კონფერენცია თემაზე: „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 19 იანვარი 2019 16:27

22 იანვარს, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“ თბილისში, 12:00 სთ -დან 15:00 სთ-მდე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში  და მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ , თემაზე: „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“  ერთობლივ  კონფერენციას  გამართავენ.

კონფერენციის მიზანია  - საზოგადოებას გააცნოს ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესები. ასევე, ჩინეთში  გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები, იქაური გამოცდილება მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლასა და იმ წარმატებების მიზეზებში, რამაც ჩინეთის სწრაფი განვითარება უზრუნველყო.

კონფერენციას დაესწრებიან  - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ძი იენჩი,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი,  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე,  წამყვანი ჟურნალისტები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესმენები.

ნაწილი პირველი

  • ზოგადი მოხსენება - მალხაზ გულაშვილი - მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოლიტოლოგი
  • მისასალმებელი სიტყვა - ძი იენჩი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
  • სიტყვით გამოსვლა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი
  • სიტყვით გამოსვლა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე - აკაკი საღირაშვილი
  • მომხსენებელი -  ჩინეთის გეოპოლიტიკურ გავლენაზე - ვახტანგ მაისაია -  პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამხედრო პოლიტოლოგი. თემა: როგორ შეიძლება საქართველომ ეს გავლენები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს
  • მომხსენებელი სიმონ კილაძე, პოლიტოლოგი. თემა: ჩინეთის გამოცდილება შრომითი პერსონალის მართვაში, კორუფციასთან ბრძოლაში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში
  • ზოგადი დისკუსია - ჩინეთის ეკონომიკური როლი საქართველოსთვის, კითხვა-პსუხი

 ნაწილი მეორე

 დამსწრე საზოგადოებისთვის ჩინეთში ყოფნის შთაბეჭდილებების გაზიარება

აქცენტები გაკეთდება ჩინეთის საპენსიო რეფორმაზე, მის ეკონომიკურ მოდელზე, „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ კონცეფციაზე, ჩინური ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მოდელზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე და სხვა

  • რა შეიძლება ისწავლოს ჩინეთის გამოცდილებიდან საქართველომ?
  • როგორ შეიძლება გააძლიეროს ჩინეთის როლი საქართველომ საკუთარი ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად? 

 სწორედ ამ საკითხებს შეეხება კონფერენცია.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან - დღემდე, 26 წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩინათმა გიგანტური ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფო გამხდარიყო. ჩინეთის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ახალი ტექნოლოგიები, საპენსიო რეფორმა, გეოპოლიტიკური როლის ზრდა, სამხედრო რეფორმა - იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს გავლენიანმა ქვეყნებმა ანგარიში გაუწიეს მის ინტერესებს. ამის შედეგად კი, ჩინეთმა ნელ-ნელა დაიწყო თავისი დაკარგული ტერიტორიების მშვიდონიანად დაბრუნება. ჩინეთი წარმატებულად ებრძვის სიღატაკეს და განსაკუთრებულად ზრუნავს საკუთარ მოხუცებზე. ცნობისათვის, დღეს საქართველოს ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობა და მთელი რიგი კომპანიები უკვე ამ ქვეყნის ბაზარზე ოპერირებენ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა უფრო ინტენსიურ მოქმედებებზე გადასვლა ჩინეთის ახალი კონცეფციიდან - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“ -გამომდინარე.

"ჩვენი რეფორმების განხორციელება თანამედროვე დასავლური სტანდარტების წარმატებით დანერგვას ნიშნავს"

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 17:34

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა და უმნიშვნელოვანესი უწოდა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების განათლების სისტემებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რასაც სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას აჭებს.

მიხეილ ბატიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ერთობლივ პროექტებზე და ხაზი გაუსვა სისტემის რეფორმირების პროცესს, რომელიც სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების არსებით განახლებას და ეფექტიან განვითარებას გულისხმობს.

მინისტრის თქმით, 2019 წლიდან სამინისტრო იწყებს კულტურის სფეროს საჯარო დაფინანსების ევროპული ტიპის მოდელზე ეტაპობრივ გადასვლას, რომლის მიზანს სამართლიანი, გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სისტემის ფორმირება წარმოადგენს. რაც შეეხება სპორტს, მინისტრის თქმით, სპორტული მიღწევები ღირსეულად წარმოაჩენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ სპორტის განვითარებაზე ზრუნვა ხელისუფლებისა და უწყების ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება.

„ამ რეფორმათა წარმატება გულისხმობს თანამედროვე დასავლური სტანდარტების დანერგვას. ამიტომ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების განათლების სისტემებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მათი გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და ყურადღება გაამახვილა ნოემბერში პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტზე, სადაც ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ფინანსურ შეთანხმებას. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ხაზი გაუსვა არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, მათ შორის, ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპაში იმავე საფასურით სწავლის მექანიზმის შექმნას, რაც ევროკავშირის ქვეყნებშია.

მიხეილ ბატიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის პროგრამა ERASMUS პლიუსზე, რომელშიც საქართველოს სერიოზული მიღწევები აქვს; გარდა ამისა, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ზე, რომელიც ქართველ მეცნიერებს, მკვლევრებს, მცირე და საშუალო საწარმოებსა თუ მსხვილ კომპანიებს ევროპული დონის მეცნიერების, კვლევითი/ინოვაციური პროდუქტისა თუ სერვისების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალზე, რომელსაც საქართველომ წარმატებით უმასპინძლა; ამათან, საერთაშორისო ასპარეზზე სამინისტროს კიდევ ერთი წარმატებას, რომლის თანახმად, UNESCO-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. მინისტრის აზრით, განუზომელია კულტურის მნიშვნელობაც, რომლის საუკეთესო მაგალითს ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა წარმოადგენს.

„სწორედ ამ მიზნით ჩვენი სამინისტრო 2019 წლის გაზაფხულზე გეგმავს საქართველოში ევროპის კულტურის დღეების განხორციელებას და ვიმედოვნებთ თქვენს ჩართულობას ამ პროექტში, რაც ევროპის ქვეყნების კულტურათა სრულფასოვნად წარმოდგენის გარანტი იქნება,“ - განაცხადა მინისტრმა.

სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად საფრანგეთის განვითარების სააგენტო 35 მლნ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 10 ნოემბერი 2018 14:20

2018 წლის 9 ნოემბერს, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის გაფორმდა შეთანხმება 35 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დემოგრაფიული და სოციალური დეპარტამენტის დირექტორმა, მარი პიერ ნიკოლეტმა. 

აღნიშნული ფინანსური რესურსი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით. 

AFD-ის მიერ მხარდაჭერილი სოციალური კეთილდღეობის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 
• სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა;
• ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა;
• იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც გულისხმობს სულ ცოტა 20 ავარიული შენობის დახურვასა და მინიმუმ 350 ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა. 

AFD მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან სოციალურ სფეროში 3-წლიანი პროგრამის ფარგლებში. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ჯამურად იქნება 105 მლნ ევრომდე. 

აღნიშნული თანხები წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ ფინანსურ რესურსს, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლევან იზორიას სამაგალითო რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 10:03

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას ბრიუსელში შეხვდა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

თავდაცვის მდივანმა მინისტრ იზორიას მადლობა გადაუხადა თავდაცვის სამაგალითო რეფორმებისთვის და ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის. მხარეები შეთანხმდნენ კვლავ გააგრძელონ რუსეთის აგრესიის შეკავება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების სფეროში დახმარებითა და იმ თავდაცვის ინიციატივების მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მზადყოფნის განვითარებასა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიღწევას.

მატისმა კიდევ ერთხელ მტკიცედ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“

იხილეთ ბმული: https://bit.ly/2O5x3Vr

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018 13:36

ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW), ასევე საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის.

ფინანსური რესურსის ჯამური თანხა 74 მილიონი ევროა (KfW-49 მლნ ევრო და AFD-25 მლნ ევრო) და გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების, მათ შორის, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით.

შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ოლაფ ციმელკამ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, გაელე ასაიაგმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.

ფინანსური რესურსის გამოყოფა ხდება 2018 წლის 14 მაისს საქართველოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“ ფარგლებში.

აღნიშნული დეკლარაცია გულისხმობს, რომ რეკონსტრუქციის განვითარების საკრედიტო ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს და ითანამშრომლონ საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში 4 წლიანი (2018-2021) პროგრამის ფარგლებში.

ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად, ასევე, დაგეგმილია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმიდან (NIP) 8.5 მილიონი ევროს გამოყოფა გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარებისთვის.

ლელა ჩიქოვანმა აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 13:39

საქართველოში აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია იმყოფება. საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ, დღეს აშშ-ის დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.

ლელა ჩიქოვანმა ამერიკელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმებს.

მხარეებმა აშშ-საქართველოს სტარტეგული პარტნიორობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და ყურადღება გაამახვილეს აშშ-სთან ერთად ყველაზე ამბიციურ - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაზე, რაც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისკენ და ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის უზრუნველყოფისკენაა  მიმართული. 

დღესვე აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 11:39

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. 
„თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა, გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს - ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. 
ამისთვის, ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. 

წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილება და რომელსაც მოჰყვება შესაბამისი საკადრო გადაადგილებები შემდეგი მიმართულებებით:

• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.

თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, კიდევ უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტორულ განვითარებაზე. ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვის და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთი „ქოლგის" ქვეშ მოქცევა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გადის. 

• ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად. შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად, მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული გამოცდილებით არის შერჩეული ამ პოსტზე და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება. 

• აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი.
ეს უნდა იყოს ოპერატიული ფუნქციებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აპარატი, რომელიც პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. გიორგი მღებრიშვილი, მისი გამოცდილებით, იქნება ამ სტრუქტურის კარგი ხელმძღვანელი.

• ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორია. 
მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და აჩვენა კონკრეტული შედეგები „საქართველოს რკინიგზის" მართვის პირობებში. 
სწორედ ამ პერიოდში მოხდა საქართველოს რკინიგზის ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში, დაიწყო ყურის ქვეყნებისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა; მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი, თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა.
მამუკა ბახტაძე გახლავთ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა INSEAD-ის ცნობილ ბიზნესსკოლაში, საფრანგეთში.

• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში.
მიხეილ ჩხენკელი პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა.
ბატონი მიხეილი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის პენსილვანიის უნივერსიტეტის არაერთი ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები.
იგი კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, და ა.შ.

• კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.
ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლებასთან გაერთიანება, ერთის მხრივ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან.
მეორეს მხრივ, რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, მისი ინტეგრაცია კულტურასთან თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას.

• გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში - ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. 
ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის შესუსტებას. 

• საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია. თავისთავად ის, რომ ამ მიმართულებას ვიცე-პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე.

• პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. 
ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა.

• ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდენს კოორდინაციას ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მინდა ვთხოვო პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდეს.

• საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარვდგებით პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად.

• ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხო და რომლებიც, ბუნებრივია, ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან, დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისათვის.

• რაც შეეხება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების არსს, რატომ არის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი? ჩვენი ყველა საარჩევნო დაპირება და რეფორმა ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება.

• შსს-ს, პროკურატურის, სასამართლოს, სასამართლოს, სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმების მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ადამიანი. სწორედ ამიტომ ყველა ამ ცვლილებამ შედეგად გამოიღო ადამიანთა უფლებების მიმართულებით მიღწეული უდიდესი პროგრესი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო შეფასებაში.

• ჩვენ ასევე ძირეულად შევცვალეთ და ადამიანზე ორიენტირებული გავხადეთ: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებული მრავალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რიგით ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

• ამავე დროს, ჩვენი ხელწერაა, რომ ცვლილებები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, არა რადიკალურად, არამედ ევოლუციურად განვახორციელოთ.

• თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი.

• დარწმუნებული ვარ, რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე.

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკს რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:42

„რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ახორციელებს არაერთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას უჭერს მხარს. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკი გამოირჩევა როგორც საქართველოს მხარდამჭერი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს აღნიშნული მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან სამთავრობო რეფორმების მხარდამჭერი ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) 44.6 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამული ღონისძიებისთვის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი თემბონმა.

„მოხარული ვარ, რომ მსოფლიო ბანკი ასე აქტიურად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ბიზნეს გარემოს მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების წახალისებას,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

“აღნიშნული ღონისძიებით მხარდაჭერილი რეფორმების პაკეტი მკაფიოდ მიუთითებს მთავრობის განზრახვაზე დანერგოს პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად,“ - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი თემბონმა.

განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების სერია ხელს უწყობს საქართველოს თავის სწრაფვაში გახდეს დინამიკური განვითარებადი ბაზარი, რომელიც სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული გლობალური ღირებულების ჯაჭვში. ეკონომიკური განვითარების ამ მომდევნო ფაზისთვის მთავრობა ფოკუსირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე, რაც შეამცირებს ეკონომიკის დამოკიდებულებას სახელმწიფო ინვესტიციებზე. რეფორმები გაამყარებს პროდუქტულობის გრძელვადიან ზრდას და ხელს შეუწყობს სარგებლის მიღებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) და ასოცირების ხელშეკრულებებიდან (AA).

მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების პროგრამა შესაბამისობაშია მის ოთხპუნქტიან გეგმასთან და გათვალისწინებულია ქვეყანასთან მსოფლიო ბანკის 2014 – 2017 წლების პარტნიორობის სტრატეგიაში. განვითარების პოლიტიკის დღეს დამტკიცებული ღონისძიება ეფუძნება განვითარების პოლიტიკის წინა ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდა განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების ფარგლებში. მიმდინარე ღონისძიება უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული რეფორმებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით და გააძლიერებს მის გავლენას სიღარიბის დაძლევაზე და საერთო კეთილდღეობის მიღწევაზე. ის არის მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო რეფორმების პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 2017 წლის აპრილში დამტკიცებული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებას ინკლუზიური ზრდის შესახებ და ფოკუსირებულია სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერებაზე და ჯანდაცვის და განათლების სექტორების დაფარვის და ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ აღნიშნული პროექტი 2017 წლის 31 ივლისს დაამტკიცა. განვითარების პოლიტიკის ეს ღონისძიება რიგით მეორე და იმავდროულად დასკვნითი პროგრამაა უფრო მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად კერძო სექტორის პროდუქტიულობის ამაღლების ხელშემწყობი პოლიტიკის, გრძელვადიანი დანაზოგების და ინვესტიციების სტიმულირების, ფინანსური და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნის საშუალებით, რაც შესაძლებელს გახდის მცირე და საშუალო ბიზნესის და ახალი ფირმების განვითარებას.

მსჯელობა ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ რეფორმებზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 მაისი 2016 14:55

ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს რეფორმები, ფინანსებზე წვდომის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, - ეს თემები განიხილეს ეკონომიკური ზრდის თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


პირველ თემატურ შეხვედრას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ეძღვნებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების უფროსი კაიდო სირელი უძღვებოდნენ.

„საქართველოს მთავრობას აქვს რეფორმების ინტენსიური დღის წესრიგი, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით დონორებს და იმედი გვაქვს, მათთან თანამშრომლობით, ჩვენი ეკონომიკური რეფორმები კიდევ უფრო გამყარდება და განვაგრძობთ იმ წარმატებების მიღწევას, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგად ვახორციელებთ", - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურში ეკონომიკური ზრდის თემატური საკოორდინაციო ჯგუფის არსებობას მიესალმება ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების უფროსი კაიდო სირელი.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

„ეკონომიკური ზრდის თემა  ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოს  მხარდაჭერას მომავალშიც განვაგრძობთ", - განაცხადა კაიდო სირელიმ.

საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად აწყობს.

შეხვედრები ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

UNDP 50 წლისაა: მსოფლიომ უნდა დაამარცხოს სიღარიბე 2030 წლისათვის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 15:11

საერთაშორისო შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების თაობაზე შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს მთავრობების ლიდერების. სამოქალაქო საზოგადოების, მრავალმხრივი პარტნიორებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით, - თქვა ჰელენ კლარკმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორმა, ნიუ იორკში გამართული მინისტერიალის წინა დღეს, რომელიც ორგანიზაციის 50 წლისთავს ეძღვნება.  
მდგრადი განვითარების 17 ამბიციური მიზანი მსოფლიოს ახალი დღის წესრიგია, რომელიც განსაზღვრავს განვითარების მთავარ ტენდენციებს 2030 წლამდე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიღარიბის აღმოფხვრა, უთანასწორობის შემცირება, მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა.  
„მთავრობების წამყვანი როლი, რომელსაც თან ერთვის სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, ქველმოქმედებასა და მრავალმხრივ სისტემებთან თანამშრომლობა,  უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. სიღარიბისა და უთანასწორობისაგან თავისუფალი მსოფლიოს მიზნების მიღწევა მხოლოდ ასეთი ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი“, - თქვა ჰელენ კლარკმა.
„მდგრადი განვითარების მიზნები ის სახელმძღვანელოა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ისეთი მსოფლიოს აშენება, სადაც ეკონომიკა და საზოგადოება ინკლუზიური და თანასწორია, ხოლო პლანეტა დაცულია კლიმატის ცვლილების ყველაზე დამანგრეველი შედეგებისაგან, ისევე როგორც სხვა გარემოსდაცვითი საფრთხისაგან“, - დასძინა მან.   
ჰელენ კლარკმა აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შეუძლია საკვანძო როლი შეასრულოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, რადგან ბოლო 50 წლის მანძილზე ორგანიზაცია სწორედ მსოფლიოს განვითარების წინა ხაზზე იმყოფებოდა. UNDP ხელს უწყობდა ინსტიტუტების მშენებლობას, ქვეყნების მედეგობის გაზრდას, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. გარდა ამისა, UNDP კვლავაც განახორციელებს გაეროს მთლიანი სისტემის საქმიანობის კოორდინირებას.
„ჩვენმა საქმიანობამ თავისი წვლილი შეიტანა განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. დღეს, როდესაც 50 წლისთავს ვზეიმობთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ მომავალშიც შევასრულოთ ეს საქმე“, - თქვა ჰელენ კლარკმა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად 24 თებერვალს ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში შეიკრიბება 80 მინისტრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - დავით ზალკალიანი.
ამ მაღალი დონის დონის შეხვედრაზე გაიმართება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი მსოფლიოს განვითარების ახალი ამბიციური დღის წესრიგის პრაქტიკული განხორციელებისათვის. მსჯელობის მთავარი თემები იქნება განვითარების დაფინანსების შესაძლებლობები, სიღარიბის აღმოფხვრა, უთანასწორობის შემცირება, კლიმატის ცვლილება და მშვიდობის მშენებლობა. შეხვედრაში მონაწილე მინისტრები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური