საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი რუსეთის ფედერაციის განცხადებაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 მაისი 2020 16:02

26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო იღებდა მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მილოცვებს, გავრცელდა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

ხსენებული დეზინფორმაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ცენტრის საქმიანობა მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ და ცენტრის ფუნქციონირება ძალზე პოზიტიურად ფასდება საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განმარტებები ცენტრის სტატუსსა და ფუნქციონირების დეტალებზე, თუმცა რუსეთის გამუდმებული პროვოკაციები გვაიძულებს კვლავ შევეხოთ ამ საკითხს, რითაც პირველ რიგში გვსურს მივიპყროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება რუსეთის უხეში მცდელობების მიმართ დააკნინონ წარმატებული ინსტიტუციის როლი საქართველოს და რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ერთეული. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ცენტრს.

ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საფუძველზე.

ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში.
ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს,  რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში. 

ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული შესაძლებლობებით ასევე სარგებლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA) და ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი. დამატებით, ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების შესაბამისი უნივერსიტეტების მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით.

ამდენად, ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი ექსპერტები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით. ცენტრის ამოცანების დასახვაში, ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ, მით უმეტეს მათ არ აქვთ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება.

საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთდადერთ  ინსტრუმენტად.
სწორედ ამ მექანიზმის ფარგლებში და რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ვარჯიშს მოცემულ ობიექტზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოებისა და ბიო-ექსპერტებმა 20-მდე ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, თუმცა მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით.
იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

ამის სანაცვლოდ, რუსეთის საგარეო უწყება ეჭვის ქვეშ აყენებს წამყვანი ექსპერტების დასკვნებს, ცენტრის მონახულების შემდეგ და, რაც უფრო შემაშფოთებელია ცრუ ბრალდებები ეფუძნება გაუგებარი „ექსპერტების“ დეზინფორმაციას, რაც აქტიურად ვრცელდება მხოლოდ რუსეთის მედიის საშუალებებით და ნათლად ისახება მათი არგუმენტაციისა თუ საფუძველის არაკომპეტენტურობა და აგრესიულობა.
რაც შეეხება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარის დებულებას რუსეთის ფედერაციის ექსპერტების მიერ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულების თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ-ქვეყნებთან ერთად.

რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, მოწოდებით შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება. ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 10:09

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. 
აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.
სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
ზემოაღნიშნული ფაქტი და ზოგადად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რათა აღნიშნული ქმედება ადექვატური საერთაშორისო შეფასებისა და შესაბამისი პასუხის გარეშე არ დარჩეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია იმართება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 21 აპრილი 2017 17:01

21-22 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია იმართება. 

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იტყობინება, 2017 წლის კონფერენციაში მონაწილეობენ მომხსენებლები 26 ქვეყნიდან: საქართველო, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ისრაელი, შვედეთი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, ომანი, ლიბია, მალაიზია, პაკისტანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა. სხვადასხვა თეამტურ პანელებზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხება განათლებას, განათლების ისტორიას, განათლების ფსიქოლოგიას, სასწავლო გარემოს მართვას, განათლების ლიდერობას, მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას, უცხოური ენების სწავლების მეთოდებს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერებას, ლიტერატურას დაზოგადად, კულტურას.

კონფერენცია უკვე მეშვიდე წელია, განათლებისა და ჰუმანუტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციის მთავარ მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების თეორიასა და პრაქტიკას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. 

რუსეთის სამხედრო ავიაციამ სირიაზე მორიგი ავიადარტყმები განახორციელა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 15:55

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ავიაციის იერიშის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ შტაბი და სამხედრო მარაგის საწყობია განადგურებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ავიაციამ სირიაში, იდლიბის რაიონში ტერორისტების შტაბი და სამხედრო საწყობი, ასევე, ჰამას დასახლებული პუნქტის რაიონში ბოევიკების 3-დონიანი სამეთაურო პუნქტი გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს რუსეთმა, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიმართვის საფუძველზე, სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავაიერიშის განხორციელება დაიწყო.

ორშაბათს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრაა დაგეგმილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 12:06

28 სექტემბერს, რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართება. პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  რუსეთის პრეზიდენტი  ასევე შეხვდება იაპონიის პრემიერმინისტრს სინძო აბეს.

მისი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ნიუ-იორკში ჩაფრინდება, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა, შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდება ბარაქ ობამასა და სინძო აბეს.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ამ შეხვედრის ინიციატორი თავად რუსეთის პრეზიდენტია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური