"რუსთავი 2-ის" ადვოკატები სტრასბურგში დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 06 მარტი 2017 11:17
დღეს "რუსთავი 2-ის" ადვოკატები სტრასბურგი სასამართლოში აღსრულების შეჩერების მექანიზმის გასახანგრძლივებლად საჭირო დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან. დოკუმენტაციას შორის არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის განცხადებები. სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ დროებით შეჩერებით მექანიზმს ვადა 8 მარტს ეწურება.

"რუსთავი 2"-ის საქმე

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 06 მარტი 2017 09:56
გამთენიისას, მიუნხენის რეისით საქართველოდან ქიბარ ხალვაშის ადვოკატი გაემგზავრა. პაატა სალიამ ვიზიტის დეტალებზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას პირადი შეხვედრები აქვს დაგეგმილი, რაც ევროსასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმეს არ უკავშირდება. ადვოკატის განმარტებით, სტრასბურგში მხარეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება და არა ქიბარ ხალვაში, შესაბამისად, სამომავლოდ ყველაფერი იმ დოკუმენტებზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ქვეყანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე წარადგენს. პაატა სალიას თქმით, ქიბარ ხალვაში ევროსასამართლოში 8 მარტს ჩანიშნული განხილვის შედეგებს ელოდება.

„ივანიშვილის ხროვას დოქსოპულოსავით დედები აღარ ჰყავთ“ - შალვა ნათელაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 15:45
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. „ივანიშვილის ხროვას დოქსოპულოსავით დედები აღარ ჰყავთ,“- განაცხადა ნათელაშვილმა. ლეიბორისტული პარტია ევროპის სასამართლოს მიმართავს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. პარტია ასევე ამერიკის კონგრესს მიმართავს ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები გაყინოს. „სასწორზე დგას საკითხი, ჩვენ მოვახდენთ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს თუ ივანიშვილი მოახდენს საქართველოს დემონტაჟს, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ ხელისუფლების დემონტაჟი,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილს „მოსიარულე ბოროტება, ჭირი და სახადი“ სასამართლოს კი „უღირსი“ უწოდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 14:27
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, ყველას მოუწოდებს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე. რამდენიმე წელია მიმდინარეობს სასამართლო დავა საკუთრების უფლებების დასამტკიცებლად. ამ საქმემ უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია, ხოლო უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიიღო განჩინება ამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ. საქართველოს მთავრობა აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილების პატივისცემა. ამავე დროს, მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად."- აღნიშნულია განცხადებაში.

„ნაცების რეჟიმიც მაგ შეცდომამ დაანგრია და ქოცებსაც ეს შეცდომა მოუღებს ბოლოს“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 14:05
„დიდი შეცდომაა მედია სივრცის ჩაკეტვა“ - წერს რუსთავი 2-ის პროექტების პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია და სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს. გიორგი ხაბურზანია: „არსებობს მარტივი ჭეშმარიტება. ქვეყანა შეიძლება იყოს ღატაკი და უპერსპექტივო, მაგრამ ხალხი იყოს წყნარად თუ მათ გამოხატვის თავისუფლება და მთავრობის ღიად გინების საჯარო სივრცე აქვთ. ასეთ მოდელს შეუძლია დიდხანს გასტანოს. ასევე არსებობს მოდელი რომ ქვეყანა იყოს მდიდარი, მყიდველუნარიანი საშუალო ფენით, ცხოვრების მაღალი ხარისხით და ამ ქვეყაბაში იყოს შეზღუდული სიტყვის თავისუფლება და იყოს აკრძალული მთავრობის გინება. ასეთი მოდელიც სიცოცხლის უნარიანია და ასეთი მთავრობებიც დიდხანს არსებობენ. მაგრამ თუ სტალინის რანგის ან კიმ იან უნგის დონის დიქტატორი არ ხარ, მოდელი სადაც ხალხს უკიდურესად უჭირს და თან მთავრობას ვერ აგინებს, დიდი ხანი ვერ გასტანს. მითუმეტეს საქართველოში სადაც ხალხს გულის მოფხანა და განტვირთვა ჭირდება. ასე, რომ დიდი შეცდომაა მედია სივრცის ჩაკეტვა, ნაცების რეჟიმიც მაგ შეცდომან დაანგრია და ქოცებსაც ეს შეცდომა მოუღებს ბოლოს. ჩვენ სკანდინავია არ ვართ, რომ თავისუფლება და განვითარება ერთად გვქონდეს, მაგრამ თუ არ გვავქს ერთი არც შუა აზია არ ვართ რომ ორივეს არ ქონა დიდხანს მოვითმინოთ.“

საზოგადოება ამ ვითარებას არ შეეგუება, გავაპროტესტებთ ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით- ბოკერია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 13:09
„მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით „რუსთავი2“-ის დაცვა ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით მოხდება, „ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმმა და პირადად მან, ასევე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა, რომელმაც მისი დაკვეთით ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე იმუშავა და ბოლო ფაზაში იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ზეწოლას ან მის დაკვეთას ვერ გაუძლეს, ან უბრალოდ სიამოვნებით შეასრულეს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ამ ვითარებას არ შეეგუება. როგორ ფორმებს მიიღებს, როდის იქნება კულმინაცია ამ სამოქალაქო პროტესტის, მე ამ პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას, ვაპროტესტებთ და ვაგრძელებთ ამას, მათ შორის ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით, აქ „რუსთავი 2“-თან დგომით. შეუძლებელია ჩვენ და ამ ქვეყნის აქტიური მოქალაქეები შევეგუოთ ამ ვითარებას და ივანიშვილის გეგმას, რომ ის იყოს მმართველი ყოველგვარი კრიტიკის გარეშე და ჩვენს მოქალაქეებს არ დავუტოვოთ შესაძლებობა დემოკრატიული ფორმით კრიტიკისა და შემდეგ ამ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გუშინ "რუსთავი2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

"რუსთავი2-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას"- მამუკა მდინარაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 13:00
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამაკა მდინარაძის თქმით მმართველი გუნდი საქართველოში მედიაპლურალიზმის არსებობას აუცილებლად შეუწყობს ხელს. მდინარაძემ ასევე უპასუხა იმ კრიტიკას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მისამართით გაისმა იმის გამო, რომ მათ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ძალიან მოკლე ვადაში განიხილეს „ამ ტომებს მოსამართლეები არ ეცნობიან იმ დღეს, როცა საქმის განხილვა მიმდინაროებს, ესაა საქმის განხილვის დასკვნითი ეტაპი და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს, და მე ვერ მივაყენებ სასამართლოს შეურაცხყოფას იმით რომ ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება ვუწოდო. რუსთავი2-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას. საქართველოში მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მედიაპლურალიზმი და ჩვენ ამას აუცილებლად შევუწყობთ ხელს, ამას არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ეს მთავრობა უნდა წავიდეს, როგორც სასამართლოზე ზემოქმედების ავტორი - რომან გოცირიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 01:30
„ეს არის ძალიან პრაგმატული შეთავაზება," - ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, ტელეკომპანია რუსთავი2-ის მენეჯმენტის მიერ ქიბარ ხალვაშისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე საუბრობს. “ეს არის გონივრული და სწორი. არა მგონია, ეს იყოს რაღაც ტაქტიკური შეთავაზება, რომელიც კიდევ ერთხელ ამხელს ხელისუფლების უგუნურობას და იმას, რომ, თითქოს, ქიბარ ხალვაშს ამოძრავებს კეთილი სურვილები. ეს არის ძალიან პრაგმატული შეთავაზება, რომელმაც შესაძლებელია, ქვეყანა ააცილოს მოვლენების კრიზისულ განვითარებას. მთავრობამ, რა გინდ მარიონეტიც არ უნდა იყოს, უნდა აგოს პასუხი. ეს მთავრობა უნდა წავიდეს, როგორც სასამართლოზე ზემოქმედების ავტორი. თუ შემოთავაზებაზე არ წამოვლენ, მაშინ ჩვენი ლოზუნგი იქნება, გადადგეს მთავრობა და გაყიდე აქტივები ხალვაშო, ეს იქნება მთავარი ლოზუნგი,“ - განაცხადა გოცირიძემ.

მგონია, რომ ეს გამოგვიყვანს იმ ჩიხიდან, რომელშიც ჩვენ შევედით - ლაშა ტუღუში რუსთავი2-ის შეთავაზებაზე

გამოქვეყნებულია ახალი ამბები
პარასკევი, 03 მარტი 2017 01:17
„ასეთი ზეწოლის პირობებში ასეთი წინადადება, მე მეჩვენება, რომ რეალისტურია,“ - ასე აფასებს ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში რუსთავი2-ის გუნდის ხალვაშისადმი შეთავაზებას. ლაშა ტუღუში აღნიშნავს, რომ ეს შეთავაზება ჩიხიდან გამოიყვანს არსებულ მდგომარეობას. „მგონია, რომ ეს გამოგვიყვანს იმ ჩიხიდან, რომელშიც ჩვენ შევედით და, თუ ჩვენ არ გამოვედით ამ ჩიხიდან, ძალიან ცუდად წავა ეს საქმე,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ვაჭრობა რუსთავი 2-ის საქმეზე - ,,ხელისუფლებამ ეკა ბესელიას მეშვეობით ოქრუაშვილთან მოლაპარაკება დაიწყო“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 01:08
გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ს საკითხზე ხელისუფლებამ ვაჭრობა დაიწყო. "ყურადღება: ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის საქმეზე ეკა ბესელიას მეშვეობით მოლაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილთან. დაიწყო ვაჭრობა !"- წერს კილაძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური