სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის უფლების მქონე პირებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020 19:15

სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. საუბარია იმაზე, რომ თითქოს აღნიშნულ დაწესებულებებში იგეგმება ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობის ხელოვნური ზრდა პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საშუალებით.

გვინდა განვმარტოთ, რომ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად გაიზარდა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა წრე. აღნიშნული ცვლილება წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირებს, არამედ მათაც ვისაც მძიმე დანაშაულისთვის შეეფარდათ სასჯელი. შესაბამისად, ცხადია, აღნიშნული განაპირობებს გასულ წლებთან შედარებით ხმის უფლების მქონე პირთა განსხვავებულ რაოდენობრივ მაჩვენებელს. 

ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით იმ ამომრჩეველთა სიას,  რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან ადგენს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდე დარჩა 16 დღე, ეს მონაცემები ჯერ არ არის გადმოცემული და შესაბამისად ოფიციალურად არ არის ცნობილი.

აქვე განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ხმის მიცემის უფლების მქონე პირები, მიუხედავად მათი განთავსების ადგილისა, ხმას აძლევენ პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამასთან, მაჟორიტარის არჩევის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ემთხვევა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომლის ტერიტორიაზეც პენიტენციური დაწესებულება მდებარეობს.

ცესკოს საინფორმაციო, სარეკომენდაციო განცხადება პოლიტიკური პარტიებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 აგვისტო 2017 15:13

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

შეგახსენებთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის თანახმად,  პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო და მონაწილეობდა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ან/და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა).

კოდექსში შესული ცვლილებების  თანახმად,  პარტიებისთვის გამარტივდა საარჩევნო რეგისტრაციისთვის საჭირო  პროცედურები. კერძოდ, პარტიას აღარ ესაჭიროება მისი წესდებისა და სარეგისტრაციო მოწმობის დედნების ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლების ცესკოში წარმოდგენა. ცესკოს თავმჯდომარისთვის კანონმდებლობით დადგენილი  წესით წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს  მხოლოდ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანეტოს მიერ ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

ვინაიდან საჯაროდ განცხადებულია, რომ ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოსთვის იგეგმება არჩევნების ჩატარება და მოახლოვდა არჩევნების დანიშვნის თარიღი, რომელიც გულისხმობს არჩევნების დანიშვნას 60 დღით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია რეკომენდაციას უწევს შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებზეც ვრცელდება 142-ე მუხლის მოქმედება, მიმდინარე კვირიდან, ან პრეზიდენტის მიერ განკარგულების გამოცემის დღიდან, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამონაწერის მოთხოვნის მიზნით.

საპარლამენტო არჩევნები - ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 20:53

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. საქართველს 50 საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნები იმართებოდა, ამ წუთებში ყველა საარჩევნო უბანი დახურლია.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიას 8 საათის შემდეგ უფლება აქვს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს მხოლოდ იმ ამომრჩეველს, რომელიც ამ დროისთვის რიგში დგას.

კენჭისყრის დასრულების და უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის წევრები წინასწარ განსაზღვრულ პროცედურებს განახორციელებენ და ხმების დათვლას დაიწყებენ.

მეორე ტურში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი ქართულ ოცნებას აქვს იმ შემთხვევაში, თუ პარტიის 46 კანდიდატი მოახერხებს გამარჯვებას. 

პარლამენტში ერთი მანდატის მოპოვების შანსი აქვთ თავისუფალ დემოკრატებსაც. 

ამ დროისთვის პარლამენტში სამი პარტია შედის, ყველაზე მეტი მანდატი ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოში ქართულ ოცნებას აქვს, შემდეგი ნაციონალური მოძრაობაა, ბოლოს კი პატრიოტთა ალიანსი. 

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში იმსჯელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 10:09

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში იმსჯელებენ.  საკითხს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებები საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლში შედის. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, პრემიერმინისტრს პოსტის დატოვების ვალდებულება აღარ ექნება. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ საპარლამენტო უმცირესობაში. ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებით არჩევნებში გამარჯვებას  ცდილობს. აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებენ უმრავლესობაში. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პრემიერი პოლიტიკური პარტიის ლიდერია და მას პოლიტიკური საქმიანობის კონსტიტუციური უფლება გააჩნია, რის გამოც საარჩევნო კოდექსის მოქმედი ნორმა შესაცვლელია.  

ვენეციის კომისიის დასკვნა "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მარტში გამოქვეყნდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 13:36

საქართველოს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა მანუელ გონსალეს ოროპეზამ განუცხადა.

ამასთან, მანუელ გონსალეს ოროპეზა არ იზიარებს ქართული ოპოზიციის წუხილს იმის შესახებ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დაგვიანებული იქნება და საარჩევნო კოდექსის შეცვლა ვერ მოესწრება. 

მისი თქმით, სესიის თარიღი დადგენილია, ვენეციის კომისია წელიწადში ოთხჯერ მართავს მსგავს სხდომებს და მას არ შეუძლია სპეციალური სესიის მოწვევა საქართველოს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების შესაფასებლად, მაგალითად მომავალი კვირას. 

"ჩვენც გვჭირდება დრო. დელეგაციის შემადგენლობაში სამი წევრი ვართ. როგორც კი გვექნება მოსაზრება, უკვე 60 ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ მას", - განაცხადა გონსალეს ოროპეზამ.

ვენეციის კომისიის დელეგაციამ თბილისში შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო. ექსპერტებმა აუდიენცია უკვე გამართეს ცესკოში, ასევე ოპოზიციასთან - პარლამენტში. 

„საარჩევნო კოდექსსა“ და მოწმეთა დაკითხვის წესს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 11:46

საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიას რიგგარეშე სხდომების ფორმატში აგრძელებს. 

დეპუტატები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისა და მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ იმსჯელებენ. მიმდინარე რიგგარეშე სესიებზე აღნიშნული კანონპროექტები მესამე მოსმენით გადის. 

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილებები განიცადა. კერძოდ, შეიცვალა ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები. 

ასევე, ცვლილებები განიცადა მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ ინიცირებულმა კანონპროექტმა. პირს, რომელიც ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს მისცემს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება. 

ბიურო დღესვე „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ალტერნატიულ კანონპროექტზეც იმსჯელებს. ცვლილებების ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობაა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 19:57

80 მომხრე 3 წინააღმდეგი, დეპუტატებმა მეორე მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს, თუმცა განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა. ოპოზიცია მმართველ კოალიციას კოდექსის საკუთარ თავზე მორგების მცდელობაში ადანაშაულებდა.

„არადემოკრატიული და მავნებლური კანონი არის დადასტურება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ გამწარებულმა ხალხმა მას განაჩენი უკვე გამოუტანა. მან კარგად იცის მარცხის გარდუვალობა და ამ ჭრა-კერვით უნდა რომ რაღაცნაირად გაძვრეს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

ხელისუფლებას ცვლილებებს უწუნებენ თავისუფალი დემოკრატებიც. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისასა ზურაბ აბაშიძემ არსებულ ცვლილებებს "კატასტროფა" უწოდა.

„ეს რის მიღებასაც აპირებთ არის კატასტროფული რეალობა. არანაირ დრამატიზირებას არ ვახდენ. თვლით რომ ეს არის რეფორმა? ეს არის ქვეყნის წინსვლა? ეს ასე არ არის! ვერ დაგეთანხმებით და არ დაგეთანხმებით. არ შეიძლება ამის გაკეთება,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პარლამენტში ქართული ოცნების ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 12:50

 იურიდიულ კომიტეტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები განიხილება. დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ საარჩევნო კოდექსს, რომელიც მმართველი კოალიციის მიერ არის ინიცირებული და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას გულისხმობს. 

"ერთი ოლქის წონა საქართველოში 47 000 ამომრჩეველი უნდა იყოს. საქართველო დაიყოფა ისე, რომ ყველა მაჟორიტარს და მაჟორიტარულ მანდატს ჰქონდეს ერთი და იგივე ხმებით უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტში,"- აცხადებს ზვიად ძიძიგური. რომელმაც კანონის პროექტი მოამზადა. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცვლილებათა პაკეტი ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება.

"წარმოდგენილი პროექტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება და რაც მთავარია ეს კანონპროექტი არ შეესაბამება მოქალაქეთა ინტერესებს. ხელოვნურად უხეშად არის დაჩეხილი ადმინისტრაციული ერთეულები,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი ბობოხიძე. 

მმათვრლი გუნდის მიერ მომზადებულ კანონის პროექტის შინაარს არ იზიარებენ თავისუფალი დემოკრატებიც. პარტიაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტში მონაწილეობა არცერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას არ მიუღია. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გამართულ სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო-კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 11:05

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გუშინ გამართულ სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, სადაც სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყოფილი პრემიერის რჩევები სხვადასხვა საკითხებს შეეხებოდა, მათ შორის გააჟღერა მოსაზრებები საარჩევნო კოდექსთან მიმართებაშიც.
მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი რა სტატუსით ჩაერთვება, ეს მისი გადასაწყვეტია. „ეს რჩევები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იყო, მათ შორის, საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. ყველა ის პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მსჯელობის საგანი იქნება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2015 11:32

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ ვარიანტს წარადგენს დღეს უმრავლესობა პარლამენტში, თუმცა განიხილება თუ არა დოკუმენტი დღესვე რიგგარეშე სხდომაზე, ეს ბიუროზე გადაწყდება.

საუბარია საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა შეესაბამებოდეს.კანონპროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. მათი აზრით, ის არაკონსტიტუციურია და არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.მიმდინარე კვირას უმრავლესობა კიდევ ერთი ცვლილების ინიცირებას გეგმავს, რომელიც მაჟორიტართა ბარიერის 50 პროცენტამდე გაზრდას გულისხმობს.საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, მისი დამტკიცების შემთხვევაში.„ჩვენი პოლიტიკური ძალა მიესალმება, თუ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს,“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ზურაბ აბაშიძემ. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური