პროკურატურა მაგდა პაპიძის დის სკანდალურ ჩვენებას აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 18:22

მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ დღეს შუალედური შედეგები გაასაჯაროვა. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ მასალასთან ერთად გამოქქვეყნდა   ბრალდებულ მაგდა პაპიძის დის – ლანა პაპიძის ჩვენება, სადაც იგი მისი დისა და დის ქმრის –  ურთიერთობაზე საუბრობს.ჩვენება არ ემთხვევა იმას რასაც ლანა პაპიძე ტელეშოუებში ყვებოდა,როგორც ირკვევა ბრალდებულის დას გამოძიებისთვის სულ სხვა შინაარსის ჩვენება აქვს მიცემული.
საზოგადოებას ლანა პაპიძე უმტკიცებდა რომ მისი და ძალიან მოსიყვარულე და უზომოდ ყურადღებიანი დედა იყო. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში კი წერია, რომ მისი და შვილს  ჩაგრავდა და ხშირად სცემდა კიდეც.
„ჩემი და მაგდა პაპიძე თავის შვილს ძალიან ცუდად ექცეოდა, ჩაგრავდა და ბევრ ისეთ რამეს უშლიდა, რასაც ბავშვი ძალიან განიცდიდა. ხშირად სცემდა კიდეც პატარა თორნიკეს“ ლანა პაპიძე ჩვენებაში მისი დის ხასიათის შეცვლაზეც ამახვილებს ყურადღებას . 

„2015 წლის დასაწყისში მაგდამ ღამის ცვლაში მუშაობა დაიწყო სახლთან ახლოს ბენზინგასამართ სადგურ „ლუკოილთან“ მდებარე მაღაზიაში. იქ მუშაობის შემდეგ მაგდასა და ომარს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ომარი წინააღმდეგი იყო მისი იქ მუშაობის, თუმცა მაგდა მის ნათქვამს არაფრად აგდებდა. ჩემმა დამ მომიყვა, რომ სამსახურში ხშირად აკითხავდა უბნელი ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც სიგარეტს და შოკოლადებს უტოვებდა. მე შევატყვე მაგდას, რომ აღფრთოვანებით საუბრობდა ოთარ ბერძენიშვილზე, თუმცა მასთან ურთიერთობას მალავდა. მაგდა იყო ძალიან მოკრძალებული ადამიანი, იცვამდა სადად, თუმცა ზაფხულიდან შეიცვალა ჩაცმის სტილი, გახდა ვულგარული, ომარის დაუკითხავად მთელს ბეჭებზე დაიხატა სვირინგები, რის გამოც ომარი ხელით შეეხო. იღებდა ვულგარულ სურათებს და სოციალურ ქსელში ათავსებდა. საკუთარ თავს ყველაზე წინ აყენებდა და არ გვიჯერებდა არც მე, არც დედას და არც ქმარს. აკეთებდა იმას, რაც მას უნდოდა.
ზაფხულში თბილისის ზღვაზე დაიწყო სიარული, ბავშვიც არ დაჰყავდა, არც ჩემთვის შემოუთავაზებია ზღვაზე ერთად წასვლა. როდესაც ვსაყვედურობდი, რატომ არ მივყავდი, რაღაცას იმიზეზებდა. ვატყობდი, რომ მის გვერდით ჩემი ყოფნა არ უნდოდა. დაახლოებით ორი თვის წინ, მაგდას სამსახურში მივაკითხე და დავინახე, რომ ოთარ ბერძენიშვილს მასზე ხელი ჰქონდა ჩაკიდებული. მინის კარებთან იდგნენ და როდესაც მაგდამ დამინახა, ხელი გააშვებინა. მაღაზიაში კი იმ მიზეზით, რომ თითქოს შემოწმება იყო, არ შემიშვა. შემდეგ ვკითხე, რა ხდებოდა მათ შორის და მიპასუხა, რომ ხელზე მეთამაშებოდა, ვინ ვის არ გახუმრებია, კუდებს ნუ მიაბამო. მაგდას ქცევებიდან გამომდინარე, გამიჩნდა ეჭვი, რომ მაგდა იყო ოთარ ბერძენიშვილის საყვარელი და ომარს ღალატობდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში მაგდამ მითხრა, რომ ოთარს მოსწონდა და უნდოდა პატივი ეცა. მან ასევე მითხრა, რომ ოთარმა და მისმა მეგობრებმა მითხრეს, შენი ქმარი „ს…ია“, აქ როგორ გამუშავებსო“.
ამ პერიოდში მაგდა უკვე ვეღარ იტანდა ომარს, აბრალებდა, რომ სვამდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ომარი ერთი წელია ნასვამი არ მინახავს. მე მხოლოდ ორი ფაქტი ვიცი მაგდასგან, როდესაც მას ომარი ფიზიკურად შეეხო – როდესაც დაიხატა სვირინგები და მეორე, როდესაც გაიკეთა აბორტი. მაგდა სულ გაღიზანებული იყო და უკიოდა ომარს, მიუხედავად ამისა, ომარს მაინც უყვარდა ის. მე რაც მას ვიცნობ, მისგან გინება არ გამიგია. მაგდა აღარ მალავდა ჩემთან, რომ თავს უფრო ბედნიერად ოთარ ბერძენიშვილთან გრძნობდა, ვიდრე ომარ ქაფიაშვილთან.
ერთხელ მითხრა, რომ ორი თვეა ომართან ცოლ-ქმრულად არ უცხოვრია. მაგდას ჩემთვის ასევე ნათქვამი აქვს, რომ ოთარ ბერძენიშვილს სთხოვდა ავტომობილს, რაც ომარს გაუგია და უჩხუბია. თუ რატომ აძლევდა ვიღაცას მანქანას, მაშინ როდესაც მას სამსახურში ფეხით უშვებდა. მაგდას ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰქონდა საშინელი ნევროზი, რაც გამოიხატებოდა მის აგრესიულ ქცევებში, კერძოდ, უმიზეზოდ კიოდა. ისე იცვლებოდა მისი შინაგანი სამყარო, რომ მე ჩემს დას ვერ ვცნობდი. როგორც ჩემთვის ცნობილია, მაგდა არ მკურნალობდა არც ფსიქიატრთან და არც ფსიქოლოგთან. არც რაიმე დამამშვიდებელ წამლებს სვამდა“,- ყვება ლანა პაპიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.
მკვლელობაში ბრალდებულის და ასევე ამბობს, რომ მაგდა პაპიძის აგრესიული ხასიათის გამო შეშფოთებას დედა ლიანა შამუგიაც .
„როცა დედაჩემს დავურეკე და სიძისა და შვილიშვილის მკვლელობის შესახებ შევატყობინე, მან მითხრა – „ბოლოს მაგდა ძალიან იყო გაგიჟებული და მაგან ხომ არ ჩაიდინა ეგ მკვლელობაო“. ამ დროს მაგდას დაკავების შესახებ არაფერი ვიცოდით“,- ყვება ლანა პაპიძე.
აღსანიშნავია, რომ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში იგივეს ყვება მაგდა პაპიძის დედა, ლიანა შამუგიაც. გარდა ამისა, ლანა პაპიძე გარდაცვლილ სიძეს – ომარ ქაფიაშვილს დადებით პიროვნებად ახასიათებს და ამბობს, რომ კარგის მეტი არაფრის თქმა შეუძლია.
„იგი ძალიან იყო შეყვარებული ჩემს დაზე, ეუბნებოდა ხოლმე, „უშენოდ ვერ ვიცხოვრებო“. იგი ძალიან თბილი, მეგობრული და მოსიყვარულე ბიჭი იყო.“
ამასთან, ჩვენებაში ბრალდებულის და იხსენებს, რომ მკვლელობიდან ორი დღით ადრე მაგდა პაპიძემ ზედმეტი ჩაქუჩი სთხოვა, მიზეზად კი სახლში რაღაცის შეკეთება დაასახელა. საგულისხმოა, რომ გამოძიების მიერ საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი – დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ. ურო, რომელზეც დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უროს სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლი, ხოლო უროს ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ მაგდა პაპიძის ბიოლოგიური მასალა – დნმ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძე ბრალდებულის სახით დააკავეს მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის გამო. ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის – უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი – 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას. დაკავებულს ჩადენილი დანაშაული არ უღიარებია.

საქართველოს პროკურატურასთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 12:03

მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილი არიან სტუდენტები, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი შეუჩერდათ.

სტუდენტები თბილისის მერის მიერ ისანი-სამგორის პროკურორის სტუდენტის შვილის 5 ათას 400 ლარით დაფინანსების ფაქტს აპროტესტებენ.

აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, მათ შორის არის ნიკა მელიაც, რომელმაც დავით ნარმანიას მიერ ხელმოწერილი დაფინანსების დოკუმენტი გუშინ გაასაჯაროვა.

პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 11:57

საკადრო ცვლილებებია პროკურატურაში. არსებული ინფორმაციით თანამდებობები დატოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის და ფოთის პროკურორებმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორის თანამდებობაზე სავარაუდოდ ილია ჯალაღანიას კანდიდატურა განიხილება. ის გიზო უბილავას ჩაანაცვლებს, რომელიც საქმიანობას გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში გააგრძელებს.

ფოთის პროკურატურას კი ალექსანდრე გოგუაძის ნაცვლად, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კოკაია უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დროისთვის პროკურორის მოადგილედ მუშაობს. სად გააგრძელებს ალექსანდრე გოგუაძე საქმიანობას, ცნობილი არ არის.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შეეხოთ სხვა ოლქის პროკურატურებსაც. მთავარ პროკურატურაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

ბაია გადაბაძე პროკურატურაში დაიბარეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 16:46

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს. ბაია გადაბაძე უწყებაში 17:00 საათზე უნდა მივიდეს. უწყებაში დაბარების მიზეზი მის მიმართ მიზანმიმართულ დევნასთან დაკავშირებით გადაბაძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები გახდა.

საპროტესტო აქცია პროკურატურასთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 14:07

საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

ამ მოთხოვნით აქციის მონაწილე ადვოკატმა, გიორგი ონიანმა მთავარი პროკურორის სახელზე დღეს პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

გოგი თოფაძე პროკურატურაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 17:35

გოგი თოფაძემ პროკურატურის რეფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 

„იყო პროკურატურა, რომელიც წყვეტდა ყველა საკითხს, ის რაც ხდებოდა სასამართლოზე, თქვენ ხომ ეს ყველაფერი იცით და შეიძლება შეფასებულიყო რამდენი გაკეთდა ამ მხრივ, რამდენი სიკეთე მოვასწარით, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. როგორც თქვენ თქვით, ეს იყო პროკურატურის გარდაქმნის პირველი ეტაპი,  არის სხვადასხვა ვარიანტი, რომელიც უფრო დახვეწს ამ სისტემას, ამ მხრივ ვფიქრობ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა,“- განაცხადა გოგი თოფაძემ. 

პრეზიდენტის პასუხი პროკურატურას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016 14:56

მიმდინარე კვირაში კახა კოჟორიძე პროკურატურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდება. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პროკურატურისგან მასალების მიღების შემდეგ გააკეთა. შეგახსენებთ, პროკურატურას პრეზიდენტმა 2012 წლამდე არსებული არაადამიანური მოპყრობის, წამებისა და ძალადობის ფაქტების შემცველი საქმეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. უწყებამ ადმინისტრაციას დოკუმენტები გუშინ გადაუგზავნა და საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა.

პროკურატურას საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016 12:03

მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებასაც ავრცელებს, რომელსაც " ნიუსდეი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავარი პროკურატურა 2015 წლის 28 მარტს მომხდარ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმეს გახსნილად აცხადებს. მთავარი პროკურატურისა და შს სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ხარძიანის მკვლელობაში მხილებული არიან:

უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი

საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების კუთვნილ 154 სატელეფონო ანძაზე გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდში დაფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ. საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებული იქნა ხსენებულ ანძებზე დაფიქსირებული 26 173 614 ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ინტერნეტ აქტივობა. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებული და გამოკვლეული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში განთავსებული საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა აღემატება 4900 საათს. გარდა ამისა, დაიკითხა ათეულობით თვითმხილველი და გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაციის მქონე მოწმე, ჩატარებული იქნა დანმაშავე პირთა ამოცნობები, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ტექნიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური ექსპერტიზები.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი:

ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ოლეკსანდრ დამეტოვი და ოლეგ დოევი კიევი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. იმავე დღეს, ოლეკსანდრ დამეტოვი დროებით დაბინავდა ქ. თბილისში, ჯავახეთის ქუჩა N44-ში მდებარე სასტუმრო „GGS”-ში, ხოლო ოლეგ დოევი - ქ.თბილისში, ვარკეთილის მასივში მდებარე ერთ-ერთ ბინაში.
2015 წლის 16 იანვარს, დამეტოვმა და დოევმა კერძო პირისაგან, იქირავეს ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბინა, სადაც ცხოვრობდნენ 2015 წლის 28 მარტამდე.

2015 წლის 18 იანვარს, პეკინის გამზირზე მდებარე ,,ჯორდანოს“ მაღაზიათა ქსელში ო. დამეტოვმა შეიძინა ორმხრივი გამოყენების ქურთუკი, რომლის ამობრუნებით იცვლებოდა ქურთუკის ფერი.

2015 წლის 4 მარტს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მობილური ოპერატორის ოფისში დამეტოვმა და დოევმა ტელეფონის სიმ-ბარათებზე გაიაქტიურეს ინტერნეტ მომსახურების სერვისი.

2015 წლის 15 მარტს, ხსენებულმა პირებმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში, შეიძინეს ,,ჰონდას“ მარკის ლურჯი ფერის მინი მოპედი და შავი ფერის ჩაფხუტი.

გამოძიებამ დეტალურად შეისწავლა მკვლელობაში ბრალდებული პირების მოპედით გადაადგილების მარშუტები 2015 წლის 15 მარტიდან (მოპედის შეძენიდან) მკვლელობამდე, ანუ 2015 წლის 28 მარტამდე პერიოდში. ამ მიზნით გამოკვლეული იქნა გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები და დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების მარშრუტების შესწავლის, დაზუსტებისა და მისი თვალთვალის მიზნით, დღის განმავლობაში მოპედით მოძრაობას იწყებდნენ მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის სიახლოვეს, კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე ,,ხალიკ ბანკის’’ ტერიტორიიდან, მიემართებოდნენ ვარაზის ხევის გავლით მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო „საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც მდებარეობდა ბესარიონ ხარძიანის სამუშაო ოფისი და თარხნიშვილის ქუჩის გავლით, მარაბდის ქუჩაზე მდებარე ხარძიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ. ასევე, მკვლელობაში ბრალდებულ პირებს შემუშავებული ჰქონდათ გადაადგილების მეორე მარშრუტი, რომლის მიხედვითაც მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილდებოდნენ ხვიჩიას, ბულაჩაურის, ვაჟა-ფშაველას, თამარაშვილის, ჭავჭავაძისა და აბაშიძის ქუჩების გავლით მარაბდის ქუჩაზე მდებარე ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ. ორივე მარშრუტის შემთხვევაში მკვლელობაში ბრალდებული პირები მოპედით გადაადგილებას ასრულებდნენ საწყის წერტილში - კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე ,,ხალიკ ბანკთან“, სადაც მდებარეობდა მათ მიერ დაქირავებული ბინა.

მკვლელობის დღეს, 2015 წლის 28 მარტს, 10:32 წუთზე, ოლეკსანდრ დამეტოვმა მოპედით მოძრაობა დაიწყო კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე ,,ხალიკ ბანკის’’ მიმდებარე ტერიტორიიდან, ვარაზის ხევის გავლით ავიდა მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო ,,საქართველოსთან“ და თარხნიშვილის, ბარნოვისა და შატბერაშვილის ქუჩების გავლით გაემართა მარაბდის ქუჩაზე მდებარე ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლისაკენ, სადაც დაყოვნდა რამოდენიმე წამით, შემდეგ დატოვა აღნიშნული ადგილი და მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოძრაობდა მარაბდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე.

იმავე დღეს, 12:20 საათზე, ბესარიონ ხარძიანი საკუთარი ავტომანქანით გამოვიდა საცხოვრებელი სახლიდან და მივიდა საქმიან შეხვედრაზე მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო ,,საქართველოში’’. შეხვედრის მიმდინარეობის პერიოდში ოლეკსანდრ დამეტოვი მოპედით მოძრაობდა ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლისა და სასტუმრო „საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიებზე.

ხარძიანმა სასტუმრო ,,საქართველოს’’ მიმდებარე ტერიტორია დატოვა 13:43 საათზე და თარხნიშვილის ქუჩის გავლით გაემართა საკუთარი საცხოვრებელი სახლისაკენ, რა დროსაც ბარნოვის ქუჩაზე არსებულ გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერებზე დაფიქსირებულია, თუ როგორ მიჰყვება მოპედით დამეტოვი ბესარიონ ხარძიანის ავტომანქანას.

მარაბდის ქუჩა N25-ში, ავტომანქანიდან გადმოსული ბესარიონ ხარძიანი შევიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც მას შეჰყვა ოლეკსანდრ დამეტოვი და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, რითაც ბესარიონ ხარძიანს მიაყენა სამი შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მათ შორის ერთი საკონტროლო, თავის არეში. მკვლელობის შემდეგ, დამეტოვი მოპედის მეშვეობით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და ჩაფხუტი დატოვა კეკელიძის ქ. N23-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსის ეზოში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხთან, რუხი ფერის ნაჭრის ქუდი შემოაგდო ავტოფარეხის სახურავზე, შემდეგ კი გააჩერა ტაქსი და გაემართა რკინიგზის სადგურის მიმართულებით.

გზაში, თამარ მეფის ხიდთან, ტაქსის მძღოლს მოთსხოვა გაჩერება, გადაუხადა მგზავრობის საფასური, გადმოვიდა ავტომანქანიდან, თამარ მეფის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადააგდო დანაშაულის ჩადენის იარაღი - ,,მაკაროვის’’ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი, რომელიც ნაპოვნი და ამოღებული იქნა გამოძიების მიერ.

ამის შემდეგ, ოლეკსანდრ დამეტოვმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით ჩაირბინა თამარ მეფის ხიდთან არსებული კიბეები, რა დროსაც კვალის არევის მიზნით შემოიბრუნა ორმხრივი, ორფეროვანი ქურთუკი და ჩაჯდა MERSEDERS-BENZ E-კლასის მარკის ტაქსში, რაც დაფიქსირებული იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერებით. ხსენებული ტაქსით თამარ მეფის ხიდისა და გმირთა მოედნის გავლით გადაადგილდა კოსტავას გამზირის მიმართულებით, ჩამოვიდა ,,ხალიკ ბანკთან“ და ფეხით გაემართა ნაქირავები ბინისაკენ. იმავე დღეს, ბინიდან მათი მოულოდნელი წასვლის მოტივით დამეტოვი დაუკავშირდა ბინის მეპატრონეს და სასწრაფოდ თანამზრახველთან ერთად დატოვა ნაქირავები ბინა.

დაახლოებით 15-16 საათისათვის ოლეკსანდრ დამეტოვი და ოლეგ დოევი, პეკინის გამზირზე ჩასხდნენ ,,ფოლკსვაგენ ვენტოს“ მარკის ტაქსში და გაემართნენ ორთაჭალაში მდებარე ავტოსადგურის მიმართულებით, სადაც იქირავეს „MERSEDERS-BENZ S“-კლასის მარკის ტაქსი და გაემგზავრნენ სარფში.
იმავე დღეს, მკვლელობიდან რამოდენიმე საათში, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ოლეკსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, ფეხით გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მიიმალნენ.

ო. დამეტოვის მიერ კეკელიძის ქუჩაზე მიტოვებული მინი მოპედიდან, ჩაფხუტიდან, ნაქსოვი ქუდიდან, ასევე პეკინის ქუჩაზე დამეტოვისა და დოევის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა დნმ-ის ნიმუშები, რომლებიც ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზით აღმოჩნდა ერთმანეთის იდენტური.

გამოძიებით დადგენილია, რომ ოლეკსანდრ დამეტოვმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა ყალბი პასპორტის გამოყენებით და მკვლელობის ჩადენის შემდეგ იმავე დოკუმენტის გამოყენებით დატოვა ქვეყნის ფარგლები. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დეტალების გასაჯაროვებაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ. 

ჩადენილი დანაშაულისათვის ოლეკსანდრ დამეტოვსა და ოლეგ დოევს ბრალდება წარედგინათ ჯერ კიდევ 2015 წლის 26 აპრილს, კერძოდ: ოლეკსანდრ დამეტოვს წარედგინა ბრალდება ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისათვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ხოლო ოლეგ დოევს წარედგინა ბრალდება შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

იმავე დღეს, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და მათ მიმართ გამოცხადდა შიდა ძებნა, ხოლო 2015 წლის 28 აპრილს - საერთაშორისო ძებნა.

2016 წლის 12 იანვარის დადგენილებით, ოლეკსანდრ დამეტოვს წარედგინა დაზუსტებული ბრალდება ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ვადით ან უვადოდ.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ჩადენიდან რამოდენიმე დღეში, გამოძიებისათვის უკვე ცნობილი იყო დამნაშავე პირთა ვინაობა, იმის გამო, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა მტკიცებულებების მოპოვებაში, დანაშაულის რეალური გარემოებების დადგენასა და ძებნილ პირთა მიმართ წარმოებულ დაკავების ღონისძიებების გატარებაში, პროკურატურის მიერ არ გასაჯაროვდა საქმის დეტალები

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე მკვლელობაში ბრალდებულ პირთა მიმართ გამოძიება დასრულებულია, ამოიწურა წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის 9 თვიანი ვადა და საქმე არსებითად განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები, ვინაიდან საქმეზე სასამართლოში უნდა დაიწყოს არსებითი განხილვა, რაც საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს, მათი მხილების მიზნით გრძელდება ინტენსიური გამოძიება, ხოლო ძებნილ პირთა ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამ წუთებში პროკურატურაში ბიძინა კუჭავას საქმეზე შეხვედრა იწყება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 14:00

 ამ წუთებში ბიძინა კუჭავას საქმეზე პროკურატურაში შეხვედრა იწყება,სადაც ოჯახის ადვოკატები გარდაცვლილის სტატუსის დადგენას შეეცდებიან.

იურისტების განმარტებით, თუკი ის პროკურორ ქირიას მკვლელობის საქმეში ბრალდებულად უკვე ოფიციალურად ირიცხება, მათ, როგორც მხარეს საქმის მასალები უნდა გადაეცეთ.

პროკურატურისგან ექსპერტიზის ნიმუშებთან და დალუქულ მანქანასთან წვდომის მიღებას ელოდება ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც.

პროკურატურის განცხადება ბიძინა კუჭავას საქმესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 19 იანვარი 2016 15:56

პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, ბიძინა კუჭავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, ოფიციალურად ჩართოს და მონაწილეობა მიაღებინოს ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს, - ამის შეასხებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.  
 პროკურატურა აპირებს აქტიურ თანამშრომლობას, როგორც ბიძინა კუჭავას ოჯახთან და ადვოკატთან ასევე ვახტანგ ქირიას ოჯახთან, რათა დეტალურად იყვნენ ინფორმირებულები გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. 
 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური