საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 07 ივლისი 2019 13:16

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.  თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები18-დან 50 წლამდე ასაკის მოქლაქეებს შესაძლებლობა აქვთ რეზერვის პროგრამაში ჩაირიცხონ ისე, რომ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და პარალელურად დამატებთი ანაზღაურება მიიღონ.  

ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. 

ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი უნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურის პერიოდში რეზერვისტის წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები 2700 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. 

რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და  მათ  აქტიური რეზერვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

საბუთები მიიღება 1 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.

რეზერვისტის ჩანაწერები (რეალური ისტორია აგვისტოს ომის ცხელი წერტილიდან)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 13:24

მივდივარ…

ყოველთვის ხმაურიან და ბობოქარ მატარებელში ახლა სიჩუმე გამეფებულა… სიჩუმე, რომელიც კიდევ უფრო მზარავს და მენატრება ბრბოს ყაყანი, რომელიც ერთ დროს ასე მაღიზიანებდა.

გავცქერი ჩაბნელებულ ქუჩებს და წარმოასხვაში ერთმანეთს ცვლიან სხვადასხვა სურათები… სურათები წარსულის, მომავლის… და რაც ყველაზე საშინელია – ტკბილი მოგონებები კიდევ უფრო ამძიმებენ ჩემს გულზე მთელი სიმძლავრით ჩამოკიდულ ლოდებს და მომავალზე ფიქრი კი…. უფრო სწორედ მომავალზე, რომელიც უნდა წამართვან, რომელიც საერთოდ არ გავს იმ მომავალს, რომელიც წარმომედგინა…

 

მატარებელი აგრძელებს სვლას და მე მხოლოდ მისი ხმა მესმის. საბედნიეროდ მობილურიც დამიჯდა. მართალია, მთრგუნავს მარტოობა, მაგრამ არანაკლებ მთრგუნავს ნამტირალევი ხმები, და ყალბი გამხნევებები, სიყვარულის განსაკუთრებული სიმძაფრით გამომჟღავნება, რომელსაც გამომშვიდობების სუნი ასდის…

თითქოს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიელვააა… მახსოვს როგორი ბედნიერი ვიყავი პატარა, შემდეგ იყო ბრძოლა, გამარჯვება, შიგადაშიგ დამარცხებებიც და ისევ ბრძოლა…

 

ახლაც ბრძოლა იწყება, ოღონდ ახლა უკვე პირდაპირი მნიშვნელობით. ბრძოლა, რომელიც უკვე წაგებულია.

მივდივარ და ვტოვებ ჩემს განუყრელ ლეპტოპს, ჩემს ახალ კამერას, სასწავლებელს, რომელშიც ახლახანს ჩავაბარე, ახალ სამსახურს, სადაც ორი კვირის წინ გადმოვედი, ანაბარს პროკრედიტ ბანკში და რაც მთავარია უამრავ საყვარელ ადამიანს, რომლებიც შეიძლება ვერასდროს ვიხილო. სკაიპშიც ოპტიმისტური წარწერა დავტოვე: “მე დავბრუნდები”, თუმცა ამის ყველაზე ნაკლებად მჯერა.

წავალ… წავალ და რამდენიმე თვეში დავიწყებასაც მივეცემი, სადღეგრძელოებში მომიხსენიებენ როგორც გმირს და….. სასაცილოა… ან საერთოდ რა აზრები მიტრიალებს თავში. ვცდილობ ვიფიქრო ხალხზე, ვინც მიყვარს და ვისი ღირებულებაც ამ მძიმე წუთებში განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენი… ვიცი გამიხსენებენ. გამიხსენებენ როგორც ერთ არარიგით მოკვდავს, რომელსაც ამდენი რამ დარჩა გასაკეთებელი, რომელსაც ასე უსამართლოდ მოუჭრეს გზა და ასე უღმერთოდ გაუყენეს ჯოჯოხეთის წყეულ ბილიკებს.

დანიშნულების ადგილამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და მეც უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობ სიკვდილის ცხელ სუნთქვას ჩემს სხეულზე… ვგრძნობ როგორ მივიწევ ზეცისკენ… მივდივარ და გტოვებთ… და იმედს ვიტოვებ ამ ყველაფერს ოდესმე მაინც წაიკითხავთ და გაიგებთ თუნდაც ოდნავ მეტს ჩემს შესახებ… გაიგებთ რომ რეალურად შემეძლო ვყოფილიყავი ისეთი, რომ ჩემით გეამაყათ, რომ მწყუროდა სიცოცხლე, ბედნიერება და…

 

ჩემი ჩურჩული მესმის. ვხვდები, რომ უკვე ხმამაღლა ვფიქრობ.

ვგრძნობ როგორ მიკანკალებს ქვედა ყბა და ტუჩები მლაშე სითხით მისველდება.

ვტირი?

აქ?

მთელი ამ ხალხის წინაშე?

თუ ადრე ჩემი ცრემლები მხოლოდ მე მინახავს, სარკეში, ახლა ამას ყველა ხედავს, თუმცა რაღა აზრი აქვს… ნერვიულად ვიკვნეტ ტუჩებს…

“თქვენი ბილეთი” ბოხი ჩახლეჩილი ხმით თავზე მადგას ახალგაზრდა, ჩასუქებული გამცილებელი ქალი და ხელს მიშვერს.

მე თავს ვაბრუნებ მისკენ, ისე რომ თვალებში არ ვუყურებ და ბილეთს ვაწვდი..

ვგრძნობ რომ რაღაც უცნაურად დიდხანს გაუგრძელდა დგომა, მაგრამ თვალებში მაინც არ ვუყურებ…

“ყველაფერი კარგად იქნება” თითქოს მთელ სხეულში მისვლის მისი სევდიანი ხმა და მხარზე მის თბილ ხელს ვგრძნობ…. ვგრძნობ როგორ მეჩრება ყელში რაღაც ბურთისმაგვარი და მთელი ძალით ვუჭერ ხელებს მის უხეშ, ცივ ხელს.

მე ვტირი…

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

გვერდით ვიღაც მძიმედ ეშვება.

“რა საშინელებაა” მესმის ხმა, აშკარად მე მესაუბრება. თავს ვუქნევ. “რამდენი უდანაშაულო ადამიანი უნდა შეიწიროს ამ ომმა, ან ვის ვებრძვით” აგრძელებს ისტერიულად, “ახლახანს ჩემი მეზობლის ბიჭი გაიწვიეს რეზერვში, ისეთი, რომელმაც იარაღის ხმარებაც არ იცის, ღმერთმა იცის რა ბედი ეწევა, რა უაზროდ უნდა მოკვდეს”…

ნერვიულად მეცინება.

”მეც რეზერვისტი ვარ ქალბატონო და ახლა სწორედ იქ მივდივარ” თითქოს სადღაც შორიდან მესმის ჩემი ხმა. მისკენ აღარ ვიხედები, ქალბატონი ჩუმდება.

 

უკვე აღარ ვტირი. უბრალოდ ვცახცახებ და ეს არ არის შიში. ეს არის მოულოდნელობისა და გაურკვევლობის შეგრძნება. შეგრძნება ბოღმის, უმწეობის და არარაობის. საშინელებაა გაცნობიერება იმის, რომ ხარ მარიონეტი, რომელიც უმოწყალოდ უნდა განადგურდეს სპექტაკლის ბოლოს, მხოლოდ იმიტომ, რომ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდეს. ვხვდები, რომ მძულს ეს სისხლიანი თეატრიც, სცენარისტიც, რეჟისორიც და ყველა უმწეო მარიონეტი საკუთარი თავის ჩათვლით!

 

თენდება.

ახლა, როცა ყველაზე მეტად მჭირდება თანადგომა, ისე მარტო ვარ როგორც არასდროს. გამორთული ტელეფონიც ავისმომასწავებლად დუმს…

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

ჩვენი ბაზა არ შეცვლილა, ისევ ისეთია როგორიც დავტოვე 1 თვის წინ, მაგრამ მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასე მალე მომიწევდა დაბრუნება და მითუმეტეს ასეთ ვითარებაში…

თითქოს ისევ ავივსე ენერგიით და ვამხნევებ შიშისგან დაზაფრულ ხალხს. იმდენად ვერთობი ამ ყველაფრით რომ ჩემი თავი მავიწყდება…

“გამთენიისას ცხინვალში შევყავართ” მესმის აღშფოთებული ხმა, რომელიც მრავლდება და ბრბოს დიდ ჩოჩქოლად იქცევა.

ჩემთვის სულერთია, მე უკვე გამოვიტირე საკუთარი თავი, მე ხომ ერთი სიკვდილი უკვე გავათავე (ამ ფრაზას ხშირად იყენებენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე, რომ არც კი იციან მისი რეალური მნიშვნელობა. მე უკვე ვიცი…)

თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა, უკვე ყველა რაღაცაზე საუბრობს, მხოლოდ მე არ მტოვებს უსიამოვნო შეგრძნება, თითქოს რაღაც საშინელი უნდა მოხდეს, თითქოს სიკვდილი აქვეა ჩასაფრებული და მოთმინებით ელის თავის მსხვერპლს.

ცარიელი იარაღებით სანგრის წინ ვწევართ და ათასგვარ სისულელეზე ვსაუბრობთ დროის გაყვანის მიზნით, არცთუ უშედეგოდ. თითქოს სასოწარკვეთის პირველმა ტალღამ უკვე გადაიარა…

მართალია ყველამ ვიცით, რომ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ არც ისეთ საშინელს, რაც ამის შემდგომ ხდება.

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

ვხედავ მხოლოდ ჩვენს თავზე მფრინავ ორ შემზარავ სხეულს, რომლებიც რაღაც მოელვარე ბურთებს ყრიან.

”გვბომბავენ”!!!! – ისმის განწირული ხმა და მომენტალურად ყველაფერი იცვლება.

მე ვერაფერს ვგრძნობ და ვერც ვფიქრობ, თავდაცვის ინსტინქტები ავტომატურად ირთვება.

ვერ ვხედავ რა ხდება, ვინ საით გარბის ან სად უნდა გაიქცეს, მივსდევ ბრბოს და მზად ვარ ყველაფრისთვის. ბოლო რაც მახსოვს ძლიერი წნევაა, რომელიც რამდენიმე მეტრით წინ გვაგდებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

ახლა სანგარში ვარ, სადღაც ნესტიან კუთხეში მიგდებული და გონს ვერ მოვსულვარ, ხმებიც თითქოს შორიდან მესმის… გარეთ უკუნეთი სიბნელეა. ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა, თითქოს სიზამრში ვარ, თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდება. თითქოს მალე გავიღვიძებ და გავაგრძელებ ბედნიერ ცხოვრებას, ამ ყველაფერთან შედარებით კი უბედნიერესს. ვნანობ ჩემს ყველა უკმაყოფილებას რაც იყო აქამდე და თავს სიტყვას ვაძლევ რომ ბედნიერი ვიქნები, თუ რათქმა უნდა ჩემი ცხოვრება აქ არ დასრულდება.

“აქედან ფეხი არავინ მოიცვალოს” მესმის ვიღაცის აცახცახებული, მაგრამ მაინც ომახიანი ხმა. “დაღუპულებს როცა გათენდება მაშინ მოვძებნით.

დაღუპულებს?!

ეს სიტყვა თითქოს ტყვიასავით მივლის სისხლში, შემდეგ კი წვრილ ნამსხვრევებად იფშვნება და ყველა უჯრედს მტკივნეულად ესობა.

თითქოს თავში მთელი ძალით დამკრეს ჟანგიანი კონდახი და გამომაფხიზლეს.

ვერაფერს ვხედავ, თითქოს ყველაფერი ერთ დიდ შავ ტალღად იქცა და ამოტრიალდა… მესმის როგორ აწვდიან ინფორმაციას ვიღაცას. მე კი ვერც ვაცნობიერებ რომ ვინმეს ტელეფონი გამოვართვა და დავრეკო. თითქოს ვხედავ როგორ დაირაზმა ასობით მანქანა, სავსე სასოწარკვეთილი მშობლებით და ჩვენსკენ მოექანებაა.

ვგრძნობ რა ხდება მათ გულებში და მათთან ერთად მტკივა.

მინდა წამოვდგე, გავიქცე, ვიყვირო, მაგრამ ძალა აღარ შემწევს…

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

თენდება ყველაზე შემზარავი დილა ჩემს ცხოვრებაში.

ახლა როგორც არასდროს, ისე არ მინდა გათენება, არ მინდა ვნახო ის, რაც სანგრის გარეთ დამხვდება…

ჯგუფებად გავყავართ სანგრებიდან. გვერდს ვუვლი ნაწილებად დაფლეთილ რეზერვისტებს და გულიც ათასობით ნაწილად მეფლითება. რაღაც ზებუნებრივი ძალა მაიძულებს ვიარო, თითქოს ზომბირებული ვარ და ვიღაც უხილავი პულტით მმართავს.

გამოვდივართ ველიდან და თვალწინ გვეშლება მანქანებთან შეჯგუფული ხალხის მასა.

ვუახლოვდებით.

 

war

მესმის როგორ ეკითხება ნერვიულად შავებში ჩაცმული ქალი ყველა გამოსულ რეზერვისტს ხომ არ უნახავთ მისი შვილი, პასუხად კი ყველა მხრებს იჩეჩავს და თავდახრილი აგრძელებს გზას.

მესმის როგორ კივის ახალგაზრდა ქალი განწირული ხმით, ვხედავ როგორ ასულიერებენ ვიღაცას.

მივიდვარ და მინდა ამ ყველაფერს რაც შეიძლება მალე მოვშორდე, იმიტომ რომ მეტი აღარ შემიძლია, ვგრძობ რომ ცოტაც და მკერდში რაღაც იფეთქებს და ჩემი სიცოცხლეც მათ ხანმოკლე სიცოხლესთან ერთად დასრულდება!…

და აი ვხედავ ნაცნობ მანქანას და ნაცნობ სახეებს

მინდა ვიყვირო, მინდა გავიქცე, მაგრამ არ შემიძლია.

მესმის ხმები, რომ ყველანი ვაბარებთ იარაღს და სახლებში გვიშვებენ, მე კი იარაღი ისევ ხელში მაქვს ჩაბღუჯული, ჩემი ჟანგიანი ავტომატი, რომელიც ყოველ მეხუთე ტყვიაზე იჭედებოდა.

უკვე მხედავენ და ჩემსკენ მოემართებიან მთელი სისწრაფით.

ვგრძნობ როგორ მეხსნება მხრებიდან უმძიმესი ტვირთი და მიწას ენარცხება. მასთან ერთად მეც მოწყვეტით ვენარცხები მრავალი უდანაშაულო სისხლით მორწყულ მიწას.

მტკივა ყველა უჯრედი, მაგრამ ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით რაც შიგნით, სულის სიღრმეში მტკივა.

ყელში თითქოს რაღაც მაქვს გაჩრილი და მახრჩობს.

წამები თითქოს საუკუნეებად იქცნენ, მე ველი… და უაზროდ ვაშტერდები მშვიდ, ლურჯ ცას, რომელიც თეთრი ფაფუკი ღრუბლებით დაფარულა.

ვერ ვფიქრობ…

უბრალოდ ვგრძნობ

ვგრძნობ, რომ უკვე აღარ წვავს სიკვდლის ცხელი სუნთქვა ჩემს სხეულს.

ვგრძნობ, რომ სულ რაღაც წამებში ამიტაცებენ ხელში, ჩამტენიან მანქანაში და გამაქანებენ შორს, შორს ამ ტკივილისგან, კოშმარისგან და სასოწარკვეთისგან.

ვგრძნობ, როგორ მიყვარხართ ყველანი, ვინც აქ ხართ და ვინც შორს, მაგრამ ახლა, ამ წუთსაც ჩემზე ფიქრობთ და ამაოდ ცდილობთ ჩემთან დარეკვას

ვგრძობ, რომ ცხოვრების ეს ეტაპი სამუდამოდ დასრულდა, მაგრამ ვერასდროს ამოვშლი მეხსიერებიდან.

ვგრძნობ გაუსაძლის ტკივილს და ისე მინდა ვიტირო, როგორც არასდროს, მაგრამ ყელში გაჩრილი ბურთი არ მაძლევს ამის ნებას.

ვგრძნობ, როგორ ძლიერდება ფეხის ხმა.

ვგრძნობ, როგორ იფარება ჩემს თავზე ცა, მრავალი ნაცნობი, ცრემლმორეული სახით.

ვგრძნობ რაოდენ ძვირფასია სიცოცხლე…

 

10.08.2008

გურამ შეროზიას ბლოგი

რეზერვში დაკომპლექტების ასაკი 18-55 წლებით განისაზღვრება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 24 მარტი 2017 17:07

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი თავდგირიძეს მოუსმინეს, რომელმაც სამხედრო სარეზერვო სამსახურის განახლებული კონცეფცია წარმოადგინა.

მომხსენებელმა გამოსვლის დასაწყისში, სარეზერვო სამსახურის არსებული კანონმდებლობა მიმოიხილა და იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც, მისი შეფასებით, მოქმედ კონცეფციას ახასიათებს. მისი განმარტებით, არსებული სისტემა დღევანდელ გამოწვევებს ვერ პასუხობს და ამის მიზეზად გიორგი თავდგირიძემ ერთიანი და განახლებადი მონაცემთა ბაზის არ არსებობა, რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვისა და კოორდინაციის ერთიანი სისტემის უქონლობა და საკანონმდებლო ბაზის მოუქნელობა დაასახელა. მანვე სამხედრო ძალების რეზერვის გამოყენების პრინციპებსა და მართვის განახლებულ ხედვაზე კონცეფციის მიმართულებები წარმოადგინა და სამხედრო ძალების რეზერვის ახალ სტრუქტურაზე ისაუბრა.

„მიზანშეწონილია რეზერვი დაიყოს არა კატეგორიებად, არამედ შემოღებულ იქნას აქტიური სარეზერვო სამსახურის ცნება და დღეს არსებული სამი კატეგორიის რეზერვის გაუქმება. ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ტერიტორიული თავდაცვის ძალები და ფართოდ ჩავრთოთ მოქალაქეები ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. ისინი სამოქალაქო ცხოვრებას არ მოსწყდებიან, მაგრამ ამასთანავე მათი საბრძოლო უნარ-ჩვევა ძალიან მაღალი იქნება. მათი ორგანიზებულობაც იქნება ძალიან მაღალი. ტერიტორიული თავდაცვის ძალები შეიქმნება ეროვნული გვარდიის ბაზაზე დღეს არსებული ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ფაქტობრივად, თანხობრივ დანახარჯებს არ გამოიწვევს”- განმარტა გიორგი თავდგირიძემ.

მისივე განცხადებით, რეზერვში დაკომპლექტების ასაკი 18-55 წლებით განისაზღვრება და იგი როგორც რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას, ასევე კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო სოციალურ გარანტიებს განაპირობებს. 

მომხსენებლის განცხადებით, ახალი კონცეფცია სხვადასხვა დანიშნულების სარეზერვო დანაყოფების და დაჯგუფებების, კერძოდ კი, შეიარაღებული ძალების რეზერვის, ტერიტორიული რეზერვის და სპეციალისტთა რეზერვის შექმნას ითვალისწინებს. გიორგი თავდგირიძემ თვითეული რეზერვის მომზადებაზე, დანიშნულებასა და გამოყენებაზე ისაუბრა და პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამების გაშვების მნიშვნელობები შეაფასა.

„არსებული რესურსების პირობებში აქტიური სარეზერვო სისტემის შექმნით, ქვეყნის სამხედრო ძალები დამატებით 10-12 ათასიან სამხედრო დაჯგუფებას მიიღებს, ისე რომ არ მოხდება დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა, დამატებითი შეიარაღების შესყიდვა და დამატებითი სამეთაურო რგოლის მოზიდვა. ამასთანავე, ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობის მაღალი დონე ტოტალური თავდაცვის ეფექტიანობას და სამხედრო ფარის მდგრადობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ. 

კონფერენციის ძირითადი პრინციპების გაცნობის შემდეგ მომხსენებელმა პარლამენტის წევრების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ დოკუმენტზე სხვადასხვა წინადადებები და რეკომენდაციები გამოითქვა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ბერაიამ კონცეფციის შემუშავების პროცესში ჩართულ ადამიანებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონცეფცია, თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისივე განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები თავდაცვის სფეროს რეფორმირების პროცესს დადებითად აფასებენ და ეს კონცეფციაც რეფორმის წარმატებული გაგრძელება იქნება.

სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასა. მისი განცხადებით, სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფცია ეფექტური დოკუმენტია და იგი მხარს უჭერს და მიესალმება მის მიღებას.

თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე წელია რეზერვის საკითხზე მუშაობს. წარმოდგენილი პროექტი ძალიან კარგი და ეფექტურია. სიახლე არის ის, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური აქტიურ ფაზაში გადავა დa გვეყოლება აქტიური რეზერვი, რაც ნიშნავს, რომ რეზერვისტები მთელი წლის მანძილზე პროფესიულ დონეზე იქნებიან აღრიცხული და გარკვეულ ხელფასსაც მიიღებენ. ჩვენ გვეყოლება ტერიტორიული პრინციპით შემდგარი სამხედრო რეზერვი და ასევე სპეციალისტთა რეზერვი. კონცეფციაში სწორად არის გაწერილი მართვისა და კოორდინაციის მექანიზმები, რაც ქვეყანას შეუმცირებს დანახარჯებს და იმავდროულად გაზრდის ეფექტურობას. ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ, თუმცა მსჯელობები და დისკუსიები მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ, რათა კიდევ უფრო სრულყოფილი და გამოწვევებზე ორიენტირებული კონცეფცია მივიღოთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 16:50

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. ამჯერად დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან გამართეს. რეზერვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვაში მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები. 

კანონმდებლებს კონცეფციის პროექტის შესახებ პრეზენტაცია გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესშია და მისი სტრუქტურა საფრთხეებიდან გამომდინარე შესაძლოა შეიცვალოს. პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის მიზანზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სისტემა მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების რეზერვით უზრუნველყოფასა და გაძლიერებას. 

კონცეფციის პროექტის ავტორმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს რეზერვის ყოველწლიური საწვრთნელი ციკლის შესაძლო სქემა და რეზერვის ანაზღაურების დაანგარიშების პრინციპიც წარუდგინა. პოლკოვნიკმა ჩუბინიძემ ასევე დეტალურად ისაუბრა რეზერვის სამ კატეგორიაზე - არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვის შესახებ. 

კონცეფციის სამუშაო ვერსია  რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებითაა შემუშავებულია; ის სრულიად აუთენტურია; თუმცა, მოიცავს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC) გამოცდილებას. კონცეფციის სამუშაო ვერსიის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია არსებული ნორმატიული ბაზის გადახედვა და განახლება.

„თვენახევარზე მეტია, რაც დისკუსიები დაწყებული გვაქვს. ახლა შუალედური პროდუქტის მდგომარეობაში ვართ და ამიტომ, წარვუდგინეთ ის დეპუტატებს. მაისის ბოლოსთვის ვგეგმავთ, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ძალიან ბევრი კონსულტაციის შედეგად შეთანხმებული ვარიანტი უკვე სრულფასოვნად წარვუდგინოთ საზოგადოებას. იმედი მაქვს, რომ საერთო კონსენსუსი შედგება. მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე ერთგვაროვანი დამოკიდებულებები ჩამოყალიბდება იმიტომ, რომ სხვანაირად საზოგადოებისგან შეუძლებელია იმ ტიპის ენთუზიაზმის, მხარდაჭერის მიღება, რაც ამ პროცესს სჭირდება. რეზერვი - ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად. თუ ეს თანხვედრა არ შედგა, მაშინ ვერცერთი პროექტი, რაოდენ დიდებული კონცეფციებიც არ უნდა დავწეროთ ჩვენ, წარმატებული ვერ იქნება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ, ეს თანხმობა და ერთობა შედგეს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა კანონმდებლებთან კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვის შემდეგ. 

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის გაცნობისა და დისკუსიის შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაათვალიერეს და მის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს. 

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კონცეფციის პირველადი პროექტი  ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  ორჯერ უკვე განიხილეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავს  კონცეფციის პროექტის პრეზენტაციასა და შეხვედრებს ვეტერანებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ბიზნესასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური