გიორგი კვირიკაშვილი თავის კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 13:21

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს თავის ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდება.

საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრთან ლორან ფაბიუსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება ორ ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას, თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით; საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ამ პროცესში საფრანგეთის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე მხარეები მიმოიხილავენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.

გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის მეწარმეთა გაერთიანებაში “MEDEF-International“ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საფრანგეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 11:15

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და თანამებრძოლებს.

ეს არის დიდი დანაკლისი დაღუპულის ოჯახისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სრულიად საქართველოსთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო ქედს იხრის გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის წინაშე.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 12:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2015 წლის 21სექტემბრის N385 ბრძანების საფუძველზე, მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, მიხეილჯანელიძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას ასევე აქვს საგარეო საქმეთასამინისტროში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, 2003-2004 წლებში, მიხეილ ჯანელიძე სამინისტროს საგარეო პოლიტიკის ანალიზისა და კველვისცენტრში საქმიანობდა.

 

UNESCO-სთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 11:19
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, UNESCO-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ქ. ბათუმს UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში ერიკ ფალტი შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს და მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს.

შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში. მათ შორის საუბარი შეეხო UNESCO-ს კათედრების საკითხს. აღინიშნა, რომ რომ ორივე მხარე მიესალმება საქართველოში წლების განმავლობაში წარმატებით მოქმედი UNESCO-ს კათედრების აღდგენას.

UNESCO ასევე იზრუნებს, რომ განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტში (International Institute for Educational Planning (IIEP) მოხდეს განათლების მართვის ქართველი სპეციალისტების მომზადება. ერიკ ფალტი განსაკუთრებით მიესალმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც მზადდება დოკუმენტი -  განათლების მიმართულებების (სფეროების) ჩამონათვალი, რომელიც დაეფუძნება იუნესკოს „განათლების საერთაშორისო სტანდარტულ კლასიფიკაციას” (ISCED-F-2013), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის სტატისტიკური მონაცემების ჰარმონიზაციას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 15:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას თურქეთის რესპუბლიკის ართვინის რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 8 და დაკარგულად ითვლება არაერთი ადამიანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, სტიქიის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს გამოჯანმრთელებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2015 12:20

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზობთ:

"17 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ სამხრეთის სამხედრო ოლქში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომლებიც ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიც არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები «Град-М», «Ураган», «Смерч», 152 და 122 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები «Мста-С» და Д-30, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი «Нона» და სხვა სამხედრო სისტემები. წვრთნები 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 
დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის საერთო საჯარისო არმია შეუდგა ახალი თაობის კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებას საველე პირობებში. საველე წვრთნებში მონაწილეობს 2 ათასზე მეტი სამხედრო და გამოყენებულია 500 ერთეულზე მეტი კავშირგაბმულობის სპეციალური ტექნიკა.
 
სამხედრო წვრთნების პარალელურად გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევები. კერძოდ,  2015 წლის 19 აგვისტოს, დილის 10:57 საათზე ოკუპირებული სოფელ ხელჩუას მიმართულებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების „მი–8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა გორის რაიონის სოფ. ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრენისას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ ვერტმფრენმა ფრენა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით განაგრძო.
 
რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას.
 
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უპირველესად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 ივლისი 2015 19:42

2015 წლის 15 ივლისს დაიწყო რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის ფართომასშტაბიანი წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქში, ამასთან წვრთნები მიმდინარეოს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ცხინვალის რეგიონში. წვრთნებში მონაწილეობს 58-ე არმიის 1500-ზე მეტი არტილერისტი. წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიცაა 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები «Акация», «Мста-С» და «Мста-Б»,  ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები «Град», «Торнадо-Г» და «Ураган», ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები «Штурм-С» , ნაღმტყორცნები «Поднос» და «Сани». სულ წვრთნებში მონაწილეობს 300 ერთეული სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას, საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამასთან, შეშფოთების საფუძველს ქმნის აგრეთვე რუსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბანერებს დამონტაჟების განახლება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის დაწყებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ აღკვეთოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები.
 

თამარ ბერუჩაშვილმა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 25-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 16 მაისი 2015 15:49

ბრატისლავაში, „ვიშეგრადის ჯგუფისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტერიალის“ პარალელურად, გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 25-ე სხდომა. სხდომა ჩატარდა მიმდინარე წელს სუამ-ში უკრაინის თავმჯდომარეობით და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა.

სუამ-ის მინისტერიალზე, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე პოლიტიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები.

მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო, მათ შორის რეგიონულ ორგანიზაციებთან. კერძოდ, სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ მ/წლის 2 აპრილს, გაეროს გენერალურ ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „გაეროსა და სუამ-ს შორის თანამშრომლობის შესახებ“ რეზოლუციის კონსენსუსით მიღებას.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს საორგანიზაციო საკითხები და მიიღეს გადაწყვეტილება, სუამ-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალთაი ეფენდიევის დანიშვნის შესახებ.

სუამ-ის მორიგი მინისტერიალი გაიმართება ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე პლენარული სესიის გახსნის ფარგლებში.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების ქცევა არაადამიანურია“ - დავით კერესელიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 05 მაისი 2015 17:38

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, დავით კერესელიძემ ტელეკომპანია "სთარვიზიასთან" ინტევიუში რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების გამო, რომლის შედეგად გალის რაიონის სოფ. ქვემო ბარღების მკვიდრი, 12 წლის მოზარდი ირაკლი ცაავა გარდაიცვალა, განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების ქცევა აღმაშფოთებელია.  მან ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოიყენებს მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებაზე განცხადება გაავრცელა:

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების გამო, რომლის შედეგად გალის რაიონის სოფ. ქვემო ბარღების მკვიდრი, 12 წლის მოზარდი ირაკლი ცაავა გარდაიცვალა. 2014 წლის 4 მაისს ირაკლი ცაავა მძიმე დიაგნოზით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლას ეცადა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა არ მისცეს მას საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის საშუალება, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

ზემოხსენებული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სავალალო მდგომარეობას. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეშ დარღვევას, რასაც ხშირ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადგილზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე.  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა მანდატის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - ადგილზე ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება.

მალაიზიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს ვიზიტით ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 მაისი 2015 18:23

2015 წლის 4 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის ქვედა პალატის ვიცე სპიკერთან,  რონალდ კიანდესთან და თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციასთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს და მალაიზიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები სხვადასხვა  მიმართულებებით, მათ შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს და მალაიზიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას, რისი დადასტურებაცაა საქართველოს საელჩოს გახსნა მალაიზიაში 2013 წელს. 

ვიზიტის ფარგლებში მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, ბატონ დავით უსუფაშვილთან და საქართველო-მალაიზიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.  დაგეგმილია შეხვედრები  სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროში.

მალაიზიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 3 მაისს ეწვია, ვიზიტი 8 მაისს დასრულდება. 

გვერდი 20/ 20-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური