მიხეილ ჯანელიძე უგანდის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 აპრილი 2016 14:01

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში უგანდის პრემიერ-მინისტრს, რუჰაკანა რუგუნდას შეხვდა.  

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში არსებულ პოზიტიურ ტენდენციას. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა  უგანდას  გაუზიაროს საქართველოში მრავალი მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამოცდილება.

სამიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა ტოგოსა და ნამიბიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც ასევე მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა  ეკონომიკისა და  განათლების  სფეროში ცალკეული პროექტების განხორციელებაზე, ასევე  მმართველობისა და ადმინისტრირების სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი ჩილელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 აპრილი 2016 13:54

გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჩილელ კოლეგასთან, ჰერალდო მუნოს ვალენსუელასთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩილეს  შორის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობა.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩილესთან ურთიერთობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დიდ  პოტენციალს. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკაში არსებული მსგავსი ლიბერალური სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკა მეტ შესაძლებლობას იძლევა აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობის განვითარებისთვის.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონალური ეკონომიკური ჰაბის როლზე. ამ მხრივ მან მიმოიხილა  საქართველოს მთავრობის  მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას და საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას.

მინისტრებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. გამოიხატა დაინტერესება საქართველოში ჩილეს ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის განხორციელების შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჩილეს, როგორც მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორ ქვეყანას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, დიდი შესაძლებლობები აქვთ მეღვინეობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მიხელ ჯანელიძემ ჰერალდო მუნოს ვალენსუელა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

კონსულტაციები საქართველოსა და სურინამის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 11:53

 პარამარიბოში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ სურინამის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი და ამერიკის დეპარტამენტის ლათინური და კარიბის აუზის ქვეყნების სამმართველოს მეორე მდივანი, მარიამ შონია.
 
სურინამის მხარე წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მუდმივი მდივნის, ჰენრი მაკდონალდის სახით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სურინამის სხვადასხვა  სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
 
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურის, ტურიზმის, განათლების, ელექტრონული მმართველობის, გამოცდილების გაზიარების და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხები. ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და საერთო ინტერესების საკითხებზე ურთიეთმხარდაჭერის გააქტიურებას.
 
ამავე დღეს გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა სურინამის რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტთან, მაიკლ ადჰინთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებული დინამიკის გააქტიურების და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ასევე მიიღო სურინამის პარლამენტის თავმჯდომარემ, ჯენიფერ გრილინგ-სიმონსმა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სურინამს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ორი ქვეყნის საკანონდებლო ორგანოებს შორის  ურთიერთობის განმტკიცებაზე.
 
დღის ბოლოს საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა სამუშაო ვახშამი სურინამის რესპუბლიკის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
 
გამართულ შეხვედრებზე სურინამის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 11:04

მიხეილ ჯანელიძემ  სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედვარდ ნალბანდიანთან. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო უწყება ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა უკანასკნელ დღეებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციისა და თანმდევი მსხვერპლის გამო შეშფოთება გამოთქვა. 

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო დაპირისპირების გაგრძელება უკიდურესად გაართულებს არსებულ მდგომარეობას და ნეგატიურად აისახება რეგიონის სტაბილურობაზე. 

"სომეხ კოლეგასთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით სიტუაციის დეესკალაციისათვის ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენების მნიშვნელობაზე.” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მანამდე მიხეილ ჯანელიძემ სატელეფონო საუბარი  აზერბაიჯანელ კოლეგასთან გამართა. უწყების ცნობით საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს მიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 18:01

„საქართველო  ლატვიას განიხილავს, როგორც  მნიშვნელოვან პლატფორმას ევროპაში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით და ასევე როგორც კარიბჭეს, რომელიც საქართველოს არა მხოლოდ  აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებთან, არამედ მთელ ევროპასთან დააკავშირებს“ - ეს განცხადება საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულმა  პოლიტიკურმა პარტნიორობამ ხელშესახები შედეგები ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებშიც გამოიღოს.  
 მიხეილ ჯანელიძემ ლატვიელ ბიზნესმენებსა და სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და ბიზნეს-გარემო გააცნო. მისი თქმით, საქართველოს  დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო,  ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკა გააჩნია, რაც  უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებითი სტიმულია.  „თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩამოხვიდეთ საქართველოში და დაიწყოთ აქ კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თქვენს ინტერსებსაც ემსახურება“ - განუცხადა მან ლატვიელ ბიზნესმენებს.
 საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს, როგორც ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი დერეფნის ისტორიულ როლზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში, მან „ახალი აბრეშუმის გზის“, „აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზისა“ და „ანაკლიის ღრმაწყლოვანი  პორტის“ მშენებლობის პროექტებზე ისაუბრა.
 გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ ლატვიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოში მიიწვია და მათ საქართველოსთან მჭიდრო კავშირების განვითარება უსურვა.
 

მიხეილ ჯანელიძე ლატვიის ვიცე-პრემიერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 16:24

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში  ქვეყნის ვიცე-პრემიერთან შეხვედრით დაიწყო. 


ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა არვილის ასერადენსისმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქმიან ვახშამზე უმასპინძლა.

ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სექტორში არსებული აქტიური თანამშრომლობა. განსაკუთრებით აღინიშნა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მზარდი შესაძლებლობები.

აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს .
მინისტრები შეთანხმდნენ სავაჭრო ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე.

მიხეილ ჯანელიძემ გააცნო თავის ლატვიელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხ-პუნქტიანი რეფორმების პაკეტი, რომელიც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, საგადასახადო რეფორმას და მეწარმეობის ხელშეწყობას, ღია მმართველობასა და ჩართულობას, განათლების სისტემის რეფორმას გულისხმობს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 15:50

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოველს შეხვდა.მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე, განათლების სფეროში თანამშრომლობაზე და უნგრეთის მიერ საქართველოს სტუდენტების დაფინანსებაზე ისაუბრეს. შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები.

უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საპარლამენტო თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ საქართვლოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
 

ფილიპ ჰამონდი საქართველოში შეხვედრებს მართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 15:16

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანი ფილიპ ჰამონდი სტუმრობს. ვიზიტის დასაწყისში, მან ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეაკმო. 

შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ჯალაღანიასთან.
 
ორმხრივ შეხვედრაზე, დავით ჯალაღანიამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი. მან კმაყოფილება გამოხატა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის „უორდოპის დიალოგის“ წარმატებით მიმდინარეობაზე და აღნიშნა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.

ფილიპ ჰამონდმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბრიტანეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორს და წარმატების მაგალითს რეგიონში. ხაზი გაესვა, რომ ეს ვიზიტი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა. მან დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის,  აგრეთვე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ხაზი გაუსვა, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, უნდა ჰქონდეთ სუვერენული არჩევანის საშუალება, გარეშე ძალების ჩარევის გარეშე.  მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების საკითხებზე.

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, გაემგზავრა რუსთავში, სადაც მოინახულა ბრიტანული კომპანიის - „British Petroleum” სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობა. ფილიპ ჰამონდმა იმედი გამოთქვა, რომ უმსხვილესი ბრიტანული კომპანია, რომელიც უკვე 20 წელია ოპერირებს საქართველოში, კვლავაც წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას რეგიონში და ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებას.  

ვიზიტის ფარგლებში, ფილიპ ჰამონდი სიტყვით გამოვიდა  მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ნიდერლანდების ინსტიტუტის  მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმზე.

სახელმწიფო მდივანმა, ასევე, მოინახულა ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის, ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში მდებარე ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი.

ფილიპ ჰამონდიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 12:54

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო . ფილიპ ჰამონდი გმირთა მოედანზე პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა.

შეხვედრილი დაგეგმილი აქვს პრემიერმინისტრთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.  

ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვაა. ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლი სიტყვით გამოვა ასევე სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმზე. 

საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 12:16

თბილისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი სტუმრობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს ელჩი ბრიტანეთში და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დახვდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და მთარობის სხვა წევრებთან. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ორ დღეში დასრულდება.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური