მიხეილ ჯანელიძე ჯონ ქერის შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 მარტი 2016 11:27

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის შეხვდება. 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვაშინგტონში 13-19 მარტს იმყოფება.  ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე  შეხვედრებს მართავს  ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. 

დავით ზალკალიანი თურქეთში გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 მარტი 2016 17:08

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი თურქეთში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელს, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორს კარლ კულესას შეხვდა.
 
მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მათ შორის, ჯანდაცვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებებით. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს მხარემ გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

ანკარაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ-საგარეო უწყების განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 10:52

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერზე ანკარაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება  : "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 13 მარტს, თურქეთის დედაქალაქის, ანკარის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და დაშავდა არაერთი ადამიანი.   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ძალადობის ამ ბარბაროსულ გამოვლინებას და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს." თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამუშავებულია თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 53 36 90 30 40 " 

დავით დონდუა ესტონეთს ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მარტი 2016 17:01

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, თანმხლებ უწყებათაშორის დელეგაციასთან ერთად ესტონეთს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ:   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი დოლიძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი, ნატა ქორიძე; თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის, ნატო-ში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, თინათინ მზარელუა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, თეა ახვლედიანი.
 
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კიულლიკე სილლასტე-ელლინგთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მიკო ჰალიასთან; ასევე, შედგა ქართული დელეგაციის შეხვედრები ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის  კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარკო მიჰკელსონთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სვენ მიკსერთან. 11 მარტს, საელჩოს ორგანიზებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაიმართა დისკუსია თემაზე: „საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები“.
 
გამართული შეხვედრებისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის პროცესის განვითარებაზე,  ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულ იმპლემენტაციასა და  ვარშავის სამიტის მიმართ საქართველოს მოლოდინებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით მიღწეულ პროგრესს,  საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას, ქვეყანასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევებს, საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. 
 
ესტონელ კოლეგებთან შეხვედრებისას, დავით დონდუამ ფართოდ მიმოიხილა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები; რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და გამოწვევები. ამ მხრივ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში, ისევე როგორც ოკუპაციის ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობასა და ბოლოდროინდელ განვითარებებზე; საქართველოს მიერ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის კუთხით გადადგმულ ცალმხრივ ნაბიჯებსა და რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე, „მცოცავი ანექსიის“, საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „შეთანხმებების“ და უკანონო „ბორდერიზაციის“ ჩათვლით. საუბარი შეეხო აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტებს. ამ კონტექსტში, დავით დონდუამ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნის მნიშვნელობაზე. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ამ კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ რეფორმებს, ხაზი გაესვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს წვლილის მნიშვნელობას და ნატო-ს ვარშავის სამიტის მოლოდინებს.
 
ესტონურმა მხარემ  ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.  
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მარტი 2016 11:13

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იუვალ ფუქსს. უმასპინძლა.

 
შეხვედრაზე მხარეებმა  ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.  ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ მოხდეს ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი, მათ შორის ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. აღინიშნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მზარდი ტურისტული ნაკადის პოზიტიური დინამიკა და დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

 
შეხვედრისას ასევე განიხილეს ჩვენს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევები.

ისრაელის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საგანგაშო ვითარების, მცოცავი ანექსიისა  და  ადგილობრივი ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების მიღების თაობაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ისრაელის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.
 

მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 მარტი 2016 18:11

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.

მინისტრმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა.
 
პრეზიდენტთან შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა თბილისსა და ბაქოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.
 
მხარეებმა  განიხილეს  ორი ქვეყნის ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
 
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის არსებულ მზარდ პოტენციალზე. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო ასპარეზზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები ორი ქვეყნის პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ წარმოჩენის მიზნით.
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით.
განსაკუთრებით აღინიშნა ბაქო-სუფსის პროექტის ინაუგურაციის 20 წლისთავი, რომელიც წელს აღინიშნება. მხარეებმა კიდევ ერთხელ დადასტურეს ამ პროექტის მნიშვნელობა, რომელმაც საფუძველი დაუდო ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას და მათ ჩართულობას გლობალურ პროექტებში.

მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეა მინისტრთან.

ბელგიის მხარდაჭერა საქართველოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 მარტი 2016 11:55

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძის  ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის  მინისტრს შეხვდა.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ დინამიკას იძენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ბელგიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ორივე მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ევროკავშირის სტანდარტებთან და ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ მხრივ ხაზი გაუსვა ბელგიის და ასევე ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას.

როგორც ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მიმართულებით რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში გატარებული წარმატებული რეფორმები. მისი თქმით ახლო მომავალში მნიშნელოვან პროგრესს უნდა ველოდოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით.  

მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მზარდი პოტენციალი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში ეკონომიკური და სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბელგიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რასაც საქართველოს ხელისუფლება, ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციების მოზიდვის კიდევ უფრო ხელშეწყობისთვის ახორციელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსსი საქართველოში მოიწვია. 

მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 18:17

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაერო-ს ოფისის გენერალურ დირექტორთან მიხაილ მიოლერთან. 
 
მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო გაეროსთან და ორგანიზაციის ჟენევის ოფისთან თანამშრომლობას. 
 
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მინისტრმა გაერო-ს გენერალურ დირექტორს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა  .მათ ხაზი გაუსვეს არსებული კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას. 

ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 11:18

 28-29 თებერვალს საქართველოს ეწვია ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგალო. 

პირველი შეხვედრა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული ვიზიტი ესპანეთის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა.

მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ესპანეთის სამეფოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რომლისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვლინებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველო-ესპანეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ ესპანეთის საქმიანი წრეების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში ესპანური ინვესტიციების მოზიდვას.  აგრეთვე, ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის  ლიბერალიზაციის პროცესის განხილვას. მიხეილ ჯანელიძემ  ისაუბრა ამ მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოსა და იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით გააჩნია.

მინისტრებმა მიმოიხილეს ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები. აღნიშნეს საქართველოს მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.

ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა დაადასტურა, ესპანეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის, აგრეთვე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებების მხარდაჭერა.

 

დავით ზალკალიანის ვიზიტი ვაშინგტონში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 12:40

25-26 თებერვალს მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ვიზიტი ვაშინგტონში. 25 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარ მოადგილესთან საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში, ტრეისი ან ჯაკობსონთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ ქმედებების კოორდინაციაზე საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბალკანეთის, შავი ზღვისა და კავკასიის დირექტორთან, ვიქტორია ტეილორთან. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებთან ერთად, განიხილეს ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის პოლიტიკას იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით.     
 
დავით ზალკალიანი ასევე შეხვდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენ უოლაკს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების დირექტორს სტივენ ნიქსს. განხილულ იქნა საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება და დემოკრატიული რეფორმები. საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის გაგზავნა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური