საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019 11:14

2019 წლის 7 აგვისტოს 11 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.
11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულვებელყოფით განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის  მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების  სისტემას.
რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
ამასთან, დგამს ნაბიჯებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით, პარალელურად, კი ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან. ამ მიზნით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების პრაქტიკას, რითაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
შეშფოთებას იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და ღირსების შელახვა, ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულების გზით.
კიდევ უფრო საგანგაშოა ეთნიკურ ნიადაგზე წამებისა და მკვლელობის შემთხვევები, რასაც ადასტურებს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულ საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებამ შესაძლებელი გახადა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება უკანონო ტყვეობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე.
განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავაც მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას.
ამ ფონზე, კიდევ უფრო აშკარაა ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობა, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი წვდომის საჭიროება. 
არსებული გამოწვევების პასუხად, საქართველოს მთავრობა განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, მოლაპარაკებებისა და დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის გზით. საქართველომ სრულად შეასრულა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და ცალმხრივად არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ერთგულება, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში. იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების დაზიანებას, საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ძალისხმევას არ იშურებს რუსეთის უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. პარალელურად, საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, რისი დასტურიცაა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.
დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, 2012 წლიდან გადაიდგა ნაბიჯები რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღსადგენად, ქართულმა მხარემ მიიღო რიგი კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რუსეთის შესაბამისი ნაბიჯები კონფლიქტის დარეგულირების კუთხით.
ქართული მხარე დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა წარმართოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად. 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები  საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დასარეგულირებლად,  კონფლიქტის დიალოგის გზით მოწესრიგებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით.  
საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.
 

"დასავლეთი რუსეთს სტიმულს აძლევს იგივენაირად მოიქცეს სხვა ქვეყნებშიც" -გიორგი ბარამიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:44

„დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოკუპირებული ტერიტორიების გამო საქართველოსთვის უარის თქმით, პრაქტიკულად ეუბნება რუსეთს, რომ - „დიახ, თქვენი მოქმედებები ეფექტურია და იძულებული ვხდებით, არ მივიღოთ ის სახელწმიფოები, რომლებიც გაწევრიანებას იმსახურებენ“. ასეთი მაგალითით, დასავლეთი რუსეთს სტიმულს აძლევს იგივენაირად მოიქცეს იმ სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც ასევე მოინდომებენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

"რუსეთთან ომი კარგი არ არის" - გიორგი ბარამიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:38

„ომი არავის არ უნდოდა...რუსეთთან ომი კარგი არ არის. ეს ის არ არის, რაც საქართველოს სჭირდება. სამწუხაროდ, საომარი კამპანიის დამწყებმა რუსეთმა ჩაგვაყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენ სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეგვეძლო.
 ამერიკასაც, ჩვენსავით, იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბურ აგრესიას არ გამოავლენდა. გვეუბნებოდნენ, რომ მშვიდად ვყოფილიყავით, რადგან რუსეთი არ აპირებდა საქართველოს წინააღმდეგ მასჭტაბური ომის წარმოებას. ჩვენც გვჯეროდა ამის.“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

"ნატოს შეეშინდა რუსეთის, რომ საქართველოსთვის მაპი მიეცა" - გიორგი ბარამიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:33

„სამწუხაროდ, ჩემი აზრით, კოსოვოს აღიარება არასწორი გადაწყვეტილება იყო. ამის გამო რუსეთი დაემუქრა დასავლეთს, რომ შურს იძიებდა. ამავდროულად, ნატომაც საკუთარი თავი არც თუ ისე კარგად წარმოაჩინა იმ კუთხით, რომ შეეშინდა, ისევ და ისევ რუსეთის, საქართველოსთვის მაპის მიცემა, რომელიც საქართველოსთვის ბოლო ნაბიჯი იქნებოდა ნატოში გასაწევრიანებლად. ერთი მხრივ, ნატოს შეეშინდა მაპის მოცემის, ხოლო მეორე მხრივ უპრეცედენტო განცხადება გააკეთა, რომ საქართველო, უკრაინასთან ერთად, აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. ასეთი განცხადება ნატოს არცერთ ქვეყანასთან ურთიერთობისას არ გაუკეთებია. გამოვიდა, რომ ნატოს თან უნდოდა საქართველოს გაწევრიანება, თან არა. რუსეთმა კი ნატოს ამ პოზიციაში დაინახა სისუსტე ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ დაინახა, რომ თუკი საქართველო ასე გააგრძელებს, ის გაწევრიანდება ნატოში.“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

"ჩვენ მხოლოდ ორი გამოსავალი გვქონდა: ცუდი და უარესი" - გიორგი ბარამიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:24

„ჩვენ უნდა ვმსხდარიყავით და გვეყურებინა ეს „მწვანე ადამიანები“ როგორ გადმოვიდოდნენ ამ სოფლებში, დახოცავდნენ და იძალადებდნენ ჩვენს მოქალაქეებზე, ხოლო საქართველოს მთავრობას მხოლოდ საშველად უნდა ეყვირა...ვიცით, რომ ამას შედეგი არ მოყვებოდა. ამდენად, იმ დროს ჩვენ მხოლოდ ორი გამოსავალი გვქონდა: ცუდი და უარესი. კარგი გამოსავალი არ იყო იმიტომ, რომ საქმე გვქონდა არა რუსულ რეგულარულ  არმიასთან, არამედ რუსუეთის მთავრობასთან, რომელმაც პირველ ტალღად ე.წ. „მწვანე ადამიანები“ გამოგზავნა." -  განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური