საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 მაისი 2020 13:32

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები და  ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობაზე. 

შეხვედრაზე განხილული იქნა არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული თემები, მათ შორის, ჩინეთში რეგისტრირებული სოციალური ქსელის - „TikTok“ ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრის საკითხი. ელჩის თქმით, ჩინეთის მხარემ უკვე მოახდინა კომუნიკაცია სოციალური ქსელის ხელმძღვანელობასთან და ხარვეზი უახლოეს პერიოდში გასწორდება. ასევე როგორც ცნობილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთში საქართველოს ელჩმა უკვე  გამართა შეხევდრები კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ასევე მიიღო დაპირება უახლოეს პერიოდში ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე. 

საგარეო საქმეთა მიჯისტრის მოადგილისა და ჩინეთის ელჩის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს  შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთი კონვენციისადმი  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერთების უშედეგო მცდელობაზე. ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარე განუხრელად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში. 

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყნის მიერ კორონავირუსის დასაძლევად გატარებული ღონისძიებების შესახებ. ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა. 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია მთელ რიგ ღონისძიებებს-მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 მაისი 2020 13:00

მინდა, მივულოცო საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება. ეს თავმჯდომარეობა დაემთხვა ჩვენს ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მე-20 წლისთავს, რაც მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა.

როგორც მარია ბურიჩმა აღნიშნა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია ღონისძიებათა ფართო სპექტრს მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, განათლება და ახალგაზრდობა.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე ჩატარებულ კონფერენციას, რადგან მან საფუძველი მოუმზადა ამ უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში გადაწყვეტილებების მისაღებად დებატების დაწყებას. „კოვიდ-19“-ის პანდემია ყველა ჩვენგანისათვის მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოს თავმჯდომარეობამ ამ გამოწვევას ძალიან ეფექტიანად გაართვა თავი და ორგანიზაციისთვის ახალი სამუშაო მეთოდები დანერგა. მინისტრთა კომიტეტის სხდომები იმართებოდა ვიდეოკონფერენციების ფორმატში, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი საქმიანობის უწყვეტობას“, – განაცხადა მარია ბურიჩმა.

მარია ბურიჩის განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი დოლარით დაეხმარება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2020 15:07

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი დოლარით დაეხმარება.

როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ეს თანხა ძირითად განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას მოხმარდება.

გარდა 30 მილიონისა, ჩინეთმა ორგანიზაციას 11 მარტს უკვე გადაურიცხა 20 მილიონი დოლარი. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მხარდაჭერა მულტილატერალიზმისა და გლობალური სოლიდარობის მხარდაჭერაა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა.

წყარო: https://1tv.ge/news/chineti-jandacvis-msoflio-organizacias-damatebit-30-milioni-dolarit-daekhmareba/

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აპრილი 2020 12:47

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს. საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებას. მსგავს კრიტიკულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელთაც ისედაც ზეწოლისა და დისკრიმინაციის პირობებში უხდებათ ყოფნა. 

საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 აპრილი 2020 11:40

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს.
 
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ხელშეწყობით, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები - 71 ადამიანი, ავტობუსებისა და სპეციალურად მოწყობილი დერეფნის მეშვეობით, ორგანიზებულად გადაიყვანეს პოლონეთიდან ბელარუსში, საიდანაც ისინი, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებენ; ხოლო ერევნიდან, ასევე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ავტობუსებით გამოემგზავრებიან სამშობლოში. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება და გადაყვანილ იქნებიან კარანტინში.
 
12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3,809  მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5,319 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ჩინეთის მიერ კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილების გასაზიარებლად გამართული რიგით მესამე ვიდეო კონფერენცია საქართველოში

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 11 აპრილი 2020 11:09

10 აპრილს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, ჩინეთის სიჩუანის პროვინციის წარმომადგენლებსა და ქართველ ექსპერტებს შორის შედგა რიგით მესამე ვიდეო კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება. მსგავსი შინაარსის შეხვედრები გაიმართა, ასევე, 3 და 20 მარტს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონფერენციის მსვლელობისას აღნიშნა, რომ კორონავირუსი არის მთელი მსოფლიოს წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევა. ჩინეთი და საქართველო, როგორც მეგობარი სახელმწიფოები და ახლო პარტნიორები, ერთად იბრძვიან ეპიდემიის წინააღმდეგ. ჩინეთი ღიად, გამჭვირვალედ და დიდი პასუხისმგებლობით მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას კაცობრიობის სიცოცხლეზე და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება მსოფლიოს ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს. 

ჩინეთის სიჩუანის პროვინციის სახელგანთქმულმა ექსპერტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს და საქართველოს სხვა წარმომადგენლებს დაწვრილებით გააცნეს იზოლაციის, ვირუსის დიაგნოზისა და მკურნალობის მიმართულებით მიღებული გამოცდილება. მათ, ასევე, გულმოდგინედ უპასუხეს ქართველების შეკითხვებს სწრაფი ტესტების, უსიმპტომო პაციენტების სკრინინგისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

ამირან გამყრელიძემ, პირველ რიგში, მიულოცა ჩინეთს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში მოპოვებული დიდი წინსვლა და მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის, მათ შორის, უკვე მესამედ ორგანიზებული ვიდეო კონფერენციისათვის. მისივე თქმით, ქართველი ექსპერტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის გამოცდილება, რადგან ეს დაეხმარება მათ ეპიდემიის უფრო სწრაფად დამარცხებაში. 

ბატონმა ამირანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი სპეციალისტები ყურადღებით მოუსმენენ ჩინელ კოლეგებს და მომავალშიც, იმედია, შეძლებენ ახლო კონტაქტის შენარჩუნებას. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, საქართველოს სახელით, დიდი მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებასა და სიჩუანის პროვინციას საქართველოსთვის გამოგზავნილი სწრაფი ტესტებისათვის, რომელთა ლაბორატორიული გამოცდის შედეგადაც, ქართული მხარე ძალიან კმაყოფილი დარჩა. ბატონმა ამირანმა აღნიშნა ისიც, რომ ამჟამად პეკინში საქართველოსთვის მზადდება კიდევ ერთი რეისი სამედიცინო აღჭურვილობისათვის, რომლის ჩამოსვლასაც მოუთმენლად ელოდებიან.

საქართველო გამოხატავს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020 12:56
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოხატავს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა მთიან ყარაბაღში 2020 წლის 31 მარტს. საქართველო მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრას საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

20 მარტის 24 საათიდან საქართველო-თურქეთის მიმართულებით ფრენები იზღუდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 17 მარტი 2020 11:43

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები, როგორც „თურქეთის ავიახაზების“ საერთაშორისო ფრენებზე, ისე სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების მხრივ.

მათ შორის, როგორც ცნობილია საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სახმელეთო საზღვარზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას. ამასთან ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები.

გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში უკვე გააუქმა ავია მიმოსვლა მრავალი ქვეყნის მიმართულებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მ.წ. 14 მარტიდან იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებითაც. თუმცა ორივე მხარემ ერთობლივი შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ფრენების გახანგრძლივების შესახებ მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე.

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 მარტი 2020 17:23

საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 18:00 მარტის 00:00-დან და ძალაში იქნება ორი კვირის განმავლობაში.  

შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა:
ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები;
ბ) შერეულ ოჯახები, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე, ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე;
გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები - თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები...)
დ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირები - გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ;
ე) სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები;
ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები.
ზ) ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 თებერვალი 2020 16:52

კორონავირუსის (COVID19) გავრცელების და ქვეყანაში ვირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციითმიზანშეწონილია საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში:  ჩინეთიჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ-კონგიირანიიტალიასამხრეთ კორეაასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილ იმ ქვეყნებშისადაც მაღალია ინფიცირების შემთხვევები. გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/situation-reports
 
საქართველოს მოქალაქეებს, ვინც უკვე იმყოფება ამ ქვეყნებში, მოვუწოდებთ, დაიცვან ადგილობრივი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები. აღნიშნულ ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ  საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
 
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ:
 
საქართველოსმოქალაქეების დადროებითიბინადრობისუფლებისმქონეპირებისგარდა:
 

  •  ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, შეეზღუდებათ საქართველოში შემოსვლა;
  • ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას, დაელოდონ ტესტების შედეგებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას (კარანტინის რეჟიმი, თვითიზოლაციის რეჟიმი, უკან დაბრუნება) და სრულად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები;

 
საქართველოსმოქალაქეები დადროებითიბინადრობისუფლებისმქონეპირები:
 

  • რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ვალდებულნიარიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას და 14 დღიანი კარანტინის პროცედურას.
  • რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში, ვალდებულნიარიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას, დაელოდონ ტესტების შედეგებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას (კარანტინის რეჟიმი, ან თვითიზოლაციის რეჟიმი) და სრულად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები;


აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობის შემთხვევაში  ავტომობილების მძღოლებს შეეხებათ იგივე პროცედურები და წესები, რომლებიც ჩამოთვლილია ფიზიკური პირების ნაწილში (ნაწილი 1).
საქართველოში დაშვებულია ნებისმიერი მესამე ქვეყნის საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით ირანის მიმართულებით.  არ არის დაშვებული მესამე ქვეყნების საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით ირანის  ტერიტორიიდან საქართველოში, ან მესამე ქვეყნებში.
 
კორონავირუსის გავრცელების პირობებში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა:
 
https://www.facebook.com/mohgovge/videos/901801983598905/
 
https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/advice-for-public
 
https://www.who.int/ith/Repatriation_Quarantine_nCoV-key-considerations_HQ-final11Feb.pdf?ua=1

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური