„ყველა ჯიბეს მოერგება“ - რატომ ჩამოდიან რუსი ტურისტები საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019 11:03

წლიდან წლამდე საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის. ბოლო ხუთ წელიწადში ყოველწლიურად 25%-იანი ზრდა ფიქსირდება

თუ 2014 წელს რუსი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ საკმაოდ სუსტი იყო, დღეს ისინი ქვეყნის ზამთრის და ზაფხულის კურორტებს ხანგრძლივი ვიზიტებით სტუმრობენ და ხანმოკლე უიკენდებზე სულ უფრო ხშირად ჩამოდიან.

Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ ვიდეოხიდზე მოსკოვი-თბილისი ქართველმა ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვები რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ მაია ლომიძეს. მან განმარტა, რით არის გამოწვეული საქართველოს ასეთი დიდი პოპულარობა რუსეთის მოქალაქეებში.

The telegraph-მა საქართველო დასვენებისთვის საუკეთესო ქვეყნების ხუთეულში შეიყვანა >>

სწორი პოპულარიზაცია და ინფრასტრუქტურის მზადყოფნა

ლომიძის თქმით, იმაში, რომ რუს ტურისტებში საქართველოს პოპულარობის ზრდაში ქვეყნის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდი როლი ითამაშა.

„საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ პოპულარიზაციის თვალსაზრისით თითქმის ყველა შესაძლებლობა გამოიყენა. წელიწადში რამდენჯერმე ტურისტული სააგენტოებისთვისა და ტუროპერატორებისთვის ეწყობოდა გაცნობითი ხასიათის ტურები. 40-50-კაციანი ჯგუფები მიემგზავრებოდნენ, მათ უჩვენებდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შესაძლებლობებს საექსკურსიო და საზღვაო დასვენებისთვის“, - განაცხადა ლომიძემ. 

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში გაცნობითი ტურები თითქმის უშედეგო იყო, მოგვიანებით მსხვილი ტუროპერატორები საქართველოთი დაინტერესდნენ. პარალელურად ხორციელდებოდა ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაცია, ორიენტირებული ინდივიდუალურ ტურისტებზე, რომელთა რაოდენობა ამჟამად საქართველოში უფრო მეტია, ვიდრე ორგანიზებული ტურისტული ჯგუფებისა.

დიდი როლი შეასრულა ინტერნეტში განთავსებულმა რეკლამამ - ეს იყო მრავალფეროვანი რგოლები, ცნობილი ბლოგერების მიმოხილვები და ვიდეოკონტენტის განთავსება Youtube-ზე.

„მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმა ფაქტორმა - პოპულარიზაციამ და ინფრასტრუქტურის მზადყოფნამ ტურისტების მისაღებად. იქ არის გზები, ყველანაირი საფასურის სასტუმროები... ხუთი წლის განმავლობაში ნამდვილად ვხედავთ რუსი ტურისტების რაოდენობის ყოველწლიურ 25%-იან ზრდას“, - აღნიშნა ლომიძემ.

რუსების აღფრთოვანება

ლომიძის თქმით, საქართველოში არ არსებობს ისეთი რეგიონი, სადაც ტურიზმის განვითარება არ შეიძლება. თუმცა, მისი თქმით, რუსი ტურისტისთვის ყველაზე პერსპექტიულ და მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს სვანეთი.

„ყველაზე გამოცდილი ტურისტები, რომლებმაც რუსეთიდან სვანეთში მიაღწიეს, ამბობდნენ, რომ ასეთი რამ არსად სხვაგან არ უნახავთ. ამიტომ მესტია - ყველაზე პერსპექტიული რეგიონია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი, კახეთი და ბათუმიც ასევე მშვენიერია. პერსპექტივები ყველაზე ნათელია. ყველაზე მთავარია, რომ ეს პერსპექტივები ხორციელდება“, - განმარტა ლომიძემ.

გასული კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2019-2020 წლებში განხორციელდება.

ბახტაძის შეფასებით, მთავარ ამოცანას წარმოადგენს გზების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა სვანეთში მოხვედრა უფრო სწრაფად იყოს შესაძლებელი.

პრემიერის განცხადებით, რეგიონში შენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, იწყება ახალი საბაგიროების მშენებლობა, რაც ოჯახურ ბიზნესს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

ბახტაძის თქმით, გზების მშენებლობაზე 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მესტია ოთხი სეზონის კურორტი გახდა და კურორტ თეთნულდზე აშენებულმა საბაგიროებმა ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

საერთო პრობლემები

საქართველოს გიდების ასოციაციის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ გიდების პროფესიონალიზმთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ექსპერტების თქმით, არაკომპეტენტური გიდები ხშირად ამახინჯებენ ისტორიულ ფაქტებს და ტურისტებს ქვეყნის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

მაია ლომიძემ აღიარა ის ფაქტი, რომ რუსეთში ანალოგიური პრობლემები არსებობს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„მე გადმოვიღებდი ევროპულ გამოცდილებას გიდების მომზადება-მუშაობის კუთხით. იქ გიდების ატესტაცია რეგიონულ დონეზე მიმდინარეობს, გიდები სწავლობენ, აბარებენ გამოცდას და შემდეგ იღებენ შესაბამის „ბეიჯს“. ვისაც არ აქვს ეს ბეიჯი, ამა თუ იმ რეგიონში მუშაობის უფლება არ აქვთ“, - განაცხადა ლომიძემ.

მისი თქმით, ევროპაში არსებობს ტურისტული პოლიცია, რომელიც ამ „ბეიჯებს“ ამოწმებს და, შესაბამისად, მისი არარსებობის შემთხვევაში დამრღვევებს საკმაოდ დიდი ჯარიმებს აკისრებს.

„ეს, ჩვენი თვალაზრისით, ერთადერთი, თუნდაც ძალიან ხისტი, მაგრამ პროფესიონალური ხერხია, რათა ავიცილოთ რაღაც გაურკვეველი მოთხრობები და ისტორიები, რადგან იგივე პრობლემას ვაწყდებით ჩვენს რეგიონებშიც. მნიშვნელოვანია ადამიანებს ამ პროფესიის დაუფლების და, შესაბამისად, მემკვიდრეობითობის შექმნის მოტივაცია მივცეთ, რადგან ეს რუსეთშიც დაკარგული იყო“, - განაცხადა ლომიძემ.

2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო 1 404 757-ჯერ მოინახულეს, რაც გასულ წელთან შედარებით 23,8%-ით მეტია. ხოლო 2017 წელს საქართველოში 1,3 მილიონი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 30%-ით მეტია.

 

„რუსი რეპორტიორები“ თბილისში: რეალური ჟურნალისტიკის სკოლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მაისი 2018 15:43

ქართველმა და რუსმა მედიამენეჯერებმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალ მაგიდაში თემაზე „ჟურნალისტიკის ხვალინდელი დღე: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
რუსი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ თბილისში, რათა ქართველ კოლეგებს ჟურნალისტიკის განვითარებაზე და გამოწვევებზე ესაუბრონ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“, რომელსაც საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით არაკომერციული ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორები“ ახორციელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ შეხვედრის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
„რაც უფრო მეტად პროფესიონალია ჟურნალისტი, მით უფრო კარგად ესმის ერთმანეთის ქვეყნებს, სახელმწიფოებს, ადამიანებს. ჩვენი მიზანია ასევე რუსული ენის მხარდაჭერა“, — „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორების“ თავმჯდომარემ დმიტრი მიხაილინმა.
პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“ ორ ეტაპს მოიცავს. ამჟამად რუსი მედიამენეჯერები პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტებს ხვდებიან და განიხილავენ საკითხებს, რომელიც რუსულენოვან ჟურნალისტიკას უკავშირდება.
გარდა მისა, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში 2018 წლის 1 სექტემბრამდე ჟურნალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი — გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები. საუკეთესო მასალების ავტორებს პროექტის მეორე ეტაპზე მოსკოვში მოიწვევენ, სადაც ისინი წამყვან რუს ჟურნალისტებს შეხვდებიან.
ფონდი „რუსკი მირი“ დაასახელებს საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, რომლებსაც პრიზის სახით რუსეთის ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა ერგებათ. დანიშნულების ადგილს გამარჯვებული თავად აირჩევს.
ჟურნალისტების ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მოთხრობას გამოჩენილ ადამიანზე, რომელიც თავის ირგვლივ სამყაროს ცვლის. ჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორის, ვიტალი ლეიბინის თქმით, არ არის სავალდებულო, რომ მოთხრობის გმირი ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყოს. ფორმატსაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა — მიიღება სტატიები, ფოტორეპორტაჟები, ვიდეოსიუჟეტები.
„ეს შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქე — ქუჩის მოვაჭრე, ექიმი, სტუდენტი ან პენსიონერი. ის უნდა გამოირჩეოდეს რაღაც განსაკუთრებული საქმეებით, რითაც ის სამყაროს უკეთესისკენ შეცვლას ცდილობს. უნდა იყოს ნამდვილი დრამატული ისტორია, და არა ფორმალური, შაბლონური მოთხრობა“, — აღნიშნა ლეიბინმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის აუდიტორიამ მეზობლების ცხოვრების შესახებ უბრალო ადამიანების დრამატული ისტორიებიდან შეიტყოს.
განხილვის ერთ-ერთი თემა იყო რუსულ-ქართული ურთიერთობები. გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი, მათ შორის მწვავე პოლიტიკურ თემებზე.
„სიტუაციის გათვალისწინებით, პოლიტიკური დისკუსიას ვერ აცდები. მე იმის მომხრე ვარ, რომ მტკივნეული საკითხები ყოველთვის განიხილებოდეს. ასე ყალიბდება ასე თუ ისე ობიექტური თვალსაზრისი. ამიტომ ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასარგებლოა“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.
ასეთი დიალოგის მნიშვნელობაზე რუსული მხარის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.
„ასეთი პირდაპირი და ღია საუბრის ფაქტი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. აქ არ არის რაიმე მკვეთრად დაფიქსირებული პოლიტიკური ფორმატი, რაიმე დღის წესრიგი ან აშკარა პოლიტიკური ამოცანა, რომელიც რომელიმე მხარის წინაშე დგას. ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ რუსული და ქართული კულტურები იმდენად არის შერწყმული ერთმანეთთან, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც არ ძალუძს ამ ყველაფრის წაშლა“, — განაცხადა რეჟისორმა ედუარდ ბოიაკოვმა.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური