შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო
2019 წლის 29 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო.
ექსპერტთა დასკვნის თანახმად, პროგრამა საგანამანათლებლო სტანდარტის ხუთივე მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. დასკვნის დოკუმენტში საუკეთესო პრაქტიკიცაა აღნიშნული.
ჟურნალისტიკის პროგრამა “პრაქტიკოსი ჟურნალისტის მომზადებაზეა ორიენტირებული. საუკეთესო პრაქტიკად მიგვაჩნია, რომ საწარმოო პრაქტიკა ხორციელდება სხვადასხვა მედიასაშუალებებში... რაც ხელს უწყობს სტუდენტებში პრაქტიკული უნარების განვითარებას და პროფესიულ ზრდას რეალურ ჟურნალისტურ გარემოში პროფესიონალი ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე დაკვირვებით”, ვკითხულობთ დასკვნაში.
პროგრამა სექტემბრიდან სტუდენტთა ახალ ნაკადს ელოდება. კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი პროგრამამ 2018 წლის ივნისში გამოუშვა.
შსს-ს აკადემიაში სამართლის საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა
შსს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და შსს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი , შსს აკადემიაში ახლდამოქმედებული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და მაგისტრანტებს შეხვდნენ.მათ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. შსს-ს ცნობით, სამართლის საბაკალავრო პროგრამა შსს-ს აკადემიაში წელს პირველად გაიხსნა და ანალოგი არ გააჩნია. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის აკადემიის მიერ სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გადაცემას და სამართალმცოდნისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან გამოცდილი და სამართლის სფეროში გამოჩენილი სპეციალისტები, რომლებიც უახლესი მეთოდებისა და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან.საბაკალავრო პროგრამაში შემოთავაზებული საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელი სასწავლო კურსების გავლა შესაძლებელია მხოლოდ შსს-ს აკადემიაში. საბაკალავრო პროგრამა 4 წლიანია და 240 კრედიტს მოიცავს.