"USAID-ის 7 მილიონიანი დოლარის საგანმანათლებლო პროგრამა განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება"

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 27 იანვარი 2020 16:30

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის (P2P) მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. აშშ-ის მხარეს კი წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საქმეთა მიმართულებით ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექსანდერ სოკოლოვსკი.

სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. მათ ასევე ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების საჭიროებებსა და შესაბამის გეგმებზე.

საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, USAID 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს. “Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT)” – პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე, საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ USAID საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მთავრობის მიერ პრიორიტეტად გაცხადებული საგანმანათლებლო კომპლექსური რეფორმების პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე.

პროექტს “Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT)” ორგანიზაცია Research Triangle Institutes (RTI) სხვა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. ამ პროცესში კი USAID აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო განათლების პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფთან.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტი „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლებისა და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის – კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას. შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება, რომლის ფარგლებში Fulbright-ის ახალ პროექტს სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორცილებს. შედეგად, 2020 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან.

ვაშინგტონში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისათვის განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი და ის პროგრამები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინა აბულაძემ ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.

 

თურქეთის საგანმანათლებლო პროგრამის “Türkiye Scholarships”-ის შესახებ

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 04 მარტი 2016 21:04

თურქეთი, სასწავლო პროგრამის  “Türkiye Scholarships“-ის მეშეობით, თავისი  უნივერსიტეტების კარს უღებს სტუდენტებს, როგორც მთელის მსოფლიოდან ასევე, საქართველოდანაც.
“Türkiye Scholarships“ არის განათლების მიღების შესაძლებლობა წარმატებული უცხოელი სტუდენტებისათვის როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის პროგრამებში, თურქეთის 55 ქალაქის 105 უნივერსიტეტში.
აბიტურიენტები მშობლიურ ქვეყანაში გაივლიან გასაუბრებას, რა დროსაც განისაზღვრება მათ მიერ სასურველი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი, ხოლო პროგრამა “Türkiye Scholarships“ -ი უზრუნველყოფს სტუდენტს სტიპენდითა და საერთო საცხოვრებლით. ანუ, “Türkiye Scholarships“ -ის პროგრამა ითვალისწინებს:  
•    ყოველთვიურ სტიპენდიას (600 თურქული ლირა ბაკალავრიატის, 850 თურქული ლირა მაგისტრატურისა და 1200 თურქული ლირა დოქტორანტურის სტუდენტებისათვის)
•    სრულ სწავლების საფასურს
•    ერთწლიან უფასო თურქული ენის შემსწავლელ კურსს
•    უფასო საცხოვრებელს
•    თვითმფრინავის ორგზის ბილეთს
•    ჯანმრთელობის დაზღვევას
“Türkiye Scholarships“-ის პროგრამა თავისი ხასიათით, ერთ-ერთი ყველაზე საყოველთაო პროგრამაა მთელს მსოფლიოში. პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო მაღალი ხარისხის განათლების მიღება, ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების დაუფლება, არამედ იგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ათასობით სტუდენტს ეხმარება ერთმანეთის უკეთ გაცნობაში.
მართლაც, მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში, ამ პროგრამის სტიპენდია მიიღო 15.000 სტუდენტმა 182 ქვეყნიდან, მათ შორის 60-მა საქართველოდან. მთლიანობაში 402 ქართველმა სტუდენტმა ისარგებლა   “Türkiye Scholarships“-ის პროგრამით და 142 სტუდენტი ამჟამადაც განაგრძობს სწავლას თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში.
წელს, “Türkiye Scholarships“-ის პროგრამისათვის განაცხადების მიღება დაიწყო ა.წ. 29 თებერვალს და გასტანს 31 მარტამდე. პროგრამის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, მსურველებს შეუძლიათ იხილონ და აგრეთვე უფასოდ დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.turkiyeburslari.gov.tr

IBSU-ში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონიძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 08:24
“შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტში“ (IBSU) საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონიძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საჯარო დისკუსია შედგა საგზაო უსაფრთხოების საჭიროების შესახებ: რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის გაუმჯობესება, რომელია რისკ ჯგუფები, რა პრევენციული გზები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაცია, უსაფრთხო ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება, ინკლუზიური პროგრამები და ამ თემებთან დაკავშირებული უცხოური გამოცდილება. ქართველი და უცხოელი სტუმრები IBSU-ს რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მიიღო და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდენ. ამის შემდგომ, აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია ქეით მაკჰანონმა და ემა მაკლენანმა წარმოადგინეს. ქეით მაკჰანონი (დიდი ბრიტანეთის სამეფოს ღირსების ორდენოსანი- Most Excellent Order of the British Empire) გზების უსაფრთხოების საკითხებზე 1986 წლიდან მუშაობს, ხოლო ემა მაკლენანი "აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის" (Eastern Alliance of Safe and Sustainable Transport - EASST) დირექტორია. ქეით მაკჰანონის თქმით, მსოფლიოში ყოველწლიურად საგზაო შემთხვევების შედეგად 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო 20-50 მილიონი შავდება. უმოქმედობის შემთხვევაში ეს რიცხვი 2020 წლისთვის, 1.9 მილიონს მიაღწევს. სიკვდილიანობის ასაკი უმეტეს შემთხვევაში კი 15-29 წლამდე მერყეობს. ყოველდღიურად 25-წლამდე 1000 ადამიანი სწორედ სატრანსპორტო კოლაფსისას იღუპება. აღინიშნა, ასევე, რომ გზების უსაფრთხოება კომპლექსური საკითხია და მათ შორის მოიცავს: გზისა და ავტომობილის წესრიგში ყოფნას, მძღოლის პასუხისმგებლობას გადაუდებელი სამსახურის გამართულ მუშაობას და ა.შ. ემა მაკლენნანი კი მისი ორგანიზაციის EASST-ის შესახებ ისაუბრა, რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სხვა ქვეყნების კარგი კამპანიების მაგალითები წარმოგვიდგინა. საუბარი შეეხო ასევე სპეციაულურ საჭიროების მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის აუცილებლობაზე. ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა, სხვა თემებთან ერთად, საუბარში შეეხო ახალ ინიციატივას, რომელიც საგზაო ’’ზებრასთან“ დაკავშირებით კამპანიის წამოწყებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ IBSU-ში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კლუბი ჩამოყალიბდა, რომელშიც დღესვე უამრავი სტუდენტი გაწევრიანდა. საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან მოისმინეს პასუხები.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური