შეტანილი საჩივრები მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათ უმრავლესობაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად მოახდინა რეაგირება. საოლქო საარჩევნო კომისიები ასევე იმსჯელებენ და თითოეულ საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ“, განაცხადა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 20:30 სთ-ზე იგეგმება.

საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში იბრძვიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 12:15

საქართველოს პარლამენტი დღეს შუალედური არჩევნებით 2 დეპუტატს დაიმატებს. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში იბრძვიან.

საგარეჯოს ოლქში სულ 50 საარჩევნო უბანია გახსნილი. საპარლამენტო მანდატისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. 

საგარეჯოში მე-5 საარჩევნო უბანში დამკვირვებლების განცხადებით 50 ბიულეტენი გამქრალი იყო, თუმცა ჟურნალისტებთან უბნის თავმჯდომარემ დაკარგული ბიულეტენების ფაქტი არ აღიარა. მე-5 საარჩევნო უბანზე საოლქო კომისიის თავმჯდომარეც გამოცხადდა, რომლის შემდეგაც უბანზე დაკარგული ბიულეტენები აღმოჩნდა.

დღესვე ტარდება, საკრებულოს წევრების არჩევნებიც -  დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით საარჩევნო უბნები ყველგან დროულად გაიხსნა. თუმცა არჩვენები მცირე დარღვევებით მიმდინარეობს. 

რაც შეეხება მარტვილის რაიონს - იქ  საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა, ამის მიზეზი კი მარკირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება.

საარჩევნო კომისიის ინფორმაციით მარტვილის მუნიციპალიტეტში 33 ათას 543 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად "ქართული ოცნებიდან" ოსო დანელია, "პატრიოტთა ალიანსიდან" კი ეთერ მეძველია იბრძვის.

მარტვილის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა, ხოლო კენჭისყრა დილის 8 საათზე დაიწყო. ოლქში სულ 39 უბანი ფუნქციონირებს. 

საარჩევნო უბნები გახსნილია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 11:10

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში იმართება, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.
ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გახსნილია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობისთვის საგარეჯოში "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი, "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელი, ასევე, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები – ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია იბრძოლებენ. მარტვილში კი მხოლოდ ორი კანდიდატია რეგისტრირებული, კერძოდ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ეთერ მეძველია და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი სოსო დანელია.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 07:00 საათიდან მუშაობს როგორც კომისიის კონტაქტ-ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ-ჩატი და ონლაინ ოპერატორი.
მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, როგორც კი ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმებს, ისინი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე - www.results.cec.gov.ge.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური