საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 15:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას თურქეთის რესპუბლიკის ართვინის რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 8 და დაკარგულად ითვლება არაერთი ადამიანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, სტიქიის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს გამოჯანმრთელებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2015 12:20

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზობთ:

"17 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ სამხრეთის სამხედრო ოლქში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომლებიც ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიც არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები «Град-М», «Ураган», «Смерч», 152 და 122 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები «Мста-С» და Д-30, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი «Нона» და სხვა სამხედრო სისტემები. წვრთნები 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 
დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის საერთო საჯარისო არმია შეუდგა ახალი თაობის კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებას საველე პირობებში. საველე წვრთნებში მონაწილეობს 2 ათასზე მეტი სამხედრო და გამოყენებულია 500 ერთეულზე მეტი კავშირგაბმულობის სპეციალური ტექნიკა.
 
სამხედრო წვრთნების პარალელურად გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევები. კერძოდ,  2015 წლის 19 აგვისტოს, დილის 10:57 საათზე ოკუპირებული სოფელ ხელჩუას მიმართულებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების „მი–8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა გორის რაიონის სოფ. ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრენისას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ ვერტმფრენმა ფრენა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით განაგრძო.
 
რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას.
 
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უპირველესად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 ივლისი 2015 19:42

2015 წლის 15 ივლისს დაიწყო რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის ფართომასშტაბიანი წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქში, ამასთან წვრთნები მიმდინარეოს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ცხინვალის რეგიონში. წვრთნებში მონაწილეობს 58-ე არმიის 1500-ზე მეტი არტილერისტი. წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიცაა 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები «Акация», «Мста-С» და «Мста-Б»,  ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები «Град», «Торнадо-Г» და «Ураган», ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები «Штурм-С» , ნაღმტყორცნები «Поднос» და «Сани». სულ წვრთნებში მონაწილეობს 300 ერთეული სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას, საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამასთან, შეშფოთების საფუძველს ქმნის აგრეთვე რუსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბანერებს დამონტაჟების განახლება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის დაწყებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ აღკვეთოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები.
 

გვერდი 21/ 21-დან

ბიზნეს ნიუსი

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზან...

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური