საფრანგეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019 15:29

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 
დავით ზალკალიანმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.
მინისტრმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება. მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ფრანგმა დიპლომატმა აგრეთვე კმაყოფილება გამოხატა სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის. ამის გარდა, ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 ივლისი 2019 17:14

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ლი იანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა თანამშროლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. მხარეებმა იმსჯელეს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში (Belt and Road Initiative) საქართველოს ჩართულობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქმიანობის კოორდინაციას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ მამუკა ბახტაძის 2019 წლის 1 ივლისს გამართული ვიზიტი ჩინეთის ქალაქ დალიანში, სადაც, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) ფარგლებში, შედგა მისი ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან, ბატონ ლი კეციანთან.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მაისში გამართულ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის მნიშვნელობას.

ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. მან ასევე დაადასტურა ჩინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, „ერთი ჩინეთის პრინციპისადმი“ (One China Principle) ჩვენი ქვეყნის ერთგულებას გაუსვა ხაზი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის ელჩს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პოლონეთის პრეზიდენტს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 ივნისი 2017 10:46

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას. 
ცერემონია, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საელჩოს დიპლომატები ესწრებოდნენ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
სიგელების გადაცემის შემდეგ შედგა პრეზიდენტისა და ელჩის შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებს.
პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და ჩანაწერი გააკეთა სამახსოვრო წიგნში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური