"არტისტის დაბარება ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, კომიკურს ხდის მთელს ამ გამოძიებას"- ადვოკატი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 13:04

არტისტის დაბარება ე.წ. გადატრიალების საქმეზე კომიკურს ხდის მთელ ამ გამოძიებას, - განცხადება ამის შესახებ სოფო ნიჟარაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ე.წ მოდულის შენობასთან გააკეთა, იქ სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომღერალი სოფო ნიჟარაძე იკითხება. ადვოკატის თქმით, სოფო ნიჟარაძის დაკითხვაზე დაბარებას აქვს კონკრეტული მიზანი - ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა და დისკრედიტაცია. "არტისტის დაბარება ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, კომიკურს ხდის მთელს ამ გამოძიებას, მითუმეტეს, ფაბრიცირებული და ფალსიფიცირებული მასალების საფუძვლებზე. რა უნდა განვაცხადოთ ამაზე სერიოზულად, ერთადერთი მიზანი ამ დაბარებას აქვს, კონკრეტული პირების პირად ცხოვრებაში ჩარევა და დისკრედიტაცია", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.მოდულის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი მომღერალმა გააკეთა, მის ითქმით, ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია, მაგრამ როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ის მზად არი ყველა კითხვას გასცეს პაუხი.„მე ცოტა სასაცილოდ და აბსურდულად მეჩვენება ჩემი დღევანდელი დაბარება აქ, თუმცა თუ რამე შეკითხვა არსებობს ამ ფაბრიკაციულ ვიდეოებთან დაკავშრებით, მე მზად ვარ ვუპასუხო. როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მოვედი აქ და მზად ვარ გავცე კითხვებს პასუხები. უბრალოდ ძალიან საინტერესოა, თუ რა იქნება კითხვები, რა შეიძლება ეს იყო, არ ვიცი, დეტალებს შემდეგ გაგაცნობთ“,-განაცხადა ნიჟარაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 10:59

2015 წლის 24 და 29 ოქტომბერს უკრაინული გამოცემებით გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერები, რომელშიც ასახულია საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური  გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრები.
2015 წლის 2 ნოემბერს უკრაინულმა გამოცემებმა დამატებით გაავრცელეს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის არსებული სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერების ინტერნეტ–სივრცეში განთავსება უკრაინული ბლოგებიდან განხორციელდა, არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას საზოგადოების მაღალი ინტერესი, საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა მიერ ჩანაწერების მოპოვების კანონიერების დადგენისა და მათ მიერვე, ამ ჩანაწერების შესაძლო გასაჯაროების ეჭვების გამოსარიცხად. ამ დრომდე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან გაურკვეველია, შესაძლოა წარმოადგენდეს თუ არა მედიით გავრცელებული კადრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.
2015 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ 2015 წლის 24 ოქტომბერს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური  გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტის გამოქვეყნების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლის საფუძველზე. მეორე უკრაინული ბლოგის uareview.in.ua-ს მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერის საფუძველზე, მომდევნო დღეს, მოწმის სახით დაიკითხნენ პოლიტიკური  გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამსახური შეისწავლის მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობასა და ავთენტურობას.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სახელმწიფო საკუთარ რესურსებს იყენებდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ადამიანის პირად სივრცეში სახელმწიფოს შეჭრის პროცესი მთლიანად უნდა ექცეოდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებში, რომლის ერთ–ერთ ფორმას მსგავს ჩარევაზე სასამართლო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმი წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432 და 1433 მუხლები ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, მათ შორის სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება/ჩაწერის წესს, რომლის თანახმადაც, იგი ტარდება მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი წინაპირობების არსებობისას:
დაწყებულია გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტზე, ან სხვა იმ დანაშაულებზე, რომლებსაც კონკრეტულად და ამომწურავად განსაზღვრავს სსსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
არსებობს  პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილი მოსამართლის განჩინება, რომელშიც მითითებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფორმალურ–მატერიალური საფუძვლები.
გადაუდებელი აუცილებლობისას შესაძლებელია მოსამართლის განჩინების გარეშე დაიწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თუმცა აუცილებელია პროკურორის მოტივირებული დადგენილების არსებობა, რომელიც გადაუდებელ აუცილებლობას ასაბუთებს. ასეთ შემთხვევაშიც, კანონიერების შემოწმების მიზნით პროკურორმა მისი დაწყებიდან 24 საათში უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას ამოწმებს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში. კანონიერი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალის გასაჯაროება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესაბამისად, ფარული ჩანაწერების წარმომავლობის და გავრცელების გამოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველს არასაკმარისად მიაჩნია.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე უცნობია ახორციელებდა თუ არა რაიმე სახის ფარულ-საგამოძიებო მოქმედებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 24 ოქტომბერს, თუ მას შემდეგ გავრცელებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება გავრცელებული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და ამ ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის გამოსაკვლევად. სხვა მხრივ ვერ იქნება უზრუნველყოფილი გარეშე დამკვირვებლის ნდობა ჩატარებული გამოძიების მიმართ.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დამოუკიდებელი გამოძიების ფარგლებში მოხდეს აღნიშნული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და გავრცელების შესწავლა, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების აღსრულება.
საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს მოცემულ საქმეებზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგს.

ნოდარ მელაძე: იდარდოს იმან ვინც ილაპარაკა, შერცხვეს იმას ვინც ეთერში გაუშვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 11:45

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე დღეს, უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა. 

მელაძის განცხადებით, ის თავის საქმიანობას ძველებურად აგრძელებს, ხოლო ამ ჩანაწერების გამო იმათმა იდარდოს, ვინც ლაპარაკობს და ვინც ეთერში გაუშვა.

,,ჩვენ, ჟურნალისტები, ვუყვებით საზოგადოებას სად გადახტა კატა და მერე უკვე ისინი მსჯელობენ დანარჩენზე....

იდარდოს იმან ვინც ილაპარაკა, შერცხვეს იმას ვინც ეთერში გაუშვა… მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ...

p.s. ესეც გაივლი...“,- განაცხადა ნოდარ მელაძემ.

უკრაინული მედია - uarevo.in.ua საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს, სადაც ის მომღერალ სოფო ნიჟარაძეს და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ესაუბრება. 

აუდიოჩანაწერში სოფო ნიჟარაძე ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, თუმცა მოგვიანებით მომრერალმა ჩანაწერის ავთენტურობა უარყო.

გიორგი ლაფერაშვილი ტელეკომპანიის საზოგადოებრივ საბჭოზე საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 10:55

 რუსთავი 2-ის საზოგადოებრივი საბჭოს წევრობის კანდიდატების დღევანდელი შეხვედრით ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი კმაყოფილია. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო და ტელეკომპანიისთვის მისაღები ინიციატივა განიხილებოდა.

„ერთზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ღია პროცესი, რომელიც გაგრძელდება და ბევრ საინტერესო წინადადებამდე მივალთ. დღეს იყო კონკრეტიკაზე ლაპარაკი, რაც ჩვენთვის ძალიან მისაღებია და ნამდვილად კარგი ინიციატივები იქნა დაყენებული. საბოლოო ჯამში რა ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი ეს ისევ გუნდური მუშაობის შედეგად გაირკვევა,“ - აცხადებს გიორგი ლაფერაშვილი.

"რუსთავი 2-ის" საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 12:18

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, წარმოებაში მიიღო და გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს "რუსთავი 2-მა" სარჩელით 26 ოქტომბერს მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებდნენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც შესაძლოა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს.

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო სხდომას არასამთავრობოები ესწრებიან

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 12:08

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები სხდომას დღესაც ესწრებიან.

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, საქმის განხილვა ბევრ კითხვას ბადებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება უკანონო და ძალადობრივ ქმედებებზეა გადასული, რთული, ვივარაუდოთ, დღეს რა მოხდება. ეს პროცესი, ერთი მხრივ, ხელისუფლების თავზეხელაღებულობაზეა და მოკიდებული და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ პროტესტსა და რეაქციაზე. მე ყველა პროცესზე დავდივარ, რომ ერთი მხრივ, უკანონობა აღვრიცხო და მეორე მხრივ, ამ პოლიტიკური პროცესისადმი ჩემი პროტესტი დავაფიქსირო,“-განაცხადა საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ.

სასამართლო სხდომას ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებიაც, ესწრება. ნაჭყებიას თქმით, მას სერიოზული ეჭვი აქვს, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესები ხელისუფლების მიერ არის მართული.

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:00

 რუსთავი 2-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დაიწყო. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები დღეს რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. 

რუსთავი 2-ის იურისტები მოითხოვენ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადება საქმეს მტკიცებულებად დაერთოს, რომელიც მან დაახლოებით 4 დღის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, სადაც ის აღნიშნავს, რომ  მას ე.წ. საბალანსო ნაშთის ფურცელი კომპიუტერში ჰქონდა შენახული, ამობეჭდა და მოსარჩელე მხარეს მიაწოდა.

ადვოკატების თქმით, მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს დოკუმენტის დედანი, რომელსაც ბერიანიძე აწერს ხელს და ქიბარ ხალვაშის განცხადების სისწორეს გამორიცხავს.

სასამართლო პროცესს ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან. 

 

კვირის მნიშვნელოვანი თემები "აქტუალურ თემაში"

გამოქვეყნებულია ვიდეო
კვირა, 01 ნოემბერი 2015 18:43

„რუსთავი 2“-ის გადადებული პროცესი, უკრაინულ პორტალზე ატვირთული საიდუმლო ჩანაწერები და ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიება. „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელებისა და ქვეყნის ლოდერების განცახდებები „აქტუალურ თემაში“. რეგიონული და გლობალური გამოწვევები - უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი და ნატოს კვირეული საქართველოში. "აქტუალური თემის" შეკითხვებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ელენე გოცაძე და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი პასუხობენ. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინიეთ რადიო “ სტარეფემზე“ გადაცემაში „აქტუალური თემა“.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 22:48

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის. ამის შესახებ განცხადება სამაუწყებლო კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა გააკეთა. 

"ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთხელ განვაცხადეთ,  რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის პოზიცია. ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს და მათი თამაშის წესებს. ჩვენი სურვილია ვაკეთოთ ის საქმე, რაც ვიცით – გავაშუქოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ჩვენი მიზანია ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურები. თუმცა, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესების შემდეგ, საზოგადოების ნაწილს შესაძლოა დარჩეს კითხვები ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. 

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც კონტროლს გაუწევს იმ კონტენტს, რასაც რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახური ამზადებს. ეს მოიცავს, როგორც ახალ ამბებს, ასევე ანალიტიკურ და პოლიტიკურ პროგრამებსაც.

ეს ინიციატივა ჩვენ დღეს განვიხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე.
რამდენადაც ის სავსებით მისაღები აღმოჩნდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტებისთვის, ვესაუბრეთ ამის შესახებ არხის ხელმძღვანელობას, დამფუძნებლებს და გვაქვს მათი თანხმობა შემდეგზე:

საბჭო იფუნქციონირებს არხის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში
მისცემს არხს რეკომენდაციებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით.
იქნება დავების განმხილველი მეორე ინსტანციის ორგანო, დააფიქსირებს დარღვევებს და გასცემს ამ დარღვევების აღმოფხვრის რეკომენდაციებს. ამ ეთერით ჩვენ გვინდა მივმართოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ მიიღონ ჩვენი შეთავაზება და გახდნენ რუსთავი 2-ის საზოგადოებრივი საბჭოს წევრები. ეს ორგანიზაციებია:

 • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
• საერთაშორისო გამჭვირვალობა;
• საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
• სიდა;
• მედიის განვითარების ფონდი;
• სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
• საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
• ფონდი ინტერნიუსი;
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

გარდა ამისა ეს შეთავაზება ჩვენ გავუკეთეთ:

• ჟურნალისტ ნინო ჯაფიაშვილს;
• მედიამკვლევარ ნინო დანელიას;
ჟურნლაისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანს ნინო ივანიშვილს.

ჩვენი სურვილია უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საბჭო უკვე ჩამოყალიბდეს და დაინიშნოს პირველი სხდომა,"- განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა. 

რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს "რუსთავი 2", მათ აქვთ უფლება იმუშაონ"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 17:33

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,მას აოცებს ის ფაქტი, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საუბრობს ყველა, გარდა იმ ხალხისა, ვისაც სასამართლო დავა ეხება. როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს "რუსთავი 2" და რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ მისი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები, მათ აქვთ უფლება, იმუშაონ.

"გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს ემიჯნება ყველა, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. ყველა ამბობს, ჩვენ არაფერს არ ვგეგმავდითო. არ ვიცი, ესე იგი მხოლოდ სააკაშვილი გეგმავდა რაღაცას და მისი პარტია აღარ ემორჩილება?! არ ვიცი, ეს როგორ არის. ამ საქმის პოლიტიკური მხარე სრულიად ნათელია. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია, რომ მედია არ დაზარალდეს. რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს "რუსთავი 2", რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ მისი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები, მათ აქვთ უფლება, იმუშაონ. 
პირველ რიგში მაოცებს ის, რომ ამ თემაზე ყველა საუბრობს, გარდა იმ ხალხისა, ვისაც საკითხი ეხება. დავა კონკრეტულად ამ არხის მეპატრონეებთან, მათი კომპანიის თუ ქონების თაობაზეა. ვიღაცეები მას იცავენ, ვიღაცეები ბარიკადების აშენებას აპირებენ, ვიღაცეები პოზიციებს სხავანაირად გამოხატავენ. პირველ რიგში მაინტერესებს, ეს ხალხი არსებობს ბუნებაში, ისინი რეალურად ამ ტელევიზიის პატრონები არიან, თუ აღარ არსებობენ და უარი აქვთ ნათქვამი?! თუ ასეა, მაშინ სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც სხვა სურათი და ვითარება გვექნება. ყველა რაღაცას ლაპარაკობს, რაღაცას ცდილობს - დაცვას თუ პოზიციების სხვა ფორმებით გამოხატვას, გარდა იმ ხალხისა, ვისაც ეს ეხება. ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ესაა. დანარჩენი ამ პროცესიდან, ვინ რა სარგებელის გამონახვას ცდილობს, ეს სხვა თემაა. კიდევ სხვა თემაა შესაძლო კანონდარღვევები, რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს და ეს სამართალდამცავების საქმეა", - განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური