"მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 10:48

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. თანამშრომლების განცხადებით ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. 

"კიდევ ერთხელ, "მაესტროზე" არსებული ყველა ტელეპროექტის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას.

სასამართლო დავის დასრულებამდე, ვითხოვთ, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეასრულოს ბაია გადაბაძემ.

ვადასტურებთ, რომ ბაია გადაბაძეს აქვს სრული ლეგიტიმაცია, ისაუბროს "მაესტროს" გუნდის სახელით.

ასევე, ვიტოვებთ იმედს, რომ მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის არხის შეუფერხებლად მუშაობას და მოგვეცემა შესაძლებლობა, შევასრულოთ პროფესიული მოვალეობა."- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ 

"კონტაქტი"

"მაესტროს ფაქტორი"

"ბიზნესკონტაქტი"

"საქმიანი დილა"

"ერთი წუთი მაესტროზე"

ობმუცმენი მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 15:50

საქართველოს სახალხო დამცველი “ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
სახალხო დამცველი გმობს ყველანაირ ძალადობას და მათ შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ზემოაღნიშნულ ფაქტზე ჩატარდეს დროული და ეფექტური გამოძიება, ხოლო დამნაშავე პირები ადეკვატურად დაისაჯონ.
“გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის 12 იანვარს, ღამით ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებს: ირაკლი კიკნაველიძეს, ნინო მაჭარაშვილს, ლევან სუთიძესა და “ტაბულას” ყოფილ თანამშრომელს ავთო ქორიძეს რესტორანში სამი პირი დაესხა თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაამტვრიეს ინვენტარი და მიიმალნენ. ჟურნალისტების განმარტებით, თავდამსხმელები ამის მიზეზად მათ პროფესიულ საქმიანობას და მათი მხრიდან მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკას ასახელებდნენ.
როგორც ცნობილია, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით, რომელიც ცემას გულისხმობს. სახალხო დამცველი გმობს ყველანაირ ძალადობას და მათ შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. განუზომელია გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის როლი ინკლუზიური, ინფორმირებული საზოგადოებებისა და დემოკრატიის მშენებლობაში, ჯეროვანი მმართველობის დამკვიდრებაში. აუცილებელია ზემოაღნიშნულ ფაქტზე ჩატარდეს დროული და ეფექტური გამოძიება, ხოლო დამნაშავე პირები ადეკვატურად დაისაჯონ. თავდამსხმელებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალში ძალადობის განმეორების თავიდან ასაცილებლად. გამოძიების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სიძულვილის მოტივის სათანადოდ შეფასებაზე. საქართველოს სახალხო დამცველი უშუალოდ მიადევნებს თვალს გამოძიების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის 2015 წლის მუშაობას,შოთაძე ჟურნალისტებს თებერვალში წარუდგენს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 12:39

როგორ იმუშავა გასულ წელს პროკურატურამ და როგორ მიმდინარეობს გახმაურებული საქმეების გამოძიება ამ თემების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორი თებერვალში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრებს.

შოთაძე ამბობს, რომ წლის შეჯამება დეტალური და ამომწურავი იქნება.

"თითოეულ საქმეზე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი. თებერვლის დასაწყისში ჟურნალისტებთან ერთად მიღებას გავმართავთ  და 2015 წელს შევაჯამებთ,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 10:17

 ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ტაბულას ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძეს რესტორან "ჭაშნაგირში",თავს დაესხნენ. ტაბულას ჟურნალისტების თქმით, რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა, თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. მედიის წარმომადგენლებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. ტაბულას ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სირიაში სამი რუსი ჟურნალისტი დაჭრეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 17:29

სირიაში სამი რუსი ჟურნალისტია დაჭრილი. რუსული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტები მსუბუქი ჭრილობებით ბაზაზე არიან გადაყვანილი, სადაც მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ინციდენტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ჟურნალისტების ავტომობილს ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან გაუხსნეს.

თურქეთში მთავრობამ კიდევ ერთი კერძო კომპანიის მმართველობა უკანონოდ ჩაიბარა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 12:42

თურქეთში მთავრობა, მის მიერ ოპოზიციურად განწყობილი კომპანიების ხელში ჩაგდებას განაგრძობს. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის და მისი ხელისუფლების მიერ 1 ნოემბრის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგის მმართველობის ჩაბარების შემდეგ, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური სტრუქტურის მქონე დაწესებულების " Kaynak" ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მმართველობაც ჩაიბარა.
" Kaynak" ჰოლდინგი რომელსაც 8 ათას თანამშრომელი ჰყავს და 16 სხვადასხვა სექტორის 23 კომპანიას და 100 აქტიურ ბრენდს შეიცავს, პოლიციამ დღეს დილით სტამბულში ჰოლდინგის ოფისები დაარბია.
ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგზე განხორციელებული სკანდალის შემდეგ ეს მოვლენა, თავისუფალ მეწარმეობასა და კაპიტალზე მიყენებული ახალი დარტყმა იქნება და ნახსენები უკანონო ქმედება ქვეყანას ეკონომიურად სერიოზულად დააზარალებს. ეკონომისტები, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საყოველთაო სამართლებრივი ნორმების დაცვაა და თუ ქვეყანაში სამართლებრივად უსაფრთხო გარემო არ იქნება უცხოელი ინვესტორის თურქეთში შეჩერება რთული იქნება.
თურქეთში 2013 წლის 17-25 დეკემბერში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული მექრთამეობისა და კორუფციის გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ყველა სფეროზე, მათ შორის თავისუფალ მედიაზეც, მათი გაჩუმების მიზნით ზეწოლამ პიკს მიაღწია. 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციური გამოცემებით ცნობილი "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგში შემავალი ორი ტელევიზიისა და გაზეთების მმართველობა ჩაიბარეს და ასობით ჟურნალისტი ყოველგვარი მიზეზის გარეშე სამსახურიდან დაითხოვეს. და ბოლოს, მთავრობამ ქვეყნის უმსხვილესი მედია საშუალებებიდან "სამანიოლის" ჯგუფში შემავალი ტელევიზიები და რადიო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე სატელიტი Türksat-იდან გაიყვანა. გაყვანა განხორციელა ყოველნაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფმა სატელიტმა (Türksat), ამ ჯგუფში შემავალ 13 სატელევიზიო არხს და 4 რადიოს მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლამდე კონტრაქტი ჰქონდათ სატელიტური მაუწყებლობა შეუწყვიტა.

სომხეთი - გეზი თვითგადარჩენიდან აყვავებისკენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 08 ნოემბერი 2015 13:42

გასულ შაბათს, 31 ოქტომბერს, თბილისში სომხური საკათედრო ტაძრის - სურბ გევორქის აღდგენითი სამუშაოების დასრულების და ხელახალი კურთხევის ცერემონია გაიმართა. 3,5 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის დამფინანსებელთა შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებს. ეკლესიის აღდგენა საქველმოქმედო ფონდის - ”სომხეთის განვითარების ინიციატივები”-ს (IDeA) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. მანამდე კი, ამავე ფონდის ორგანიზებით, სომხეთში ქართული მედიის 9 წარმომადგენლის მონაწილეობით პრეს-ტური შედგა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები შევხვდით ფონდის ხელმძღვანელებს, ადგილობრივ ექსპერტებს, მოვინახულეთ სომხეთის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ობიექტები.
თბილისში ჯერ კიდევ 1251 წელს აშენებული საკათედრო ტაძრის სურბ გევორქის (წმინდა გიორგის) აღდგენა-რესტავრაციის საქმეში გაღებული წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილს, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ალბერტ ავდოლიანს და სერგეი სარქისოვს სომხეთის აპოსტოლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდო ”წმინდა გიორგი განმანათლებლის” ორდენი მიენიჭათ. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, ყოველთა სომეხთა კათალიკოს-პატრიარქმა გარეგინ მეორემ,  საქართველოსა და სომხეთის ოფიციალურმა პირებმა, მრავალრიცხოვანმა სტუმრებმა.
ეკლესიის აღდგენის პროექტი 3 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. პროექტი არაერთმა სომეხმა და სხვა ეროვნების ცალკეულმა ქველმოქმედმა და ბიზნესმენმა დააფინანსა, ხოლო უშუალოდ რესტავრაციის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც სომეხი, ისე ქართველი სპეციალისტები.. სურბ გევორქის ტაძრის აღდგენა ერთ-ერთია იმ პროექტთა შორის, რომლებიც საქველმოქმედო ფონდის - ”სომხეთის განვითარების ინიციატივების” მიერ ხორციელდება. ფონდი ცნობილმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა რუბენ ვარდანიანმა და მისმა მეუღლემ ვერონიკა ზონაბენდმა დააფუძნეს. აღსანიშნავია, რომ რუბენ ვარდანიანს ”წმინდა გიორგი განმანათლებლის” ორდენი ჯერ კიდევ 2013 წელს გადაეცა, ხოლო უფრო ადრე, 2011 წელს სომხეთის პრეზიდენტმა იგი სომხეთის ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის  წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენით დაააჯილდოვა.
ფონდის დირექტორის მოადგილის, სერგეი ტანტუშიანის თქმით, ფონდის ყურადღების ცენტრში ის პროგრამებია, რომელთაც მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლიათ და ხელს უწყობენ სომხეთის თვითგადარჩენის მოდელიდან აყვავების მოდელზე გადასვლას.  ”ჩვენ ვახდენთ მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების რეალიზებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სომეხი ხალხის სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შენაჩუნებას და ცვალებადი მსოფლიოს პირობებში ჩვენი ერის აღორძინებას. მათ რიცხვშია ქალაქ დილიჟანის აღორძინების პროექტი, ”დილიჟანის კოლეჯი”, ”ტატევის აღორძინება”, ”დახმარება არცახის ბავშვებს”, ”სურბ გევორქის ტაძრის რეკონსტრუქცია თბილისში”, პროექტი ”100 LIVES" ("100 სიცოცხლე”)  და სხვები”, - აცხადებს ტანტუშიანი.
5-დღიანი პრეს-ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები საქართველოდან ვეწვიეთ საკურორტო ქალაქ დილიჟანს, დილიჟანის საერთაშორისო კოლეჯს, ეთნოგრაფიულ კომპლექსს ”ძველი დილიჟანი”; სახელგანთქმულ სევანის ტბის სანაპიროს, სიუნიკის ოლქში არსებულ მეტალითისებრ კომპლექს კარაუნჯს; ქალაქ გორისს, მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზით (”ტატევერი” - 5 752 მეტრი) - ტატევის მე-9 საუკუნის მონასტერს; მე-9-13 საუკუნეების ნორავანკის მონასტერს; სომხეთის ეროვნულ მუზეუმს და უძველესი ხელნაწერების მუზეუმ-ინსტიტუტს ერევანში; მემორიალურ ცენტრ ”ციცერნაკაბერდს”, ”სომეხთა გენოციდის” მუზეუმს, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრ ”ტუმოს”, ცნობილი რეჟისორისა და მხატვრის სერგეი ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმს, რომელიც ცნობილ ”რაზდანის” სტადიონს გადაჰყურებს და ერევნის კონიაკის ქარხანა ”არარატს”.
დილიჟანის საერთაშორისო კოლეჯ-პანსიონი 13-19 წლის მოზარდებისთვის 2014 წლის აგვისტოში გაიხსნა. ეს კომფორტული კოლეჯი რუბან ვარდანიანის, მისი მეუღლის, მათი პარტნიორების - კერძო პირებისა და ორგანიზაციების ერთობლივი პროექტია. 259 დონორის მიერ გაღებულმა კონტრიბუციამ 85 მლნ დოლრი შეადგინა. აქ სწავლობენ მოზარდები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ლათინური ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის 60-ზე მეტი სახელმწიფოდან, ასევე ბუნებრივია, უშუალოდ სომხეთიდან, აგრეთვე რუსეთიდან და საქართველოდან. ”დილიჟანში მსოფლიო დონის საერთაშორისო კოლეჯის ფუნქციონირება - ესაა საშუალება სომხეთისთვის, დაფიქსირდეს მსოფლიოს საგანმანათლებლო რუქაზე და საშუალება მისცეს ახალგაზრდებს, ისწავლონ უმაღლესი საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისად”, - აცხადებს ფონდის საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის და პიარის განყოფილების უფროსი, ფრანგულენოვან ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირის სომხეთის სექციის ხელმძღვანელი ზარა ნაზარიანი.  
ფონდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ”ტატევის აღორძინება” 2008 წელს დაიწყო. პროგრამის სავარაუდო ღირებულება 80 მლნ დოლარს შეადგენს. მისი ერთ-ერთი კომპონენტი ტატევის მონასტრის რესტავრაციას გულისხმობს და ძირითადი სამუშაოების დასრულება 2017 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება,
როცა მონასტერი დაარსებიდან 1111 წლისთავს აღნიშნავს. კიდევ ერთი კომპონენტი - პროექტი ”ტატევის
კარები” მონასტრისკენ მიმავალი საბაგირო გზის - ”ტატევის ფრთების” - ირგვლივ ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარებას გულისხმობს. ეს საბაგირო გზა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელია (5 752 მეტრი), 5 წლის წინ გაიხსნა.
ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ედგარ მანუკიანის თქმით, პროგრამა ”ტატევის აღორძინება” სომხეთის სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობის ნათელი მაგალითია და მასში მონაწილეობენ მთავრობა, ეკლესია, საქმიანი წრეები, ქველმოქმედები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. მისი ინფორმაციით, საბაგირო გზის ამოქმედებამდე ტატევის სამონასტრო კომპლექსის ვიზიტორთა რიცხვი წელიწადში 12 ათასი იყო, ხოლო საბაგირო გზის აშენების შემდეგ 145 ათასს მიაღწია. ”ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ სომხეთი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის, მათ შორის ქართველი ტურისტებისთვის. მნიშვნელოვანია
ქართული და სომხური ტურ-ოპერატორების თანამშრომლობა, რათა ევროპელ თუ ამერიკელ ტურისტებს კომპლექსური ტურები შევთავაზოთ, რათა მათ ერთი პაკეტის ფარგლებში მოინახულონ როგორც სომხეთის, ისე საქართველოს ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ობიექტები. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მეგობარი ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის ზრდას”, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია ფონდის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი სახელწოდებით ”100 LIVES", რომელიც სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს ეძღვნება. ”პროექტის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ, მსოფლიოს მოვუყვეთ იმ ადამიანთა ისტორიები, ვინც გენოციდი განიცადა, რათა მსგავსი მასშტაბური ტრაგედია აღარ განმეორდეს კაცობრიობის ისტორიაში და აგრეთვე მათი ისტორიებიც, ვინც ეხმარებოდა ადამიანებს გენოციდისგან თავის დასაღწევად და მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ”, - აღნიშნულია პროექტის ორგანიზატორთა განცხადებაში.
რაც შეეხება მეზობელი სომხეთის საგარეო პოლიტიკას, მის მთავარ პრიორიტეტს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ერევნის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის სერგეი მინასიანის თქმით, სომხეთისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტის ერთგვარ შეკვეცასაც კი დათანხმდა. რუსეთსა და სომხეთს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციას აქვს აღებული ვალდებულება სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო უსაფრთხოების ერთობლივი უზრუნველყოფის თაობაზე. რუსი მესაზღვრეები იცავენ სომხეთ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის 350 კმ-იან მონაკვეთს. სომხეთის ხელისუფლებას რუსეთის სამხედრო ბაზის საკუთარ ტერიტორიაზე 2044 წლამდე ყოფნის შესახებ გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

ვასო კაპანაძე
თბილისი-ერევანი-თბილისი

ხალვაში R2-ში ხელფასების შემცირებას, გარკვეული ჟურნალისტებისა და დაცვის თანამშრომლების გათავისუფლებას აპირებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 17:44

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ში სახელფასო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ხელფასი, არღვევს სამართლიანობის პრინციპს.

„თანამშრომელი რომელიც დასთანხმდება იმ ხელფას რომელიც კომერციულად გამართავს კომპანიას დარჩება და იმუშავებს. შეიძლება ვიღაცას გული დაწყდეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ 30 ათასი ან 45 ათასი რეალური ხელფასი იყოს,“ - ამბობს ქიბარ ხალვაში.

მისი თქმით, ტელეკომპანიაში ასევე იგეგმება დაცვის სამსახურის შეცვლაც.

„არ ვთვლი, რომ სააკაშვილის დაცვის სამსახურის ყველა სპეცრაზმელი, თუ მისი კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი შეინარჩუნებს იქ სამსახურს, მაგის პირობას ნამდვილად ვერ მოგცემთ. ასევე მე ვთვლი, რომ აფეთქებული ავტობუსებისა და აჩეხილი ვაზის დამდგმელი ჟურნალისტიც არ უნდა დარჩეს, ოღონდ ამას გადაწყვეტილებას მიიღებს დავით დვალი,“ - ქიბარ ხალვაში.

არეულობის განცდის შესაქმნელად ჟურნალისტებს იყენებენ-სერგეენკოს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 10:18

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მედიამ საქართველოში შეუფერხებლად უნდა იმუშაოს.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე დავას, მინისტრის თქმით, ამაში მთავრობა არ ერევა და სასამართლო გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელია.

„მთავარი არის ის, რომ მედიამ შეუფერხებლად იმუშაოს. რაც შეეხება ქონებრივ დავებს უნდა მივანდოთ სასამართლოს. მინდა გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი იმაზე, რომ ჟურნალისტებს ჩემი აზრით, იყენებენ იარაღად, იმისათვის, რომ შეიქმნას ერთგვარი არეულობის განცდა, რისი საფუძველიც არ არსებობს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015-ში 21 დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია თბილისი Fashion week
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 12:47

5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ში 21 დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან:

Avtandil, Materiel – Tiko Paska, Sasha Kanevski (Ukraine) Nino Babukhardia, Flow the Label, Atelier Kikala, Tamuna Ingorokva, Ria Keburia, Lela Eloshvili, Aka Nanitashvili, Litskovskaya, Janashia, George Pantsulaia, Diana Kvariani, George Amirejibi, UGLY, Datuna Sulikashvili, MATA, Tako Mekvabidze, Anuka Keburia, Bessarion.

დიზაინერების ნამუშევრების შესახებ დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ისრაელის, რუსეთისა და უკრაინის რეპორტიორები დაწერენ.

MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015 ქართველ დიზაინერებს არაჩვეულებრივ საშალებას აძლევს, რათა მათ საერთაშორისო არენაზე გასვლა შეძლონ მსოფლიოს საზოგადოებამ გაიცნოს.

MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ის მასპინძელი წელს პირველად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი იქნება.

ღონისძიებების ძირითადი ნაწილი „თბილისი მოლში“ გაიმართება, წარმოდგენილი იქნება MercedesBenz-ის ახალი მოდელები და საზოგადოების თვის მოეწყობა სპეციალური შოურუმები.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური