პროფესიული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 16:03

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით შეხვედრა გამართა იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლებიც მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

შეხვედრის მიზანი იყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისგან ინფორმაციის მიღება მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მიმდინარეობის შესახებ. ასევე, პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა მიღწევების, საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და ინფორმაციის ურთიერთგაზიარება. მოდულურ პროგრამებზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საკუთარი გამოცდილების შესახებ.

შეხვედრაზე მისულ სტუმრებს, მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ სწავლების პროცესში შექმნილი ნამუშევრები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა 2015 წლიდან დაიწყო. მიმდინარე წლიდან კი დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება ხორციელდება. დუალური სწავლება გერმანული პროფესიული განათლების მოდელია, რომელიც შრომით ბაზარზე პრაქტიკულად მორგებულ მიდგომას წარმოადგენს და დამსაქმებლის მონაწილეობით პარალელურ რეჟიმში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-უნარების შეძენის საშუალებას იძლევა, რაც უმოკლესი გზაა დასაქმებისთვის.

ევროპარლამენტარებს რეფორმებზე ინფორმაცია ქართულმა დელეგაციამ მიაწოდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 მარტი 2016 11:22

 საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში განიხილა ევროპარლამენტმა.

ევროპარლამენტარებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია ქართული დელეგაციის წევრებმა მიაწოდეს.

ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს.

ეროვნული ჩემპიონატის რეფორმა ზაფხულიდან დაიწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 10:28

ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამის ეროვნული ჩემპიონატის რეფორმას ითვალისწინებს, როგორც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა პროგრამის ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადეს,  2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება მოკლე, გარდამავალი, თუმცა სრულფასოვანი ჩემპიონატი, რომელიც დეკემბრის პირველ რიცხვებში დასრულდება: 16 გუნდი 8-8-გუნდიან ორ ჯგუფად დაიყოფა და ორ წრედ (14 მატჩი) ითამაშებს. ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულს შორის გამოვლინდება, ისევე, როგორც ევროსაგზურების მფლობელები. გარდამავალ ჩემპიონატში პირველი ლიგიდან გუნდი არ დაწინაურდება. გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ 10-10 გუნდი ითამაშებს PRO ლიგა 1-სა და PRO ლიგა 2-ში. ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა). გარდა ამისა, ჩამოყალიბდება კიდევ ერთი რეგიონული ლიგა - ეროვნული ლიგა 2, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არაა. 
2017 წლიდან ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა - მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ამას გარდა, დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად 20-გუნდიანი 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება. გამარჯვებული ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

საჯარო რეესტრის რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 11:39

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილებასა და რეგისტრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო.

სასწავლო ვიზიტი მიზნად უძრავი ქონების რეესტრის, საკანონმდებლო ბაზის, კადასტრის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, არქივის,   „ერთი ფანჯრის პრინციპის“, ელექტრონული მმართველობისა და სხვა საკითხების გაცნობას ისახავდა.

დელეგაცია, რომელსაც ყაზახეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე   აბდირაიმ ბაკიტჟან ჟარილკასინული ხელმძღვანელობდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ მიიღო და სტუმრებს ქართულ სარეგისტრაციო სისტემაში განხორციელებული რეფორმები წარუდგინა.

„უდავოდ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმების გასაცნობად და  პრაქტიკის გასაზიარებლად ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის. მივესალმებით ქართული გამოცდილების მიხედვით რეფორმების სხვა სახელმწიფოებში გატარებას და მზად ვართ, სასწავლო ვიზიტების კუთხით მხარდაჭერა კვლავაც გავაგრძელოთ“,-განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახეთის სხვადასხვა სამინისტროს, მიწის კადასტრის უწყებისა და უძრავი ქონების ცენტრის წევრებიც  შედიოდნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის სტუმრებს საკადასტრო მონაცემების დამუშავებისა და არქივირების პროცესები, გეოინფორმაციული სისტემები, GEOCORS და საჯარო რეესტრში დანერგილი IT ინფრასტრუქტურაც გააცნეს.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 17:07
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დღეს, ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. სიტყვით გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. "უელსის სამიტის დროს შევთანხმდით, რომ საქართველოს მხარდასაჭერად არსებითი პაკეტი გადაეცემოდა. ამ ეტაპზე პაკეტის ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. თბილისში ნატოელი და ქართველი ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ქართველი ოფიცრების ტაქტიკურ მომზადებას მაისში დაიწყებს. დღეს კი მიღწეულ პროგრესს შევაფასებთ და შევთანხმდებით, თუ რა შეუძლია გააკეთოს ნატო-მ ამ მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ვისაუბრებთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით და რუსეთი კვლავ განაგრძობს ამ საზღვრების დარღვევას. მოვუწოდებ რუსეთს, უარყოს "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. საქართველო ახორციელებს პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეფორმებს, რათა გაუმჯობესდეს მისი უსაფრთხოება და ეს მას ნატო-ში გაწევრიანებასთან დააახლოებს. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ დაინტერესებულები ვართ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს პარტნიორობა",- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კემერონი და ტუსკი ევროკავშირის რეფორმირების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 15:02

ევროკავშირის რეფორმირების საკითხებზე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

დიდი ბრიტანეთი, გაერთიანებაში დარჩენის სანაცვლოდ, ალიანსს გარკვეული შეღავათებით სარგებლობას სთხოვს. კერძოდ, ლონდონი საიმიგრაციო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებას, ევროკავშირიდან ქვეყანაში შესული მიგრანტებისთვის კი პირველი 4 წლის განმავლობაში სოციალური დახმარების მოხსნას მოითხოვს. თუმცა, მსგავსი ზომების გატარება ევროკავშირისთვის მიუღებელია. 

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმი 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა გაიმართოს იმ შემთხვევაში, თუ ლონდონი ბრიუსელთან შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს.

გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის დასკვნაზე -"საქართველო სანდო პარტნიორად იქნა მიჩნეული ევროპისთვის"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 19 დეკემბერი 2015 12:04

"ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები მიჩნეული იქნა ძალიან წარმატებულად უამრავ სფეროში" - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის დადებით დასკვნას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით.
"კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ უამრავი საკანონმდებლო რეფორმა, ინსტიტუციონალური რეფორმები ჩატარდა. შექმნილია ახალი სისტემები. საქართველოს როგორც იმიგრაციის, ასევე ემიგრაციის ინსტიტუციონალური საკანონმდებლო სისტემები არის აბსოლუტურად მობილიზებული. ამასთან, სამართლებრივ სფეროში ჩატარდა უამრავი რეფორმა, მიგრაციის კუთხით გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ყველაფერ ამის შედეგად საქართველო მიჩნეულ იქნა სანდო პარტნიორად ევროპისთვის, იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გზა თავისუფალი გადაადგილებისთვის შენგენის ზონაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის თქმით, ჩვენ კიდევ რამდენიმე თვე დაგვჭირდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კონსოლიდაცია კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისა, რათა პოლიტიკურ დონეზე უკვე ყველა ქვეყანამ მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, რათა როგორც ევროსაბჭოში, ასევე ევროპარლამენტში მიღებული იქნას ის საჭირო მხარდაჭერა, რომელიც უკვე საბოლოო საკანონმდებლო ცვლილებას დაუდებს საფუძველს. "საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება თავისუფალი გადაადგილების უფლება ევროპის ყველა ქვეყანაში", - აღნიშნა მინისტრმა.
კითხვაზე, რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის, მინისტრმა განმარტა, რომ "თავისუფალი გადაადგილების უფლება ჩვენს მიერ განიხილება როგორც განუყოფელი ნაწილი ევროკავშირთან ერთად თანაცხოვრებისა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისა, რომლის ეფექტიანობა წარმოუდგენელია იმის გარეშე, რომ საქართველოში მცირე მეწარმეებმა, ფერმერებმა შეძლონ თავისუფლად გამგზავრება ევროპაში, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, მათი საქართველოში ჩამოტანა და დამკვიდრება და ა.შ. ეს არის ევროპული ოჯახის უკვე სრულუფლებიანი წევრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრმა უვიზო მიმოსვლის უკვე რეალურად განხორციელების პროცედურებზეც ისაუბრა.
"მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მიიღებს უკვე საერთო-საკანონმდებლო ცვლილებას, ნებისმიერი მოქალაქე საქართველოსი შეძლებს ევროკავშირში გამგზავრებას, ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მუშაობის უფლებას, ეს იქნება ჩვეულებრივი ტურისტული ვიზიტი, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის მუშაობის უფლება ევროკავშირში და არავითარი დამატებითი კონტროლი და დამატებითი დოკუმენტის აღება ამისთვის საჭირო არ იქნება. ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების სისტემა იმიგრაციისა, როგორც საქართველოში, მათ შორის, ისე ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის მომენტში ბაზებში მოწმდება ყველა მოქალაქე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე დამატებითი დოკუმენტი დასჭირდებათ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროკომისიამ დღეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ რამდენიმე თვეში ქვეყანის მოქალაქეები შენგენის ზონებში უვიზოდ იმოგზაურებენ.

საქართველოს ჯანდაცვის სფეროში გახორციელებულ რეფორმებს ბერნარ კუშნერი დადებითად აფასებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 17:32

საფრანგეთი  საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი C ჰეპატიტის პროგრამის მნიშვნელობასა და ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე საუბრობს და ამბობს, რომ "ამ კუთხით საქართველოში წინსვლა შეინიშნება".

ეს განცხადება ბერნარ კუშნერმა, თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე, როგორც „გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და სოციალური შეთანხმებისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.

„ბოლო წლებში ჯანდაცვის სამინისტრომ კარგ შედეგებს მიაღწია. ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. ვფიქრობ, ასევე აუცილებელია დასახული მიზნების გაზიარება და მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. უმნიშვნელოვანესი იყო C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება. საქართველო ეს არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი პროგრამა დაიწყო,“ - განაცხადა ბერნარ კუშნერმა.

ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - სფეროს წამყვანი სპეციალისტები და პოლიტიკოსები თბილისში გლობალური კონფერენციის ფარგლებში მსჯელობდნენ.

ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.

იურიდიული დახმარების სამსახური 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 23:57

სახელმწიფოს მიერ შექმნილ იურიდიული დახმარების სამსახურს 10 წელი შეუსრულდა. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, 20 ნოემბერს, 13:30 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საზეიმო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები, ადვოკატები, მოსამართლეები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, საზოგადოებას გააცნობს იმ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის  კუთხით მიაღწია. დაგეგმილია იურიდიული დახმარების სამსახურში ყველაზე ხანგრძილავად მომუშავე თანამშრომლების დაჯილდოება.
საქართველოში იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმა 2005 წელს დაიწყო. რეფორმის შედეგად შეიქმნა სახელმწიფო ორგანიზაცია – იურიდიული დახმარების სამსახური. მან ჩაანაცვლა ე.წ. „სახაზინო ადვოკატის“ სისტემა, რომელიც  ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას - ვერ ახდენდა დაცვის უფლების უზრუნველყოფას იმ პირთათვის, ვისაც ფინანსური მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას, ესარგებლა კერძო ადვოკატის ძვირადღირებული მომსახურებით.
2005 წელს,  საცდელი პროექტის ფარგლებში, თბილისსა და ზესტაფონში ამოქმედდა იურიდიული დახმარების ბიუროები, სადაც კონკურსის გზით შერჩეული, კვალიფიციური ადვოკატები დასაქმდნენ. მომდევნო წლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისების რაოდენობა 18–მდე გაიზარდა, უფასო საადვოკატო მომსახურება 75 ათასზე მეტმა პირმა მიიღო, უფასო იურიდიული კონსულტაციით კი 100–ზე მეტმა პირმა ისარგებლა.
დღეისათვის, უფასო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. იურიდიული დახმარების სამსახური ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია. მისი დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია იურიდიული დახმარების საბჭო.
იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმას წლების მანძილზე აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია, ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველო“, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვები.

საარჩევნო რეფორმა - ოპოზიცია ხელისუფლებას დიალოგს სთავაზობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 17:10

საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას დიალოგს კიდევ ერთხელ სთავაზობენ. 

პარლამენტში ინტერპარტიული კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის ჩავარდნის შემდეგ, დღეს ოპოზიცია ისევ შეიკრიბა და მსჯელობა სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე დაიწყო. 

მთავარი მოთხოვნა 2016 წლის არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მისი სამხარეო პროპორციულით ჩანაცვლებაა. ამ მიზნით, პარლამენტში უკვე შესულია ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის პროექტი და 240 000 ხელმოწერა. 

მმართველი კოალიცია კი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მიზანშეწონილად მხოლოდ 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის მიიჩნევს და ცვლილებების საკუთარი პროექტი აქვს. 

თუ პოლიტიკურმა ძალებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, ორივე კანონპროექტი ჩავარდება, რადგან კონსტიტუციური კანონის მიღებას სულ მცირე 113 ხმა სჭირდება.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური