საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 15:00

2015 წლის 26 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო სფეროში მორიგი დოკუმენტი გააფორმა, კერძოდ, ხელი მოეწერა ე.წ. „შეთანხმებას“ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ის არ არის დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და ნებისმიერი სახის მცდელობა, დაიდოს მასთან „შეთანხება”, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის გამო.
“აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ის არ წარმოადგენს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, დაიდოს მასთან „შეთანხება” წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არის უკანონო აქტი, რომელიც არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რომელიც, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის სხვა ფორმებთან ერთად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ზემოხსენებული „შეთანხმება“ წარმოადგენს 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების” შემადგენელ ნაწილს, რაც ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო ვალდებულებების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით, განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „მცოცავი ანექსიის“ პოლიტიკას და, ამგვარად, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. საქართველოს მთავრობის მოწოდებების მიუხედავად, დოკუმენტის გაფორმებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. აღნიშნული განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და მიიღოს შესაბამისი ზომები რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული არასტაბილური მდგომარეობის შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით”,- აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკომისარმა აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის მორიგი ეტაპი გახსნეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 15:56

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის მორიგი ეტაპი გახსნეს. შეხვედრაში ქართველ დიპლომატებთან ერთდ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობენ.

მთავარი საკითხებია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ვიზალიბერალიზაციის თემაზე ევროკომისარი აცხადებს, რომ საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სრული იმპლემენტაცია მოხდეს.

„საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა,“ - განაცხადა ევროკომისარმა.  

ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დეტალურად იოჰანეს ჰანი პრესკონფერენციაზე გაიმართება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გაიმართება.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ კუთხით ტექნიკურ ნაწილში საქართველოს ევროკავშირისგან დადებითი პასუხი ექნება.

საგარეო საქმეთა მინისტრი ლატველ კოლეგას ხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 10:29

ლატვიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან ერთმანეთს ამ წუთებში თბილისში. მხარეები განიხილავენ, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი ბრიფინგი. ედგარს რინკევიჩსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოფრინდა.

ლატვიელი მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსდა პარლამენტის თავმჯდომარეს. გარდა ამისა, ედგარს რინკევიჩსი მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას.

გიორგი კვირიკაშვილი სან-მარინოელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 13:17

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სან-მარინოელ კოლეგას შეხვდა. პასკუალე ვალენტინმა და გიორგი კვირიკაშვილმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

ყურადღება დაეთმო სავაჭრო- ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. 

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები,აშშ-მ დადებითად შეაფასა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 15:48

საგარეო საქმეთა სამინისტროში დემოკრატიისა და მმართველობის ქართულ-ამერიკული ჯგუფის სამუშაო შეხვედრა შეაჯამეს. ვაშინგტონში გამართული შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში წინასაარჩევნო გარემო და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი იყო.

მათ შორის, დისკუსია შედგა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. ბრიფინგი უწყებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გამართა.  

„აშშ-მა დადებითად შეაფასა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, რაც იძლევა შესაძლებლობას სააპელაციო პროცედურები გაგრძელდეს და საქართველოში მედია პლურალიზმი შენარჩუნდეს,“ - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე .

საქართველოს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 08 ნოემბერი 2015 14:05

საქართველოს, 9-10 ოქტომბერს ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი ეწვევა. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან და გაეროსთან თანამშრომლობით ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში - "გენდერული თანასწორობისკენ-გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში". 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მარინა კალიურანდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას, თემაზე: "საგარეო პოლიტიკის გამოწვევები 2015-2016". 

საგარეო უწყებაში აფხაზეთის რეინტეგრაციას საქართველოსთან განიხილავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 10:29

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზი ხალხის საქართველოს სახელმწიფოში რეინტეგრაციისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის  განცხადების საპასუხოდ განაცხადა, სადაც ზაქარეიშვილმა თქვა, რომ საქართველო მზადაა ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს.

თუმცა როგორც კვირიკაშვილი ამბობს, აღნიშნულ საკითხზე სამთავრობო გუნდში ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს.

"ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის. თუმცა საზოგადოებამ უნდა ვიფიქროთ სხვადასხვა გზაზე, თუ როგორ მოვახდინოთ დანარჩენ საქართველოში აფხაზი ხალხის რეინტეგრაცია, აფხაზეთის რეინტეგრაცია და ამისთვის სხვადასხვა შესაძლებლობა უნდა განვიხილოთ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ოფიციალური ნოტა გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 11:19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ გიორგი ნაზაროვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გადასცა.
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოს საგარეო უწყებაში დღეს მიიწვიეს.
ქართულმა მხარემ დააფიქსირა უკიდურესი უკმაყოფილება, მედიასაშუალებებში გავრცელებული, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველ მოსაზრებებსა და მოწოდებებს შეიცავს. აღინიშნა, რომ მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, რაც დაუშვებელია და არ შეესაბამება საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენს და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

საქართველო 177 ხმით არჩეულა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 15:32

2015 წლის 28 ოქტომბერს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველო 177 ხმით არჩეულ იქნა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით. საბჭოს წევრთა 2015 წლის არჩევნებში რეგიონალური პრინციპის მიხედვით გამოყოფილი იყო 18 ადგილი. საქართველო საბჭოს წევრად აირჩიეს კონკურენციის გარეშე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო გაეროს 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

საქართველოსთვის, რომელიც პირველად გახდა ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი, პატივია გაეროს იმ ორგანოს წევრობა, რომელიც უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით. საბჭოს წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, კიდევ უფრო დახვეწოს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე, იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გაეროში მიმდინარე პროცესებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს ყველა დანარჩენ ქვეყანას, რომელიც ასევე არჩეულ იქნა საბჭოში და მადლობას უხდის გაეროს წევრ-სახელმწიფოებს საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.

“გერმანიას ვხედავთ, როგორც ძლიერ და პრინციპულ პარტნიორს“-გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 17:40

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა კონრად ადენაუერის ფონდსა და გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდში, ადენაუერის ფონდის თავმჯდომარესთან, ჰანს-გერტ  პოეტერინგთან და მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის თავმჯდომარესთან ფოლკერ პერთესთან.

 გერმანიის ანალიტიკურ ცენტრებში სტუმრობისას საუბარი შეეხო გერმანია- საქართველოს ურთიერთობას. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ნებას განავითაროს და გააღრმავოს ურთიერთობები გერმანიასთან, რომელთანაც საქართველოს ისტორიულად აკავშირებს ტრადიციული პარტნიორული ურთიერთობები. მინისტრის თქმით საქართველოს სურვილი აქვს გააფართოოს თანამშრომლობის სფეროები გერმანიასთან, მათ შორის როგორც ეკონომიკის, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით. „გერმანიას ვხედავთ, როგორც ძლიერ, პრინციპულ პარტნიორს საქართველოსთვის. გვსურს ვიხილოთ მეტი გერმანული კომპანიები საქართველოში“-აღნიშნა მინისტრმა გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე.

 მან ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე და იმ რეფორმებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს  ამ მიმართულებით,  ხაზი გაესვა აღნიშნულ  პროცესში გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

 გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა მიმოიხილა რეგიონში არსებული გარემო, მათ შორის საუბარი შეეხო, როგორც უსაფრთხოების გამოწვევებს, ასევე რეგიონის პერსპექტივებს გლობალური პროექტების განხორციელების კუთხით, რა მხრივაც, მინისტრის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

 გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთთან  ურთიერთობის საკითხები.

 გერმანიის წამყვან ცენტრებში შეხვედრისას ყურადღება დაეთმო აღნიშნულ ფონდებთან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას და პერსპექტივებს.

 დღესვე მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური