ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 20:19

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ,რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით"ყოველთვის იყო პოლიტიზირებული თემა, გაურკვეველ ვითარებებში იმდენჯერ შეიცვალა მფლობელი. ვთვლიდი, რომ პოლიტიკოსები ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით კომენტარებისას, მაგრამ გუშინდელი ღამის შემდეგ, დიახ, ღამის შემდეგ, იმიტომ რომ მანამდე არსად არაფერი გაჟღერებულა და არავის ამაზე ინფორმაცია არ ქონია, ვფიქრობ, ყველამ უნდა ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ. 

ცოტა ხნით თითქოს დამშვიდდა პროცესი – ერთის მხრივ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით და მეორეს მხრივ, კანონიერი თუ უკანონო ჩანაწერებით „დარცხვენილი“ მხარდამჭერების სიფრთხილით. აღარ იყო მოლოდინი, რომ სამართლებრივ სივრცეს გასცდებოდა პროცესი, რაც არ უნდა სიხშირით მოგვესმინა გაურკვეველი ლინკებით გავრცელებული ჩანაწერებისთვის. გუშინდელი გადაწყვეტილებით კი, რომლის დასაბუთების შემაშფოთებელი ნაწილია ტელეარხის შინაარსობრივ მხარეში ჩარევა და კონკრეტული მითითებები მოსამართლის მხრიდან, ზეპირი მოსმენის გარეშე, ისევ გააღრმავა შეკითხვები, გააღრმავა ეჭვები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, კერძო დავის შესახებ, სიტყვის თავისუფლების შესახებ და გააჩინა საფრთხე."-წერს სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძე. 

უჩა ნანუაშვილი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 17:16

სახალხო დამცველი რუსთავი 2-თან დაკავშირებით გუშინ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და არღვევს ტელეკომპანია რუსთავის 2-ის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

"უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში, დროებითი მმართველის დანიშვნა კანონის განჭვრეტადობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის. როგორც ჩანს, 5 ნოემბრის განჩინებაში მოსამართლე დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198–ე მუხლის მე–3 ნაწილს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია უზრუნველყოფის „სხვა ღონისძიებების“ გამოყენებაც, თუ ეს აუცილებელია. სახალხო დამცველისათვის არ არის ცნობილი საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებად დროებითი მმართველის დანიშვნის გამოყენების შესახებ. საგულისხმოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში ეყრდნობა ამერიკულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას.

სასამართლო განჩინებაში საკმარისად არ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ რამდენად აუცილებელია დროებითი მმართველის დანიშვნა, მისივე გადაწყვეტილებით 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღის ღონისძიების მოქმედების პარალელურად. 5 აგვისტოს განჩინებით,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის პარტნიორებსა და დირექტორებს აეკრძალათ შედეგის თვალსაზრისით ყველა მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება,ყადაღა დაედო კომპანიის უძრავ და მოძრავ ქონებას . 

შესაბამისად, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არის გამოკვეთილი, რა ახალ, დამატებით გარანტიებს ქმნის მოსარჩელის ინტერესების დაცვისათვის დროებითი მმართველების დანიშვნა.

ერთადერთი და განსხვავებული საკითხი, რაზეც სასამართლომ დროებითი მმართველობის დანიშვნის შესახებ განჩინებაში იმსჯელა და განსხვავდება ყადაღის დადების შესახებ განჩინებისაგან არის, არხის სარედაქციო პოლიტიკა, როგორ უნდა იმაუწყებლოს არხმა და რა სახის სიუჟეტების მომზადება არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინტერესების დასაცავად. აღნიშნულს სახალხო დამცველი აფასებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს. სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლება გამხდარიყო ის თუ რა ფორმით უნდა გააგრძელოს მაუწყებლობა „რუსთავი 2-მა“ და ამგვარი გადაწყვეტილება საგანგაშო კითხვებს აჩენს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს დროებითი მმართველისათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების პირობებში.

მნიშვნელოვანია ასევე საკითხი, რომელიც დროებითი მმართველებისათვის განჩინებაში მითითებული სხვა უფლებამოსილებების მინიჭებას შეეხება, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დროებით მმართველებს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ სახელით საწარმოს წარმომადგენლობის, მართვის, ხელმძღვანელობის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რომელიც გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-91მუხლებით, რაც ფაქტობრივად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორების და დირექტორების სრული უფლებამოსილებების დროებითი მმართველებისათვის გადაცემას გულისხმობს.

ამ ფონზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დროებითი მმართველების საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა შეზღუდვა და აკრძალვა.

სასამართლო განჩინებაში ასევე მსჯელობს, რომ დროებითი მმართველი უნდა იყოს „მხარეებისაგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი“, თუმცა, არ ასაბუთებს, როგორ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს შერჩეული პირები - რევაზ საყევარიშვილი, დავით დვალი. მით უფრო, რომ დავით დვალი ასევე აცხადებს პრეტენზიას კომპანია „რუსთავი 2-ზე“ როგორც მესაკუთრე . ეს გარემოებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს 5 ნოემბერს მიღებული განჩინების მართებულობასთან დაკავშირებით და იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმის მოქმედება.

როგორც უკვე აღინიშნა, 5 ნოემბრის განჩინებით დროებით მმართველებს ეძლევათ კომპანიის ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის სრული უფლებამოსილება, ხოლო, მოქმედ გენერალურ დირექტორსა და ფინანსურ დირექტორს, ასევე მინდობილობების საფუძველზე უფლებამოსილების განმახორციელებელ ყველა პირს, აღნიშნული უფლებამოსილებები შეუჩერდათ. ამ პირობებში, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან კომპანიის გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი, უფლებამოსილების შეჩერების გამო, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, განჩინება თავად, ან წარმომადგენლების მეშვეობით გაასაჩივრონ ზემდგომ ინსტანციაში.

ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზები სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინების დაუსაბუთებლობასა და მისი ბუნების განუჭვრეტელობაზე მეტყველებს. მაშინ როცა, იმისათვის რომ იყოს დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი უზრუნველყოფით, ნებისმიერ სხვა, მათ შორის საკუთრების უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათლად და ზუსტად დასაბუთებული. რასაც 5 ნოემბრის განჩინების შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ მწვავე უფლებადარღვევებთან ერთად, 5 ნოემბრის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის მიუკერძოებლობას, არამედ ავლენს თავად სასამართლო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს," - ნათქვამია განცხადებაში. 

პრემიერის განცხადება "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 14:34

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებ:

"ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არის კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა. ბუნებრივია, რომ ორივე მხარე იყენებს ყველა არსებულ იურიდიულ ბერკეტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

ჩვენი, ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სრულად იქნება დაცული სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვენლოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას ჩვენი სახელმწიფოს განვითარება.

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ასეთ სახელმწიფოში კი კერძო სასამართლო დავას და მით უფრო, მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. ასეთი საქმეები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ჩავაბარეთ ისტორიას.
ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და სადაც ამ თემით სპეკულირების უფლება არავის აქვს.

ამ საქმესთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა. პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

ხელისუფლებამ, მედიამ, სასამართლომ და საზოგადოებამ - ყველამ უნდა უზრუნველვყოთ როგორც მედიის, ისე სასამართლოს დამოუკიდიებლობა, რათა არავის მხრიდან არ მოხდეს ამ ინსტიტუტების გამოყენება ვინმეს პარტიული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის," - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 

ნინო გვენეტაძე მზადაა თამაზ ურთმელიძეს შეხვდეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 14:30

უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გამოხატავს მზადყოფნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში შეხვდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს თამაზ ურთმელიძეს, მისი სურვილის შემთხვევაში, -აღნისნულ განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავრცელებს.

 

აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 13:47

საქართველოში ამერიკის საელჩო "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

"აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა - მიჩუმდეს.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რას ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას," - აღნიშნულია განცხადებაში.

დავით დვალი მთავრობას აფრთხილებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 13:36

"თუ ვინმეს უხარია მთავრობაში, რომ ასეთი პროცესები მიდის "რუსთავი 2"-ის ირგვლივ, მინდა გავაფრთხილო, აზრად არავის მოუვიდეს ერთი ზარის განხორციელება და ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა", - ეს  განცხადება "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებლმა და ამჟამად დროებით მმართველად დანიშნულმა  დავით დვალმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 13:21

"რუსთავი 2-ის" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს.

გიორგი მაგრველაშვილი დილიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად მარნეულში იმყოფებოდა.

 

 

მხოლოდ კანონზე და სინდისზე დაფუძნებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და სხვა არაფერი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 12:48

ბოლო დღეებში ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. დავით უსაუფაშვილის განცხადებას newsday.ge უცვლელად გთავაზობთ: 
"დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით. დაუშვებელია, მათი ერთობლივი თუ ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მივიღოთ სახიფათოდ დასუსტებული და ავტორიტეტშელახული დემოკრატიული ინსტიტუტები. დაუშვებელია, გაგრძელდეს სასამართლოების ჩათრევა ბრძოლაში წესების გარეშე. დაუშვებელია, რაც არ უნდა დიად მიზნებს ემსახურებოდნენ, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები მალულად (დიახ, მალულად, და არა „ზეპირი მოსმენის გარეშე“) იღებდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყნის უახლოეს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა იქონიონ. დაუშვებელია, ბატონ სააკაშვილს და ბატონ ხალვაშს მიეცეთ იმის საშუალება, რომ თავიანთი იმთავითვე საეჭვო ურთიერთობების, გარიგებების, გადაგდება-გადმოგდებების მოგვარების პროცესში ხალხი და ქვეყანა დააზარალონ.
ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს, ყველა მოსამართლის თუ საჯარო მოხელის ერთადერთი სწორი (მათ შორის, პოლიტიკურადაც სწორი) გადაწყვეტილებაა მხოლოდ კანონზე და სინდისზე დაფუძნებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და სხვა არაფერი. დღეს, როგორც არასოდეს, ყველა პოლიტიკოსის ერთადერთი სწორი ქმედებაა ხელი შეუწყოს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და სხვა არაფერს",-აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

"რუსთავი 2" არ იქნება არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის, - ჯარჯი აქიმიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 12:05

"რუსთავი 2" არ იქნება არც სააკაშვილის,  არც ივანიშვილის და არც სხვა პარტიის, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ყოფილმა მფლობელმა ჯარჯი აქიმიძემ სდღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 
"ჩვენ ბატონ ქიბართან დავსხედით და შევთანხდმით სამ პუნქტზე:
პირველი: ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლოს ისე ოპოზიციურს, საკუთარ სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინიპებზე დაყრდნობით. გვინდა, "რუსთავი 2" არ იყოს არც სააკაშვილის, არც ივანიშვილის და არც ერთი პარტიის.
მეორე: ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე პოლიტიკური ვითარებისას, იქნება ობიქტური, ექნება ობიექტური და კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა. 
მესამე: ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, პარტიების შემოწირულობით და პოლიტიკური დაკვეთით. აქ არ იგულისხმება ფასიანი პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამა. ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება სწორედ მისი დამოუკდიებლობის გარანტი", - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ. 

"რუსთავი 2-ის" წილის 50%-ს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დავუთმობ, - ქიბარ ხალვაში

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 11:12

"თუ სასამართლო ბოლოს დაადგენს, რომ "რუსთავი 2" მე მეკუთვნის მაშინ წილის 50 პროცენტს  დავით დვალს და  ჯარჯი აქიმიძეს დავუთმობ. კომპანია მათი შექმნილია. ტელევიზიის მმართველობაში არ ჩავერევი ამ საქმეს პროფესიონალები წარმართავენ," - ამის შესახებ ბიზნესმენმა,  ქიბარ ხალვაშმა რედისონში გამართულ ბრიფინზე განაცხადა. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური