„რუსთავი 2“-მა შეცდომაში შეიყვანა ჩვენი პარტნიორები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 08 ნოემბერი 2015 10:26

იყო გარკვეული უზუსტობები, თქვენ ნახეთ, როგორ შეიყვანა „რუსთავი 2“-მა შეცდომაში ყველა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.კობახიძის თქმით"იყო გარკვეული უზუსტობები, თქვენ ნახეთ, როგორ შეიყვანა „რუსთავი 2“-მა შეცდომაში ყველა. სამწუხაროა, რომ საელჩოებმა ვერ მიირეს სწორი ინფორმაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ შემთხვევაში, თუ რაიმე განცხადების გაკეთებას გადაწყვეტენ, აუცილებლად მიიღებენ ინფორმაციას ყველა მხარისგან და თუნდაც, ხელისუფლების პოზიციას გაეცნობიან ან სასამართლოდან მიიღებენ მეტ ინფორმაციას, ვინაიდან ის ტყუილი, რაც გაავრცელა „რუსთავი 2“-მა ე.წ. ღამის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ძალიან მალე გაცხადდა, რომ ტყუილი იყო.

ის ისტერიკა, რაც ატეხეს მათ პირდაპირ ეთერში ღამის საათებში, პრაქტიკულად, გადაედო თითქოს ჩვენს პარტნიორებს. ძალიან ვწუხვარ, რომ შეცდომაში არიან შეყვანილი. მე ძალიან გამიკვირდა ჩვენი უმრავლესობის ლიდერისგან, როდესაც მან ეს კრიტიკულად შეფასა და შემდეგ მან ძალიან მალე ბოდიში მოიხადა ფაქტობრივი შეცდომის გამო, ისევე როგორც შეცდომაში შევიდა დავით ბერძენიშვილი.

„რუსთავი 2“ საკუთარი თავის პიარს ძალიან კარგად ახერხებს და კარგად ესმით, რა იქნება უფრო მიმზიდველი საზოგადოებისთვის. ღამით ჩართეს პირდაპირი ეთერი და თქვენც დაგაბარალეს, რატომ არ აშუქებდით ამ ყველაფერს, რატომ არ აჩვენებდა ამას ყველა ტელევიზია პირდაპირ ეთერში და თურმე, ღამე ქვეყანა ინგრევა. ეს ფონი შექმნეს და ამ ფონზე სამწუხაროდ, შეცდომაში შეიყვანეს ჩვენი პარტნიორები“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კახიშვილი "რუსთავი 2-ის" შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 08 ნოემბერი 2015 10:05

"ეს პროცესი რაც უფრო გამჭვირვალე და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით იქნება მით უკეთესი,"-ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს კახა კახიშვილი. 

სასჯელაღსრულების მინისტრი ამბობს, რომ ეს საქმე არის ძალიან სენსიტიური.

"არ არის სწორი მოქმედი მინისტრის მხრიდან პრეზიდენტის განცხადებების შეფასება. ერთი მიმართულება არის საკუთრების დაცვა, მეორე ტელევიზია. როცა ასეთ სენსიტიურ თემასთან გვაქვს საქმე თემის პოლიტიზირების სურვილი ძალიან ბევრს გაუჩნდება. ამიტომ, ეს პროცესი რაც უფრო მეტად იქნება გამჭვირვალედ და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მით უკეთესი იქნება ყველასთვის ჩვენთვის,"- აცხადებს მინისტრი კახიშვილი. 

სერგი კაპანაძე "აქტუალურ თემაში"

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 07 ნოემბერი 2015 20:20

„რუსთავი 2“-ის კონფლიქტის გამწვავება. აზრი და ანალიტიკა. „სტარვიზიის“ პირდაპირ ეთერში სიტუაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორმა სერგი კაპანაძემ შეაფასა. კვირის მთავარი მოვლენები გადაცემაში „აქტუალური თემა“. უყურეთ ტელეკომპანია „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარ ეფემზე“.

რუსთავი 2-ის იგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასება "აქტუალურ თემაში"

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 07 ნოემბერი 2015 20:09

 

„რუსთავი 2“-ის კონფლიქტის გამწვავება. აზრი და ანალიტიკა. „სტარვიზიის“ პირდაპირ ეთერში სიტუაცია „რეზონანასის" მთავარმა რედაქტორმა, მედია-ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა შეაფასა. კვირის მთავარი მოვლენები გადაცემაში „აქტუალური თემა“. უყურეთ ტელეკომპანია „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარ ეფემზე“.

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები "რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 07 ნოემბერი 2015 16:22

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები "რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოხელეების, მაღალი თანამდებობის პირების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლების, საქართველოში აკრედიტებული ელჩებისა თუ სხვათა მხრიდან საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ყოველმხრივ შეტევა, მოსამართლის მრავალგზის შეურაცხყოფა, გადაწყვეტილების სამართლებრივი ღირსებების ხშირად არაკვალიფიციური კრიტიკა ხორციელდება.

განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ სინამდვილის განზრახ დამახინჯებული წარმოდგენა შეუფასებლად დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ დემოკრატიის სხვა ძირითად პრინციპებს და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობას.

„ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთი განცხადებისა თუ მოქმედებისგან, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს დისკრედიტაციასა და პოლიტიზაციას, მოსამართლეების დათრგუნვას, სამართლებრივი ჩიხების წარმოქმნას, საზოგადოების დესტაბილიზაციასა და ქაოსს, რასაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვასთან“ - ნათქვამია განცხადებაში .

პრეზიდენტის განცხადება "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით - უმრავლესობის პასუხი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 07 ნოემბერი 2015 16:20

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას დღეს უმრავლესობა პასუხობს. ადრესატების შეფასებით, კანონის თანახმად, არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება მოსამართლეს ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამო პასუხი მოსთხოვოს. 

დეპუტატების შეფასებით, მარგველაშვილის განცხადება ისეთივე შეუსაბამოა, როგორც მის მიერ გაკეთებული სხვა განცხადებები. 

უმრავლესობის მეორე ნაწილი კი პრეზიდენტს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას ახსენებს.  

ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 20:19

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ,რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით"ყოველთვის იყო პოლიტიზირებული თემა, გაურკვეველ ვითარებებში იმდენჯერ შეიცვალა მფლობელი. ვთვლიდი, რომ პოლიტიკოსები ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით კომენტარებისას, მაგრამ გუშინდელი ღამის შემდეგ, დიახ, ღამის შემდეგ, იმიტომ რომ მანამდე არსად არაფერი გაჟღერებულა და არავის ამაზე ინფორმაცია არ ქონია, ვფიქრობ, ყველამ უნდა ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ. 

ცოტა ხნით თითქოს დამშვიდდა პროცესი – ერთის მხრივ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით და მეორეს მხრივ, კანონიერი თუ უკანონო ჩანაწერებით „დარცხვენილი“ მხარდამჭერების სიფრთხილით. აღარ იყო მოლოდინი, რომ სამართლებრივ სივრცეს გასცდებოდა პროცესი, რაც არ უნდა სიხშირით მოგვესმინა გაურკვეველი ლინკებით გავრცელებული ჩანაწერებისთვის. გუშინდელი გადაწყვეტილებით კი, რომლის დასაბუთების შემაშფოთებელი ნაწილია ტელეარხის შინაარსობრივ მხარეში ჩარევა და კონკრეტული მითითებები მოსამართლის მხრიდან, ზეპირი მოსმენის გარეშე, ისევ გააღრმავა შეკითხვები, გააღრმავა ეჭვები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, კერძო დავის შესახებ, სიტყვის თავისუფლების შესახებ და გააჩინა საფრთხე."-წერს სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძე. 

უჩა ნანუაშვილი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 17:16

სახალხო დამცველი რუსთავი 2-თან დაკავშირებით გუშინ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და არღვევს ტელეკომპანია რუსთავის 2-ის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

"უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში, დროებითი მმართველის დანიშვნა კანონის განჭვრეტადობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის. როგორც ჩანს, 5 ნოემბრის განჩინებაში მოსამართლე დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198–ე მუხლის მე–3 ნაწილს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია უზრუნველყოფის „სხვა ღონისძიებების“ გამოყენებაც, თუ ეს აუცილებელია. სახალხო დამცველისათვის არ არის ცნობილი საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებად დროებითი მმართველის დანიშვნის გამოყენების შესახებ. საგულისხმოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში ეყრდნობა ამერიკულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას.

სასამართლო განჩინებაში საკმარისად არ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ რამდენად აუცილებელია დროებითი მმართველის დანიშვნა, მისივე გადაწყვეტილებით 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღის ღონისძიების მოქმედების პარალელურად. 5 აგვისტოს განჩინებით,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის პარტნიორებსა და დირექტორებს აეკრძალათ შედეგის თვალსაზრისით ყველა მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება,ყადაღა დაედო კომპანიის უძრავ და მოძრავ ქონებას . 

შესაბამისად, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არის გამოკვეთილი, რა ახალ, დამატებით გარანტიებს ქმნის მოსარჩელის ინტერესების დაცვისათვის დროებითი მმართველების დანიშვნა.

ერთადერთი და განსხვავებული საკითხი, რაზეც სასამართლომ დროებითი მმართველობის დანიშვნის შესახებ განჩინებაში იმსჯელა და განსხვავდება ყადაღის დადების შესახებ განჩინებისაგან არის, არხის სარედაქციო პოლიტიკა, როგორ უნდა იმაუწყებლოს არხმა და რა სახის სიუჟეტების მომზადება არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინტერესების დასაცავად. აღნიშნულს სახალხო დამცველი აფასებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს. სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლება გამხდარიყო ის თუ რა ფორმით უნდა გააგრძელოს მაუწყებლობა „რუსთავი 2-მა“ და ამგვარი გადაწყვეტილება საგანგაშო კითხვებს აჩენს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს დროებითი მმართველისათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების პირობებში.

მნიშვნელოვანია ასევე საკითხი, რომელიც დროებითი მმართველებისათვის განჩინებაში მითითებული სხვა უფლებამოსილებების მინიჭებას შეეხება, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დროებით მმართველებს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ სახელით საწარმოს წარმომადგენლობის, მართვის, ხელმძღვანელობის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რომელიც გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-91მუხლებით, რაც ფაქტობრივად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორების და დირექტორების სრული უფლებამოსილებების დროებითი მმართველებისათვის გადაცემას გულისხმობს.

ამ ფონზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დროებითი მმართველების საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა შეზღუდვა და აკრძალვა.

სასამართლო განჩინებაში ასევე მსჯელობს, რომ დროებითი მმართველი უნდა იყოს „მხარეებისაგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი“, თუმცა, არ ასაბუთებს, როგორ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს შერჩეული პირები - რევაზ საყევარიშვილი, დავით დვალი. მით უფრო, რომ დავით დვალი ასევე აცხადებს პრეტენზიას კომპანია „რუსთავი 2-ზე“ როგორც მესაკუთრე . ეს გარემოებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს 5 ნოემბერს მიღებული განჩინების მართებულობასთან დაკავშირებით და იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმის მოქმედება.

როგორც უკვე აღინიშნა, 5 ნოემბრის განჩინებით დროებით მმართველებს ეძლევათ კომპანიის ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის სრული უფლებამოსილება, ხოლო, მოქმედ გენერალურ დირექტორსა და ფინანსურ დირექტორს, ასევე მინდობილობების საფუძველზე უფლებამოსილების განმახორციელებელ ყველა პირს, აღნიშნული უფლებამოსილებები შეუჩერდათ. ამ პირობებში, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან კომპანიის გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი, უფლებამოსილების შეჩერების გამო, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, განჩინება თავად, ან წარმომადგენლების მეშვეობით გაასაჩივრონ ზემდგომ ინსტანციაში.

ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზები სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინების დაუსაბუთებლობასა და მისი ბუნების განუჭვრეტელობაზე მეტყველებს. მაშინ როცა, იმისათვის რომ იყოს დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი უზრუნველყოფით, ნებისმიერ სხვა, მათ შორის საკუთრების უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათლად და ზუსტად დასაბუთებული. რასაც 5 ნოემბრის განჩინების შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ მწვავე უფლებადარღვევებთან ერთად, 5 ნოემბრის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის მიუკერძოებლობას, არამედ ავლენს თავად სასამართლო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს," - ნათქვამია განცხადებაში. 

პრემიერის განცხადება "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 14:34

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებ:

"ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არის კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა. ბუნებრივია, რომ ორივე მხარე იყენებს ყველა არსებულ იურიდიულ ბერკეტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

ჩვენი, ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სრულად იქნება დაცული სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვენლოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას ჩვენი სახელმწიფოს განვითარება.

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ასეთ სახელმწიფოში კი კერძო სასამართლო დავას და მით უფრო, მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. ასეთი საქმეები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ჩავაბარეთ ისტორიას.
ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და სადაც ამ თემით სპეკულირების უფლება არავის აქვს.

ამ საქმესთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა. პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

ხელისუფლებამ, მედიამ, სასამართლომ და საზოგადოებამ - ყველამ უნდა უზრუნველვყოთ როგორც მედიის, ისე სასამართლოს დამოუკიდიებლობა, რათა არავის მხრიდან არ მოხდეს ამ ინსტიტუტების გამოყენება ვინმეს პარტიული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის," - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 

ნინო გვენეტაძე მზადაა თამაზ ურთმელიძეს შეხვდეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 14:30

უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გამოხატავს მზადყოფნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში შეხვდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს თამაზ ურთმელიძეს, მისი სურვილის შემთხვევაში, -აღნისნულ განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავრცელებს.

 

პოპულარული

« ივნისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური