"საჭიროა მეტი განმარტება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია საკუთრების უფლება"- ბესელია რუსთავი 2-ზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 15:53
საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა განცხადებები რუსთავის 2-ის გარშემნო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთეს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროებაზე საუბრობს:
"დიახ,საჭიროა მეტი განმარტება და მეტი სიფრთხილე და საჭიროა ამავე დროს, როდესაც უფლებრივ ჭრილში ვიხილავთ მათ შორის მედიის თავისუფლების საკითხს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი უფლება, კონსტიტუციით დაცული და სახელმწიფოს მიერ აღიარებული უფლება, ამავე უფლების ჭრილში უნდა განვიხილოთ ჩვენ კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით დაცული საკუთრების უფლება". განაცხადა ბესელიამ.

"ამ პირებმა ზალიკო პოტენციურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენეს"- გვარამია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 15:43
დროებითი მმართველების განცხადების საპასუხოდ პრესკონფერენცია გაიმართა რუსთავი 2-შიც. როგორც ცნობილია, რუსთავი 2-ის დროებითმა მმართველებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათ სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს.
"ეს უნდა გახდეს აუცილებლად გამოძიების საგანი, რადგან ზალიკო ამ თანამდებობის პირებმა დააყენეს ძალიან მძიმე, მათ შორის პოტენციურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ. შესაბამისად, მოვითხოვთ, ამ ფაქტის გამოძიებას, როგორ მოხდა ამ ყველაფრის ჯერ ნოტარიულად გაფორმება და შემდეგ რეგისტრაცია. ეს არის ფარატინა ქაღალდი და უნდა იყოს ბათილი, რადგან არ ახლავს სავალდებულო რეკვიზიტი - მეორე მხარის ნების გამოვლენა," - განმარტა ნიკა გვარამიამ.

თუ "რუსთავი2"-მა 16 ნოემბერს საგადასახადო ორგანოში დოკუმენტაცია არ წარადგინა, კანონდამრღვევი იქნება-საყევარიშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 14:51

თუკი, "რუსთავი2"-მა 16 ნოემბერს საგადასახადო ორგანოში დოკუმენტაცია არ წარადგინა, კანონდამრღვევი იქნება, - ამის შესახებ რეზო საყევარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გადაცხადა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი პრობლემა ეს არის, რომელიც უნდა გადაიჭრას. 
მისი თქმით, სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საფუძველს, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველები ტელეკომპანიაში დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად არ შედიან, მმართველის ფუნქცია განახორციელოს მინდობილობით აღჭურვილმა პირმა - ზაალ უდუმაშვილმა. 
"სასამართლოში დავები გრძელდება და ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ამ საკითხების გადაჭრა მოხდება მოკლე ვადაში. ჩვენ არ ვიცით თარიღები. ამ დროს, ვიცით ერთი კონკრეტული თარიღი - 15 ნოემბერი ( კვირა დღეა და ალბათ ერთი დღით - 16 ნოემბრამდე გადაიწევს) როდესაც უნდა მოხდეს ტელეკომპანიის, ისევე როგორც სხვა სამეურნეო სუბიექტის მხრიდან, საგადასახადო ორგანოებში შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა. თუ ეს არ მოხდა, ტელეკომპანია ხდება კანონდამრღვევი, ის ხდება ურჩი გადამხდელი, - არასათანადო ურთიერთობაში მყოფი სახელმწიფოსთან და მას შეიძლება დაეკისროს გარკვეული სანქციები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც ჩვენ პირველ რიგში ვუსვამთ ხაზს. სწორედ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და ტელეკომპანია იყოს პირნათელი, იმ შემთხვევაში, როდესაც ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს და ფინანსურ დირექტორს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება და ჩვენ იქ არ შევდივართ შესაძლო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, გამოინახა გზა, რომ მოვახდინოთ უფლებამოსილების იმ ადამიანზე გადაცემა, რომელიც კოლექტივისთვისაც მისაღებია. მიგვაჩნია, რომ ზაალ უდუმაშვილი შეძლებს უზრუნველყოს კომპანიის შეუფერხებელი, ფინანსური, იურიდიული და სხვა ტიპის საქმიანობა", - განაცხადა რეზო საყევარიშვილმა. 
მისი თქმით, ეს არის პირველი პრეობლემა, რომელიც ძალიან სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს. 
"სამი სამუშაო დღე არის დარჩენილი, იმისთვის რომ მოხდეს ამ დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენა და არავითარი კანონი არ დაირღვეს, ეს არის ჩვენი პირველადი ფუნქცია", - განაცხადა რეზო საყევარიშვილმა. 

პასუხი დვალსა და საყევარიშვილს - "რუსთავი 2"-ში საგანგებო ბრიფინგი იგეგმება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 14:43

ნიკა გვარამია და ზაალ უდუმაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ, სადაც რევაზ საყევარიშვილს და დავით დვალს უპასუხებენ. განცხადება 15:00 საათზე გაკეთდება.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"- ის დროებითმა მმართველებმა უფლებამოსილება არხის სახეს, ნიკა გვარამიას ყოფილ მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს გადასცეს.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ზაალ უდუმაშვილი გახდა-საყევარიშვილის და დვალის გადაწყვეტილება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 14:29

"რუსთავი 2"- ის დროებითმა მმართველებმა უფლება მოსილება არხის სახეს, ნიკა გვარამიას ყოფილ მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს გადასცეს.

 

"მას უკვე ეს უფლება მინიჭებული აქვს, რაც საჯარო რეესტრში რეგისტიებულია, ანუ ზაალ უდუმაშვილს სრულფსოვნად შეუძლია, განახორციელოს დროებითი მმართველის ფუნქცია", - განაცხადა დავით დვალლმა. მისი თქმით, დოკუმენტი ცალმხრივად ნოტარიულად დამტკიცებულია. 

"ჩვენ არ შევდივართ "რუსთავი 2"-ში, მათ კი არ აქვთ მმართველობის უფლებამოსილება. ორი დღის წინ შევხვდი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს, ვისაუბრეთ ავუხსენი ჩვენი პოზიცია, რომ თუ ორივე მხარე მართლა ვართ დაინტერესებული, დაძაბულობა არ მოხდეს და მშვიდ ტემპში გაგრძელდეს ყველაფერი, მე მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებამოსილება. 

დღეს ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად განვახორციელეთ, მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებამოსილება მივანიჭეთ ზაალ უდუმაშვილს", - აღნიშნა დავით დვალმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 15:43

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცახდებას ავრცელებს.

ამ განცხადების საფუძვლად საბჭო ამ საქმის ირგვლივ მაღალ საზოგადებრივ ინტერესსა და რეზონანსულობას ასახელებს. 

"ყველას აქვს უფლება გამოხატოს, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრება, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭო ყოვლად დაუშვებელად მიიჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს და შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს ან/და მოსამართლის დაშინების, ზეწოლის ან, მათზე რაიმე ფორმით გავლენის მოხდენის მცდელობა. ასეთმა განცხადებამ, შეიძლება ასევე დააზარალოს ზემდგომ, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციებში საქმის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა და მართლმსაჯულების აღსრულება.

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის, ასევე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, ხოლო მე-8 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

"სასამართლოს გადაწყვეტილებები ემყარება კანონსა და მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც მოსამართლის მიერ შეფასებულია შინაგანი რწმენის საფუძველზე და ამასთან, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უმთავრესი პრინციპის განუხრელი დაცვით.

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს სახელისუფლო თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს, ინტერესთა ჯგუფებს, ისევე მასმედიას, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს და იწვევს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვას," - ნათქვამია იუსტიციის უმაღელსი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე - მინისტრები მხარეებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 16:10

„რუსთავი ორის“ საქმესთან დაკავშირებით, მინისტრები მხარეებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ და გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას დროებითი საბჭო, რომელიც სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. 

მთავრობა დღეს „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კრიტიკულ მოსაზრებებზე ცენზურის დაწესების მცდელობაზე და სახელმწიფოსთვის უკან გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. 

მინისტრები აცხადებენ, რომ ეს არის კერძო დავა და სასამართლოს გადაწყვეტილებებში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.

პარლამენტი რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებას ითხოვს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 14:54

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა. პარლამენტი მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილებას ითხოვს. მოთხოვნას საკანონმდებლო ორგანოს წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით ასაბუტებენ.

აცილების მიზეზად პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია ეჭვი იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მოსამართლეები შესაძლოა არ იყვნენ მიუკერძოებლები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაია კოპალეიშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის რუსთავი 2-ის ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან.

 

"საქართველოს პარლამენტი პატივს სცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს და წარმოდგენილი შუამდგომლობით ეჭვქვეშ არ აყენებს სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. შესაბამისად, შუამდგომლობაში გამოხატული პოზიციები აღქმული უნდა იქნეს მხოლოდ პარლამენტის, როგორც ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში მოპასუხე მხარის პოზიციები.

მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. განსახილველი საქმისადმი მოსამართლეთა მიკერძოებული დამოკიდებულება, უკვე ნათლად გამოვლინდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიღებისა და განხილვის ადრეულ სტადიებზე", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აქვე განმარტებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით, რაც რუსთავი 2–ის სარჩელში იყო მითითებული, რუსთავი 2-ის მიერ სარჩელის შეტანამდე მიმართეს სხვა მოსარჩელეებმა, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ ჩანიშნა განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში - 2 ნოემბერს დილით. ამავდროულად, პარლამენტს არ მიეცა შესაძლებლობა მიეღო რაიმე ინფორმაცია რუსთავი 2–ის სარჩელის დარეგისტრირებისა და მისი განხილვის დროის თაობაზე. სხვა მოსარჩელეებმა, 2 ნოემბრის დილითვე უარი განაცხადეს სარჩელის განხილვაზე, რამაც გამოიწვია ზეპირი მოსმენის სხდომის გაუქმება. მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმავე დილით, ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე, სასამართლო გამოაქვეყნებდა გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სადავო ნორმის დროებით შეჩერების შესახებ.

"ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სარჩელის მიღების, დარეგისტრირების და შემდგომი მსვლელობის პროცესი შეგნებულად და წინასწარგამიზნულად იყო გაუმჭვირვალე, რათა სასამართლოს სწორედ 2 ნოემბერს მიეღო რუსთავი 2-ის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, ოღონდ ისე, რომ არ განეხილა მისი საქმე და სასურველი გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო სხვა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებით, ვიდრე 2 ნოემბერს დილით არ წარმოიშვა ახალი გარემოებები - იმავე საკითხზე სხვა მოსარჩელეების მიერ შეტანილი სარჩელების უკან გათხოვა, დაგეგმილი სხდომის ვერჩატარება და „რუსთავი 2-ისთვის“ სასარგებლო გადაწყვეტილების სხვა საქმეზე ვერ მიღება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ იმ კონსტიტუციურ სარჩელებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სულ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობა დაყენებული იყო 19 კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელთაგან დაკმაყოფილდა მხოლოდ სამი, ამათაგან ორზე გაიმართა ზეპირი მოსმენა და მხოლოდ ერთი, რუსთავი 2-ის სარჩელი, იქნა განხილული ზეპირი მოსმენის გარეშე.

საკონსტიტუციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვასთან დაკავშირებული საკუთარი განმარტებების იგნორირებით მიმართა მის მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში დაგმობილ საიდუმლო მართლმსაჯულებას და სადავო ნორმის მოქმედება შეაჩერა ზეპირი მოსმენის გარეშე, რა დროსაც მან გაითვალისწინა მხოლოდ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული მოსაზრებები და შესაძლებლობა არ მისცა მოპასუხე მხარეს, დაესაბუთებინა საპირისპირო", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო,ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი,შეშფოთებას გამოთქვამს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 14:29

საქართველოში სასამართლო სისტემისა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი შეშფოთებას გამოთქვამს.

„ჩვენი მეგობრობისა და პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს, რომელმაც სასამართლო დამოუკიდებლობისა და პლურალისტული მედიის მომავალთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა,“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ამის შესახებ მარინა კალიურანდმა თბილისში, ქართველ კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს პრინციპი ევროპული თანამშრომლობის განუყოფელი ნაწილია.

საფუძველი არ არსებობს, ეჭვი შეიტანონ, თითქოსდა, ხელისუფლება კრიტიკულ აზრს ზღუდავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 13:00

"საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია არის პრაქტიკულად გამოკვეთილი კრიტიკული ტელევიზია და ძალიან მომწონს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეჭვი შეიტანონ, თითქოსდა, ხელისუფლება კრიტიკული აზრის გამოთქმის შეზღუდვას ცდილობდეს. მე დარწმუნებული ვარ რუსთავი 2 იქნება ყოველთვის ისეთი კრიტიკული, როგორიც იყო ყოველთვის. ყველა მხარის პოზიცია მოვისმინე და ყველა ამბობს, რომ ჟურნალსიტებს და პროფესიონალებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ,"-  ეს განცხადება "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური