მიხეილ ჯანელიძე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 12:01

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, დუბრავკა სიმონოვიჩს.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ადამიანის უფლებების, კერძოდ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. ქართულმა მხარემ სპეციალურ მომხსენებელს გააცნო ადამიანის უფლებების სფეროში  საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ  სტრატეგიას და შესაბამის სამოქმედო გეგმას. შეხვედრის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი მიესალმა საქართველოს გაწევრიანებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში, ასევე აღნიშნა ქართველი ექსპერტის წევრობა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, სადაც ყოველდღიურად უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და სამწუხაროდ ვერ ხორციელდება საერთაშორისო მონიტორინგი.
 
დუბრავკა სიმონოვიჩის ვიზიტი არის ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელის  პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც 15 თებერვალს დაიწყო და 19 თებერვლამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი შეხვდება აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და სახალხო დამცველს. განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე სპეციალური მომხსენებელი საქართველოს შესახებ მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც 2016 წლის ივნისში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიის ფარგლებში წარუდგენს.

 

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 17:56

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრს, ჰანა სერვა ტეტეჰს შეხვდა.
შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ინვესტიციების მოზიდვის საკითხს, ბიზნესკავშირების განვითარებას და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ამასთან, ხაზი გაესვა ინსტიტუციური თანამშრომლობის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების დაწყების მნიშვნელობას. შეხვედრისას ასევე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა

საფრანგეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 17:05

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჟან-მარკ ერომ დაიკავა. აღნიშნულ თანამდებობაზე ჟან-მარკი ქვეყნის პრეზიდენტმა გუშინ წარადგინა.საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მისნიტრმა, ლორან ფაბიუსმა გადადგომის შესაებ განცხადება გუშინ გააკეთა. 

ფაბიუსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მისი მინისტრობის პერიოდში მსოფლიო ლიდერები საფრანგეთის პოზიციას სირიის საკითხზე არ იზიარებდა. კერძოდ, ოფიციალური პარიზი 2013 წელს სირიის კონფლიქტში აშშ-ის არმიასთან ერთად სამხედრო ინტერვენციას ითხოვდა. 

რაც შეეხება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-მარკ ერო 2012-2014 წლებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი სოციალისტების საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ესტონეთში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 10:42
ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ეიკი ნესტორმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი და ასევე დაინტერესდა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარებით. მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს.

მიხეილ ჯანელიძე თურქეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 16:44

დღეს  საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შეხვედრისას განხილული იქნა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს აქტიური თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროებში, ამასთან, არსებობს ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების დიდი პოტენციალი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებას. საუბარი შეეხო უახლოეს პერიოდში დაგეგმილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისა და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სამმხრივი შეხვედრის დეტალებს, ასევე პრემიერ-მინისტრების დონეზე საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს გამართვის საკითხს.  

შეხვედრისას თურქეთის ელჩმა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო მხარდაჭერა.

მიხეილ ჯანელიძე IDFI-ის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 18:06

დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ საერთაშორისო ფორუმზე – “საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებებზე, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ასევე საქართველოს ეკონომიკურ და დემოკრატიული განვითარებაზე ისაუბრა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, ისტორიული ხელმოწერით, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ამბიციური პროცესი დაიწყო.
ჯანელიძემ განსაკუთრებული ყურადღება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობას დაუთმო და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გაწევრიანების გზაზე გადადგა. მინისტრის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება.
ამასთანავე, რეფორმები საქართველოს სამხედრო, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის, კარგი მმართველობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების სექტორებში სწორედ ალიანსთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების უმთავრეს მიზანთან აახლოებს, ეს კი ქვეყანას სტაბილურობას, განვითარებასა და კეთილდღეობას მოუტანს.
„რეფორმების გატარების და დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითია. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ მიღწეული პროგრესი და გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით: “საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები”, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ეგიდით, ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

საგარეო უწყების 2016 წლის ძირითადი პრიორიტეტები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 11:25

ვიზალიბერალიზაცია, აბრეშუმის გზის პროექტის განვითარება, ევროინტეგრაცია და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები - ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს 2016 წელს ექნება.

მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს სამოქმედო გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერმინისტრსა და მთავრობის წევრებს მიაწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების კუთხითაც აქტიურად იმუშავებს.

 შეხვედრაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტედად საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერება დაასახელა. 

საგარეო საქმეთა მინისტრი,ოფიციალური ვიზიტით დავოსს ეწვია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 18:37

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით დავოსს ეწვია, სადაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის შემადგენლობაში „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს“ დაესწრება.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს სესიებში ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა; ახალი ეკონომიკური ხედვა უკრაინისთვის; ევროპის მომავალი.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მმართველ დირექტორთან ფილიპ როსლერთან, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან სებასტიან კურცთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაოლო ჯენტილონისთან და მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფურევსურენ ლუნდეგთან.
საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრებს ტონი ბლერთან, ვიქტორია ნულანდთან, ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთა, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ვერნერ ჰოიერთან, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან იოჰან შნეიდერ ამანისთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან კარიმ მასიმოვთან.
ფორუმის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მიწვეულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდე შვაბის სახელით გამართულ სადილზე.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ბოლო დღეს დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

ზვიად კვაჭანტირაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ მრავალათასიანი დავალიანება აქვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 17:11

ზვიად კვაჭანტირაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ რამდენიმე ათასი ლარის დავალიენება აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული გაზეთი ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით მოქმედ დეპუტატს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ ვალი რამდენიმე წლის წინ დაეკისრა. 

გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ გენერალური კონსულობის ბოლო წელს, გენერალური საკონსულოსთვის, სახელმწიფოს ხარჯზე, გამოიყვანა სრულიად ახალი მინივენი. როგორც სტატიაშია აღნიშნული კვაჭანტირაძე ნასვამი მიუჯდა დაუზღვეველი ავტომობილის საჭეს და შეეჯახა ბოძს. ავტომობილი ისე დაიმტვრა, მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა.

გამოცემის წყაროს ცნობით გენერალურმა კონსულმა დამტვრეული მანქანა გადამალა და მომხდარის შესახებ არ აცნობა საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს. ფაქტი კი მხოლოდ მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ადგილზე ახალი გეგნკონსული ჩავიდა და ინვენტარიზაცია ჩატარდა.

გამოცემის ცნობით საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი და კვაჭანტირაძეს ზიანის ასანაზღაურებლად  გარკვეული ვადა მისცეს, თუმცა მან თანხა არ გადაიხადა.

ქართული გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგარეო უწყება იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლომ კი კვაჭანტირაძეს 80 ათასი ლარის ანაზღაურება დააკისრა საგარეო საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ, მაგრამ როგორც გამოცემა წერს მას არც ეს თანხა გადაუხდია.

ქართული გაზეთს სტატიაში მოყვანილი ფაქტების დასადასტურებლად მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტი მოყავს, კერძოდ კი საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 7 ოქტომბერს გამოტანილი განჩინება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაამტკიცა მორიგება მოსარჩელეს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოპასუხე ზვიად კვაჭანტირაძეს შორის. 

პარლამენტში,საგარეო საქმეთა მინისტრი მოაგილეებთან ერთად იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 15:20

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოადგილეებთან ერთად პარლამენტში იმყოფება. ისინი საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაში მონაწილეობენ დავით ზალკალიანი, გიგი გიგიაძე, დავით დონდუა, ხათუნა თოთლაძე, ზვიად გონაძე, დავით ჯალაღანია. 
შეხვედრა დახურულია. აუდიენციის დაწყებამდე მედიისთვის კომენტარები არ გაკეთებულა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური