სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის უფლების მქონე პირებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020 19:15

სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. საუბარია იმაზე, რომ თითქოს აღნიშნულ დაწესებულებებში იგეგმება ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობის ხელოვნური ზრდა პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საშუალებით.

გვინდა განვმარტოთ, რომ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად გაიზარდა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა წრე. აღნიშნული ცვლილება წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირებს, არამედ მათაც ვისაც მძიმე დანაშაულისთვის შეეფარდათ სასჯელი. შესაბამისად, ცხადია, აღნიშნული განაპირობებს გასულ წლებთან შედარებით ხმის უფლების მქონე პირთა განსხვავებულ რაოდენობრივ მაჩვენებელს. 

ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით იმ ამომრჩეველთა სიას,  რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან ადგენს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდე დარჩა 16 დღე, ეს მონაცემები ჯერ არ არის გადმოცემული და შესაბამისად ოფიციალურად არ არის ცნობილი.

აქვე განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ხმის მიცემის უფლების მქონე პირები, მიუხედავად მათი განთავსების ადგილისა, ხმას აძლევენ პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამასთან, მაჟორიტარის არჩევის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ემთხვევა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომლის ტერიტორიაზეც პენიტენციური დაწესებულება მდებარეობს.

თამარ გუდავა: ამ ურთიერთშეთანხმების დოკუმენტებით ცესკო, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბევრ სადაო კითხვას პასუხობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018 18:24

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობოო რგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების გაფორმდა.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შესახებ ,,საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი თამარ გუდავა საუბრობს.

 როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ ამგვარი შეთანხმებებისგან წინასაარჩევნო პერიოდში?

 - უპირველესად, მსგავსი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება ბევრ კითხვას, რომელიც არსებობდა ცესკოს მიმართ, ამ დოკუმეტის არსებობით უპასუხებს. ნიშანდობლივია ის, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, რომელმაც ხელი მოაწერა მემორანდუმს, ოპოზიციურია და თითქმის მუდმივად კრიტიკის რეჟიმშია ცესკოს საქმიანობის მიმართ. თუმცა, ამ ინიციატივით, ფაქტია რომ ცესკო მზადაა მათთან თანამშროლობისთვის. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებსაც თავიანთ დასკვნებში შენიშვნები აქვთ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასთან დაკავშირებით, ნაკლებად ექნებათ შემდგომში კრიტიკის საფუძველი, რადგან უკვე თავად იქნებიან ცესკოსთან ერთად ამ გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გარანტი. კერძოდ, მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მუხლების (45-ე,48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. ანუ, მანიპულაციებისთვის ადგილი აღარ რჩება არცერთ დაინტერესებულ მხარეს.

- ანუ, ეს ნიშნავს რომ უფრო ზუსტად განისაზღვარა შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, არა?

 - ამ დოკუმენტით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხები, რომელიც ადრე დავის საგანი იყო, არის ერთგვაროვნად აღქმული. მემორანდუმში საუბარია იმ ტექნიკურ მხარეზეც, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების პერიოდში ახლავს საარჩევნო პროცესს. ამაში იგულისხმება სოციალური ქსელებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტების გამოვლენა და ასახვაც. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ სმიტი. USAID -ის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი თანამშრომლობა ცესკოსთან, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის გარანტია. USAID-ის და IFES -ის უშუალო მხარდაჭერით, ცესკომ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც გააფრომა, რაც არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ეს ცესკოს და შსს-ს შორის გამოფორმებული უკვე რიგით მესამე მემორანდუმია. მანამდე 2016 და 2017 წლებში გაფორმდა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო წლებში საარჩევნო გარემოს უსაფრთხოებისთვის და მისი გაუმჯობესების მიზნით მეტი პასუხისმგებლობაა აღებული, რომელსაც სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 11:36

თამარ ჟვანიამ დღეს კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესი შეაფასა. მან ამორმჩევლებს, ასევე არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო პროცესში ჩართულობისთვის. მან ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მედიას მიაწოდა ინფორმაცია 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესახებ.

უცვლელად გთავაზობთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას:

„ხმის დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე დასრულებულია. არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მაგრამ რაც მთავარია ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა თავისუფალ გარემოში განეხორციელებინა ხმის მიცემის უფლება, მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და აქტიური მონაწილეობით გამოხატა დადებითი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესის მიმართ. მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს, თანამშრომლებს; მათ დიდი ძალისხმევა ჩადეს, რომ მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ ამომრჩეველს, მათ ხელი შეუწყვეს საზოგადოების ნების თავისუფალ გამოხატვას და შედეგების ასახვას. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დიდი ძალისხმევის შედეგად სხვადასხვა შეთავაზებული სერვისების საფუძველზე, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული კენჭისყრის პროცესი. ასევე უზრუნველყოფილია პროცესების ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა და ეს სახეზე იყო არჩევნების დღეს. ამასთან პროცესის მეტი ეფექტურობისთვის სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს სამუშაოები ხმის დათვლის საკანონმდებლო პროცედურების დახვეწისა და გამარტივების მიმართულებით, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია გამოხატავს სრულ მზადყოფნას, ითანამშრომლოს ყველა ჩართულ მხარესთან.

ჩვენ უკვე მოვისმინეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მათგანი იყო დადებითი და პოზიტიური. იმავდროულად, მინდა მადლობა გადავუხადო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მათი მუშაობისა და მხარდაჭერისთვის საარჩევნო პროცესში.

რაც შეეხება შედეგებს - შედეგები ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე და ამ ეტაპზე უკვე 3667-ზე მეტი უბნის პროპორციული სისტემის შედეგი ხელმისაწვდომია ცესკოს საიტზე. ამავდროულად 3446 მაჟორიტარული ოქმი ასახულია შედეგებში. ამ წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, იკვეთება რომ 50-53 მაჟორიტარულ ოლქში, დიდი ალბათობით გაიმართება მეორე ტურები პარლამენტის არჩევნების ნაწილში.

ასევე მინდა გითხრათ, რომ უკვე განთავსებულია შემაჯამებელი ოქმები და ინფორმაცია იმ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან, რომელიც საკრებულოს შუალედურ და ასევე გამგებლისა და მერის რიგგარეშე არჩევნებს ეხება. შედეგები მხოლოდ ერთეული უბნების გამოკლებით არის შეტანილი და აქაც იკვეთება, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში და მუნიციპალიტეტში შესაძლოა ჩატარდეს გამგებლის არჩევნების ნაწილშიც მეორე ტური“.

კონფერენცია „გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესებში“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 18:15

„გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესებში“ – ამ თემაზე 25-26 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროსაბჭოს ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით რეგიონულ კონფერენციას მართავს. კონფერენცია თამარ ჟვანიამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰერდის თორგეისდოტირმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპმა გახსნეს.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გენდერული თანასწორობის ჭრილში საარჩევნო სისტემებისა და საარჩევნო პროცესების საუკეთესო პრაქტიკაზე იმსჯელებენ. განიხილავენ საერთაშორისო სტანდარტებს და რეკომენდაციებს. მოხდება ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით მიღებული შედეგების შეფასება. ცესკოს გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხრიკაძე საქართველოში ქალთა მონაწილეობის კუთხით საარჩევნო მოდელისა და პოლიტიკური სისტემის გავლენაზე წარადგენს პრეზენტაციას. მომხსენებლებს საშუალება ექნებათ გენდერული თანასწორობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრონ. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამ მხრივ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრებს და სტუმრებს გენდერული თანასწორობის გლობალური სტრატეგიის განხორციელების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მიაწვდის ინფორმაციას.

რეგიონულ კონფერენციას მოლდოვასა და აზერბაიჯანის საარჩევნო ადმინისტრაციების, სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის (EU) დელეგაცია საქართველოში, საერთაშრისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ვენეციის კომისია და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

გენდერულ საკითხებზე ცესკოსა და ვენეციის კომისიის ერთობლივი კონფერენცია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური