ზვიად ქორიძის დაკითხვას პროკურატურა დღეს გააგრძელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 10:13

შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის დაკითხვა პროკურატურაში დღეს გაგრძელდება. 
როგორც ქორიძემ განაცხადა მთავარ პროკურატურაში 17:00 საათზეა დაბარებული.
"როგორც იცით, 9 დეკემბერს პროკურატურაში უკვე ვიმყოფებოდი, თუმცა საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ჩემი დაკითხვა 22:00 საათზე შეწყდა. ამიტომ ის დღეს გაგრძელდება. სათქმელი რამდენად დამრჩა ვერ გეტყვით. ვფიქრობ, კითხვები ექნებათ და მზად ვარ პასუხი გავცე", - განაცხადა ქორიძემ.
მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. 
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ალეკო ელისაშვილიც დაკითხეს.

ელისაშვილის განცხადება და პროკურატურის პასუხი

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 12:24

უკვე ერთი საათია საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე იმყოფება საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, რიმელიც მმართველი გუნდის წევრების ფინანსურ დაინტერესებასა და კორუფციაზე საუბრობს.

პროკურატურაში მისი დაბარების მიზეზი  პატიმართა შეწყალებას და მათი გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევას ეხება.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან ამ საკითხზე ინფორმაცია მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ მიაწოდა. 

მისივე თქმით, საქმეზე ქართული ოცნების გავლენიან პოლიტიკოსებზეა საუბარი. დეტალებზე ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან არ საუბრობს. მისი თქმით, ყველაფერს იტყვის პროკურატურაში. საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, დღეს კიდევ ერთმა პირმა, რომელიც  ასევე იყო ინფორმირებული იყო ამ თემაზე, დაადასტურა, რომ ისიც მისცემს ჩვენებას საგამოძიებო ორგანოს.  

ალეკო ელისაშვილის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს მთავარი პროკურატურა.

გოგაძე ადასტურებს, რომ ის მართლა შეხვდა ელისაშვილს მისივე თხოვნის საფუძველზე და ამ შეხვედრას მისი თქმით, რაიონის ზედამხედველი პროკურორი და სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეც ესწრებოდა.

„სიტყვა - შეწყალების კომისია საერთოდ არ ყოფილა ნახსენები. ამ პიროვნებას ერთხელ შევხვდი და ზუსტად ვიცი რა საკითხზეც ვესაუბრე,“ - განმარტა გიორგი გოგაძემ. 

პროკურატურის განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 15:49

არასრულწლოვან მეუღლესთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებული 21 წლის ნადიმ პაქსაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.

ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს და განმარტავს, რომ უწყებამ პაქსაძის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა.

„მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა ხსენებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ნ.პაქსაძის მხრიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ნ.პაქსაძემ და მისმა მეუღლემ წლებია, რაც შექმნეს ოჯახი და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი ნ.პაქსაძის კმაყოფაზეა, ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევი არ არის და ხასიათდება დადებითად, მიიღო გადაწყვეტილება ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება 18 ნოემბერს დაიწყო, გამოძიებას საფუძვლად დაედო ხულოს სამოქალაქო რეესტრის მიერ გამოგზავნილი მასალები. 

პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 30 ნოემბერი 2015 14:27

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას უკვე შეუდგა. მან პროკურატურაში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა. 
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ მამუკა ვასაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მთავარი პროკურტურის საგამოძიებო ნაწილს კი დღეიდან თეიმურაზ ნაჭყებია უხელმძღვანელებს. 
ცვლილება განხორციელდა მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტშიც, დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ბაკურ აბულაძე დაინიშნა. რაც შეეხება პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, ამ პოსტს ნათია სუხიაშვილი დაიკავებს. 
პროკურატურის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხო ასევე საოლქო პროკურატურის ოფისებს, კერძოდ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ლევან პაქსაშვილი დაინიშნა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად კი - მალხაზ კაპანაძე.
დღესვე, განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საოლქო პროკურორებს შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

ალეკო ელისაშვილი ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 15:54

ალეკო ელისაშვილი ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებას კითხვები აქვს ელისაშვილის იმ განცხადების ირგვლივ რომლის მიხედვითაც მას უთვალთვალებენ.

პროკურატურაში შესვლამდე საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, რომ პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და არ აპირებს დაკითხვისას არცერთი წყაროს დასახელებას.

ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურის მხრიდან არ იქნება შესაბამისი რეაგირება და უწყება საქმეს არ გამოიძიებს

"ჩემთან დაკავშირებით სპეცსამსახურების აქტივობა დაიწყო მაშინ როცა პირველად გავაკრიტიკე პანორამა თბილისი. როგორც ჩანს ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მუშაობს. წარმოიდგინეთ ფეხით რომ კაცი დადიხარ და მანქანა რომ დაგყვება და დროდადრო ფოტოებს რომ გიღებს. 
ყოველდღე ერთიდა იგივე იგივე მანქანააა სხვადასხვა ნომრებით. საქარველოში ყველაფერს ერთი კაცი აკონტროლებს და არც ეს ამბავი არ იქნებოდა ამ თვეების განმავლობაში. მე აქ მოვედი იმიტომ, რომ კანონს ვცემ პატივს,"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

მერიის ყოფილი თანამშრომლები პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 15:23

პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ დედაქალაქის მერიის ყოფილი თანამშრომლები.

მათი განცხადებით, უწყება აჭიანურებს ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებას და ამავდროულად პროკურატურაში საჩივრის აღმძვრელ პირებს იბარებენ.

მათი განმარტებით, დაკითხვები სხვა საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. 
მერიის ყოფილი თანამშრომლები საკითხით დაინტერესებას სახალხო დამცველს სთხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის დამფუძნებლის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში გამოძიება არც ერთი ნაბიჯით წინა რ წასულა.

„ჩვენ საქართველოს პროკურატურას ვთხოვთ, რომ მოხდეს ამ საქმის დეტალური გამოძიება, იმიტომ რომ ამ თანამშრომლებზე დაიწყო პროკურატურამ სხვა მიმართულებით ზეწოლა. პირად საუბარში ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თუ ისინი არ გამოიტანენ საჩივარს გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ, მოხდება ამ ადამიანების დაკავება,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 13:49

საქართველოს პროკურატურაში 14 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. საგამოძიებო ორგანოს პრესამსახურში ამ დრომდე არ საუბრობენ, თუ რა ინფორმაციას გაავრცელებს ძალოვანი უწყება.

ადვოკატი გიორგი მდინარაძე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 19:05

ადვოკატი გიორგი მდინარაძე პროკლურატურამ დაზარალებულად ცნო. თანამდებობა დატოვა თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა. ის გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაში დარჩება. 

ადვოკატის ცემის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ, უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, გამოძიება დაიწყო. 

პარალელურად, იურიდიული დახმარების სამსახური ითხოვს უფლებამოსილება შეუჩერდეთ იმ პირებსაც, რომლებიც შესაძლოა მონაწილეობდნენ ინციდენტში, საუბარია ვაკე საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებზე.  

თბილისის პროკურატურაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 08 ნოემბერი 2015 15:07

თბილისის პროკურატურაში პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ თბილისის პროკურატურაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე 333 მუხლის მესამე ნაწილით საქმეა აღძრული. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
"ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჭკადუამ განუცხადა, გიორგი მდინარაძე გუშინ დაინიშნა ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის სავალდებულო წესით დასაცავად და როდესაც განყოფილებაში მივიდა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მდინარაძე ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ეს არის სამარცხვინო. სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ცემაში მონაწილეობდა და დადგეს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა. ხელმძღვანელ პირებში არ ვგულისხმობ მხოლოდ კონკრეტული განყოფილების უფროსს. უნდა დაიგმოს და დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც აგრძელებს იმ პრაქტიკას, რომელიც 2012 წლამდე იყო ამ ქვეყანაში გაბატონებული", - განაცხადა ჭკადუამ.
მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას უშუალოდ გიორგი მდინარაძესთან დააზუსტებს, რის შემდეგაც "ადვოკატთა ასოციაციის" სახელით განცხადებას გააკეთებს.

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 16:31

მთავარი პროკურატურა ჯოკია ბოდოკიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბრალდებული, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დამნაშავედ სცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში დაიკითხა ბრალდების მხარის 19 მოწმე, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, ასევე გამოკვლეული იქნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელთა ანალიზით უტყუარად დადგინდა, რომ, 2015 წლის თებერვლის დასაწყისში ჯოკია ბოდოკიას დაუკავშირდა შპს „დარიოუშის“ წარმომადგენელი ნათია მახარაშვილი, რომელმაც სთხოვა კონსულტაციის გაწევა ქ.თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩა #32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით. ჯოკია ბოდოკია ნათია მახარაშვილს დაპირდა, რომ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღებაში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე, მშენებლობის პროცესში წარმოშობილ საკითხებთან დაკავშირებით გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით საერთო ჯამში მოსთხოვა 181 500 აშშ დოლარი.
2015 წლის 11 თებერვალს კაფე „დავიდოვში“ ჯოკია ბოდოკიამ ნათია მახარაშვილს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი, რა დროსაც დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე,, ქვეპუნქტით. ჯოკია ბოდოკიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და სხვა პირთა ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური