მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 14:35

ნიუ-იორკში, მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა. დილის სესიის ფარგლებში, საქართველოსთან ერთად, პრეზენტაციები გააკეთეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა, მადაგასკარის ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრმა, ერილანტო რაველოერისონმა და გაეროში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჰალიკ ჩევიკმა. 

პრეზენტაციის ფარგლებში აღინიშნა, რომ ამ დროისათვის, საქართველომ მდგრადი განვითარების გლობალური მიზნებიდან (Sustainable Development Goals), ეროვნულ დონეზე პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრა  და მათი ეროვნულ გეგმებში ინტეგრაცია მოახდინა. თავის გამოსვლაში მინისტის პირველმა მოადგილემ ისაუბრა, აგრეთვე, მდგრადი განვითარების მიზნების „ნაციონალიზაციის“ პროცესში არსებული გამოწვევებისა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ. დასასრულს, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა უპასუხა წევრი ქვეყნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთია გაეროს იმ 22 ქვეყნიდან, რომლებმაც მსოფლიო ლიდერების მიერ 2015 წლის სექტემბრის გაეროს სამიტზე მიღებული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის (Agenda 2030 for Sustainable Development) ეროვნული დონეზე რეალიზაციის მიმართულებით, პირველი ნებაყოფლობითი ანგარიში წარადგინა. საქართველოსთან ერთად, HLPF-ის ფარგლებში ეროვნული პრეზენტაციები გააკეთეს, ასევე, გერმანიამ, ეგვიპტემ, ესტონეთმა, ვენესუელამ, თურქეთმა, კოლუმბიამ, კორეის რესპუბლიკამ, მადაგასკარმა, მექსიკამ, მონტენეგრომ, მაროკომ, ნორვეგიამ, უგანდამ, ფილიპინებმა, ფინეთმა, საფრანგეთმა,  სამოამ, სიერა-ლეონემ, შვეიცარიამ, ტოგომ და ჩინეთმა.

დავით ზალკალიანი მდგრადი განვითარების შესახებ მინისტრთა შეხვედრაში მონაწილეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 17:45

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ეგიდით 2016 წლის 18-20 ივლისს, ქ. ნიუ-იორკში იმართება. 2016 წლის 18 ივლისს, მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა HLPF-ის გენერალურ დებატებზე.
 
აღსანიშნავია, რომ HLPF გლობალურ დონეზე მდგრადი განვითარების დღის წესრიგის (Agenda 2030 for Sustainable Development) განხორციელების შეფასებისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ განხილვების ცენტრალურ პლატფორმას წარმოადგენს. მიმდინარე წლის HLPF-ის მთავარი თემაა - „Ensuring that no one is left behind“, რომელიც, ამავდროულად, მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგის  ფუძემდებლური პრინციპია.
 
თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა  მოსახლეობის ყველა ჯგუფის დაცვის მნიშვნელობაზე და ისაუბრა უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევის შესახებ.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მდგრადი განვითარების გეგმების შესრულების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საჭიროებებზე, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების მუდმივ დარღვევებზე, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვებზე. ამ კუთხით, დავით ზალკალიანმა, ასევე ყურადღება გაამახვილა სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე.

ნიცაში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 15:32

ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია 14 ივლისს ნიცაში ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქის შესახებ, აღნიშნულტან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: 

"სამწუხაროდ დღეს ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მიმდინარე წლის 14 ივლისს ქ. ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქის არსებობის შესახებ ინფორმაცია. (რ.ე. ბოლო წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა)

აღნიშნული სამწუხარო ფაქტის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილის ოჯახი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
 
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ,"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყება თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის კიდევ ერთ ნომერს ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 02:34

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს .
„საგარეო საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თურქეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე (+905336903040; +905418184400) დაკავშირებას ვერ ახერხებენ, დამატებით გაცნობებთ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერს: 577984020», - აღნიშნულია განცხადებაში.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სოლიდარობა ფრანგ ხალხს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 ივლისი 2016 12:03

საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიცაში მომხდარ ტერაქტს გმობს და დაღუპულტა ოჯახებს უსამძიმრებს:

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის - „ბასტილიის აღების დღეს“, ქალაქ ნიცაში მშვიდობიან მოსახლეობაზე მომხდარ თავდასხმას, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
 შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ფრანგ  ხალხსა და ხელისუფლებას.

 საქართველო მკაცრად გმობს მომხდარ ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ გლობალურ დანაშაულს და მიმართულია  მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ. 
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, თავდასხმის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 ივლისი 2016 11:23

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +33 7 83 31 86 89 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს.

ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 09:00-დან 18:00 საათამდე  - (+995 32) 294 50 50;  24 საათის განმავლობაში - (+995) 577 98 40 20;

ამ ეტაპზე ფრანგული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

მიხეილ ჯანელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს დარკო პაიოვიჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 11:36

გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან დარკო პაიოვიჩთან, რომელიც საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში სტუმრობს.

მიხეილ ჯანელიძემ მონტენეგროს მიულოცა ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური მიწვევის მიღება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის სანდოობას და დამატებით სტიმულს აძლევს საქართველოს ნატოსთან დაახლოებისკენ მიმართული ძალისხმევის გასაძლიერებლად. დარკო პაიოვიჩის განცხადებით, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, მონტენეგროს სახით, ეყოლება კიდევ ერთი მტკიცე მხარდამჭერი ალიანსში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საერთო მიზანი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების კარგ საფუძველს ქმნის. ხაზი გაესვა ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის არსებულ პოტენციალს და მისი გამოყენების აუცილებლობას.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა დარკო პაიოვიჩს მონტენეგროს მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოსა და მონტენეგროში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის გააქტიურდება თანამშრომლობა და გაიზრდება მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა.

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 15:01

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

იმსჯელეს უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა შტაინმაიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას დაისახა კონკრეტული ნაბიჯები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

საუბარი ეუთოს ფორმატში საქართველო - გერმანიის ურთიერთობებს და იმ როლს შეეხო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების აზრით, ეუთომ რეგიონში მშვიდობის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის უნდა შეასრულოს.

პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები გაუზიარა და იქ მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის სასახლის ეზო დაათვალიერებინა და გერმანიის დელეგაციასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 14:13

1 ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. რატიფიკაციის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები. შეთანხმების უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში რატიფიკაცია ცალსახად წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდაჭერას.
 
1 ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. დღეიდან, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება.
 
„ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და  მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და დროებით ამოქმედდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის დამოუკიდებლობის 240 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 10:44

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის  შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 240 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
 
მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
 
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა. „ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის უმთავრესი მხარდამჭერია და რა წარმატებებსაც მივაღწიეთ ძალიან ბევრ სფეროში, იყო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით. დღესაც გრძელდება ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორული მხარდაჭერა უამრავ სფეროში, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ეს ყველაფერი ქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს და მივულოცო დამოუკიდებლობის 240 წლის იუბილე,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
საზეიმო მიღება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური