მიხეილ ჯანელიძე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 10:39

აშშ/ნიუ-იორკი- გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორების წარმატებული თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით.  დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის დაფუძნება, რომლის პირველი სხდომაც მიმდინარე წლის ივლისში თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ანკარაში გაიმართა.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად შეუწყონ ხელი ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თურქი ხალხისა და თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერისთვის. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც თურქეთის ხელისუფლების გამოკვეთილი მხარდაჭერა საქართველოს ევრო- ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიის ელჩი მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 18:08

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰაიკე რენატე ფაიჩთან, რომელიც მიმდინარე წლის 12 სექტემბრიდან ოფიციალურად შეუდგა თავისი უფლებამოსილების შესრულებას. 

გიგი გიგიაძემ ჰაიკე ფაიჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ელჩობის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველო-გერმანიის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც მრავალ განზომილებას მოიცავს. მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა დიპლომატს გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ასეთი თანადგომის მნიშვნელობას განსაკუთრებით თანამედროვე გამოწვევების ფონზე. მან გერმანიის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარების შესახებ.

ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის და, კერძოდ, საქართველოში გერმანული ინვესტიციების შემდგომი წახალისების ისევე, როგორც ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ხანჯოუს G20-ის სამიტის შედეგები გააცნო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 13:30

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა ჟურნალისტებს ხანჯოუს G20-ის სამიტის შედეგები გააცნო. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იტყობინება.
ხუა ჩუნინის თქმით, ხანჯოუს G20-ის სამიტმა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყრო. „ჩინეთის მხარის ძალისხმევით, სამიტის მონაწილეები აქტუალურ საკითხებზე მსჯელობდნენ. მათ განიხილეს გლობალური ეკონომიკის ზრდის საკითხები და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებასაც მიაღწიეს“, - აღნიშნა მან.
როგორც ხუა ჩუნინმა განაცხადა, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ლიდერებმა შეიმუშავეს მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გეგმა, ასევე განიხილეს მსოფლიო ეკონომიკის უსაფრთხოების საკითხები. გარდა ამისა მათ აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მთელი მსოფლიო კმაყოფილი დარჩეს G20-ის სამიტის მუშაობის შედეგებით.
ჩინელი დიპლომატის სიტყვით, ხანჯოუს G20-ის სამიტზე მიიღეს მსოფლიოს ლიდერების კომუნიკე, რომელშიც განსაზღვრულია სამიტის წევრების მუშაობის ღონისძიებები, მიზნები და ამოცანები. სამიტის მონაწილეებმა ასევე დასახეს G20-ის განვითარების ინოვაციური გეგმა და სტრატეგია.
„ხანჯოუს G20-ის სამიტის მონაწილეებმა პირველად განიხილეს მდგრადი განვითარების გეგმა 2030 წლამდე პერიოდში, ასევე „პარიზის შეთანხმება“ კლიმატური ცვლილებების თაობაზე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ „ხანჯოუს G20-ის სამიტი გახდება ახალი ათვლის წერტილი, რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიო თანამეგობრობას განავითაროს სრულიად ახალი მიმართულებები“, - დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მიხეილ ჯანელიძე შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 15:29

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  მიხეილ ჯანელიძემ შეხვდა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან კრისტა მარკვალდერთან, რომელიც საქართველოში 2016 წლის 6-7 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციას შორის  აქტიური  თანამშრომლობა,  როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას, საქართველოს რეგიონებსა და შვეიცარიის კანტონებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობებს, ასევე, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას.

„ჩვენ ახალ დონეზე გადავიყვანეთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ქვეყნებს შორის მოქმედებს საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას, იყოს  სანდო პარტნიორი ინვესტიციების და საკუთრების დაცვის სფეროში შვეიცარიის მხრიდან შემოდის მნიშვნელოვანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით.  ასევე ვავითარებთ ექსპორტს შვეიცარიის ბაზარზე“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.    
        
კრისტა მარკვალდერმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გაფორმებული ხელშეკრულება საგრძნობლად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას, როგორც შვეიცარიასთან, ისე ხელშეკრულების სხვა მხარეებთან.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე,  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე. მიხეილ ჯანელიძემ მადლიერება გამოხატა შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორობისთვის. 

ლიბეს კომიტეტმა საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 10:25

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) კენჭი უყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის (EPP) ანგარიშს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ.

მომხსენებლის მიერ წარდგენილ ანგარიში დამტკიცდა კომიტეტის წევრთა დიდი უმრავლესობით. ამასთან, განისაზღვრა ევროპარლამენტის მხრიდან მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მიღებული მანდატის საფუძველზე ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოსთან კონსულტაციების მეშვეობით შეათანხმებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით 539/2001 რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება LIBE კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს, რაც საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების აღიარების და ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭის ყრისა და რეგულაციის მიღების შემდეგ ცვლილებას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭ

ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 11:51

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ბრატისლავაში ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის ინიციატივით გაიმართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში.
 შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პერსპექტივები, კერძოდ პარტნიორების ხედვები ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარების, ასევე პარტნიორებისა და ევროკავშირის მოსაზრებები მრავალმხრივ ფორმატში  თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანი.

ქ. ბრატისლავაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა, საფრანგეთის, ლიტვის, სლოვაკეთის, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრებზე მხარეებმა ყურადღება ძირითადად გაამახვილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დროულად დასრულების მნიშვნელობაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა ცალსახად აღიარეს, რომ საქართველომ სრულად დააკმაყოფილა უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის აუცილებელი კრიტერიუმები.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში საქართველოს ეწვევა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 12:18

ქ.პოტსდამში მიმდინარე ეუთო-ს არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სებასტიან კურცთან.

სებასტიან კურცმა გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში 2017 წლის იანვარში საქართველოს ეწვიოს. მინისტრებმა განიხილეს ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები, აღინიშნა ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს ქვეყნების მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 09:46

ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განხილვის ერთ-ერთი საკითხი რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგონრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
საქართველოს საგარეო საქმთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქ.პოტსდამში ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით გაიმართა.
 
არაფორმალური მინისტერიალის მონაწილეებმა ეუთო-ს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მიმართვაში ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, საკუთრების უფლების ხელყოფა და ა.შ.
 
თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით  დარეგულირების შესახებ და აღნიშნა ნდობის აღდგენის პროცესში ეუთო-ს და საერთაშორისო ინსტიტუტების აქტიური როლის მნიშვნელობა.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე და  ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში ეუთო-ს ცალკეული ინსტიტუტების აქტიურ ჩართულობას.
 
ეუთო-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
 
არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 11:55
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს. "18 აგვისტოს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სამი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ბითლისის, ვანისა და ელაზიგის პროვინციებში მომხდარი აფეთქებების შედეგად საერთო ჯამში დაიღუპა 10 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. ქ. ელაზიგში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდგომ პროვინციაში ჩავიდა ქვეყნის პრემიერი, ბინალი ილდირიმი, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარის გამო შესაბამისი უწყებების ქვედანაყოფებში გამოცხადებულია განგაში, რის შედეგადაც განგაშის დონე 1 საფეხურით არის გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა არც ანკარაში, საქართველოს საელჩოში და არც საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში. საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან. სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე დაკვირვებას და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას. ამასთან, ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში,"- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 17:03
სანტო დომინგოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ერისთავმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა დომინიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს საგარეო პოლიტიკის დარგში, ალეხანდრა ლირიანო დე ლა კრუსს (Alejandra Liriano de la Cruz). რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდა დომინიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ანა იდალია კასტელანოს დე კრანვინკელი (Ana Idalia Castellanos de Kranwinkel). შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. დომინიკურმა მხარემ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებისა და პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის ინტერესი გამოხატა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური