საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 07 ივლისი 2019 13:16

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.  თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები18-დან 50 წლამდე ასაკის მოქლაქეებს შესაძლებლობა აქვთ რეზერვის პროგრამაში ჩაირიცხონ ისე, რომ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და პარალელურად დამატებთი ანაზღაურება მიიღონ.  

ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. 

ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი უნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურის პერიოდში რეზერვისტის წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები 2700 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. 

რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და  მათ  აქტიური რეზერვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

საბუთები მიიღება 1 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 01 აპრილი 2019 17:42

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 8-დან 19 აპრილის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით.

სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ექნებათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები ასევე ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

 

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 01 სექტემბერი 2018 11:19

ქართული საზოგაადოების ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად თემურ შაშიაშვილის კანდიდატურა წამოაყენა. შესაბამისად, მათ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცეესკო) მიმართეს და რეგისტრაციაც გაიარეს. როგორც თვითონ პრეზიდენტობის კანდიდატი თ. შაშიაშვილი აცხადებს, მისი საარჩევნო კამპანია სრულიად განსხვავებული იქნება.

”ვერთვები უაღრესად საპასუხისმგებლო ბრძოლაში, და ყოველგვარი ეჭვის და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვაცხადებ - იამაყებს ყველა, ვინც მხარს დამიჭერს და
– გულდაწყვეტილი დარჩება ის, ვინც თავს შეიკავებს. დადგა დრო, როცა მე და თქვენ, როგორც არასდროს, ვჭირდებით ერთმანეთს და ყველა ერთად კი – ჩვენს სამშობლოს!
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის!” - ამბობს თემურ შაშიაშვილი.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, 1 სექტემბერს, 12.00 საათიდან 19.00 საათამდე, ქუთაისის გულში – თეთრ ხიდთან, ცისფერყანწელთა ბაღში, სამეფო სახლთან, პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი იწყებს ხელმოწერების შეგროვების პროცესს. მისივე განმარტებით, ის სრულიად ახალი სახის კამპანიას ჩაატარებს და მას არ ეყოლება შუამავალი საკუთარ ამომრჩეველთან. „დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ. ეს იქნება უშუალო შეხვედრა-საუბრები ყოველგვარი ოფიციალობისა და პომპეზურობის გარეშე. მწამს და მჯერა, ქვეყანაში უნდა გაიმარჯვოს არა პარტიის, ოლიგარქის, არა ქვეყნის გარედან მართულმა პირმა, არამედ ხალხის ინტერესების გამომხატველმა – სახალხო კანდიდატმა“, - დასძინა თ. შაშიაშვილმა.

რა თქმა უნდა საარჩევნო მარათონი არ იქნება ადვილი, მითუმეტეს როდესაც,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის სახელით უკვე განაცხადა, რომ გაიმარჯვებს მხოლოდ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი და მეტიც, მეორე ტურის შესაძლებლობაც კი კატეგორიულად გამორიცხა. „ვთქვი და ვადასტურებ, მე მარტომ უნდა ვიბრძოლო და რაც მეტი ჩემი მხარდამჭერი გააკეთებს ამასვე, მით უკეთესი, ჩვენ გამარჯვებაში შევერთდებით. ვიცი, ძალიან კარგად ვიცი, რომ არ იქნება ეს ადვილი, მაგრამ, სხვა გამოსავალიც არ არსებობს და დღეს ეს გაცნობიერებული აქვს ყველა მოაზროვნე ადამიანს. ყველამ უკვე კარგად იცის, რომ ვიდრე ეს არ მოხდება, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა“, - ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა თ. შაშიაშვილმა.

როგორც იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, იგი ანალოგიურ უშუალო შეხვედრებს გამართავს ქალაქის სხვადასხვა უბნებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მომდევნო კვირიდან კი ამომრჩევლებს შეხვდება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, მცხეთაში, მესტიაში, ამბროლაურში. „წინსაარჩევნო პერიოდში საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონს მოვივლი. შევხვდები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა გავიგო რა უჭირთ მათ და როგორ შეიძლება მათი პრობლემების მოგვარება. მე ქართველი ხალხის პრეზიდენტი ვიქნები“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი.

ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 16:58

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით წარადგინა. მოცემული დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% (1 026 430) შეადგინა.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - 46.2% , ხოლო ყველაზე დაბალი - 25.4% შიდა ქართლში. რაც შეეხება თბილისს, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა - 27.7%.

„რომ შევადაროთ ეს მონაცემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 28.94 %“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა სიებში რეგისტრაციის პროცესს, მათ შორის, ნებისმიერი ადგილიდან, რაც ცალსახად დადგენილია საარჩევნო კანონმდებლობით. კერძოდ, დამკვირვებელთა უფლებების შესახებ 41-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად: დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და ა.შ. როგორც უკვე აღინიშნა ზოგადად, ამომრჩევლის სახელი, გვარი და სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ცესკოს დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გადაღება რომელიც არ მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ (სამაგიდო) ვერსია. შესაბამისად, სამაგიდო ვერსიის ფოტო-ვიდეო გადაღება დაუშვებელია და ასევე, საჯაროდ არ გაიცემა სამაგიდო სიის ასლები. ამასთან, რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ მოხდეს პერსონალური მონაცემის - პირადი ნომრის გამოყენება და კომისიის საქმიანობის ხელის შეშლა. როგორც ყველა წინა განცხადებაში, ეხლაც ავღნიშნავთ, რომ არჩევნებში ჩართულმა მხარეებმა ისე უნდა განახორციელონ საკუთარი უფლებები, რომ ამომრჩეველს შეეძლოს ნების თავისუფალი გამოვლენა“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგზე.

მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია პროცედურული ხარვეზების შესახებ:

ხობის საოლქო საარჩევნო კომისიაში 31# საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრაში, რომელიც აკინძულია 50 ცალად, აღმოჩნდა ერთი ცალი სხვა ოლქის ბიულეტენი, კონკრეტულად კი, ზუგდიდის #31-ე უბნის ბიულეტენი, რაც სტამბის მიერ ბეჭდვისას დაშვებული შეცდომაა. კომისიამ შეადგინა ოქმი და ეს ბიულეტენი არ იქნება გამოყენებული.

გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მარნეულის #89 უბნიდან გაიტაცეს გადასატანი საარჩევნო ყუთი, თუმცა ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდევილეს. აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინაროებს.

დღეიდან საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 07 ივლისი 2017 10:25

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება. 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება და ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის - kids.org.ge-ს საშუალებით. 

პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 13:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.

აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაცია ფორმაში დაემატება ხუთი ახალი საბავშვო ბაღი, რომელთაც უკვე მიენიჭა ნომრები. ესენია: N33-ს საჯარო ბაგა-ბაღი - ვაშლიჯვრის დასახლება, ზონა 2; N69-ე საჯარო ბაგა-ბაღი - ჩიტაიას ქუჩა N6; N74-ე საჯარო ბაგა-ბაღი - პეკინის გამზირი N23; N113-ე საჯარო ბაგა-ბაღი ურეკის ქუჩა N4; სოფელ წინუბნის საბავშვო ბაგა-ბაღი - სოფელი წინუბანი.

თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 14:53

თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 7 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

თემურ თორდინავას თქმით, თბილისის საჯარო ბაღებში 2017-18 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 13:00 საათზე, რომლის დროსაც რეგისტრაციას სააგენტოს ვებ-გვერდზე გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ასევე იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი ან შვილები იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით უკვე სარგებლობენ, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები. 

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 13:00 საათზე. ამ შემთხვევაში რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც პირველ ეტაპზე დარეგისტრირებულთა კატეგორიებში არ შედიან. 

თორდინავამ საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი სააღმზრდელო წლისთვის თბილისში 13 000-მდე ბავშვის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი, რაც წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობაა. მისივე თქმით, ბაღებში ჯგუფების დამატება ახალი ბაღების მშენებლობით გახდა შესაძლებელი. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, დღეისათვის თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 60 000-მდე აღსაზრდელი დადის. 

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 07 აპრილი 2017 16:12

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2017-2018 სასწავლო წლისათვის.

რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:

ეტაპი: 2017 წელი, 10 აპრილი -  24 აპრილი

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლებში.

რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

• რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

• რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

• რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში  25 აპრილი - 05 მაისის ჩათვლით.

II ეტაპისაყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია

2017 წელი, 8 მაისი - ივნისის ჩათვლით

შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს  აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 2017 წელი19 ივნისი - 30 ივნისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

2017-2018 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აღარ აიკრძალება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 15:09

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აღარ აიკრძალება, - აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გააკათა. 

"მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა ჩვენი ინიციატივა იყო, თუმცა ფინანსთა სამინისტროსგან შემოვიდა ინიციატივა, რომ მოხდეს აქციზის ზრდა. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ შეჩერდეს კატასტროფული ზრდა და შემცირდეს ავტომობილების საერთო რაოდენობაში მარჯვენასჭიანი ავტომანქანების ხვედრითი წილი. ეს შედეგი გარკვეულწილად მიიღწევა განბაჟების გაძვირებითაც. რადგან ორივე ინიციატივა ერთ მიზანს ისახავს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას,” - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადება პ/გ „ცენტრისტების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 09:14
დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მედია საშუალებებით გახდა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის პირველი აგვისტოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებს“ მოცემული მდგომარეობით არ ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი. აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარემ, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“, 2016 წლის 2 ივნისის განცხადებისა და კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე, (ასევე, დამატებით მათ მიერ წარმოდგენილ იქნა პარტიის 2016 წლის 29 მაისის ყრილობის ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარედ არჩეულია თემურ ხაჩიშვილი), საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად გაატარა საარჩევნო რეგისტრაციაში. ნიშანდობლივია, რომ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის მიზნებისთვის, ცესკოს არ ევალება შეისწავლოს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი; აღნიშნული სხვა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა. აქედან გამომდინარე, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე ცესკოს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და არ ემყარება კომპეტენტურ მოსაზრებებს. იმისათვის, რომ ცესკოს თავმჯდომარემ, ახლად დადგენილი გარემოების გათვალისწინებით იმსჯელოს „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე, საჯარო რეესტრის მიერ ცესკოში დროულად უნდა იქნას წარმოდგენილი შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამერიკელი პროფესორი ჯიმ რიდლი რეგისტრაციის ქართულ მოდელს გაეცნო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 11:30

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამერიკელი პროფესორი ჯიმ რიდლი სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი კერძო საკუთრებისა და უძრავი ქონების კუთხით საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული საინვესტიციო გარემოს ანალიზი იყო. 

ჯიმ რიდლი მიწის რეგისტრაცისი სისტემის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საკითხებითაც დაინტერესდა. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მას გეოინფორმაციული სისტემის, საკადასტრო მონაცემებისა და ელექტრონული რუკების დამუშავების ქართული მოდელიც გააცნეს. 

ამერიკელი პროფესორი საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მოწვევით იმყოფება. იგი მრავალი წლის განმავლობაში ვისკონსინის უნივერსიტეტში მუშაობდა, არის ამავე უნივერსიტეტის მიწის პოლიტიკის კვლევისა და სასწავლო საერთაშორისო ცენტრის წევრი. ჯიმ რიდლი  მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, აქვს სხვადასხვა ქვეყანასა(კამბოჯა, ახალი ზელანდია, ფილიპინები, ჩინეთი) და საერთაშორისო პროექტში(UN, GIZ, WB) მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის ექსპერტად მუშაობის დიდი გამოცდილება.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური