გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 10:28

2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 44 მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად  უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 44 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ,   ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

ევროპარლამენტმა თურქეთის შესახებ რეზოლუცია მიიღო: ყველა ჟურნალისტი გაათავისუფლეთ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 19:51

ევროპარლამენტმა თურქეთის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ნათქვამია რომ ყველა ჟურნალისტი და მედიასაშუალების თანამშრომელი, რომელიც მტკიცებულებების გარეშე არიან დაკავებული უნდა გათავისუფლდნენ. სტრასბურგში ევროპარლამენტის მიერ გამართულ სხდომაზე აღინიშნა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამოყენება პრესაზე და ოპოზიციაზე ზეწოლის მოსახდენად დაუშვებელია.
ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების სახელით გამოსულმა თურქეთის მომხსენებელმა კეტი პირიმ, ევროპარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, რომ თურქეთში ციხეში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვონ. პირის თქმით, ჟურნალისტები დანაშაული გამო კი არა თავიანთი შეხედულებების გამო არიან დაპატიმრებული. ″თურქეთი ამ სირთულეებს მხოლოდ დემოკრატიის გაძლიერებით და კანონის ფარგლებში ქმედებით შეძლებს.″-განაცხადა მან.
ევროკომისიის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი წევრი კორინა კრეტუ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება, განსხვავებული და დამოუკიდებელი მედია ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებია. კრეტუმ თურქეთში მიმდინარე მოვლენები ″საგანგაშო და მიუღებლად″ შეაფასა და თურქეთის მთავრობას თავისუფალი მედიისთვის შექმნილი დაბრკოლებების გაუქმებისკენ მოუწოდებს. კრეტუმ ასევე ხაზგასმით არნიშნავს, რომ თურქეთში პროგრესი რომ მოხდეს ამისათვის საუკეთესო გზა თურქეთთან დიალოგი და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაა.
″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს წარმომადგენელი რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა თურქეთი ″ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში ყველადე დიდ ციხედ″ შეაფასა.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში თურქეთში დახურული მედიასაშუალებების ხელახლა გახსნას, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების უკან დაბრუნებას ითხოვენ.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივლისში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ სულ მცირე 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, სულ მცირე 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა, რის გამოც უსამსახუროდ 2 300-ზე მეტი ადამიანი დარჩა.
წყარო: http://www.dw.com/tr/t%C3%BCrkiyede-bas%C4%B1n-%C3%B6zg%C3%BCrl%C3%BC%C4%9F%C3%BC-ap-g%C3%BCndeminde/a-36167939

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 09:44

 შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი.

აშშ-ის კონგრესი რუსეთს მოუწოდებს  გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

 

აშშ-ის სენატი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:42

აშშ-ის სენატმა მიიღო ნატო-ს შესახებ რეზოლუცია (S.Res. 506), რომელიც ა.წ. 8-9 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს ვარშავის სამიტს და აშშ-ის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება.

სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღიარებულია “საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები, და ასევე საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა“.

რეზოლუციაში ხაზგასმულია “ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ასევე აღნიშნულია ნატო-საქართველოს “ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის“ როლი საქართველოსა და ალიანსის წევრებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნულია, რომ უკრაინაში 2014 წელს რუსეთის ფედერაციის შეჭრის შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონოდ კონტროლირებულ ტერიტორიებს ყირიმიც დაემატა.

რეზოლუცია მხარს უჭერს ნატო-ს ძალისხმევას, რომელიც ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების დაძლევისკენ არის მიმართული და მოუწოდებს ალიანსის წევრებს ნატო-ს ვარშავის სამიტზე ერთობის და სოლიდარობის გაძლიერებისა, და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.

აშშ-ის სენატის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღება და მასში საქართველოს მხარდამჭერი დებულებების ასახვა ნათლად ადასტურებს აშშ-ს კონგრესის ზედა პალატის ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ, ისევე როგორც ბოლო პერიოდში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების აღიარებას.

რეზოლუციის პროექტი ანტირუსული დოკუმენტია,- ნიკოლაი კოვალიოვი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 14:55

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულ 17-პუნქტიან რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთის დელეგაცია იყო. 

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლაი კოვალიოვის განცხადებით, რომ რეზოლუციის პროექტი პოლიტიზებულია:

„რეზოლუციის პროექტი არის მეტისმეტად პოლიტიზებული. ის არის ღიად ანტირუსული დოკუმენტი და მოიცავს რუსეთის ფედერაციის მიმართ პრეტენზიების სტანდარტულ კრებულს, მათ შორისაა: თითქოსდა, ოკუპაცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე მავთულხლართების აგების გზით, ადამიანების უფლებების დარღვევა. ასეთი ტექსტუალური, დამუშავება ჩვენი აზრით, შესაფერისი არ არის,“- განაცხადა კოვალიოვმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის პროექტები განიხილეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 14:38

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა საერთო კომიტეტის მეოთხე სხდომა რეზოლუციის პროექტების განხილვას დაეთმო. სხდომაზე დელეგატების მიერ ხუთი რეზოლუციის პროექტი იყო წამოდგენილი.

ამერიკელი დელეგატის, ბენჯამენ კარდინის მიერ წარმოდგენილი იყო რეზოლუციის პროექტი ეუთოსადმი ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ მოწოდების თაობაზე, რომელშიც ეუთოს წევრი სახელმწიფოების მიერ საერთო გეგმის შემუშავებისა და ინიციატივების მხარდაჭერის აუცილებლობა და მნიშვნელობაა ხაზგასმული.

კომიტეტის სხდომაზე ამერიკელმა დელეგატმა კრისტოფერ სმიტმა კომიტეტის წინაშე წარადგინა პროექტი წარსულში სექსუალური სახის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების მიერ, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვებით ვაჭრობის აღკვეთის თაობაზე. მისი განცხადებით, ბავშვთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის სტატისტიკა მზარდია და წევრი სახელმწიფოების მიერ საჭიროა რეაგირების მკაფიო და მყარი პოლიტიკის შემუშავება ამ მიმართულებით.

დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ჩეხი, ივანა დობეშოვას მიგრაციის, როგორც უსაფრთხოების კომპლექსული გამოწვევის შესახებ მოხსენება და იმსჯელეს ფრანგი დეპუტატის, მიშელ ვუაზენის მიერ წარმოდგენილ პროექტზე, რომელიც ლტოლვილთა უფლებებს შეეხებოდა.

კანადელმა დეპუტატმა, ჰიდა ფრაიმ კოლეგებს რეზოლუციის პროექტი გააცნო, რომელშიც წარმოდგენილი იყო ანალიზი მიგრანტებისა და ლტოლვილების მდგომარეობაზე გენდერული პრობლემატიკის ჭრილში.

რეზოლუციის პროექტების განხილვა დებატების ფორმატში წარიმართა და პროექტის თითოეულ პუნქტის მომხრე და საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა. რეგლამენტის შესაბამისად განხილულ პუნქტებზე კენჭისყრის პროცედურები გაიმართა. დეპუტატებმა დამატებით პუნქტებთან დაკავშირებით შესწორებები წარმოადგინეს, რომელთა მხოლოდ ნაწილი იქნა გათვალისწინებული და კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად რეზოლუციის ხუთივე პროექტი მიიღო.

დღესვე, კომიტეტის წევრებმა პასუხისმგებელი პირები ფარული კენჭისყრით, ერთი წლის ვადით აირჩიეს. 

დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტს თავმჯდომარის რანგში, ერთი წლის განმავლობაში ესპანეთის დელეგაციის წარმომადგენელი, იგნარო სანჩესი უხელმძღვანელებს. თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე კოლეგებმა ჩეხ ივანა დობეშოვას, ძირითად მომხსენებლად კი კვიპროსის დელეგაციის წარმომადგენელს, ადიან კირიაკოსს დაუჭირეს მხარი. 
კომიტეტზე მიღებული დოკუმენტები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომას გადაეგზავნება.

 

 

„კონფლიქტი საქართველოში“ - რეზოლუციის პროექტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 09:52

რეზოლუციის პროექტს - „კონფლიქტი საქართველოში“, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტი დღეს განიხილავს. 

რეზოლუციის პროექტის მიღების შემთხვევაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხელახლა გამოუცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.პროექტში საუბარია საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და მიწაყრილების აღმართვის პროცესზე.

ასევე, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვის გამო, ვერ ახერხებს სრულად განახორციელოს მინიჭებული მანდატი.

რეზოლუციის პროექტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ეუთოს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მისი როლი გაიზარდოს.

წულუკიანი რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე ევროსაბჭოს რეზოლუცას გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 მარტი 2016 17:52

რუსეთის ფედერაციისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციის მიღებას იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა.თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობა წარსულშიც და ახლაც აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის, როგორც ოკუპანტის, როლი ყოველ ჯერზე აღინიშნოს

„ჩვენ მიგვყავს რამდენიმე დავა სტრასბურგში. ერთი დავა წარმატებით დასრულდა, ორზე ამ წუთში პროცედურა მიმდინარეობს და არის ჰააგის პროცესი. რაც შეეხება ევროსაბჭოში მისაღებ რეზოლუციას, ჩვენი ელჩი ევროსაბჭოში ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ სტრასბურგში მიღებული  რეზოლუციები საქართველოში არსებულ რეალობას შეესაბამებოდეს,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.

გაერო-ს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციებს ამკაცრებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 11:14

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციების გამკაცრების რეზოლუცია მიიღო. 

აღნიშნული ზომები უშიშროების საბჭომ ფხენიანის მიერ არასანქცირებული ბირთვული გამოცდის გამო შეიმუშავა. 

რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეისთვის საავიაციო საწვავისა და შეიარაღების მიწოდებას კრძალავს. ასევე, იზღუდება ძვირფასი მეტალებისა და სხვა ტვირთების ექსპორტი ქვეყნიდან.

ევროპარლამენტის რეზოლუცია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 14:45

,,რუსეთს სანქციები უკრაინის მიერ ყირიმზე კონტროლის აღდგენის შემდეგ მოეხსნება,’’ - ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე გუშინ მიიღეს. 

,,უკრაინის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლის აღდგენა წარმოადგენს ერთ-ერთ პირობას, რომელიც საჭიროა რუსეთთან თანამშრომლობის აღსადგენად, მათ შორის, შესაბამისი სანქციების შესაჩერებლად,’’ - ნათქვამია რეზოლუციაში. 

ევროპარლამენტი გმობს ნახევარკუნძულზე მცხოვრებთა უფლებების დარღვევის უპრეცედენტო დონეს, განსაკუთრებით ყირიმელ თათრებთან მიმართებაში. 

რეზოლუციაში ასევე, საუბარია ყირიმში გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრებების კუთხით უფლებების დარღვევაზე.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური