საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 18 თებერვალი 2020 16:03

საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა, ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

ოპოზიცია კენჭისყრას არ დასწრებია.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.

ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

"დადგენილია ის შესაძლო წრე, რომლისგანაც დეკანოზს ციანიდის შეძენა შეეძლო" - პროკურორი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017 12:11

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დღეს 12:00 საათზე გამოაცხადებს.


სხდომის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს საქმის პროკურორმა და დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა.

პროკურორი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, რადგან მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ანგარებით მკვლელობას გეგმავდა.

რაც შეეხება საკითხს, ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ მომწამვლელი ნივთიერება, ციანიდი პროკურორის თქმით ეს საკითხი , ცალკე საქმედ არის გამოყოფილი, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დადგენილია, ის შესაძლო წრე, რომლისგანაც დეკანოზს ციანიდის შეძენა შეეძლო.

„მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები იმის დასადგენად, თუ ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი და ცეცხლსასროლი იარაღი. თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეცნობება

პროკურორი - ბრალდებულ გიორგი მამალაძეს არ უნდა ნორმალური მართლმსაჯულება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 30 მაისი 2017 13:32

ბრალდებულ გიორგი მამალაძეს არ უნდა ნორმალური მართლმსაჯულება, რადგან იცის, რომ მტკიცებულებების გამოკვლევისას მისი ბრალეულობა დადასტურდება, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრალდებული ყველა გზას იყენებს, რათა საქმის განხილვა გააჭიანუროს.

"სახაზინო ადვოკატმა განაცხადა, რომ უნდა ჩამოცილებოდა საქმის განხილვას, ვინაიდან ბრალდებულს უკვე ჰყავს ოთხი აყვანილი ადვოკატი. თუმცა თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი დამატებით საჭიროებდა სახაზინო ადვოკატებს და ამის მიზეზი გახლდათ ის რომ, ბრალდებულს სურდა დღევანდელი სხდომის გადადება. ბრალდებულმა არ გაუშვა კიდევ ერთი შანსი, რომ გაეჭიანურებინა საქმის განხილვა. მას არ უნდა ნორმალური მართლმსაჯულება, რადგან კარგად იცის, რომ უტყუარი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მისი ბრალეულობა დადასტურდება და გიორგი მამალაძე ყველანაირი გზით ცდილობს თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და პროცესი გააჭიანუროს. წინა სხდომა მან ჩაშალა. დღეს ახალი საბაბი გამოიყენა და ახალი ადვოკატების ჩართვით, კიდევ ერთხელ გადადო და გააჭიანურა საქმის განხილვა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორის განმარტებით, თორნიკე კაჭარავასთვის წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 18:32

პრეზიდენტის შვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

კაჭარავასთვის წაყენებული ბრალი და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული სასამართლოზე პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა განმარტა. 

როგორც პროკურორმა აღნიშნა, კაჭარავას პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება. მას ბრალი მძიმე კატეგორიის მუხლით აქვს წაყენებული, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წაყენებული ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე, პროკურორმა მოსამართლის წინაშე იშუამდგომლა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. ამასთან, პროკურორმა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძვლად თორნიკე კაჭარავას წარსულში ნასამართლეობა და მიმლვის შემთხვევაც დაასახელა.

პროკურორი - დეკანოზმა დაკითხვაზე დაგვწყევლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 16:00
"კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, დეკანოზმა დაგვწყევლა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ მატოროსოვის ციხიდან გამოსულმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა უთხრა. მისი თქმით, დაკავებულმა არც დღეს უპასუხა გამოძიების შეკითხვებს. პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდებული თავს არიდებს კრიტიკულ შეკითხვებს. ამასთან, პროკურატურა აპირებს განიხილოს დეკანოზის მოთხოვნა მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ის, რომ დაკავებული დეკანოზი დღეს ჩვენებას არ მისცემდა გამომძიებლებს, დილითვე გახდა ცნობილი. ამის შესახებ მამა გიორგისთან შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. "მამა გიორგი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ის ჩვენების მიცემას იქამდე არ აპირებს, სანამ მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცული არ იქნება. მე მის სანუგეშოდ მოვედი", - ამბობს გიორგი თევდორაშვილი.

მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ბრალდებულმა დაკითხვის პროცესი ჩაშალა, - პროკურორი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 28 თებერვალი 2017 17:24
გვქონდა ბევრი შეკითხვა, რომელზეც ამომწურავ პასუხს ველოდებოდით. ასე ვიყავთ შეთანხმებული ადვოკატებთან და თავად ბრალდებულთან. როგორც კი დავაპირებთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვის დასმა, რაც იგეგმებოდა დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ მიზეზად დაასახლა ჯანმრთელობის მდგომარეობა.ექიმებმა გასინჯეს ბრალდებული ორჯერ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად ნორმაში და მას თავისუფლად შეეძლო მონაწილეობის მიღება დაკითხვის პროცესში. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ბრალდებულმა ჩაშალა დაკითხვის პროცესი,“ - განაცხადა ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 10:45

საპარლამენტო ოპოზიცია "ევროპული საქართველო“  მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 

მთავარი პროკურორის გადაყენების უფლემოსილება პარლამენტს აქვს. პროკურორის გადაყენა ხდება მაშინ, როცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს საგანგებო პროკურორის დანიშვნის წინადადებით მიმართოს.  პროკურორის გადყენებას მხარი პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს.

 

მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა მასალებს ასაჯაროებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 14:30

საქართველოს მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს:

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე წლის 14 იანვარს დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის: გამოიკითხნენ განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები ბ. ალავიძე და პ. ქათამაძე, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები, დათვალიერდა ხსენებული მოსამართლეების მობილური ტელეფონები, ჩატარებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ხსენებული მიმართვების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების განმახორციელებელი პირების დადგენის მიზნით.
ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 
ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიღებული მიმართვებისა და სატელეფონო შეტყობინებების შესახებ წერილობით აცნობეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. აღნიშნული ინფორმაცია და მასალები, როგორც აღინიშნა, შემდგომი რეაგირებისთვის გადმოგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.  გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან. 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით.  გამოძიების ფარგლებში საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.
ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თავად მოსამართლეთა თანხმობით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოდან შემოსულ მასალას, რომელიც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი, მათ შორის მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს,"-  ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

მასალა იხილეთ ბმულზე: დოკუმენტი_1;
                                                     
დოკუმენტი_2;
                                                     
დოკუმენტი_3;
                                                     
დოკუმენტი_4;
                                                     დოკუმენტი_5;
                                                     
დოკუმენტი_6;
                                                     
დოკუმენტი_7;
                                                     
დოკუმენტი_8;
                                                     
დოკუმენტი_9;
 

ურთიერთგაგების მემორანდუმი

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 აგვისტო 2016 12:03
საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს შორის (ODIHR) ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე დაესწრო. ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად საქართველოს პროკურატურაში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურორთა ტრენინგის პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს. სასწავლო პროგრამით, რომელშიც ჩართული იქნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის კვალიფიციური პერსონალი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულიდან 24 პროკურორი დატრენინგდება, რომლებიც შემდგომში თავად განახორციელებენ კასკადურ ტრენინგებს. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე კვალიფიკაციის ამაღლების შეუქცევადი პროცესი საქართველოს პროკურატურის ყველა სტრუქტურულ ერთეულს მოიცავს. ასევე, მოცემული პროგრამის სილაბუსით გათვალისწინებული საკითხები პროკურატურის სისტემის სტაჟიორებისთვის სავალდებულო ტრენინგების ნაწილი გახდება. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურორთა ტრენინგის პროგრამის დანერგვა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მსგავსი კატეგორიის დანაშაულთა გამოვლენისა და გახსნის მაჩვენებლის ზრდის და მათზე დროული და ეფექტური რეაგირების თვალსაზრისით.

პროკურატურის განცხადება "კაბელების საქმეზე"

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 16 მაისი 2016 14:16

საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  4 102 872 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული  თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად  უტყუარად დადასტურდა,  რომ 2013 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა - გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, დავით წიფურიამ და ნუგზარ კაიშაურმა წინასწარ განზრახული დანაშაულის შენიღბვის მიზნით, საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ თავდაცვის სამინისტროს სურდა თბილისი - ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ - ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის შეძენა და თუ აღნიშნულ კომპანიებს ექნებოდათ სურვილი თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა წარედგინათ წინადადებები 9 დღის ვადაში. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 კომპანიიდან მხოლოდ სს „სილქნეტს“ ჰქონდა წინასწარ, ორი თვით ადრე მიღებული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ამ სამომავლო გეგმის შესახებ და შესაბამისად, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მხოლოდ აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო შეთავაზების მომზადებისთვის. იმის გამო, რომ კომპანიებს ურთულესი მაგისტრალის გაყვანის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესადგენად მიეცათ შეუსაბამოდ მცირე დრო - 9 კალენდარული დღე, შ.პ.ს. „კავკასუს ონლაინმა“ და შ.პ.ს. „ახალმა ქსელებმა“ ვერ მოამზადეს შესაბამისი წინადადებები. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, იმ 9 კომპანიიდან რომელსაც თავდაცვის სამინისტრომ წერილები გაუგზავნა, სამი - შ.პ.ს. „ნეოტეკი“, შ.პ.ს. „სისტემები“ და შ.პ.ს. „გრინპროჯექტი“ საერთოდ არ აწარმოებენ მაგისტრალის მშენებლობას და სრულიად განსხვავებული პროფილით საქმიანობენ. ამ გარემოებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბრალდებულების ინტერესში არ შედიოდა სამუშაოების რეალური შემსრულებლის მოძიება, რადგან კომპანია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის პროცესში გაიმარჯვებდა, წინასწარ ჰყავდათ შერჩეული.
დარჩენილი ხუთი კომპანიიდან სამმა თავადაცვის სამინისტროს შესთავაზა გამოცხადებული მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამინისტროს მხრიდან  გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „სილქნეტის“ ის წინადადება, რომელიც საერთოდ არ შეესაბამებოდა სამინისტროს დეკლარირებულ მოთხოვნებს. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველი მოთხოვნა იყო საკაბელო მაგისტრალის შეძენა, საბოლოოდ სამინისტრომ სს „სილქნეტისგან“ შეიძინა არა საკაბელო მაგისტრალი, არამედ მაგისტრალში არსებულ 72 წვერიან ოპტიკურ - ბოჭკოვან კაბელში მხოლოდ 24 წვერი, მაშინ როდესაც ზუსტად იგივე სახის ქონება თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე ორი კომპანიისგან -  შპს ,,დელტა კომისგან“ და შპს ,,სპეცკავშირმშენისგან“ უფასოდ ჰქონდა შეთავაზებული. 
საბოლოოდ დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა - გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, დავით წიფურიამ და ნუგზარ კაიშაურმა კანონის მოთხოვნის უხეში დარღვევით ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად სს ,,სილქნეტი“ ჩააყენეს უპირატეს მდგომარეობაში, მასთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,სილქნეტს“ 2 618 005 ლარის ღირებულების ქონებაში 6 720 877 ლარი გადაუხადეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფოს მიადგა 4 102 872 ლარის ზიანი.  
სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკითხა 70-მდე მოწმე, გამოიკვლია 23 ტომი დოკუმენტალური მტკიცებულებები და 5 ექსპერტიზის დასკვნა. გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობამ უპირობოდ შექმნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. 
სასამართლომ ხუთივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლით."

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური