მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 15:48

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფუნქციაც იქნება უწყების საქმიანობის შემდგომი ხელშეწყობა და განვითარება, აგრეთვე, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთა განხილვა. კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო საბჭო ასევე განიხილავს პროფესიულ განვითარებასა და კარიერის მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც. საკონსულტაციო საბჭოს უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი, ხოლო მის შემადგენლობაში შევლენ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს რვა პროკურორი წევრი, ქ. თბილისის პროკურორი და საქართველოს მთავარი პროკურატურის შემდეგი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები: გენერალური ინსპექციის უფროსი, სამართალწარმოების პროცესში  ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის  უფროსი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზანს წარმოადგენს პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარმართვა და უწყებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების არა ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიალური წესით განხილვა, რის რეკომენდაციასაც საქართველოს პროკურატურასთან მიმართებაში წლების განმავლობაში იძლეოდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების  საფუძველზე, მომავალში პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდება არა ერთპიროვნულად, მთავარი პროკურორის მიერ, არამედ კოლეგიალურ ფორმატში, საკონსულტაციო საბჭოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი იქნება შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს მთავარ პროკურორს მითითებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. 
ამასთან, აქტიურად გრძელდება მუშაობა პროკურატურის მუშაკთა საქმიანობის შეფასების ერთიანი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს პროკურორის პროფესიული საქმიანობის და აქტივობის კომპონენტების ერთობლივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება პროკურორისა და გამომძიებლის ინდივიდუალური განვითარებისათვის აუცილებელი აქტივობები, განისაზღვრება დისციპლინური წახალისება და კარიერული ზრდა.           
 

საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 15:39
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ მიმდინარე წლის რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა, რომელსაც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი უძღვებოდა.

საბჭო საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების დოკუმენტის „დასაქმება და პროფესიული განათლება” ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც, ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები. 

საბჭოს მიზანია საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების” საფინანსო შეთანხმების პირობათა შესაბამისად, სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია.

სხდომაზე განხილული იქნა 2015 წელს დაგეგმილი ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და პოლიტიკის მატრიცით განსაზღვრული განსახორციელებელი აქტივობები.

სხდომას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, სექტორული საკოორდინაციო საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

 

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 14:18

«მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ» საქართველოს კანონით მინიჭებული ყველა შეღავათი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებებზე და იქ მცხოვრებ 300 000-ზე მეტ მოსახლეზე 10 წლის განმავლობაში გავრცელდება-გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე საქართველოში მდებარე 1600 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ნუსხა 2016 წლის 1-ელ აპრილამდე გაიზრდება.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს „მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭების წესზე", რომელთაც საშემოსავლო შეღავათები 2016 წლის 1 იანვრიდან დაუწესდებათ.

პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები იზრდება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 17:09

პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები იზრდება. ცვლილება, რომელიც "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში აღნიშნულთან დაკავშირებით შედის, დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ინიციატორმა ალექსანდრე ქანთარიამ წარმოადგინა. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის არჩევის უფლებამოსილება ემატება. 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, განათლების სისტემაში დანერგილი ტერმინი - „ფასილიტატორი“ ნიშნავს სპეციალური მომზადებისა და ცოდნის მქონე ადამიანს, რომელიც ეხმარება სხვა მასწავლებელს და ცდილობს, გადასცეს მათ თავისი გამოცდილება.

ალექსანდრე ქანთარიას თქმით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი ან მენტორი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი არსებობის შემთხვევაში. მას აირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველო-ლატვის საბჭოს შეხვედრას გამართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 12:51

დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  საქართველო-ლატვის საბჭოს შეხვედრას გამართავს ლატვიის ეკონომიკის მინისტრ დანა რეიზნიეცე ოზოლასთან. აღნიშნული შეხვედრა ტარდება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით.

შეხვედრას დაესწრებიან როგორც სამთავრობო, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან და ლატვიიდან.

 

პრემიერმა ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 11:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი, კერძოდ, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საქართველოს და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები და სამომავლო მოლოდინები განიხილეს.

ატლანტიკური საბჭოს 4 კაციანი დელეგაცია, რომელსაც აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ხელმძღვანელობს, საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია.

მთავრობის კანცელარიაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 09:50

ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებზე იყო საუბარი დღის ბოლოს 
მთავრობის კანცელარიაში გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე.

როგორც სხდომაზე ითქვა, თანაინვესტირების ფონდი საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს. პროექტების უმრავლესობა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებიც.

საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოში გაწევრიანდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 12:11

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა 29/30 ოქტომბერს ნენსკრა ჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია K Water-ის მიწვევით კორეის დედაქალაქ სეულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო აზიის წყლის საბჭოს სხდომაში, რომელსაც აზიის და ევროპის ქვეყნების სამთავრობო და კომერციული სტრუქტურების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები K Water-ის რეკომენდაციით საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოს წევრი გახდა, რაც ფონდს შესაძლებლობებს აძლევს მოიზიდოს დამატებითი ფინანსები წყლის რესურსების მართვის, ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასმელი წყლის და საირიგაციო სისტემების და ჰიდროსადგურების განვითარებისთვის. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ შეხვედრები გამართა ასევე K Water-ს პრეზიდენტთან, კორეის ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კორეის განვითარების ბანკში. მათი მხრიდან გამოითქვა ინტერესი საქართველოში საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისა და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

 

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური