ყველა სახელმწიფო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს,- მიხეილ ჯანელიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 10:31

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განხადებით, საქართველო  ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მიიღებს.

"ყველა სახელმწიფო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს, შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს მალე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვეყნდა მოხსენება, სადაც მითითებულია პოზიტიური რეკომენდაცია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ევროკავშირის პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთი მოსმენით,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო უწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016 11:25

„ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურორის შეფასებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს“, - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იური ლუცენკოს განცხადებას. ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ და უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ნაზაროვმა. ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინა მოახდენს შესაბამის რეაგირებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

უკრაინის გენერალური პროკურორის შეფასებით, ივანე მერაბიშვილი პოლიტპატიმარია.

14-15 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 13:19

14-15 ივნისს გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 36-ე რაუნდი.

აღნიშნულ რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩადენილი მკვლელობის საკითხს და მოითხოვს ბრალდებული პირის სასწრაფოდ დაკავებასა და გადმოცემას, რათა დამნაშავე წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ბრალდებულის დაკავებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს შესაძლო პროვოკაციისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. იმედია, რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმი სოხუმში გააცნობიერებენ ამ პასუხისმგებლობას და ყველა ღონეს მიმართავენ, ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავებისა და ქართული მხარისათვის ჩაბარების მიზნით.

მწვავედ დადგება ასევე საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნების აღმართვის გაგრძელების საკითხი, რომლის ბოლო შემთხვევაც 6 ივნისს სოფელ ავლევში დაფიქსირდა. ხურჩაში მომხდარი მკვლელობა და საოკუპაციო ხაზის გამაგრება სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის გარანტიების საჭიროებას.

დღის წესრიგში რჩება საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთგზის აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობა. გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ვითარება როგორც უსაფრთხოების, ისე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გადაუდებელი აუცილებლობა. განხილვის მთავარი თემა იქნება ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა.

ქართული მხარე მზადაა, კონსტრუქციული მონაწილეობა გააგრძელოს ჟენევის მოლაპარაკებებში და იმედს გამოთქვამს, რომ დანარჩენი მონაწილეებიც ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკებების პროცესს.
  

მიხეილ ჯანელიძე ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 10 ივნისი 2016 15:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში 2016 წლის 8 ივნისს შეხვედრები გამართა აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში. გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის წევრსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან (რესპუბლიკელი-ოჰაიო). შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი და ამ კუთხით აშშ-ის კონგრესის აქტივობის მნიშვნელობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესმენ ტერნერს მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს რედაქციის გათვალისწინებისათვის და საბოლოო დოკუმენტში აღნიშნული მხარდაჭერის შენარჩუნების იმედი გამოთქვა. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში. 

2016 წლის 9 ივნისს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის  შეხვედრები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარეებთან, სენატორ ბობ კორკერთან (რესპუბლიკელი-ტენესი) და ბენჯამინ კარდინთან (დემოკრატი-მერილენდი), სენატორ ჯინ შაფინთან (დემოკრატი-ნიუ-ჰემპშირი), სენატორ რონ ჯონსონთან (რესპუბლიკელი-ვისკონსინი), აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის, ევრაზიისა და საფრთხეების ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ დანა რორაბახერთან (რესპუბლიკელი-კალიფორნია).

შეხვედრებისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ  უსაფრთხოების გამოწვევებსა და მათ დასაძლევად აშშ-ის ძალისხმევის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებულ სავალალო მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე. მხარეებმა ისაუბრეს ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისადმი არსებულ მოლოდინებზე, მზადების პროცესსა და ამ მხრივ კონგრესის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე; აგრეთვე, განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე თანამშრომლობა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით არსებული ვითარება. საუბარი ასევე შეეხო 8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისათვის მზადების პროცესს. გამოიხატა მადლიერება აშშ-ისადმი და ყურადღება გამახვილდა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებისა და გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ მოკავშირეობას, საქართველოსადმი აშშ-ს დიდ მხარდაჭერასა და რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებების დაუშვებლობას, ყურადღება გაამახვილა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და კონტრიბუციაზე, რომელსაც აშშ დიდად აფასებს. ამერიკულმა მხარემ გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში აშშ-ის სრული მხარდაჭერა, ასევე, დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
 

მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 06 ივნისი 2016 14:29

 საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იან კელისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის მ.წ. 7-10 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებები და სხვა საკითხები. 

თავის მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის თაობაზე.  

მიხეილ ჯანელიძე იოჰანეს ჰანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 მაისი 2016 11:14

ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ასოცირების შეთანხმების განხორციელება და მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეთანხმების რატიფიკაციის დასრულების თაობაზე.

 

საქართველოს საკითხი ევროკავშირის საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 მაისი 2016 10:01

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,  საქართველოს საკითხი დღეს დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომის დღის წესრიგშია.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს საკითხი შეხვედრის დღის წესრიგშია. ვიმედოვნებთ, რომ  საქართველოს საკითხის არსებითი განხილვა იქნება, რადგან საქართველომ შეასრულა ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა. დღევანდელი შეხვედრის დროს მივიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა ყველა მინისტრისგან, აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ პროცესი გეგმის თანახმად გაგრძელდება და ძალიან მალე საქართველო მიიღებს მოსალოდნელ შედეგებს,“ - განაცხადა ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა ბრიუსელში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2016 10:32

23 მაისს, ქ. ბრიუსელში გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეშვიდე შეხვედრა, რომელსაც უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი.

მინისტერიალში ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. მინისტერიალს ასევე დაესწრებიან ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯები.

მიხეილ ჯანელიძე ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 მაისი 2016 18:35

ნატო–ს შტაბ–ბინაში ქ. ბრიუსელში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
 
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (Resolute Support Mission) ფორმატის შეხვედრაზე. შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა განიხილეს ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა.
 
ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახა მხარდაჭერა აღუთქვეს ავღანეთს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავებაში, რაც გამოიხატება არასაბრძოლო მისიის განხორციელებით, რომლის მთავარი მიზანია ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების გაწვრთნა და მომზადება.
 
ხაზი გაესვა, რომ ალიანსისა და მისი პარტნიორების სტრატეგია მოიცავს სამ ძირითად ელემენტს – „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ იმპლემენტაციას, ავღანეთის ძალების ფინანსურ უზრუნველყოფას და ქვეყანასთან ხანგრძლივი პარტნიორობის შემუშავებას. თავის გამოსვლაში, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ იგი აქტიურად უჭერს მხარს ალიანსს მისიის განხორციელებასა და ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებისთვის დახმარების აღმოჩენაში. 
 
შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ გაგრძელებას 2016 წლის შემდგომ.
 
მინისტერიალის მსვლელობისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ალბანეთის, ნორვეგიის, რუმინეთის,  სლოვაკეთის, სლოვენიის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.  შეხვედრებზე მთავარ განსახილველ თემებს შორის იყო  საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და ორმხრივი თანამშრომლობის ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები.
 
ნატო–ს წევრ ქვეყნებთან საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო–ს ვარშავის სამიტისთვის მზადებას. ამ თვალსაზრისით, მხარეებმა განიხილეს ინტეგრაციის პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხები და პრაქტიკული თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, რომლის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოვებას ალიანსის წევრობასთან. ამას გარდა, განხილულ იქნა ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის, მათ შორის მისი ცალკეული ელემენტების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც წარმატებით ხორციელდება ქართული მხარისა და მოკავშირეების აქტიური ჩართულობით.

სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 მაისი 2016 10:04

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩადენილი მკვლელობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცველად გთავაზობთ:

"საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით და თანაუგრძნობს გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ვითარებას და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

მომხდართან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება. ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუასა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.

ქართული მხარე გამოიყენებს არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე," - ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური