პროგრესი გვაქვს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით-გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 11:55

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა დიპლომატებს კაჭრეთში უმასპინძლა.
ელჩებთან არაფორმალურ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ თანამშრომლობისა და საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს, ევროპული და ევრო-ატლანტიკური იტეგრაციის გზაზე და ის ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს.
კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები საქართველოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
“საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველო ევროპის მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია, ჩვენ პროგრესი გვაქვს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით და ველოდებით დადებით შედეგს.
ეს მნიშვნელოვანი აღიარება იქნება იმ მიღწევების რაც საქართველომ განახორციელა” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. .
მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრაზე მიმოიხილა მისი ბოლო შეხვედრები საფრანგეთში, აშშ-სა და ბელგიაში და ასევე მათ გააცნო სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა საქართველოში თურქეთის ელჩს და თურქ ხალხს ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო.

საგარეო უწყების კომენტარი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარების შემოყვანაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 16:41

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ სარკინიგზო ჯარების შემოყვანის თაობაზე, განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების საბაბით სარკინიგზო ჯარები შეიყვანა.
"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმალობაში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ხასიათის ქმედებები. ნიშანდობლივია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ინტერვენციამდე, რუსეთმა ასევე უკანონოდ დაიწყო აფხაზეთის რეგიონში რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარები შემოიყვანა, რაც შემდგომში ეფექტურად გამოიყენა საჯარისო ნაწილებისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის სამხედრო მოქმედებების დროს.საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის მორიგ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებას და კატეგორიულად მოითხოვს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული უკანონო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას", - ნათქვამია განცხადებაში.საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ზომები, რათა არ დაუშვას რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 17:59

ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ფედერიკა მოგერინისთან.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

ევროკავშირის მხარემ განმეორებით დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

თეა წულუკიანი - „ჩვენ შევიყვანეთ სასამართლო პროცესებზე მედია და კამერები“

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 13:58

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით,  ხელისუფლება მზადაა ევროკავშირის დელეგაციას სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს.

„თუ წინა ხელისუფლების დროს საამართლოში ცხვირს ვერავინ შეყოფდა, ჩვენი რეფორმის წყალობით ყველას შეუძლია არა მხოლოდ შევიდეს სასამართლო დარბაზში და დაესწროს სხდომას, არამედ ჩვენ შევიყვანეთ პროცესებზე მედია და კამერები. ამიტომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ვისაც უნდა ჩამოვიდეს და სასამართლო პროცესების დამსწრე გახდეს“, - განაცხადა წულუკიანმა.

სასამართლო მუშაობის გასაცნობად ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

გიორგი კვირიაშვილის თქმით, საქართველო მზად არის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართებაშიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან არსებობს ინტერესი, შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემს ევროპელ პარტნიორებს მიიღონ ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე.

დიდიე რეინდერი:„ბელგია პარტნიორობას გაუწევს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 13:20

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარება და საქართველოში ბიზნესმენთა სავაჭრო მისიის ვიზიტის მომზადების საკითხები განიხილეს.

„ეს იქნება ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, პოლიტიკური საკითხების გარდა, ყურადღება დაეთმობა ვაჭრობის განვითარებას, ინვესტიციების წახალისებას, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებს, ეს იქნება ღია დიალოგი მთელ რიგ თემებზე, მათ შორის ეფექტიან მმართველობაზე“ - განაცხადა დიდიე რეინდერმა.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.  „ბელგია ხელს შეუწობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და პარტნიორობას გაუწევს მას ამ პროცესში.  იგივე მიდგომა გვაქვს ნატოსთან მიმართებაშიც. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და არც ერთი წუთით არ უნდა შევაჩეროთ სვლა ამ მიმართულებით.“- აღნიშნა მან.

დიდიე რეინდერმა მკაფიოდ გამოხატა ბელგიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ  „ევროკავშირის ყველა სხვა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას. ჩვენ ამის შესახებ გამუდმებით უნდა ვიმეოროთ და თავიდან ავირიდოთ ყველანაირი შესაძლებლობა, რაც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და ბელგიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ისეთ საერთაშორისო გამოწვევებზე, როგორიცაა  უკრაინასა და სირიაში არსებული კონფლიქტები და რუსეთის როლი აღნიშნულ კონფლიქტებში. „მე მომხრე ვარ ამგვარი კონტაქტების, ღია დიალოგის, ეს სირთულეების გადაჭრის ერთადერთი გზაა, მათ შორის საქართველოშიც,  ჩვენ პოლიტიკურ, და არა სამხედრო არენაზე ვართ, ამიტომ, თუ შეგვწევს ძალა  ხელი  შევუწყოთ სიტუაციის სტაბილიზაციას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის“ -განაცხადა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

პერუში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 12:30
პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს პილარ დეზას, შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ოფიციალურად გადასცა პერუს საგარეო უწყების მიერ ხელმოწერილი ეგზეკვატურა. საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე ელჩმა საპატიო კონსულს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ პილარ დეზა, როგორც საქართველოს ინტერესების ოფიციალური გამტარებელი, კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და გაზრდის საქართველოს ცნობადობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საგარეო უწყების ინფორმაციით, პილარ დეზამ, თავის მხრივ, გამოხატა მადლიერება მინიჭებული ნდობისათვის და დაადასტურა სრული მზაობა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში, რომელიც ხალხებს შორის დაახლოებას და ბიზნესს წრეების ურთიერთობების განვითარებას ეფუძნება. ოთარ ბერძენიშვილმა საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა საპატიო კონსულს მიმდინარე წლის 13-14 ივნისს, ქალაქ თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ქალაქ ლიმაში საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებისათვის.

გიგი გიგიაძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 15:20

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან რიტა კაზრაგიენესთან.
     
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიტვას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და განხილულ იქნა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ლიტველ დიპლომატს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მხარდაჭერისათვის, ასევე იმ ექპერტულ-ტექნიკური დახმარებისთვის, რასაც ლიტვა საქართველოს მიმართულებით ახორციელებს.

"ჩვენთვის სულისშემძვრელია ის ეგზისტენციალური საფრთხე, რასაც კუნძულოვანი სახელმწიფოები განიცდიან"-გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 10:36

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში "Climate And Security the Foreign Policy Dimension of Climate Change" მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კვირიკაშვილმა კოლეგა მინისტრებს გამოუცხადა საქართველოს სრული მხარდაჭერა იმ გლობალური ინიციატივის მიმართ, რაც მსოფლიოში კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება. მან ასევე სრული მხარდაჭერა გამოხატა იმ კუნძულოვანი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც კლიმატური ცვლილებების გამო არსებობის საფრთხის წინაშე დგანან.

" მინდა გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა იმ საკითხის მიმართ, რაც წამოჭრეს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, კერძოდ ის რომ გარემოსდაცვითი ცვლილებები გავლენას ახდენს, როგორც გლობალურ, ასევე ცალკეული ქვეყნების უსაფრთხოებაზე.

მსურს მოვიყვანო საქართველოს მაგალითი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გადაიტანა სერიოზული წყალდიდობა, რამაც შეიწირა 23 ადამიანის სიცოცხლე, გაანადგურა ზოოპარკის ბინადარნი და ქვეყანას მოუტანა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.

ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე, მის მომავალზე.

საქართველომ საკმაოდ გულთბილი ურთიერთობა დაამყარა წყნარი ოკეანის ბევრ პატარა ქვეყანასთან, ჩვენთვის აბსოლუტურად სულისშემძვრელია ის ეგზისტენციალური საფრთხე, რის წინაშეც ეს სახელმწიფოები დგანან კლიმატური ცვლილებების გამო. სწორედ ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს გარემოს დაცვით საკითხებზე სამიტს, რომელსაც პარიზი წლის ბოლოს უმასპინძლებს. არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა დიდია თუ პატარა, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის გარშემო"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ღონისძიებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორენ ფაბიუსი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ფრანც ვალტერ შტაინმაიერი უძღვებოდნენ.

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს ქართველ კოლეგას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

ვიცე-პრემიერი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 10:27

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-ს უმაღლეს კომისართან ლტოლვილთა საკითხებში (UNHCR) ანტონიო გუტიერეშთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს მისი ოფისის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა UNHCR-ის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, სადაც წარმოდგენილია მეორე სამუშაო ჯგუფში თანამოდერატორად.

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს UNHCR-ის ოფისის მიერ საქართველოში მიმდინარე ცალკეული პროექტები.

გიორგი კვირიკაშვილი ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 10:20

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიურეი მაკკულისთან. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში ახალ ზელანდიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გააქტიურება. მიურეი მაკკულიმ, რომელიც საქართველოს 2014 წელს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა, ქართველი კოლეგა ახალ ზელანდიაში მიიწვია.

მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი, მათ შორის სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორული მიმართულებით.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ახალი ზელანდიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური