საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 21 მარტი 2020 15:29

საქართველოს მთავრობა და მე, დღეს, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიღებულ იქნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების შემდგომ - შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან.

„საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ჯერ კიდევ პირველი შემთხვევა გამოვლინდა 26 თებერვალს. დღეს არის 21 მარტი და უკვე 48 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. 2300 ადამიანზე მეტი საკარანტინო ზონაში და ბევრი თვითიზოლაციაში იმყოფება.

შესაბამისად, თავიდანვე შევქმენით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები - კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

მინდა, ჩამოგითვალოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული

1. შევაჩერეთ სასწავლო პროცესი;

2. ჯარში გაწვევა;

3. საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი გადავიყვანეთ დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზე;

4. იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართ;

5. ეტაპობრივად შევზღუდეთ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლა;

6. დავაწესეთ საკარანტინო პროცედურები, გავამკაცრეთ თვითიზოლაციის დაცვის კონტროლი;

7. დავხურეთ სამთო-სათხილამურო კურორტები,;

8. აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა;

9. შეწყდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება - როგორც კულტურული, ისე სპორტული;

10. გავეცით სავაჭრო ობიექტების გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების და სურსათისა და სააფთიაქო, საბანკო მომსახურების დახურვის რეკომენდაციები.

ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისათვის, რომ შეგვეჩერებინა ვირუსის გავრცელების პირველი ეტაპი, რომელიც გახლდათ, ძირითადად, იმპორტირებული, უცხო ქვეყნიდან ვირუსის გავრცელების ეტაპი.

დღეის მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტანტირება იმ რაოდენობის ინფიცირებულები, რომლებიც ჩვენ გვყავს და, განსაკუთრებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რაოდენობის ზრდა საკარანტინე ზონაში, არის უკვე აშკარა ფაქტი იმისა, რომ ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების შემდგომ - შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ძირითადი ამოცანა არის და უნდა იყოს ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა, ამ ეტაპზე, არის და უნდა იყოს ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება და შეჩერება, ასევე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეფერხება. ეს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო მომზადებული დახვდეს და უფრო ხარისხიანად უმკურნალოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღონისძიება, რომელიც მე ჩამოვთვალე, უკვე მიღებულია და გაგრძელდება, საქართველოს მთავრობა და მე დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მედიას საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული მოქმედებების ნუსხა გააცნო.

როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს - იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში; იზოლაციისა და კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები;

საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების  განსხვავებული წესები და ვადები;

საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის, მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;

იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსუბიექტებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;

მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;

საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების საყოველთაო მობილიზაცია;

სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული  პარლამენტის მიერ და ყველა ამ ქმედებას მიეცემა სავალდებულო ხასიათი.

„ეს გახლავთ ის ჩამონათვალი, რომლითაც ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. ზოგიერთი ეს ქმედება უკვე შემოღებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ მოთხოვნებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება ჩვენს გადაწყვეტილებას და ის იქნება დამტკიცებული  პარლამენტში, ყველა ამ ქმედებას მიეცემა სავალდებულო ხასიათი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, პირველ რიგში, იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ქვეყნის ჩვენს ეკონომიკაზე, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დავიყვანოთ ზიანი, რომელიც გლობალური გამოწვევისგან ადგება საქართველოს ეკონომიკას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის გასაჭირი  საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება დაკარგოს სამსახური, შესაბამისად, შემოსავალი.

„ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული  მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, უწყებათაშორისმა საბჭომ გამოყო 4 ძირითადი მიმართულება, რომლის სისტემურ მართვაზეც არის დამოკიდებული საქართველოს მთავრობის მოქმედების ეფექტურობა, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

გიორგი გახარიამ აღნიშნულ მიმართულებებზე ისაუბრა და შესაბამისი მიმართულებების პასუხისმგებელი პირები დაასახელა.

„ეს გახლავთ, პირველი, ჯანდაცვის მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებელია ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მეორე, სამოქალაქო წესრიგი და უსაფრთხოება, რომელზეც პასუხისმგებელი გახლავთ ბატონი ვახტანგ გომელაური. მესამე, სურსათი, სასურსათო უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება, რომელზეც პასუხისმგებელია ბატონი ლევან დავითაშვილი და მეოთხე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკაზე ზიანის მინიმიზება და შემდგომ უკვე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა  პოლიციელებს, მედიკოსებს, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს და სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიკოსს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში  იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიების, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ხვალაც ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით,  მნიშვნელოვანია პრევენციული ნაბიჯის გადადგმა, რომ ყველამ ერთად ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და  მოქალაქეებმა ეს ვირუსი დაამარცხონ.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიკოსს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში  იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიების, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ხვალაც, ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მათ მომსახურება გაუწიონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გადავდგათ პრევენციული ნაბიჯი, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და რა თქმა უნდა ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ვირუსი დავამარცხოთ. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი სრული რწმენა იმაში, რომ ჩვენ ამ განსაცდელიდან, ამ მძიმე გამოწვევიდან, გამოვალთ გამარჯვებულები", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა
#StopCoV

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური  

მამუკა ბახტაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018 16:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ელჩს საერთაშორისო დონეზე საქართველოს მხარდაჭერისათვის და EUMM-ს მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. კერძოდ,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის უნივერსიტეტს შორის სხვადასხვა პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. აღინიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა საქართველოში უნგრული უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე ელჩმა აღნიშნა, უნგრეთმა ეკონომიკური განვითარების ის გზა გაიარა, რა ეტაპზეც ამჟამად საქართველო იმყოფება და ამ მიმართულებით საქართველოსთვის უნგრეთის გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, ვიქტორია ჰორვატის განცხადებით, საქართველოსთვის საინტერესო იქნება ასევე უნგრეთის გამოცდილების გაზიარება წყლის რესურსების მართვისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

გაერო თურქეთს საგანგებო მდგომარეობის დასრულებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 21 მარტი 2018 13:34

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) ახალ ანგარიშში თურქეთს საგანგებო მდგომარეობის დასრულებისკენ მოუწოდებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რომელიც 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწესდა, რადგან ქვეყანაში ადამიანების უფლებები სერიოზულად ირღვევა.

მოხსენების თანახმად, ძალაუფლების წარუმატებელი ჩამორთმევის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაქვეყნა 20-ზე მეტი განკარგულება, რამაც დაკავებულების წამება და სასამართლო სისტემაში ჩარევა გამოიწვია. აღნიშნავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა, ნებისმიერი კრიტიკის ჩასახშობად გამოიყენება.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 28 გვერდიან დოკუმენტში ასევე თურქეთში პოლიციის, ჟანდარმერიის, სამხედრო პოლიციის და უშიშროების ძალების მხრიდან პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი. კერძოდ, წამება, სექსუალური ძალადობა, არასათანადო მოპყრობა, ელექტრო შოკი და თვითნებური პატიმრობა, აგრეთვე აზრის გამოხატვის თავისუფლების და მუშაობის უფლების შეზღუდვა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ზაიდ რად ალ-ჰუსეინის თქმით, დაკავებული ან თანამდებობიდან გათავისუფლებული პირების რაოდენობა "შემაძრწუნებელია".

გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, თურქეთში ბოლო 1.5 წლის განმავლობაში დაახლოებით 160 ათასი ადამიანი დააკავეს, 152 ათასი საჯარო მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს და ეს ყველაფერი ″სრულიად თვითნებურად″ გაკეთდა.

″მასწავლებლები, მოსამართლეები სამსახურიდან გაათავისუფლეს ან მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს; ჟურნალისტები დააკავეს, მედია საშუალებები დაიხურა ან ინტერნეტ საიტებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა... ნათლად ჩანს, რომ თურქეთში საგანგებო მდგომარეობის არაერთხელ გაგრძელება ძალიან ბევრი ადამიანის ადამიანური უფლებების სერიოზულად და თვითნებურად დასარღვევად იქნა გამოყენებული″, - განაცხადა მან.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში უსაფრთხოების ძალები ″მძიმედ და სერიოზულად″ ადამიანის უფლებების დარღვევას განაგრძობენ. მათ შორის სავარაუდოდ ესენია მკვლელობა, წამება, გადამეტებული ძალის გამოყენება, სახლების დანგრევა და ქურთული კულტურის განადგურება. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა ასევე რეგიონში სიტუაციის შესაფასებლად რეგიონში შესვლის ნებართვაც მოითხოვა.

წყარო: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-rights/u-n-calls-for-turkey-to-end-state-of-emergency-halt-violations-idUSKBN1GW107

მაშველებმა 12 საათის განმავლობაში შტორმის დროს 31 ადამიანი გადაარჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 აგვისტო 2017 12:15

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.

შსს-ს მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

ამ დროისათვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები.

შტორმის დასრულებისთანავე, როგორც კი ზღვაში შესვლა უსაფრთხო იქნება, სანაპირო ზოლზე არსებულ საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 აპრილი 2016 14:23

მიუხედავად სახელმწიფო უწყებების ძალისხმევისა, დაანონსებული კადრების გავრცელების მცდელობა და მუქარა გრძელდება. მიმდინარე გამოძიებებს სავარაუდოდ, დაემატება კიდევ ერთი რეზონანსული საქმე და საზოგადოება დღითიდღე კარგავს ამ უმძიმესი დანაშაულის სწრაფად და ეფექტურად გამოძიების იმედს.
ჩვენი მოქალაქეები ავლენენ მაღალ თვითშეგნებას და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის მზაობას, საზოგადოება მკვეთრად და ხმამაღლა ამბობს, რომ სხვისი პირადი ცხოვრება მას არ ეხება და არ დაუშვებს პირადი ცხოვრებით შანტაჟს.
ასეთ კონსოლიდირებულ საზოგადოებას დღეს სჭირდება არსებული გამოწვევების დასაძლევად რესურსის სრულად მობილიზება და კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს:
გამოძიების სისუსტეების სასწრაფოდ გაანალიზებას და ხარვეზების მყისიერად აღმოფხვრას;
მსგავსი საქმეების გამოძიების გამოცდილების მქონე უცხოელი სპეციალისტებისა და სამსახურების ჩართვას მიმდინარე გამოძიებების პროცესში, საზოგადოების რეგულარულ ინფორმირებას გამოძიების ეტაპების შესახებ;
პირადი ცხოვრების ხელყოფის შედეგად საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის მინიმუმამდე შემცირებას;
რეფორმების გაგრძელებას სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის გაზრდისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების გამყარებისთვის.
დასაკარგი დრო აღარ არის, მინდა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტს განსაზღვრონ მაკოორდინირებელი უწყება ან ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპლექსური გეგმის მომზადებასა და მის განხორციელებაზე. ჩემი მხრივ გამოვხატავ სრულ მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მივიღო ყველა პროცესში, რომელიც ქვეყანაში პირადი ცხოვრებაში უხეშად ჩარევისა და პირადი ცხოვრებით შანტაჟის მანკიერ პრაქტიკას დაასრულებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური