თამარ ჩუგოშვილი - გუშინ რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, იყო ცირკი
გუშინ რაც რუსთაველზე ხდებოდა იყო ცირკი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. დეპუტატი არასერიოზულად მიიჩნევს კითხვას იმის შესახებ, უნდა შეხვდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ზაზა სარალიძესთან ერთად აქციაზე მდგომ პოლიტიკოსებსაც.
"როდესაც პარტიები ამბობენ, მოვდივართ პრემიერთან, რომ მოველაპარაკოთ მისი გადადგომის პირობებზეო, ეს უკვე ყველაფრის მიღმა არის. ასეთ დროს თუ გგონიათ, რომ პრემიერი უნდა ადგეს და ამ ადამიანებს სერიოზულად დაელაპარაკოს, ვერ დაელაპარაკება, იმიტომ რომ, მაშინ იმ ხალხის მხრიდანაც სერიოზული დამოკიდებულება უნდა იყოს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ზოგადად რაც ბოლო დღეებში ქალაქში მიმდინარეობდა, არ იყო კარგი საყურებელი, მათ შორის, რაც ვაკის პარკში ხდებოდა.
"ადამიანური ტრაგედიის მიმართ ყველანი სოლიდარულები ვართ. დანარჩენი, რა ფორმებიც მიიღო ქალაქში საპროტესტო აქციებმა, მე მგონი, არავის მოგვწონს. მე არ ვამბობ პირველ დღეს გამართულ აქციაზე, არამედ გუშინ რაც ხდებოდა ქალაქში, მათ შორის, სახალხო დამცველის შეურაცხყოფა სრულიად მიუღებელია და მიხარია, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრათ შესაბამის პირებს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.
რუსთაველის გამზირი და ბარათშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია
რუსთაველის გამზირი და ბარათშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. აღნიშნულ ადგილზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი და რამდენიმე ათასი მორწმუნე მონაწილეობს. აქციის მონაწილეეები სამების ტაძრისკენ მიემართებიან.
აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი მორწმუნეებს, მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და სადღესასწაულო პარასკლისს გადაიხდის.
შეგახსენებთ, საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღედ დააწესა.