საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჩინეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 25 მარტი 2019 12:19

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2019 წლის 21 მარტს ჩინეთისსახალხო რესპუბლიკის ქ. იანჩენის (Yancheng City) ინდუსტრიულ პარკში განთავსებულ ქიმიურ ქარხანაშიმომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვამსხვერპლი – დაიღუპა 47 და დაშავდა 90 ადამიანი.

ამ მძიმე წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას უცხადებს ჩინეთის მოსახლეობას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

დავით ზალკალიანი ეკვადორელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 მარტი 2019 18:14

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბუენოს-აირესში კონფერენციის “სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა” ფარგლებში შეხვედრა გამართა ეკვადორის საგარეო საქმეთა და ადამიანის მობილურობის მინისტრთან ხოსე ვალენსიასთან .

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოდან გაეროს მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორობის კანდიდატი დავით კირვალიძე.

შეხვედრაზე მინისტრებმა მომოიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ეკვადორისა და საქართველოს თანამშრომლობა. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ეკვადორს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდს, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ქ. კიტოში გაიმართება და მას ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, განიხილება პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ეკვადორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხრადაჭერისთვის, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და იმ ნაბიჯების თაობაზე, რასაც საქართველო საერთაშორისო ფორმატებში მიმართავს ადგილზე ადამიანის უფლებების ხელყოფის მძიმე შედეგების პრევენციის მიზნით.

მინისტრმა ეკვადორელ კოლეგას წარუდგინა საქართველოს კანდიდატი გაეროს მსოფლიო სურსათის ორგანიზაციაში და ხაზი გაუსვა დავით კირვალიძის მაღალ პროფესიონალიზმს, ასევე საქრთველოს კანდიდატის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას, სოფლის მეურნეობის და აგრარული სექტორის განვითარებას, გლობალურად ამ სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევას, 2030 წლისთვის გაეროს მიერ დასახული მიზნების მიღწევას ყველა პრიორიტეტული მიმართულებით და სხვა.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ეკვადორს შორის სექტორალური თანამაშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, მათ შორის აღინიშნა განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოსა და ეკვადორში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების ეფექტური გამოყენება ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების მიერ და სხვა.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობას და ამ მხრივ არსებულ მნიშვნელოვან ფორმატებს, რომელიც საქართველოს გააჩნია ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც არის ამერიკის ქვეყნების ორგანზიაცია, წყნარი ოკეანეთის ალიანსი, ცენტრალური ინტეგრაციის სისტემა.

დიასპორა - 2019 - ის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 16:37

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA 2-ის („მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“) ფარგლებში, აგრძელებს მუშაობას დიასპორის ჩართულობის საკითხებზე. პროექტის ერთ-ერთი მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2019 წლის გაზაფხულზე მართავს რიგით მეორე  ღონისძიებას სახელწოდებით „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, რომლის მიზანია ქვეყნისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების აღიარება.

ღონისძიების პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების ნომინირება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:

  • მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
  • ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
  • საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის
  • სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის
  • საქართველოს უცხოელი მეგობარი

კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 1 თებერვლიდან – 1 მარტის ჩათვლით.

რეკომენდაცია ლიბიაში გამგზავრების სურვილის მქონე საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 28 იანვარი 2019 15:13

ლიბიაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის  გამო,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლიბიაში გამგზავრებისა და მის ტერიტორიაზე გადაადგილებისაგან, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო გზით, ვინაიდან ადგილზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, ქმედითი დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს ლიბიის ტერიტორიაზე.

მინისტრის მოადგილემ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018 16:32

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კიმ სე-ვუნგთან.

კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კიმ სე-ვუნგმა მადლობა გადაუხადა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს 2018 წლის 16 დეკემბერს გამართულ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვევისათვის და წარმატება უსურვა საქართველოს ახალ პრეზიდენტს სამომავლო საქმიანობაში.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში კორეელი ვიზიტორების რაოდენობა გაორმაგდა, რასაც ქვეყნებს შორის 2018 წლის მაისში განხორციელებულმა პირველმა პირდაპირმა ჩარტერულმა რეისებმა შეუწყო ხელი. კიმ სე- ვუნგმა აღნიშნა, რომ მომატებული ვიზიტორების შედეგად, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის ცნობადობა ამაღლებულია, რაც პერსპექტიულს ხდის კორეაში ქართული ღვინის ექსპორტს.

შეხვედრის დასასრულს, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და მას დაკავებულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2019 წელს განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.

დავით ზალკალიანი: სალომე ზურაბიშვილმა დაამკვიდრა ელჩების ყოველწლიური შეკრების ტრადიცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018 14:41

საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთსაქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისყოველწლიური შეხვედრის - „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებსა დაღონისძიების სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნამათი მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს პრმიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებში ასახვის გამო და აღნიშნა პრემიერის პირადი ჩართულობა იმ მრავალ წარმატებაში, რაც საგარეო ურთიერთობის კუთხით ქვეყანას გააჩნია.

„მადლიერი ვართ, რომ თქვენს მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებში, პირველ ადგილზე დააყენეთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაცია. სწორედ თქვენმა ჩართულობამ და მნიშვნელოვანმა აქტიურობამ მიმდინარე წელს საქართველოს მოუტანა ხელშესახები შედეგები საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, ამაზე მეტყველებს მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები, გადაწყვეტილებები, თანამშრომლობის ახალი ფორმატები და სხვა”- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პარლამენტის ჩართულობა საგარეო პოლიტიკური ამოცანების რეალიზებაში და ამ მხრივ ყურადღება გაამხივა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდგომ პარლამენტის როლზე. „მადლობა, რომ ზედიზედ მესამე წელია გვმასპინძლობთ პარლამენტის შენობაში ქართველ დიპლომატებს.  საკანონდმებლო ორგანოსთან მჭიდრო კოორდინაციით ჩვენ მნიშვნელოვნად განვავითარეთ პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ახალი კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში და რომელიც ასრულებს ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესს, ზრდის  პარლამენტის როლს, რაც ჩვენი შემდგომი, უფრო მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის საფუძველი გახდება”-განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების ტრადიციად დამკვიდრებისათვის. „რამდენიმე დღის წინ ჩატარდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია,  დარწმუნებული ვარ, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ერთად ღირსეულად წარმოვაჩინოთ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს სწორედ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაამკვიდრა ელჩების ყოველწლიური შეკრების ტრადიცია და გვახსოვს მის მიერ ჩატარებული ამბასადორიალი ბათუმში.“-აღნიშნა ზალკალიანმა.
 
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ღონისძიების უცხოელ სტუმრებზე. წელს ელჩების კონფერენციაში მონაწილებას მიიღებენ მოლდოვის ვიცე-პრემიერი და  უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი.  სპეციალურ სესიაზე მონაწილეები იმსჯელებენ რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე,  კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. „ჩვენ ბუნებრივია შევეხებით ბოლო სამწუხარო განვითარებებს აზოვის ზღვაში, ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული უგულვებელყოფით საფრთხეს უქმნის რეგიონულ და ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობას.“-განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიამა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს  იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საქმინობისთვის, რასაც ისინი ეწევიან.  „თქვენ დგახართ საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გატარების წინა ხაზზე და მრავალი წელია ერთგულად ემსახურებით თქვენს სამშობლოს“-აღნიშნა ზალკალიანმა.   

ელჩების კონფერენციის მონაწილეები ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 18-21 დეკემბერამდე გასტანს, შეაჯამებენ  2018 წლის შედეგებს, ისაუბრებენ  სამინისტროს მიღწევებსა და ახალ ინიციატივებზე,  გამართავენ  თემატურ შეხვედრებს საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში დიპლომატების, მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ასევე განიხილავენ 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 17 ნოემბერი 2018 16:33

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ისაუბრა ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ  პრიორიტეტზე. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან ჩვენს ბავშვეს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკვირაო სკოლებში იხელმძღვანელონ უცხო ქვეყნისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელოთი, რომელიც ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას იყვნენ ჩართული ყველა იმ საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც  საქართველოში ხორციელდება. მსგავსი სახის პროექტები და ახალი ინიციატივები ჩვენ მომავალშიც გვექნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი დიასპორა იყოს უფრო აქტიურად ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე  და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე. ღონისძიების დასასრულს განხორციელდა  ტელე-ხიდი ქ.ბარსელონაში არსებულ საკვირაო სკოლასთან.
 
სახელმძღვანელოები აგებულია თანამედროვე სწავლების  პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი , რომელშიც 3000 მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს.
 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ   დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში  სწორედ საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხების სწავლებასაც გაერთიანებული სწავლების პრინციპით.  საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ ამ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.
 
2017 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორის წარმომადგენელთა მაღალი ჩართულობით შეიმუშავა სტრატეგიული დოკუმენტი  „ერთიანი ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომლის მიზანია დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა.

საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა კარგი სიგნალია ნორვეგიული ბიზნესისთვის - ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ნოემბერი 2018 16:47

"მოხარული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავუდასტურო საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახნის გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოში ნორგვეგიის საელჩოს გახსნა, ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ნორვეგიული ბიზნესისთვის საქართველოში შემდგომი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“ - განაცხადა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერიქსენ სორაიდემ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შეფასებისას.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნორვეგიის სამეფოს სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში ეწვია, რა დროსაც სამუშაო შეხვედრა გამართა ნორვეგიელ კოლეგასთან. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ნორვეგიისა და საქართველოს გამორჩეულ ურთიერთობებს. მინისტრებმა უაღრესად დადებითად შეაფასეს ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახნის თაობაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო თავისი საინვესტიციო კლიმპატით, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და ბიზნესის საქმიანობის პირობებით საინტერესო და მიმზიდველი ადგილია ნორვეგიული ბიზნესისითვის.  როგორც ერიქსენ სორაიდემ აღნიშნ,ა ეს არის ის ფაქტორები, რასაც მსხვილი ნორვეგიული კომპანიები აქცევენ ყურადღებას და საქართველო ამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. ინვესტიციების კუთხით  ხაზი გაესვა უმსხვილესი ნორვეგიული კომპანიის Clean Energy Group-ის მიერ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში განხორცეიელბულ ინვესტიციას და აღინიშნა, რომ ნორვეგია დაინტერესებულია ამ მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაში. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა.
 
განსაკუთრებით აღინიშნა ნორვეგიის გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ კოლეგას რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით ნორვეგიის ღია მხარდაჭერისთვის, ასევე დადებითი შეფასება მიეცა იმ ფაქტს,  რომ ბოლო წლებში ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით კეთდება IDP რეზოლუციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება. განსაკუთრებით აღინიშნა ნორვეგიის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას, რომელსაც საფუძველი, მათ შორის ერიქსენ სორაიდეს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან ჩაეყარა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ხალხთაშორისო კავშირების განვითარების შესაძლებლობას, მხარეები მიესალმნენ საქართველოთი ნორვეგიელი ტურისტების მზარდ დაინტერესებას. ამ მხრივ ხაზი გაესვა ნორვეგიიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების მნიშვნელობას, როგორც მინისტრებმა განაცხადეს საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა შესაძლებელს გახდის მსგავს საკითხებზე უფრო ეფექტურ და შედეგიან კომუნიკაციას.
 
ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ნორვეგიის პარლამენტში, ასევე მონაწილეობას მიიღებს ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში და მოინახულებს ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს არქივების გამოფენას. 

გიორგი შარვაშიძემ ჩეხეთისა და სლოვაკეთის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 20 ოქტომბერი 2018 15:38

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ჩეხეთისა და სლოვაკეთის საელჩოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ჩეხოსლოვაკიის სახით  დაფუძნების  100 წლისთავს.

გიორგი შერვაშიძემ  დამსწრე სტუმრების მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ჩეხეთსა და სლოვაკეთს საიუბილეო თარიღი მიულოცა. მისი განცხადებით, აღნიშნული თარიღი, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩეხებისა და სლოვაკებისთვის, არამედ მთელი თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროსთვის.

„1918 წელს, ჩეხოსლოვაკიის მიერ დამოუკიდებლობის მიღწევა  გახლდათ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ისტორიაში გარდატეხის წერტილი, რამაც განაპირობა განვითარებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფი სვლა. მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში ხალხთა შორისი კავშირების ინტენსიფიკაციას. ძალიან მნიშნველოვანია, რომ ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია“. - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი შარვაშიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირზე და აღნიშნა, რომ არსებული წარმატებული თანამშრომლობის საფუძველია საერთო ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება, ადამიანური ღირსება, მშვიდობა და დემოკრატიული განვითარება.

სადღესასწაულო ღონისძიება, საქართველოში ჩეხეთისა სლოვაკეთის საელჩოების ორგანიზებით,  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აღინიშნა. საღამოზე ჯაზ ბენდის “Fats Jazz Band” კონცერტი გაიმართა.

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და დიპლომატიური ელჩების კანდიდატურები წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 12:44

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის რესპუბლიკაში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე  კანდიდატურები წარადგინა.


ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე წარდგენილი იქნა დავით დონდუას კანდიდატურა.  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების თანამდებობაზე თურქეთის რესპუბლიკაში წარდგენილი იქნა გიორგი ჯანჯაღავას, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკის, ხოლო ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძის კანდიდატურები. 

აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე მთავრობის განკარგულებას ხელი მოაწერა  საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 5 ოქტომბერს ელჩების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

დავით დონდუა  2015 წლიდან დღემდე არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. დავით დონდუა ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი; საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი; სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი და სხვა.  2008–2014  წლებში დავით დონდუა საქმიანობდა საქართველოს პარლამენტში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.  მას 2001 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

გიორგი ჯანჯღავა 2014 წლიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე იკავებდა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას.  ის გახლავთ კარიერული დიპლომატი და 1994 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმოამდგენლობებში  მუშაობდა სხვდასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე,  მათ შორის გახლდათ ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მას 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.  

თეა მაისურაძე   საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობს 2009 წლიდან.  ამ პერიოდის განმალობაში იგი იკავებდა სხვადასხვა  თანამდებობებს, მათ შორის გახლდათ  ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთოს სამმართველოს უფროსი,  ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე,  ხოლო  2016 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი.  2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის  დიპლომატიური რანგი.

ზაზა კანდელაკი  2013 წლის მარტიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე  გახლდათ  უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. იგი სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - გახლდათ მინისტრის მოადგილე, იკავებდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას, ასევე 1991-1992 წლებში მუშაობდა პირველი ევროპული სამმართველოს უფროსად და სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.  2000 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური