მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 17:59
15 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბეტინა კადენბახთან (Bettina Cadenbach). შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო პარტნიორობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განვითარების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად და წარმატებით დასრულების საკითხს, ასევე 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნისა და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის თემებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბეტინა კადენბახს ელჩად მუშაობის პერიოდში, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 14:31
15-17 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ცრნადაკი ეწვევა. დაგეგმილია ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები. ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას, - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 აგვისტო 2016 10:10

აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ომთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

"8 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის განხორციელებიდან. მას შემდეგ რუსეთი აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის შედეგად, კონფლიქტის ესკალაციის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმე რჩება. პრაქტიკად იქცა საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნებით გამაგრება. ამ დესტრუქციულ ქმედებებს კიდევ უფრო ამწვავებს საქართველოს მოქალაქეების გატაცებები და უკანონო დაკავებები. ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ საცხოვრებელ ადგილას უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას მაშინ, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლია. ამის ნათელი დასტურია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, თავისუფალი გადაადგილებისა და კერძო საკუთრების უფლებების შელახვა, რაც ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის რისკს ქმნის ოკუპირებულ რეგიონებში. ამასთან, მოსკოვმა დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი, რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში მათი ინტეგრაციის გზით, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.    

რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას. საქართველო მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიურ ჩართულობას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესს და მზადაა, საქართველოს ევროპული დღის წესრიგით გახსნილი შესაძლებლობები გაუზიაროს საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას.

რეგიონების ოკუპაციისა და უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების პირობებში, საქართველომ მოახერხა წარმატებისთვის მიეღწია დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რის წყალობითაც ის განუხრელად მიუყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

ქართული მხარე მადლიერებას გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მიმართ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდირებისკენ, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების აღმოფხვრისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს,"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
 

მიხეილ ჯანელიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 17:54

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან.

მხარეებმა ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა  არასამთავრობო სექტორის როლს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული ასოცირების ახალი დღის წესრიგის შემუშავებაში.


 

მიხეილ ჯანელიძე სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 11:19

 საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებთან.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ახალგაზრდებს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები და ამოცანები. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

დიასპორული სტაჟირების პროგრამას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან“ ერთად უკვე მეოთხე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები სტაჟირებას გადიან სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში.

ყირგიზეთის პრეზიდენტი - არავის აქვს უფლება საკუთარი მოთხოვნები თავს მოახვიოს სხვებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 16:31

ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაიევმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ყირგიზეთში მყოფმა ფეთულლაჰ გიულენის მომხრეებმა შესაძლოა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ, აბსურდი უწოდა.

პრესკონფერენციაზე, რომელსაც ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ერთერთი ჟურნალისტის მიერ მევლუთ ჩავუშოღლუს ვარაუდებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ატანბაიევმა შემდეგი პასუხი გასცა: “ეს სრული აბსურდია. თუკი ასეთი ჭკვიანები არიან, რატომ ვერ შეძლეს საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროულად შემჩნევა და აღმოფხვრა? რათქმაუნდა, ჩვენ ყურადღებით მოვეკიდებით ასეთი ტიპის მესიჯებს და შესაბამისად განვიხილავთ მათ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არავის აქვს უფლება დაგვაშინოს და ჭკუა გვასწავლოს ასეთ საკითხებში“.

პრესკონფერენციაზე ატანბაიევი აგრეთვე შეეხო თურქეთ-ყირგიზეთს შორის ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ თურქეთი დაეხმარა ყირგიზეთს მისთვის რთულ პერიოდში და რომ ამისთვის ის და მისი ქვეყანა მადლიერებას გამოხატავენ თურქეთის მიმართ, თუმცა, იქვე დასძინა მან, არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვას თავს მოახვიოს საკუთარი პრობლემები და მოთხოვნები. “ყირგიზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ჩვენ თავად ვიღებთ გადაწვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ. სახელმწიფოები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს და არ უნდა ჩათვალონ, რომ ჩვენ დავთანხმდებით ნებისმიერი სახის მითითებებს გარედან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გვესაჭიროება არანაირი დახმარება. ჩვენ მადლობელი ვართ გაწეული დახმარებებისათვის, მაგრამ ამასთანავე არ მივცემთ არავის იმის უფლებას, რომ საკუთარი ნება თავს მოგვახვიონ“ - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

მიხეილ ჯანელიძე შვეიცარიის ეროვნული დღისადმი გამართულ მიღებას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 12:17

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ლუკას ბეგლინგერმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ შვეიცარია საქართველოს მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შვეიცარიის ელჩს ეროვნული დღესასწაული მიულოცა, მინისტრის განცხადებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოსა და შვეიცარიას შორის მჭიდრო მეგობრული ურთოერთობა ემსახურება იმ საერთო ღირებულებებს, რაც ორ ქვეყანას გააჩნია. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა შვეიცარიის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ხელშესახები შედეგებია მიღწეული ეკონომიკური და რეგიონალური თანამშრომლობის მიმართულებით.

მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილებით აღნიშნა შვეიცარიის კანტონებისა და საქართველოს რეგიონების მზარდი თანამშრომლობა ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული განვითარების კუთხით.

შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი გამართულ მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 15:28

ჩვენ შეშფოთებული და დამწუხრებული ვართ ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და მივესალმებით მშვიდობიანი გზით ვითარების დარეგულირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მსხვერპლის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ვითარების სრული დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება. 

შეხვედრისას საუბარი ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას შეეხო. ასევე აღინიშნა სომხეთიდან საქართველოში ვიზიტორთა ზრდის დინამიკა და გამოითქვა დაინტერესება, ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით.
საუბრისას ყურადღება ენერგეტიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საკითხსაც დაეთმო. მხარეები მიესალმებიან მაღალი ძაბვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ნაყოფიერად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა და იმედი გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები უწყებათაშორის ფორმატში გადაწყდება.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 88 თანამშრომელი გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 29 ივლისი 2016 13:57

თურქეთში გათავისუფლებების სერია გრძელდება.  პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს 88 თანამშრომელი გაათავისუფლეს. 

თურქული მედიის ცნობით, სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის ორი ელჩია.

 

საკითხი ამოწურულია და ვაგრძელებ მუშაობას, - არჩილ გეგეშიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 10:46

საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც საქართველოში  პრორუსული ძალების არსებობას შეეხებოდა, აცხადებს რომ აჟიოტაჟი საკითხის ინტერპრეტაციამ გამოიწვია:

„ის ინტერპრეტაციები, რაც მედიაში ამ ამბავთან დაკავშირებით გავრცელდა, უცნაური და მიუღებელი იყო.  ამის თაობაზე ახსნა-განმარტებები გავაკეთე სამინისტროში, ყველა არგუმენტი წარვადგინე, მათ ეს განიხილეს და ჩათვალეს, რომ საკითხი ამოწურულია და ვაგრძელებ მუშაობას,”  - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური