თურქეთი 2020 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 26 იანვარი 2021 13:42

გასულ წელს თურქეთი 1 მილიარდ 597 მილიონ 545 ათასი დოლარით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი 1 მილიარდ 328 მილიონ 243 ათასი დოლარით მეორე, ხოლო  ჩინეთი 1 მილიარდ 185 მილიონ 17 ათასი დოლარით მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდა.

ამავე ინფორმაციით, გასულ წელს 1 მილიარდ 407 მილიონ 975 ათას 400 დოლარის ღირებულების ანუ ყველაზე მეტი იმპორტი საქართველოში თურქეთიდან განხორციელდა. გასულ წელს საქართველომ, ჩინეთს 476 მილიონ 269 ათას 900 დოლარის ღირებულების პროდუქტი მიჰყიდა.

ასე, რომ გასულ წელს საქართველომ ყველაზე მეტი იმპორტი თურქეთიდან, ხოლო ყველაზე მეტი ექსპორტი ჩინეთში განახორციელა.

აშშ-ის საელჩოს განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 22 იანვარი 2021 11:45
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.
სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების" დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი", - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 10:34

აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია მთიან ყარაბაღში ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დამყარების შესახებ.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტნმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კრემლის სასახლეში გამართული 4 საათიანი პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

პუტინმა განაცხადა, რომ ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების შესახებ.

პუტინი: „ამ მიზნით რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების თავმჯდომარეობით  სპეციალური სამმხრვი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.“

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინთან გამართული პირისპრი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „აზერბაიჯანი, 30 წლის შემდეგ სომხეთის გავლით სატრანსპორტო გზით დაუკავშირდება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. სომხეთს ასევე ექნება სარკინიგზო კავშირები აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით,  რუსეთთან და ირანთან. აზერბაიჯანს ასევე ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკის გავლით თურქულ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა და ამით ასევე, თურქეთ-რუსეთს შორის სარკინიგზო კავშირის დამყარების საშუალებაც იქნება.“

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა. ეს პირველი ერთობლივი შეხვედრა იყო მას შემდეგ რაც, 9 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას მთიანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობებისა და სამშვიდობო მისიით რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის განლაგების შესახებ.

სამმხრივი შეხვედრის პარალელურად სომხეთში მოქალაქეები და ოპოზიცია კვლავ აპროტესტებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შეთანხმებაზე ხელისმოწერას და მის გადადგომას ითხოვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020 12:06

2020 წლის 10-11 დეკემბერს, ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში ადგილზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.  
საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცება, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სივრცეში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება. ქართველი მონაწილეები გამოეხმაურნენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვას, რაც ანექსიის ფორმალურად გაფორმებისაკენ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯად შეფასდა. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის მორიგ აგრესიულ მცდელობას, დააკანონოს ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების პრაქტიკა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.
ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო მილიტარიზაციასა და  რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, რაც ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად შეფასდა. აღინიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისევე, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე.
საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პარალელურად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებას, მათ შორის, კიბერთავდასხმებსა და დეზინფორმაციის აქტიურ კამპანიას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიის წინააღმდეგ.
საქართველოს დელეგაციამ დასვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი და მოითხოვა ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტავისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი, საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას ისედაც რთულ სოციალურ ყოფას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამედიცინო ევაკუაციის ეთნიკურ ნიადაგზე შეზღუდვის ფაქტებზე, რამაც ადგილობრივთა გარდაცვალების არაერთი ფატალური შემთხვევა გამოიწვია.
მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ხაზგასმით აღინიშნა მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკული საჭიროება. ამ თვალსაზრისით აღინიშნა ასევე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროებისა და დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობა.
საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების გააქტიურებულ მცდელობებზე და საშიშ ტენდენციად შეაფასა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული რუსიფიკაციის პროცესი. ამ კონტექსტში კვლავ აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფის აუცილებლობა.
ამ ფონზე ხაზი გაესვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის საჭიროებას. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავად განხორციელების აუცილებლობას, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
შექმნილ ვითარებაში ხაზი გაესვა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ნაბიჯი პირდაპირ აისახება ადგილზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობაზე.
საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და  აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.
ვრცელი დისკუსია შედგა დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო ყოფნითა და რეგულარული სამხედრო წვრთნებით მოსკოვი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, რაც კრიტიკულად აუცილებელს ხდის რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებასა და შესრულებას. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნითა შესაძლებელი, რაც მდგრად საფუძველს შექმნის ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში, ქართველმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დაცვით.
ტრადიციულად, დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება წარმოადგენდა. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა დევნილთა დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობა. თუმცა რუსეთისა ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს.
ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიხალკას სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

საგარეოს პრეს-რელიზი

დავით ზალკალიანი ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2020 11:28

მინისტერილიაზე სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე და ეუთოს რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად ეუთოს ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე.
„გლობალური პანდემიის  დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეუთოს ტერიტორიაზე არსებულმა კონფლიქტებმა მოწყვლადი საზოგადოებები განსაკუთრებით რთულ პირობებში ჩააყენა. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში წარმოდგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. საგანგაშოა, რომ ეუთოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია - კვლავ განაგრძობს დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში.“ - განაცხადა მინისტრმა.
ზალკალიანმა შეხვედრის მონაწილეების ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ქმედებებზე, ასევე ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ რთულ გამოწვევებზე; ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლები, ფაქტობრივად იქცნენ ამ უკანონო პოლიტიკის მძევლებად; კვლავ გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და დამკვირვებელთა მექანიზმების არსებობის  მნიშვნელობას.
„რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და  ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის, ე.წ.  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების მის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში სრულად გაერთიანება.“ - განაცხადა მინისტრმა.
ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველო არ იშურებს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე პროგრესის მისაღწევად და მუდმივად აწარმოებს შერიგების და ნდობის აღდგენის პოლიტიკას. ამასთან, აღინიშნა, რომ  საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და მრავალჯერ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება. ხაზი გაესვა, რომ  საქართველო აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლავ ითხოვს რუსეთის მხრიდან საპასუხო ვალდებულების აღებას.
„კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები და დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ორივე რეგიონში, გაიყვანოს სამხედრო ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.“ - განაცხადა ზალკალიანმა.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებულ, როგორც ჰიბრიდულ ომზე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიან კამპანიაზე, ისე გახშირებულ კიბერთავდასხმებზე საქართველოს მთავრობის, სასამართლო სისტემის, მედიისა და კერძო სექტორის წინააღმდეგ. ხაზი გაესვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის დისკრედიტირების მიზნით, მის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას.
გასმოსვლის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, საქართველო დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე მტკიცედ დგას და ერთგულად ახორციელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
„ცოტა ხნის წინ, საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც კონკურენტუნარიანი, სადაც მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზი

საგარეო უწყება: რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცება უკანონო ნაბიჯია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020 10:52

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება წარმოადგენს დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება.  
 
რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“ თუ „პროგრამა“ უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

თურქეთი და რუსეთი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გააკონტროლებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2020 15:15

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, საპრეზიდენტო კომუნიკაციების დირექტორატის განცხადების თანახმად, საუბრის დროს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების, მთიანი ყარაბაღის და სირიის თაოსნობით რეგიონალური მოვლენები განიხილეს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ წინა საღამოს სწორი ნაბიჯი გადაიდგა მთიანი ყარაბაღის საკითხის საბოლოო გადაწყვეტის გზაზე.

პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, საჭიროა თურქეთის და რუსეთის ინტენსიური მონაწილეობით მიღებული ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის ხელიდან არ გაშვების გარეშე სამართლიანი და საბოლოო მშვიდობისა და რეგიონში სტაბილურობის დასამყარებლად გამოყენება და რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის და ერთობლივ განცხადებებში აღნიშნული დაპირებების შესრულება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთიც სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანის მიერ განსასაზღვრ ადგილზე შესაქმნელი ერთობლივი ცენტრის საშუალებით, რუსეთთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის დაკვირვებისა და გაკონტროლების საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას და ამის გამო რუსულ მხარეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელების სამშობლოში დაბრუნების, რომელთაც სომხეთის ოკუპაციის გამო მოუწიათ ყარაბაღის დატოვება და აზერბაიჯანსა და ნახიჭევანს შორის დერეფნის გახსნის მნიშვნელობას.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთიანმა ყარაბაღმა აჩვენა რეგიონული კონფლიქტების და კრიზისების მოგვარებაში თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა და რომ იგივე თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა განხორციელდეს სირიის კრიზისისთვის და აქაც შესაძლოა მსგავსი მექანიზმის შექმნა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხი არ განიხილება-აცხადებს ნ. ფაშინიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020 10:36

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნ. ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენს დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას“, – აღნიშნა ნ. ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მათ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის ჩარევის შესაძლებლობა არ განუხილავთ.

წყარო: https://1tv.ge/news/nikol-fashiniani-ackhadebs-rom-yarabaghis-konfliqtis-zonashi-saertashoriso-samshvidobo-dzalebis-sheyvanas-ar-ganikhilavs/

 

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია - სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020 15:11

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ქართულ-ამერიკული საბჭოს ირგანიზებით გამერთულ ყოველწლიურ კონფერენციაში - “Georgia and its Neighborhood”, სადაც საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.
 
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრის წლისთავი არის შეხსენება იმისა, თუ რა ძალისხმევა გვესაჭიროება რათა რეგიონი გათავისუფლდეს კონფლიქტებისგან.  ასობით მოქალაქემ, რომელიც დაიღუპა ან დაშავდა რუსული აგრესიის შედეგად, უნდა გვაიძულოს, რათა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და მოვთხოვოთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი ყველა მეზობლის, განსაკუთრებით კი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსა და ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთიბაში კი, ჩვენი ვალდებულება დემოკრატიის წინაშე, უპირატესია,“ - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა.
 
მისივე თქმით, აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას საერთო ხედვის განსახორციელებლად, რათა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი გახდეს უსაფრთხო, გათავისუფლდეს ზიანის მომტანი გავლენებისგან და ფოკუსირება მოახდინოს დემოკრატიულ მმართველობასა და ეკონომიკურ ზრდაზე.
 
სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ისაუბრა ლევან მიქელაძეზე და ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატის სახელობის ფონდის მნიშვნელობას საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ბიგანმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთოს ღირებულებებს, როგორიცაა: ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

 

ბიოლოგიური იარაღი რუსეთის საზღვართან

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020 16:22

უცხოური მასმედია კორონავირუსის შესახებ, ბიოლოგიური იარაღი რუსეთის საზღვართან 

ვლადიმერ ივანოვი

რუსეთის ფედერაციის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოსა და უკრაინაში განთავსებული ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობა, სადაც უცხოელი სამხედრო ბიოლოგები, უმთავრესად კი პენტაგონის წარმომადგენლები საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებენ. აშშ-ის მონაწილეობით შექმნილი  ობიექტები ჩვენს საზღვრებთან მეტისმეტად ახლოს მდებარეობს. ეს შეშფოთება 11 ივნისს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე მის წევრებს რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გაუზიარა.

ლუკაშევიჩმა სხდომის მონაწილეთა ყურადღება მიაპყრო ორმაგი დანიშნულების ბიოეპიდემიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობისკენ, რომლებიც აშშ-მა ეუთო-ს სივრცეში შექმნა. კერძოდ, ის შეეხო უცხოელი სპეციალისტების სამხედრო-ბიოლოგიურ აქტიურობას საქართველოში, უმთავრესად, თბილისთან ახლოს, ალექსეევკის დასახლებაში მდებარე ლუგარის სახელობის ცენტრის ბაზაზე. ასევე უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი 10-ზე მეტი ანალოგიური ობიექტის საქმიანობას.

რუსი დიპლომატის თქმით, ამ ლაბორატორიების მშენებლობა, დაფინანსება და ფუნქციონირება ხორციელდება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საფრთხეების შემცირების სამმართველოს (Defense Threat Reduction Agency, DTRA), აშშ-ის არმიის უოლტერ რიდის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (Walter Reed Army Institute of Research), აშშ-ის არმიის ინფექციური დაავადებების სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  (The United States Army Medical Research Institute of Infectious Diseases) და რამდენიმე სხვა პენტაგონის ანგარიშვალდებული სამედიცინო ორგანიზაციის მონაწილეობით.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოსა და უკრაინის ბიოლაბორატორიებში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის სახით ტარდება დახურული ექსპერიმენტები განსაკუთრებით საშიში პათოგენების გამოყენებით, რომელთა შორისაა შავი ჭირისა და ჰემორაგიული ციებ-ცხელების გამომწვევები.

გასაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუტანტური ფორმების კვლევას, ვირუსების მოდიფიცირებას და მათი კონტაგიოზურობის (გადამდებობის) გაძლიერებას. შეშფოთებას იწვევს ცნობები საეჭვო პრეპარატების ცდებზე, რომლებსაც ამერიკელი სამხედრო ექიმები  ქართველ საცდელებზე ატარებდნენ, ასევე ადამიანური ბიომასალის შეგროვების შესახებ რაღაც "საკვლევი მიზნებისთვის", - განაცხადა ლუკაშევიჩმა. მისი თქმით, მოსკოვი ამაში ხედავს აშშ-ის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას ბიოტექნოლოგიების სფეროს კვლევებისა და განვითარების ნაწილში, რომელიც დაფიქსირებულია "ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის" (Conference for Security and Cooperation in Europe, CSCE) ვენის შეხვედრის შემაჯამებელ დოკუმენტში 1986 წელს. 1995 წლის 1 იანვრამდე ასე ერქვა ეუთო-ს.

"უცხოელი სამხედრო ბიოლოგების მიერ რუსეთის საზღვრებთან ექსპერიმენტების ჩატარება ჩვენს კანონიერ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის (ბტია) შესრულების კონტექსტში. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში აშშ ბლოკავს კონვენციის იურიდიულად დამავალდებულებელი, ეფექტური ვერიფიკაციის მექანიზმის მქონე ოქმის შემუშავებისა და მიღების ძალისხმევას", - ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საზღვრისპირა სახელწიფოებში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური აქტიურობის მიზნების განმარტების ნაცვლად, ვაშინგტონი ხშირად საუბრობს მხოლოდ პენტაგონის პროექტების თითქოსდა "უაღრესად ჰუმანურ სარჩულზე". პრაქტიკულად, კრემლს არწმუნებს, რომ თეთრ სახლს, როგორ იტყვიან ხოლმე, სიტყვაზე ენდოს.

უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსიც შეშფოთებულია ოკეანისგაღმელი სამხრეებიანი ვირუსისშემქმნელების უკონტროლო ცდებით. უკრაინულმა ყოველკვირეულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ჟურნალმა "კორესპონდენტი" გასული თვის ბოლოს თავის მკითხველებს ამერიკული ბიოლაბორატორიების საიდუმლოებანი გაანდო.

მაისის ბოლოს გამოცემა იტყობინებოდა, რომ საინფორმაციო სააგენტო "Українські новини"-მ გამოაქვეყნა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაცემული ოფიციალური პასუხი უკრაინაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტით აშენებული ან მოდერნიზებული ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობაზე. ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაცემულ პასუხში აღნიშნულია, რომ "კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებული იყო უკრაინისთვის დახმარების შეთავაზება ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ცოდნის გავრცელებისგან თავიდან ასაცილებლად" ობიექტებზე, "რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბიოლოგიური იარაღის შექმნისას".

მაგრამ უკრაინაში არც საბჭოთა პერიოდში, არც დამოუკიდებობის გამოცხადების მომენტიდან პენტაგონთან კონტრაქტის გაფორმებამდე ბიოლოგიური იარაღის შექმნა არ მიმდინარეობდა და არც მისი გამოცდა არ ჩატარებულა. და აი, ამერიკა დახმარებას სთავაზობს ობიექტებს, "რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბიოლოგიური იარაღის შექმნისას". "კორესპონდენტის" აზრით, მოცემულ ობიექტებს პენტაგონი განიხილავს, როგორც ბიოლოგიური იარაღის მწარმოებლებს. სხვა დასკვნის გამოტანა, უბრალოდ, შეუძლებელია. საკითხავი მხოლოდ ისაა, ჟურნალის თქმით, სინამდვილეში ვინ აწარმოებს ასეთ იარაღს - კიევი თუ ვაშინგტონი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პროგრამაში, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ბიოლაბორატორიები აშენდა ან მათი მოდერნიზება მოხდა, ნახსენები არ არის ქვეყნის სამხედრო უწყების არც ერთი მსგავსი სტრუქტურა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამმართველოს არც ერთი რეგიონული სამმართველო. ეს ასევე მიანიშნებს, რომ აშშ-მა უარი თქვა 2001 წელს ხელი მოეწერა საერთაშორისო ოქმისთვის, რომლის თანახმადაც 33 მიკროორგანიზმი აღიარებული იქნებოდა ბიოლოგიური იარაღის პოტენციურ აგენტებად, ვინაიდან სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალისტებმა დოკუმენტში 37 მუხლი "აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის შეუსაბამოდ" მიიჩნიეს.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაცემულ ოფიციალურ პასუხში ნათქვამია, რომ DTRA-ს ეგიდით აშენდა რვა ბიოლოგიური ლაბორატორია ვინიცკის, დნეპროპეტროვსკის, კარპატისმიღმა მხარის, ლვოვის, ხარკოვის, ხერსონის, ტერნოპოლის ოლქებში, ასევე ყირიმის რესპუბლიკურ ლაბორატორიულ ცენტრში. იქვე აღნიშნულია, რომ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აშენდა ეს დაწესებულებები, 2014 წელს დაიხურა. თუმცა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონაცემებით, უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანია Black & Veatch Special Projects Corp-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 2016 წელს ეს პროგრამა განახლდა. თანაც გამოცხადდა, რომ ერთობლივი საწარმოს მიზანია უკრაინის ლაბორატორიების ჩართვა დაავადებებზე დაკვირვების ერთიან ელექტრონულ ინტეგრირებულ სისტემაში. პრესის ცნობით, პროექტის სარეგისტრაციო ბარათი  უკვე 13 ობიექტზე შეიცავს ინფორმაციას. მასში ასევე მითითებულია, რომ პროექტის მიზანია ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის პათოგენების გავრცელების შეჩერება, ასევე "იმ დიაგნოსტიკური ლაბორატორიების საერთოეროვნული ქსელის გაფართოება, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე მუშაობენ".

მაისის ბოლოს უმაღლესი რადას დეპუტატებმა პარტიიდან "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" (ოპს) ვიქტორ მედვედჩუკმა და რენატ კუზმინმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გააგზავნეს ოფიციალური საჩივარი უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატორიების უკანონო საქმიანობის ფაქტზე. ამის შესახებ კუზმინმა Facebook-ში თავის გვერდზეც დაწერა და დოკუმენტის ტექსტი განათავსა. "ეროვნული ინტერესების ღალატის გარდა, კიდევ რით შეიძლება აიხსნას, რომ უკრაინის ხელისუფლება მალავს ინფორმაციას იმ საიდუმლო ექსპერიმენტების შესახებ, რომლებსაც უკრაინაში აშშ-ის სამხედრო ბიოლოგები ატარებენ? უკრაინელი ხალხისთვის ეს ინფორმაცია რატომ უნდა იყოს საიდუმლო? დიპლომატიურ იმუნიტეტს ამოფარებული ამერიკელი სამხედრო ბიოლოგები ჩვენთან რატომ აძლევენ თავს იმის კეთების უფლებას, რაც მათთან იკრძალება? უკრაინის ხელისუფლება რატომ ამბობს უარს ამერიკული ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიების დისლოკაციის ადგილებში უკრაინის მოსახლეობის ბაქტერიოლოგიური დასნებოვნებისა და სიკვდილიანობის მრავალი ფაქტის გამოძიებაზე?" დაწერა უკრაინელმა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ პარტიას "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" უკრაინის ხელისუფლებისგან ამ კითხვებზე პასუხები არ მიუღია. ამიტომაც გახდა იძულებული, ოფიციალურად გაეროსთვის მიემართა.

"ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" პარტიის დეპუტატებს ამერიკული ლაბორატორიების საკითხი პირველად არ წამოუწევიათ.  აპრილის შუა რიცხვებში ლაბორატორიების შესახებ კითხვა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გაუგზავნეს. კერძოდ, მასში იყო განმარტების მოთხოვნა, რომელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე ახორციელებენ ეს ორგანიზაციები უკრაინაში მოღვაწეობას და როგორ რეგულირდება მათი მუშაობა.

შექმნილ სიტუაციაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ უკრაინის მთავრობას ამ ლაბორატორიების საქმიანობის კონტროლის არანაირი ინსტრუმენტი არ გააჩნია. მოქმედი ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და აშშ-ის საელჩოს კურატორების მითითებებით ხელმძღვანელობს. სწორედ ამით აიხსნება პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" მცდელობა, შესაბამისი გამოძიების ჩატარებისთვის მხარდაჭერა გაეროში ეპოვა.

ქართული ბიოსაიდუმლოებანი

2018 წელს მსოფლიო პრესაში გამოქვეყნდა ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევას გამოძიების შედეგები სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის ბიოლოგიური კვლევების სამხედრო პროგრამის შესახებ. მან მკითხველს უამბო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შესახებ, რომელიც DTRA-ს პროგრამით გაიხსნა 2011 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად. ეს ბიოდაცვის მესამე ხარისხის მქონე ბიოლაბორატორია ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ის სპეციალისტებისათვის, რომლებსაც აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის უფლება. ოფიციალური მონაცემებით, ცენტრი დაკავებულია ბიოლოგიური საფრთხეების კვლევით. მისი სპეციალისტები შეისწავლიან ბიოაგენტებს, ვირუსულ დაავადებებს და ახორციელებენ ბიოლოგიური ნიმუშების შეგროვებას მომავალი ექსპერიმენტებისთვის.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, 2014 წლიდან, როდესაც ლაბორატორია აღიჭურვა მწერების მოსაშენებელი სპეციალური მოწყობილობებით და რაც მათი დასნებოვნების დონის შეგროვების, შესწავლისა და ტესტირების პროექტების რეალიზაცია დაიწყო, საქართველოში სხვადასხვა დაავადების არატიპიური შემთხვევების გახშირება დაფიქსირდა.

საქართველოს სახელმწიფო უშიროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ 2018 წლის ბოლოს განაცხადა, რომ მის განკარგულებაშია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ კვლევით ცენტრში საშიში ექსპერიმენტები ტარდებოდა. მან ასევე მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გამოეძიებინა ლაბორატორიის საქმიანობა. საქართველოში ამ ბრალდებებს "აბსურდული" უწოდეს, მოსკოვში კი განაცხადეს, რომ აშშ-ს სთხოვენ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დოკუმენტებს. მიმდინარე წლის 26 მაისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კომენტარი, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოსგან ელის პასუხს ლუგარის ცენტრში რუსი სპეციალისტების შესვლის საკითხზე და გამოხატულია შეშფოთება ლაბორატორიის საქმიანობაზე ინფორმაციის უქონლობის გამო. რუსეთი დაჟინებით მოითხოვს "ლაბორატორიის ყველა კორპუსში წვდომის გარანტიის მიღებას", მათ შორის, იმ შენობებში, რომლებსაც ამერიკელი სპეციალისტები იკავებენ. მხოლოდ ასე შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ცენტრის საქმიანობის რეალური შემოწმება და განისაზღვროს "იმ სამუშაოების ჭეშმარიტი მიმართულება, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო ბიოლოგები რუსეთის საზღვრების ახლოს ატარებენ".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლუგარის ლაბორატორია მთლიანად საქართველოს კუთვნილებაა. "ლუგარის ცენტრი მთელი თავისი მოწყობილობებით მთლიანად გადაცემულია საქართველოს მთავრობის კუთვნილებაში, 2018 წლიდან კი ლუგარის ცენტრსა და ლაბორატორიულ ქსელს მთლიანად საქართველოს მთავრობა აფინანსებს. სტრუქტურულად ლუგარის ცენტრი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქვედანაყოფია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის", - აღნიშნულია განცხადებაში და მითითებულია, რომ ამერიკელ სპეციალისტებს "არ აქვთ რაიმე სახის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობა".

მიუხედავად ამისა, მსგავს განცხადებებს საგულდაგულო გადამოწმება სჭირდება. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება რუსეთის ეროვნული უშიშროების ესოდენ მგრძნობიარე საფრთხეს მის საზღვრებთან ახლოს.

უნდა აღინიშნოს, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ-ის ბიოლაბორატორიები შეიქმნა ასევე სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და მოლდოვაში. რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე შექმნილი ლაბორატორიების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მათთან და კვლევის შედეგებთან წვდომა მხოლოდ ამერიკელ სპეციალისტებს აქვთ. ადგილობრივ მეცნიერებსა და ტექნიკურ პერსონალს ეკრძალება იმ შენობებში შესვლა, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საიდუმლო კვლევები ტარდება.

გადმობეჭდილია შემოკლებებით ვებგვერდიდან: nvo.ng.ru
სტატიის მუდმივი მისამართი
https://centrasia.org/newsA.php?st=1593139560

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური