მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 15:48

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფუნქციაც იქნება უწყების საქმიანობის შემდგომი ხელშეწყობა და განვითარება, აგრეთვე, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთა განხილვა. კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო საბჭო ასევე განიხილავს პროფესიულ განვითარებასა და კარიერის მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც. საკონსულტაციო საბჭოს უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი, ხოლო მის შემადგენლობაში შევლენ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს რვა პროკურორი წევრი, ქ. თბილისის პროკურორი და საქართველოს მთავარი პროკურატურის შემდეგი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები: გენერალური ინსპექციის უფროსი, სამართალწარმოების პროცესში  ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის  უფროსი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზანს წარმოადგენს პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარმართვა და უწყებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების არა ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიალური წესით განხილვა, რის რეკომენდაციასაც საქართველოს პროკურატურასთან მიმართებაში წლების განმავლობაში იძლეოდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების  საფუძველზე, მომავალში პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდება არა ერთპიროვნულად, მთავარი პროკურორის მიერ, არამედ კოლეგიალურ ფორმატში, საკონსულტაციო საბჭოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი იქნება შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს მთავარ პროკურორს მითითებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. 
ამასთან, აქტიურად გრძელდება მუშაობა პროკურატურის მუშაკთა საქმიანობის შეფასების ერთიანი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს პროკურორის პროფესიული საქმიანობის და აქტივობის კომპონენტების ერთობლივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება პროკურორისა და გამომძიებლის ინდივიდუალური განვითარებისათვის აუცილებელი აქტივობები, განისაზღვრება დისციპლინური წახალისება და კარიერული ზრდა.           
 

მთავარმა პროკურორმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 15:20

საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაციამ, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით დაასრულა ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. პროკურატურის დელეგაცია ქალაქ ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი  პროკურორის მეჰმედ აქარჯას ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.  დელეგაციამ, რომელშიც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი  და აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი შედიოდა, ორი სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო შეხვედრები  გამართა თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს  მთავარ პროკურორთან მეჰმედ აქარჯასთან, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან ბექირ ბოზდაღთან და თურქეთის რესპუბლიკის  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ისმაილ რუშთუ ჯირითისთან. 
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას დაიგეგმა საქართველოში თურქი კოლეგების ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. საქართველოს მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ვიზიტის შედეგები უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და კიდევ უფრო ეფექტურად  წარმართვის მყარი საფუძველი გახდება.

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 17:26

საქართველოს მთავარი პროკურატურა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძისა და პოლიტპატიმრად აღიარებული პირების დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის, სერგო ჩაპლიგინის რეაბილიტაციისთვის შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს. ამის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი:

"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე, უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენი, რომლის თანახმადაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი დამნაშავედ ცნო სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგო ჩაპლიგინის წამების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად დაუნიშნა თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბაჩანა ახალაიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მეგის ქარდავას, ალექსანდრე მუხაძის, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მონაწილეობითა და ორგანიზებით, 2011 წლის სექტემბერში, გამოგონილი ,,ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული იყვნენ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგო ჩაპლიგინი, რომელთა მიმართაც სამხედრო პოლიციაში, აღიარების მიღების მიზნით ადგილი ჰქონდა წამებას. ასევე სერგო თეთრაძის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

2011 წლის 25 ოქტომბერს, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგო ჩაპლიგინი უკანონოდ გასამართლდნენ ჯაშუშობის ბრალდებით და საპატიმრო დაწესებულება მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მიიღეს პოლიტპატიმრის სტატუსი. სერგო თეთრაძის მიმართ კი საქმე შეწყდა მისი გარდაცვალების გამო.

საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, მსჯავრდებულების: გიორგი გორელაშვილის, დავით ლონდარიძისა და სერგო ჩაპლიგინის მიმართ გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით, ხოლო სერგო თეთრაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა არა მისი გარდაცვალების, არამედ მარეაბილიტირებელი საფუძვლით - მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.

ამავდროულად, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგო ჩაპლიგინის მიმართ ჩადენილი დანაშაულების ორგანიზატორის ბაჩანა ახალაიას მიმართ, წამების და სექსუალური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში."- აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურამ 10 დაზარალებულ მოქალაქეს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 13:48

პროკურატურამ 10 დაზარალებულ მოქალაქეს ჩამორთმეული მანქანები დაუბრუნა.

გამოძიების ინფორმაციით, სამართლიანობის აღდგენის პროცესის ფარგლებში, ქონების იძულებით ჩამორთმევის 6 ფაქტი გამოვლინდა და მხილებულია შსს-ს 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი.

მიმდინარეობს პროცესებში გენ ინსპექციის ყოფილი უფროსის ვასილ სანოძის მონაწილეობის შესახებ ინფორამაციის გადამოწმება.

პროკურატურის გუშინდელ განცხადებებს საპარალემნტო ოპოზიცია ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2015 14:16

შეწყალების სკანდალს და პროკურატურის გუშინდელ განცხადებებს საპარალემნტო ოპოზიცია ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, სერგო რატიანის თქმით, პროკურატურის განცხადება, რომ ელისაშვილის ტელეფონში სატელეფონო შეტყობინებები არ აღმოჩნდა არის ცინიზმი, რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვას, რატიანის ზარით, ამის სურვილს თავად პრეზიდენტი გამოთქვამს:

„ეს არის ზღვარგადასული ცინიზმი არა მხოლოდ ელისაშვილის, არამედ საზოგადოების მიმართ. რაც შეეხება პრეზიდენტს, მე ვფიქრობ, რომ ის თავად მოისურვებს, უნდა მოისურვოს ყოველ შემთხვევაში, მისვლა პროკურატურაში. იმიტომ, რომ ეს არის უკვე გარკვეულწილად საზოგადოების მაღალი ინტერესი და ღირსების საკითხი" განაცხადა სერგო რატიანმ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში.

პროკურატურაში ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 16:28

ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ისინი მოწმის სტატუსით რამდენიმე დღის წინ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იკითხებიან.

კორტების საქმეზე მსჯავრდებულების ნათესავებს ბოსამართლე ბადრტი კოჭლამაზაშვილის ობიერტურობასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ და საჯაროდ გამოთქვეს ეჭვი მოსამართლის მხრიდან შესაძლო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაზე.

ზვიად ქორიძე პროკურატურამ დაკითხა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 12 დეკემბერი 2015 13:48

საგამოძიებო უწყებიდან გამოსული შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის, განცხადებით, მან პროკურატურაში კონკრეტული სახელების და გვარების შესახებ ისაუბრა.

ქორიძე ამბობს, რომ ზეწოლის ფაქტები უშულოდ მასთან დაკავშირებით არ ყოფილა. თუმცა, იმ ფაქტებზე, რაზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობდა, არაჯანსაღი ინტერესი შემდეგაც გრძელდებოდა.

 „პროკურატურაში ზღაპრებს ხომ არ მოვყვებით. დაკითხვასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ კონკრეტულ ფაქტებზე და ვისაუბრეთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. მე გავაკეთე განცხადება, რომ იმ კონკრეტული ფაქტების გამომ რაზეც საუბრობდა ბატონი ალეკო, არაჯანსაღი ინტერესი მერეც გრძელდებოდა მეთქი. მე დავასახელე პარლამენტის წევრები, საჯარო პირები და ადვოკატები,“ - აცხადებს ზვიად ქორიძე.

მთავარ პროკურატურაში შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე, 3 საათზე მეტ ხან იკითხებოდა. ის პროკურატურაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

მაღალჩინოსნების დაკავებაზე ელბერდ კობერიძე პირველ კომენტარს აკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 15:23

გალის რაიონში მცხოვრები ელბერდ კობერიძე, რომლის წამების ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს, პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ფაქტები, რომელზეც პროკურატურამ ისაუბრა სიმართლეა.

„ყველაფერი არის სიმართლე. ერთს გეტყვით, დამანებეთ თავი. ყველაფერი ჩაწერილია პროკურატურაში. ინტერვიუს მიცემა არ მინდა“, - განაცხადა ელბერდ კობერიძემ .

საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

ბაჩო ახალაიას ცოლის მწვავე განცხადებები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 15:17

მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტებზე ყოფილი მაღალჩინოსნები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემის შესახებ, პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი გამოეხმაურა.

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურა მეოთხე წელია ერთი და იმავე სცენარით მოქმედებს.

"საქართველოს პროკურატურა/POG თქვე ძალიან საცოდავებო! ეს ერთი და იგივე სცენარი...

კაციტაძის მიერ ბრიფინგზე წაკითხული ზღაპრები, სადაც მხოლოდ ე.წ. "დაზარალებულების" სახელები და გვარები იცვლება და ერთი და იგივე ტექსტს ვისმენთ უკვე მე-4 წელია;

ტერორისტების გაპრავება-გაპიარება!!!!!!!

დიდი "ბუას" - მეგის ქარდავას სახელის და გვარის გარევის აუცილებლობა მეტი სიმძაფრისთვის;

და ერთი და იგივე ხალხის მერამდენედ დაკავება.

პ.ს.

დათა ახალაია - ევროპული სახელმწიფოს სასამართლომ გაამართლა ყველა ინსტანციით.

გიორგი კალანდაძე - ტუალეტთან დააკავეთ დილის 5 საათზე სამარცხვინოდ, სასამართლომ გაამართლა.

რომა შამათავა - რუსი ოლიგარქის ივანიშვილის პირადი ტყვე რუსეთის გულის საამებლად, ტერორისტობა აქეთ დააბრალეთ, რაშიც გამართლდა.

გიორგი სამუშია - ერთხელ უკვე დააკავეთ და ყველა ინსტანციით გამართლდა! აააა, ხოოო, თუმცა მაშინ მოსამართლეები ჯერ არ გყავდათ დაშანტაჟებული და ჯიბეში არ გეჯდათ" - აცხადებს ნადარეიშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მთავარმა პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნები: თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. ასევე შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია პასუხისგებაში მისცა, სამუშაია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 12:46

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. საგამოძიებო უწყებაში ბრიფინგი დღეს, 14:00 საათზე, გაიმართება.
ამ დროისთვის უცნობია ბრიფინგის თემა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური