თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილებიც დააყადაღა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 15:19

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილებიც დააყადაღა. შპს ტელეკომპანია საქართველო ტელეკომპანია რუსთავი2-ის 51-პროცენტიანი წილის მფლობელია.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ, განაცხადა, რომ ტელეკომპანია რუსთავი2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისება იგეგმებოდა.

კერძოდ, ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები ტელეკომპანია საქართველოში მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის, გადაცემას გეგმავდნენ.

ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ გრძელდება ფიქტიური გარიგებების ჯაჭვი, რომლის მიზანია, დამატებითი ბარიერების შექმნა ქიბარ ხალვაშისათვის ტელეკომპანია რუსთავი2-ის სამართლებრივი მექანიზმებით დაბრუნების გზაზე.

"მითითებული გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზანს ისახავდა: პირველი, ეს იყო ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენისთვის წილების გადაცემა, ხოლო მეორე და უმთავრესი მიზანი ტელეკომპანიარუსთავი2-ის ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა იყო.

"სასამართლოში ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა მართლაც დიდია და, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა რუსთავი2-ის დღევანდელი მფლობელების მიერ კიდევ ერთი ფიქტიური გარიგების დადების წინაპირობა.

"როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფიქტიური გარიგების დადების თაობაზე, ჩვენს მიერ მოთხოვნილ იქნა ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისების აკრძალვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არიდებული იქნა რუსთავი2-თვის ფიქტიური გარიგებით რამდენიმე მილიონიანი ფინანსური ვალდებულების დაკისრების საფრთხე," - განაცხადა პაატა სალიამ.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის 51-პროცენტიანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოსგაყიდვის შესახებ ხელშეკრულება 29 სექტემბერს გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოს მფლობელებმა გიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა 100-პროცენტიანი წილი დიმიტრი ჩიქოვანს 400 ათას დოლარად მიჰყიდეს.

ჩიქოვანი თავის მხრივ იღებდა ვალდებულებას, ტელეკომპანია საქართველოს კუთვნილ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ში 6 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიცია/ფინანსირება განეხორციელებინა.

rustavi2.com

ეუთო რუსთავი 2-ის საკითხზე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 11 აგვისტო 2015 15:54

ეუთოს წარმოამდგენლის მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩის განცხადებით,  საქართველოში "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა შესაძლოა ცუდი გავლენა იქონიოს ქართული მედიის თავისუფლებაზე.

"სასამართლოს აკრძალვამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს "რუსთავი 2–ის" შესაძლებლობაზე იმოქმედოს თავისუფლად,"– აცხადებს მიატოვიჩი. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არაპროპორციული და გადაჭარბებულია, ის შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს საქრთველოში მედიაპლურალიზმისთვის. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინების საფუძველზე (საქმე:N2/15651-15) სამართლებრივი შეზღუდვები დაედო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პარტნიორების წილებსა და ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებას.

საია "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 10 აგვისტო 2015 15:51

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2015 წლის 5 აგვისტოს  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის  (შემდგომში რუსთავი 2) მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებას დაედო ყადაღა და როგორც მეწილეებს, ასევე რუსთავი 2-ის დირექტორატს აეკრძალა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, ასევე ქონების განკარგვა. აღნიშნულს წინ უძღოდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღების მოთხოვნა. 

აღნიშნული დავის მნიშვნელობა და შედეგები - მათი კონკრეტული შინაარსისაგან დამოუკიდებლად - არსებითად სცილდება მხოლოდ მოცემული სამართლებრივი დავის უშუალოდ მონაწილე პირთა ინტერესებს. კომპანიის საქმიანობა, ასევე მისი მესაკუთრეობის საკითხი, განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა, არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ზოგადად მედია კომპანიას, არამედ იმიტომაც, რომ აღნიშნული მედია კომპანია წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მაღალრეინტინგულ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე დავას ორ კერძო სუბიექტს შორის, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს იგი, გააჩნია არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტიც.
 
თუმცა, საიას მანდატის გათვალისწინებით, მოცემული შეფასება მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი დავის მნიშვნელოვან ასპექტებზე. საკითხის წინასწარი შესწავლის შედეგად, იმ სამართლებრივ დოკუმენტებზე (და არა მთლიანად საქმის მასალებზე) დაყრდნობით, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია მოცემულ ეტაპზე (განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე) საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ შემდეგი:
 
1.როგორც მოქმედი კანონმდებლობით, ასევე პრაქტიკით, ნათელია, რომ დასაბუთებული ვარაუდის ის სტანდარტი, რომელსაც მოსამართლე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შერჩევისას იყენებს, არის ზოგადად დაბალი და დავის მონაწილე სუბიექტების თავისებურებები განსხვავებულ სტანდარტს არ განაპირობებს. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლიანობას. თუმცა უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც მოსამართლეს ალბათობის მაღალი ხარისხით ჩამოუყალიბდება რწმენა, რომ უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა სამომავლოდ გაართულებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
 
2.მოცემულ დავაში აღსანიშნავია, რომ  რუსთავი 2-ის მიმართ  ისეთი ღონისძიებების გამოყენებამ, რაც  ხელმძღვანელებს და მეწილეებს უკრძალავს კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებას, შესაძლოა დააზარალოს კომპანია და შეაფერხოს მისი საქმიანობა, რაც თავის მხრივ ასახვას პოვებს მედია საშუალების ფუნქციონირებაზეც; ასეთ შემთხვევაში ცალსახაა, რომ დაზარალდება არამხოლოდ კერძო სუბიექტების, არამედ საჯარო ინტერესიც, რომელიც პლურალისტური მედია გარემოსა და კრიტიკული აზრის თავისუფლად გავრცელებაში მდგომარეობს.
 
3.შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ განჩინების მიღებისას მოსამართლეს უნდა ეხელმძღვანელა არამხოლოდ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით, არამედ ერთის მხრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსამართლის განსაზღვრული როლისა და მეორეს მხრივ - დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის, ასევე იმ შესაძლო შეუქცევადი ზიანის გათვალისწინებით, რაც შეიძლება მიადგეს მედია საშუალებას, შესაბამისად - საჯარო ინტერესს - რუსთავი 2-ის მიმართ ზემოაღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შედეგად. 
 
კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ:
 
4.მოსამართლეს აღნიშნული ღონისძიებების გამოყენება უნდა დაესაბუთებინა არამხოლოდ იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ თეორიულად არსებობს რუსთავი 2-ის დირექტორატისა და მეწილეების მიერ კომპანიის ქონების არაკეთილსინდისიერად გასხვისების ან მისი მოცულობის შემცირების საშიშროება, რაც მომავალში საფრთხეს შეუქმნის მოსარჩელის სასარგებლოდ შესაძლო მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას,  არამედ გაემყარებინა მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული მტკიცებულებებითა თუ ფაქტებით; ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (საქმე #ას-511-821-09, 22 ივნისი, 2009 წ.  ) „ამა თუ იმ ფაქტის სამომავლოდ წარმოშობის დასაბუთებული ვარაუდი არ არის მხოლოდ პირის სუბიექტური შეფასება — ეჭვი. სამომავლოდ ამა თუ იმ ფაქტის წარმოშობის ვარაუდის დასაბუთება კავშირშია წარსულსა თუ აწმყოში უკვე არსებულ ფაქტებთან, რაც სავარაუდო ფაქტის ალბათობის მაღალი ხარისხით წარმოშობის რწენის ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს.“ 
 
5.ამასთან, ვინაიდან მოცემულ გადაწყვეტილებას შეუძლია, უარყოფითი გავლენა იქონიოს თავად მედია საშუალების საქმიანობაზე, მოსამართლეს უნდა ეხელმძღვანელა პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპებიდან გამომდინარე დაშეეფასებინა, რამდენად იყო მოსარჩელის ინტერესების დასაცავად რუსთავი 2-ის მიმართ ერთდორულად რამოდენიმე ღონსიძიების გამოყენება დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი და პროპორციული.
 
6.თუმცა,  განჩინებაში არ არის დასაბუთებული ერთდოულად რამოდენიმე ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და რატომ  არ შეიძლებოდა  იმავე ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ზომით. (კერძოდ, რატომ არ იქნებოდა მიზნის მისაღწევად საკმარისი, რომ მოსამართლეს არ მოეხდინა ერთდროულად რამოდენიმე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ან არ დაედო ყადაღა მთელ ქონებაზე და ამავდროულად არ აეკრძალა მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელება სრულად).
 
7.ამასთან, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, გამოყენებული ღონისძიების მოქმედების ვადა არ არის შეზღუდული დროის კონკრეტული მონაკვეთით, ხოლო განჩინების თანახმად, იგი ძალაშია არსებითი დავის დასრულებამდე, (და არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ დავა გაგრძელდეს თვეები და შესაძლოა - წლებიც), მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ზომების გამოყენებისას მოსამართლეს განსაკუთრებული სიმკაცრე უნდა გამოეჩინა მოცემული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების დასაბუთებულობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასებისას.
 
8.დაბოლოს, ორ კერძო სუბიექტის ინტერესებს შორის ბალანსის დასაცავად, ვფიქრობთ, მოსამართლეს უნდა გამოეყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და დაეცვა არამხოლოდ მოსარჩელის სამომავლო ინტერესები, არამედ ასევე მოპასუხეთა ინტერესებიც; შესაბამისად,  მას უნდა ემსჯელა  რუსთავი 2-თვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზეც.  თუმცა განჩინებაში აღნიშნულ საკითზე არაფერია ნათქვამი.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არამხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე. 
 
დაბოლოს, მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივი დავა უნდა წარიმართოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტის დაცვით, რასაც ითვალისწინებს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა.
 
ამავე დროს, პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით კი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა მკაცრად თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ტიპის განცხადებისა თუ ქმედებისაგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე. სასამართლოში საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების თუ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა არის და იქნება ინდიკატორი სასამართლო ხელისუფლების მიერ აღნიშნული დავის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, შესაბამისად, აპოლიტიკურად გადაწყვეტისა.
 
საია გააგრძელებს აღნიშნულ საქმეზე დაკვირვებას და მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას საკუთარ შეფასებებს საქმის სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია საიას განცხადებაში.
 
 

საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 10 აგვისტო 2015 14:09

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიღო. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მოსამზადებელი სხდომა. 

ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს წილის დაბრუნების მოთხოვნით რამდნეიმე დღის წინ მიმართა. მოსამართლემ ბიზნესმენის საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაადო. 

 

 

"რუსთავი 2- მა" სასამართლოს მიმართა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 10 აგვისტო 2015 12:41

ტელეკომპანია "რუსთავი 2"  საქმის მასალების გადაცემას  ითხოვს.  "რუსთავი 2-ის"  იურისტმა მოსამართლის სახელზე განცხადება დღეს დილით შეიტანა. ყადაღის გასაჩივრებისთვის კომპანია იმ გარემოებების გარკვევას ითხოვს, რის საფუძველზეც მოხდა განჩინების გამოტანა. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, სავარაუდოდ დღეს უნდა გადაწყვიტოს საქალაქო სასამართლომ მიიღებს თუ არა წარმოებაში ქიბარ ხალვაშის სარჩელს რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ხალვაში ტელეკომპანიაში წილის დაბრუნებას ითხოვს. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მან რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა, რაც მოსამართლემ უკვე დააკმაყოფილ

 

რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 09 აგვისტო 2015 21:44

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დროს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო უამრავი ადამიანი და მედიასაშუალება გვიკავშირდება, გვთხოვს კომენტარს თუ პოზიციის დაფიქსირებას. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით განვაცხადოთ შემდეგი.

სამართლებრივ პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. დემოკრატიულ საზოგადოებაში  ის ჭეშმარიტების დადგენის და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გზას წარმოადგენს.  

იმედი გვაქვს სასამართლო პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ის შეძლებს გამოავლინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს "რუსთავი2"-ის სახით მედიის თავისუფლებაზე ძალადობის და მანიპულირების დანაშაულებრივ სისტემას, რომელსაც 2004 წლიდან სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებდა. ამ პროცესმა გადამყვეტი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. შედეგად, თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად საზოგადოებამ ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული მანქანა მიიღო. ამ პოლიტიკური ძალადობის და პარტიული ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, როგორც "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, ჩვენ აღმოვჩნდით.

ამორალობად მიგვაჩნია მცდელობა, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან  მედიასაშუალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება მიჩქმალულ იქნას და გასაღდეს როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. ორმაგად ცინიკურია ამგვარი განცხადებების მოსმენა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც თავისი მმართველობის პერიოდში ძალ-ღონე არ დაიშურეს, რათა მოესპოთ სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში.

მივმართავთ ყველას – საზოგადოებას, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს - გავუსწოროთ თვალი რეალობას - დღეს "რუსთავი 2" არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკედებელ მედიასთან", - აღნიშნულია აქიმიძისა და დვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსთავი 2-ის ქონება დაყადაღებულია

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 აგვისტო 2015 17:50

საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ასევე დაყადაღებულია რუსთავი 2-ის სახელზე გაფორმებულ ქონება, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

რუსთავი 2-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა - არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

შეგახსენებთ, არხის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო - 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი. 

 
გვერდი 19/ 19-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური