სააპელაციო სასამართლომ განჩინება, რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ სრულიად გააუქმა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 30 ნოემბერი 2015 15:44

სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება, რომელიც რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა, სრულიად გააუქმა. ასევე არ დაკმაყოფილდა დავით დვალის მოთხოვნა დროებითი მმართველების სიიდან ამორიცხვის შესახებ.

სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის იურისტების მოთხოვნა ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებით. სასამართლომ რუსთავი 2-ს უფლება მისცა გააქირავოს ცალკეული სტუდიები, გააფორმოს საიჯარო ხელშეკრულებები, მათ შორის, მოძრავი ქონების გაქირავებაზეც. ამასთანავე ხელშეკრულების მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 

რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები,აშშ-მ დადებითად შეაფასა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 15:48

საგარეო საქმეთა სამინისტროში დემოკრატიისა და მმართველობის ქართულ-ამერიკული ჯგუფის სამუშაო შეხვედრა შეაჯამეს. ვაშინგტონში გამართული შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში წინასაარჩევნო გარემო და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი იყო.

მათ შორის, დისკუსია შედგა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. ბრიფინგი უწყებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გამართა.  

„აშშ-მა დადებითად შეაფასა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, რაც იძლევა შესაძლებლობას სააპელაციო პროცედურები გაგრძელდეს და საქართველოში მედია პლურალიზმი შენარჩუნდეს,“ - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე .

თბილისი და ვაშინგტონი "რუსთავი 2"-ის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 10:07

12 ნოემბერს ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი და მისი მოადგილე ენტონი ბლინკენი მონაწილეობდნენ. ქართულ მხარეს კი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმოადგენდა.

მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო საზოგადოებისათვის თავისუფალი სივრცეების არსებობის მნიშვნელობა. ვაშინგტონი მიესალმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რაც შესაძლებელს ხდის რუსთავი 2-თან დაკავშირებით სააპელაციო პროცედურების გაგრძელებას და საქართველოში მედია პლურალიზმის შენარჩუნებას.განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მიღწევებსა და რეფორმებზეც ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო სისტემა, მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამსახური და სასჯელაღსრულებითი სისტემა.

"აშშ კმაყოფილებით აღნიშნავს რუსთავი 2-ის საქმის სააპელაციო განხილვასთან დაკავშირებულ მოვლენათა განვითარებას, რომელიც წინსვლისა და მედია პლურალიზმის დაცვის შესაძლებლობას ქმნის. ორივე მხარემ აღნიშნა ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობა. ამერიკული მხარე იწონებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მართლმსაჯულების, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით და გამოთქვამს იმედს, რომ სიღრმისეული რეფორმები გაგრძელდება როგორც საკანონმდებლო ასევე პრაქტიკულ დონეზე. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და გაძლიერებისთვის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 22:30

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შეჩერებულია ნორმა, რის საფუძველზეც რუსთავი 2-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შეაფასა. "დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა შანსი ქართულ დემოკრატიას, მის ევროატლანტიკურ მომავალს და თავისუფალ მედიას და საქართველოს მთავრობას სახე შეინარჩუნოს და ღირსეულად გავიდეს ამ პროცესებიდან. ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ ამ გამარჯვებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ, რომლის ყველაზე დემოკრატიულმა და ეფექტურმა ისნტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლომ მოახერხა ის, რომ ჩიხური სიტუციიდან გამოსავალი შესთავაზა ყველა მხარეს, მოახერხა ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია.-აცხადებს ნიკა გვარამია. გვარამია თავის გამოსვლაში საერთო სასამართლოებს მიმართავს და მოუწოდებს რომ უკანონო დავალებებს და უკანო შეთქმულებეს არ შესწირონ თავიანთი რეპუტაცია

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 22:16

სამდღიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია საქართველოს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამაუწყებლო კომპანიაში თამაზ ურთმელიძის მიერ დანიშნული დროებითი მმართველობა შეჩერებულია.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობას საკონსტიტუციო სასამართლო მოგვიანებით დაიწყებს. მანამდე მათი მოქმედება ყველა დონის სასამართლო ინსტანციისთვის შეჩერებულია.გადაწყვეტილების საფუძველზე ტელეკომპანია საქართველოს, გია და ლევან ყარამანიშვილების იურისტებს შესაძლებლობა აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გადააგზავნონ სააპელაციო სასამართლოში, რომელიც კანონით ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა.

"რუსთავი 2-ში" დროებითი მმართველების დანიშვნის ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 20:33

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია საქართველოს, გია და ლევან ყარამანიშვილების სარჩელი, რომლის მიხედვითაც ნორმატიული შინაარსის ნაწილში შეჩერდა მოქმედება, რომელიც ამა თუ იმ საწარმოში დროებითი მმართველის შეყვანას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერს ავრცელებს, რომელსაც  newsday.ge უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 13 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელი (სარჩელის რეგისტაციის N681) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების დროებითი მმართველისთვის მინიჭებას.

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები მკაფიოდ არ განსაზღვრავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებების ფარგლებს. ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიხედვით და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, დროებითი მმართველი აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებებით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-91 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს და შესაძლოა დამატებით განისაზღვროს სამოქალაქო დავის განმხილველი მოსამართლის  მიერ.

ამდენად, სადავო ნორმები არ გამორიცხავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებას, მათ შორის, წარმოადგინოს ტელეკომპანია მესამე პირებთან ურთიერთობაში, გაასხვისოს, მართოს ან/და უფლებრივად დატვირთოს იურიდიული პირის (შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის) ქონება მისი პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ. ის ასევე აღჭრუვილია ფართო უფლებამოსილებით, განსაზღვროს მაუწყებლის სატელევიზიო ბადე, დადოს ხელშეკრულება ან უარი თქვას მასზე, აღიაროს მესამე პირის წინაშე არსებული ვალდებულებები ან უარი თქვას მათ აღიარებაზე.  ამავე დროს აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს ეფექტურ სამართლებრივ გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დროებითი მმართველის მიერ კომპანიისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ადეკვატურ და პროპორციულ კომპენსაციას.

ყოველივე ამან შესაძლოა გამოიწვიოს მოსარჩელის (შპს „ტელეკომპანია საქართველო“) საკუთრებაში არსებული შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ქონების ღირებულების შეცვლა, მისი შემცირება, ასევე პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ ქონების გასხვისება, რამაც შეიძლება წარმოშვას გამოუსწორებელი ზიანი, რომლის ანაზღაურებაც ვერ მოხერხდება დროებითი მმართველის წინააღმდეგ სამოქალაქო დავის წარმოების გზით,"- აღნიშნულია 

სხდომის საოქმო ჩანაწერში.

საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას 19:00 საათზე გამოაცხადებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 18:18

საკონსტიტუციო სასამართლო TV საქართველოსა და ძმები ყარამანიშვილების სარჩელის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას 19:00 საათზე გამოაცხადებს. 

მოსამართლეები  გადაწყვეტილების მისაღებად არიან გასულები. 

საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 13:32

საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა მიმდინარეობს.  მოსამართლეები კითხვებს უსვამენ პარლამენტის წარმომადგენლების მოთხოვნით მიწვეულ სპეციალისტს.

სასამართლომ შესაძლოა ძმები ყარამანიშვილებისა და ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატების სახელით წარდგენილ სარჩელზე გადაწყვეტილება დღესვე მიიღოს .

 თუ სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო, თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის და გუშინდელი განჩინებაც შეჩერდება. 

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე პროცესი იწყება

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 10:58

ამ წუთებში რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესი იწყება. გამწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლეებმა პარლამენტის მიერ დაყენებულ სამივე შუამდგომლობაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც სამი საათის განმავლობაში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები მოსამათლეების კითხვებს პასუხობდნენ.

სხდომა დღესაც იმავე პროცედურებით გაგრძელდება. საბოლოოდ კი მოსამართლეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში ტვ საქართველოს იურისტების მიერ შეტანილ სარჩელს - შეჩერდეს ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების ნორმა.

არასამთავრობოები"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 10:44

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რუსთავი 2-ის ირგვლივ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადებას გაავრცელებს.

ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ტელეკომპანიის დროებით მმართველებს შეხვდნენ.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ სწორედ დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს ეკისრებათ პასუხისმგებლობა და მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, იმისთვის, რომ არ მოხდეს არხის მუშაობის შეზღუდვა ან შეჩერება.

არასამთავრობოები პროცესების ჩიხიდან გამოსაყვანად მხარეებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კითხვები ასევე გააჩნიათ დროებით მმართველებსაც.

„არის შესაძლებლობები, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ, მაგალითად, მათ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უსთავი 2-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური