საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 17:54

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მექსიკაში მომხდარ მიწისძვრის გამო.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 19 სექტემბერს, მექსიკაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი და გამოიწვია საგრძნობი მატერიალური ზარალი.

ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობა თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს მექსიკის მთავრობასა და მექსიკელ ხალხს"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 10:29

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში “ვიზიტი” წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებას. 

აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე მსგავსი ქმედება ემსახურება სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გზით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას რუსეთის მხრიდან. ამ ნაბიჯით კრემლი ასევე უშედეგოდ ცდილობს თავისი საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის პრეზიდენტის “ვიზიტს” ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის აგრესიულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

მცოცავი ოკუპაცია - საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას რუსი ოკუპანტების უკანონო ქმედებების აღკვეთას მოუწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 16:07

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ, სოფელ ბერშუეთთან ე.წ. საზღვარი გადმოწევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.

 

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.

სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.

ზემოაღნიშნული ფაქტი და ზოგადად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რათა აღნიშნული ქმედება ადექვატური საერთაშორისო შეფასებისა და შესაბამისი პასუხის გარეშე არ დარჩეს”- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 10:21

2017 წლის 20-21 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი შედგა. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. 

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

რაუნდის წინ გაიმართა არაფორმალური საინფორმაციო სესია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე თავისუფალი გადაადგილებისა და კონტაქტების არსებული გამოცდილების შესახებ, რომლის დროსაც განხილულ იქნა კვიპროსის წარმატებული მაგალითი. მოწვეულმა ექსპერტმა მოლაპარაკებების მონაწილეებს გააცნო, თუ როგორაა უზრუნველყოფილი თავისუფალი გადაადგილება და გაყოფილ საზოგადოებებს შორის კომუნიკაცია კვიპროსში. ექსპერტმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ასევე სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, განათლების, ეკონომიკის, კულტურულ მემკვიდრეობისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის პრაგმატული თანამშრომლობის შესახებ.

ორივე სამუშაო ჯგუფში ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მდგომარეობა.

საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ მწვავედ დააყენეს რუსეთის ანექსიის პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სივრცეში ეტაპობრივ ინტეგრაციაში. მათ შორის აღინიშნა ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმისა და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყოველდღიურად ხდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევა. კერძოდ, საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ნაცვლად, რუსეთი, პირიქით, აძლიერებს სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. რეგულარული ხასიათი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნებსაც, რაც ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენებით მუქარის მკაფიო გამოხატულებაა.

ამ ფონზე საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურების მნიშვნელობა. ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. აღნიშნულ თემებზე გაიმართა საგნობრივი დისკუსია, რომლის შედეგადაც მონაწილეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა ერთობლივი განცხადების მიღების მიზნით.

ინტენსიური განხილვის საგანს წარმოადგენდა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა საქართველოდან აღნიშნეს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე წინასწარ ახმოვანებენ ავლევის, ორჭოსანისა და წითელუბნის სოფლებში დამატებითი ხელოვნური ბარიერების აღმართვის გეგმებს. მოუწოდეს თანათავმჯდომარეებს, აშშ-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პრევენციული ზომების მიღებისკენ. საქართველოდან მონაწილეებმა დააყენეს ასევე საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებებისა და გატაცებების მავნე პრაქტიკა და მოუწოდეს მონაწილეებს, კვიპროსის მაგალითის მსგავსად, პრაგმატული გზები გამოიძებნოს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლების უზრუნველსაყოფად.

ყურადღება დაეთმო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობას. მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გეგმები, გალის მსგავსად, ახალგორის სკოლებშიც შეზღუდონ მშობლიურ ენაზე სწავლება, რაც ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ბავშვების განათლების ხარისხზე. ქართველმა მონაწილეებმა თანათავმჯდომარეებს, აშშ-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვეს ქმედითი ზომების მიღება მსგავსი სცენარის განვითარების აღკვეთის მიზნით.

განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გიგა ოთხოზორიას მკვლელის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობა, რაზეც მკაფიო პოზიცია გამოხატეს თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. ჟენევის მოლაპარაკებებისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქართველი მონაწილეების კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უპასუხისმგებლო პოზიცია რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და ახალისებს ძალადობას ეთნიკურ საფუძველზე.

მონაწილეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ გამოწვევების საპასუხოდ გაწეული ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, როგორც პრაგმატული და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითზე, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა. მონაწილეებმა იმსჯელეს მათი გადარჩენისთვის ერთობლივი ნაბიჯების  შემუშავებაზე.

თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აღნიშნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვის მნიშვნელობა. თუმცა ამ თემაზე დისკუსიის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკების დარბაზი. მსგავსი უპასუხისმგებლო მიდგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მანდატისა და სამშვიდობო პროცესების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულებას.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 10-11 ოქტომბერს.
 

გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 00:53

გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 
 „ბერლინში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +49 (0) 162 8855303.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა გერმანიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი რეაგირების ჯგუფთან. ამ ეტაპზე გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დავით დონდუამ ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის მინისტერიალის სეგმენტში მონაწილეობა მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:47

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის მინისტერიალის სეგმენტში მონაწილეობა მიიღო.

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს სახელით გაკეთებულ განცხადებაში, დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ბირთვული და რადიაქტიური ნივთიერებების უკანონო მიმოქცევის პრევენციის მიზნით, მათი ფიზიკური დაცვის მნიშვნელობაზე. აღნიშნულ კონტექსტში, მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა გაუვრცელებლობის თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან აღნიშნული კუთხით მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. დავით დონდუამ მაღალი შეფასება მისცა ბირთვული უსაფრთხოების მიმდინარე კონფერენციას, სადაც სახელმწიფოებს ეძლევათ შესაძლებლობა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების ურთიერთ გაზიარებისა და ერთობლივი სამოქმედო გეგმების დასახვისათვის.

მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა დეკლარაცია ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

არარეზიდენტმა ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 18:07

29 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ფინეთის ელჩმა არია მაკონენმა, ბელგიის სამეფოს ელჩმა ბერტ შოფსმა, ირლანდიის ელჩმა მაიკლ ფორბსმა, პერუს რესპუბლიკის ელჩმა ლუის მანუელ სანტიაგო მონასიმ და ეკვადორის რესპუბლიკის ელჩმა რობერტო ბეტანკურმა.

სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ დავით დონდუამ ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

დავით დონდუა ასევე შეხვდა კოლუმბიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ხუან ალფრედო პინტო საავედრას, რომელმაც რწმუნებათა სიგელის ასლი მინისტრის მოადგილეს მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გადასცა.

დავით დონდუამ არარეზიდენტ ელჩებს წარმატება უსურვა მათ საქმიანობაში საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრების შემდეგ არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გადასცეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასოცირების შესრულების თაობაზე ევროკავშირის ანგარიშს მიესალმება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 15:33

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირთან ასოცირების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშს, რომელიც ასახავს 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში მიღწეულ პროგრესს. ამასთან დაკავშირებით, საგარეო სქმეტა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:   
 
"საგულისხმოა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში პირველად გამოიცა სახელწოდებით ასოცირების განხორციელების/შესრულების ანგარიში (Association Implementation Report), რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების თვისობრივად ახალ, კერძოდ, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ეტაპზე გადასვლის გათვალისწინებით.

 
ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი ანგარიში ასახავს საქართველოს მიერ თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა თუ ინიციატივებს, რის შედეგადაც  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდა. გამოქვეყნებული ანგარიში ეყრდნობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას და განსაკუთრებით უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს როლს რეგიონში.
 
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად მოკავშირეს უსაფრთხოების ხელშეწყობის სფეროში“. წარმატებული თანამშრომლობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ტერორიზმისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობა.
 
დოკუმენტში ევროკავშირი ცალსახად უსვამს ხაზს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისმხარდაჭერას და პოზიტიურად აფასებს ქართული მხარის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულ თანხვედრაშია 6 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან.
 
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს განსაზღვრავს საერთო ფასეულობები, როგორიცაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობა, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენს. ანგარიში პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. კერძოდ, მოხსენება ხაზს უსვამს, რომ საქართველომ მოახდინა დემოკრატიის კონსოლიდაცია, განამტკიცა კანონის უზენაესობა და გააძლიერა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  2016 წლის  საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულ და კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ პრესის თავისუფლება გარანტირებულია არსებული სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე; დადებითად აფასებს სასამართლო სფეროში გატარებულ რეფორმები, რაც  ხელს უწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას,პროფესიონალიზმსა და ეფექტიანობას. ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას, ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, გაატაროს საჯარო მმართველობის რეფორმა და აღნიშნავს ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას კორუფციის წინააღმდეგბრძოლის კუთხით. საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა ვალდებულება, რომლებიც მთელ რიგ რეფორმებს მოიცავდა; ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზგასმულია საზღვრის მართვა, რომელიც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის საუკეთესო სტანდარტებთან. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის, საგადასახადო სფეროს, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმის, ტრანსპორტის დარგებში; ხაზგასმულია საქართველოს მიერ ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებაზე მიერთების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის ფაქტი; უაღრესად  პოზიტიურად არის შეფასებული  საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
 
საქართველოს ხელისუფლება მზად არის, გააგრძელოს ის რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მაქსიმალურად დააახლოებს ევროკავშირთან. ამ თვალსაზრისით, მთავრობა ყურადღებით ეკიდება თითოეულ სფეროში გასატარებელ შემდგომ სამუშაოს, რომელზეც ანგარიშშია საუბარი, მათ შორის, გააგრძელებს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების პროცესში მიღებული კანონების აღსრულებას და ხელს შეუწყობს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ძირითადი ინსტიტუტის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას. საქართველოში რეფორმების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფართომასშტაბიან მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური თუ ტექნიკური ინსტრუმენტების საშუალებით. ევროკავშირი და საქართველო მუშაობენ  ასოცირების ახალი დღის წესრიგზე, რომლით განსაზღვრული პოლიტიკური პრიორიტეტები საფუძვლად დაედება საქართველოსთვის 2017-2020 წწ. გამიზნული დახმარების დაგეგმვას.
 
მოხსენება საუბრობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის პოზიტიურ გავლენაზე საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობის ზრდაზე. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს  საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 16% შეადგინა. დოკუმენტის მიხედვით, გატარებული რეფორმების შედეგად, მთელ რეგიონში საქართველო გამოირჩევა საუკეთესო ბიზნესგარემოთი, რომელიც რეგიონში არსებული არასახარბიელო ფონის მიუხედავად, განაგრძობს გაუმჯობესებას. საქართველოში ძირითადად შენარჩუნებულ იქნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა და დადებითი ზრდაც კი დაფიქსირდა (+2,8% 2015 წელს).
 
მიღწეული პროგრესი მტკიცე საფუძველს ქმნის შემდგომი წარმატებებისთვის, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესშია. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელი სრულად გახდეს ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის,"- აღნისნულია სამინისტროს განცხადებაში.

დავით დონდუა ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 16:41

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა  საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს სერ გარი ჯონსონს შეხვდა. შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ასევე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.

BASF-ის წარმომადგენლობის გახსნის ცერემონია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 10:44

სასტუმრო Tbilisi Marriott-ში გაიმართა ქიმიური წარმოების მსოფლიო ლიდერი კომპანიის BASF-ის წარმომადგენლობის გახსნის ცერემონია. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. 

წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად თბილისს სპეციალურად ეწვია BASF-ის მაღალი დონის დელეგაცია კომპანიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის ლორენ ტანტურიეს ხელმძღვანელობით.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას გიორგი კვირიკაშვილმა და ლორენ ტანტურიემ  მიმართეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა BASF-ის მენეჯმენტს, განსაკუთრებით პირველ ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნისთბის  და აღნიშნა, რომ ეს ცხადყოფს საქართველოს წინსვლას, რომელსაც საფუძვლად უდევს მთავრობის ეფექტიანი რეფორმები.

სიტყვით გამოსვლაში BASF-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა რამდენიმე წელია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მნიშვნელოვნად აფასებს ქვეყნის ბოლო დროინდელ პროგრესს, შექმნილ   ლიბერალური ბიზნეს გარემოს, მდგრადობას რეგიონულ ეკონომიკურ სირთულეებთან მიმართებაში და მიღწეულ წარმატებებს. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით BASF-ის  ხელმძღვანელობამ საჭიროდ მიიჩნია გახსნას რეგიონალური წარმომადგენლობა თბილისში, რაც შესაძლებლობას მისცემს კომპანიას უკეთ განსაზღვროს მისი საქმიანობის და საინვესტიციო სფეროები, ასევე გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გააჩნია საგარეო სავაჭრო რეჟიმების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ კომპანია BASF ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში, მსოფლიოში ლიდერია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური