დაზარალებულ ოჯახს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 მაისი 2016 14:37

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ცოლ-ქმარს ოლღა პავლიაშვილს და გია გიგუაშვილს 2008 წელს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდებათ, რომელიც  მოიცავს 1 559 კვ. მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებულ 1 373 კვ. მეტრ შენობა-ნაგებობას, საცურაო აუზით.
ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2007 წლის 06 ივნისს, ცოლ-ქმარმა ოლღა პავლიაშვილმა და გია გიგუაშვილმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამართულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ, კანონიერად  შეიძინეს შპს ,,აკვაპარკი“-ს 100 % წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა ქ. გორში, სტალინის N11ა-ში მდებარე საცურაო კომპლექსი: 1 559 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საცურაო აუზით. 
ამ ფაქტიდან ერთ წელიწადში, 2008 წლის ივლისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც  შპს „აკვაპარკის“ ქონება იმჟამინდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პროკურატურის ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღო უკანონო დავალება, ოლღა პავლიაშვილისთვის და მისი მეუღლე გია გიგუაშვილისთვის მოეთხოვა აუქციონის გზით შეძენილი უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაცემა. 
ამ მიზნით, გორის რაიონულ პროკურატურაში, რამდენჯერმე დაიბარეს დაზარალებული გია გიგუაშვილი, რომელსაც პროკურორი დაკავების მუქარით კატეგორიულად სთხოვდა ხსენებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას. დაზარალებული, მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა დათანხმებოდა უკანონო მოთხოვნას.
2008 წლის 17 ივლისს, გორის რაიონულ პროკურატურაში, დაზარალებულმა  გია გიგუაშვილმა, პროკურორის და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის თანდასწრებით, ხელი მოაწერა პროკურატურაში შედგენილ ჩუქების ხელშეკრულებას, რითაც მან სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა მათი ოჯახის კუთვნილი 736 225 ლარის ღირებულების 1559 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 1373.2 კვ.მ. შენობა-ნაგებობით (გორის საცურაო კომპლექსი).
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ჩამორთმევაში მხილებული პროკურორის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს პროკურატურის რიგები, გამოყენებულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილება და არ მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.   
ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ამ დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად, აღდგენილი იქნება დაზარალებულთა დარღვეული უფლება. პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც დაიწყებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს ოლღა პავლიაშვილს და გია გიგუაშვილს დაუბრუნდეთ უკანონოდ ჩამორთმეული უძრავი ქონება. 

პროკურატურის დელეგაციამ გერმანიაში ვიზიტი დაასრულა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 14:14

საქართველოს პროკურატურის დელეგაცია, მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერაციული მიწის იუსტიციის სამინისტროში, კიოლნის გენერალური პროკურატურის, უმაღლესი (მე-3) ინსტანციის სამხარეო სასამართლოს, ფედერალური მიწისა და გერმანიის ფედერალური კრიმინალისტიკური სამსახურების წარმომადგენლებთან. 
ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა კოლეგებმა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს გერმანული სამართლებრივი პრაქტიკა გაუზიარეს და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო პროკურატურის მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პროკურატურის შინაგანაწესს, საქმეთა განაწილებას, შეფასების სისტემას, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, პროკურატურის როლს დანაშაულის პრევენციის კუთხით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და პროკურორების პროფესიული განვითარების სისტემას. ასევე, განიხილეს გერმანული სამართლებრივი პრაქტიკა სასამართლო საქმეებზე მტკიცებულებათა დასაშვებობის, მოწმეთა დაკითხვის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს საქათველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო სამართლებრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მზაობა გამოთქვეს დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გასაგრძელებლად. 
ვიზიტი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ორგანიზებით განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა ფონდთან თანამშრომლობას, წარმატებული პრაქტიკის გაზიარებისა და პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. 

'ეს შენ გეხება" პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 15:09

პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურნენ კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართული ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მისასალმებელია საგამოძიებო უწყების მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველ  კადრებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, თუმცა არასამთავრობო სექტორი უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდებისა და მეტი კონკრეტიკის აუცილებლობაზე საუბრობს. მათივე განცხადებით, ძალაში რჩება მათი მოთხოვნა მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ. 

საქართველოს პროკურატურა ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 15:50

საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, ნიუსდეი უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"უკანასკნელ პერიოდში ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა სახის ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ თემაზე საჯარო სივრცეში გავრცელებულ ყველა განცხადებასა თუ შეტყობინების ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება ხსენებულ შეტყობინებებში დაფიქსირებული ფაქტების ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს და გავრცელების მცდელობის დადგენა-პრევენციის მიზნით. აღნიშნული შეტყობინებებისა და განცხადებების გადამოწმებისას ხშირ შემთხვევაში არ დადასტურდა  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება  და გაირკვა, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმე ინტერნეტ „ვირუსთან“ გვაქვს. 

ყველა გაურკვეველი წარმოშობის ვიდეოფაილის გავრცელების მცდელობისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და  გავრცელების პრევენციის მიზნით  ვიდეოფაილების სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე  უმოკლეს დროში  დაბლოკვა. ასევე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ვიდეოფაილის ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს  და გამავრცელებლის  დადგენა-იდენტიფიცირების მიზნით. 

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს   თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. ასევე, საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აქტიურად თანამშრომლობს უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან."

ვანო მაჭავარიანის გამოკითხვასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 10:16

ვანო მაჭავარიანის გამოკითხვის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 “გამოკითხვისას გაირკვა, რომ ივანე მაჭავარიანისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას არ უნახავს მსგავსი სახის ვიდეომასალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უწყება ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე, დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად.

პროკურატურაში ვანო მაჭავარიანის დაკითხვა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 მარტი 2016 17:30

ამ წუთებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში პოლიტიკური ექსპერტის, ვანო მაჭავარიანის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხდა, უწყებაში მისი დაბარება პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. 

„ეს შეიძლება ჩვენი მტრის გაკეთებული იყოს“ - თამარ ცაგარეიშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 მარტი 2016 15:28

„ცალსახად ეს არის მიმართული ყველასკენ და თითოეული ჩვენგანისკენ. ეს მიმართულია  ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის, რეპუტაციის, ღირსების შესალახად და თითოეული მოქალაქის დასამცირებლად, დასაცინად და დასაკნინებლად. ისეთ კრიზისულ სიტუაციაში, როგორიც დღეს გვაქვს, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამ ფარული ჩანაწერების გავრცელება ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს. ეს, შეიძლება, მხოლოდ ჩვენმა მტერმა გააკეთოს, რომელსაც სხვადასხვა მიზანი შესაძლოა ამოძრავებდეს. საუბარია ასევე რუსეთის ფაქტორზეც. ჩვენ გვყავს მტერი, ოკუპანტი არსებობს.“ - განაცხადა ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ STAR FM-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამარ ცაგარეიშვილი პასუხობს.

დავით ახალაიას მიმართ ინტერპოლის ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით პროკურატურა განმარტებას აკეთებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 13:52

დავით ახალაიას მიმართ ინტერპოლის ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.  "ნიუსდეი" უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც ახლებურად რეგულირდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავების საკითხები. 
კერძოდ, ხსენებული ინსტრუქციების მიხედვით, თითოეული წითელი ცირკულარის (red notice request) ან ძებნის გავრცელების (diffusion request) თაობაზე თხოვნა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის მიმართ უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირი ფლობს ლტოლვილის სტატუსს ან იგი წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელს; 
2) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირის მიმართ წითელი ცირკულარის ან ძებნის გავრცელების თხოვნა მიღებულია მისი წარმოშობის სახელმწიფოდან; 
3) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ არის განპირობებული წარმოშობის სახელმწიფოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკური მოტივებით.
შესაბამისად, დავით ახალაიას შემთხვევაში ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ძებნილ პირს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი და ძებნის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რაც ამ უკანასკნელის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 2016 წლის 9 მარტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ დავით ახალაიას მიმართ ძებნის შეწყვეტა განხორციელდა არა ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლის საფუძველზე, რაც თავის მხრივ კრძალავს ძებნის წარმოებას დანაშაულის პოლიტიკური ხასიათის გამო, არამედ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ დავით ახალაიას ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი. 
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ინტერპოლის ზემოთ მითითებული მიდგომა გამონაკლისი არ არის მხოლოდ დავით ახალაიასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძენილი სხვა რამოდენიმე პირთან. კერძოდ, მონაცემთა დამუშავების თაობაზე ახალი ინსტრუქციების დამტკიცებიდან დღემდე ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ასევე საერთაშორისო ძებნა გააუქმა ინტერპოლის წევრი სახელმწიფოების მიერ ძებნილ 209 პირთან დაკავშირებით, მათ შორის საფრანგეთის რესპუბლიკის, ესტონეთის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკის, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის, ხორვატიის რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს, ბელგიის სამეფოს და სხვა ქვეყნების მიერ ძებნილ პირებთან მიმართებაში. 
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურა საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროსთან ერთად ინტერპოლის რეგულაციების ფარგლებში გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დღეს არსებული მიდგომის გასაუქმებლად და მიღებული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. საქართველოს პროკურატურა მიმართავს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და შესაძლებლობას, რათა მსჯავრდებული დავით ახალაია წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე."- აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. კოკაინის საქმეზე პროკურატურის განცხადება ვრცელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 18:46

ალეკო ელისაშვილის საქმის გამოძიება დასრულლდა. - პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით კორუფციის ფაქტი არ დასტურდება.

უწყებამ ე.წ. კოკაინის საქმეზე განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რომელსაც "ნიუსდეი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ე.წ. ,,კოკაინის საქმეზე“ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე, რაც ჩატარებული გამოძიებით არ იქნა დადასტურებული. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზეგავლენით ვაჭრობის ნიშნებით გამოძიება 2015 წლის 8 დეკემბერს დაიწყო  საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლის თანახმადაც, შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას მობილურ ტელეფონზე სისტემატიურად უკავშირდებოდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, უგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, გამოხატავდნენ არაჯანსაღ დაინტერესებას და მისგან მოითხოვდნენ ე.წ. „კოკაინის საქმეზე’’ მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტას. შემდგომში, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსანდრე ელისაშვილმა დააკონკრეტა, რომ ეს პოლიტიკოსები არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია. ამასთან, ალექსანდრე ელისაშვილი მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში საუბრობდა ერთ-ერთი თანამდებობის პირის შესახებაც, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ იმავე პოლიტიკოსებს მსჯავრდებულთა შეწყალების სანაცვლოდ წინასწარ ქრთამის სახით მიღებული ჰქონდათ 200 000 აშშ დოლარი, ხოლო საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საერთო ჯამში მიიღებდნენ მილიონ-ნახევარ აშშ დოლარს. მისივე განცხადებით, იგი გამოძიებას დაუსახელებდა ამ თანამდებობის პირის ვინაობას. 
მედია საშუალებებში გაკეთებული მისი ასეთი განცხადებების შემდეგ, გამოძიებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ალექსანდრე ელისაშვილი სრულად ითანამშრომლებდა და ხელს შეუწყობდა საქმის გამოძიებას, მაგრამ საგამოძიებო ორგანოში მისი ოთხჯერ დაკითხვის მიუხედავად, მან კორუფციული ფაქტის შესახებ არსებული ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ხსენებული ინფორმაცია მიღებული ჰქონდა როგორც ჟურნალისტს, რაც მას ათავისუფლებდა ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან, შესაბამისად მან გამოძიებას არ გაუმხილა იმ თანამდებობის პირის ვინაობა, რომელმაც მისი გადმოცემით იცოდა ხსენებული კორუფციული გარიგების შესახებ. (იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №1; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №2; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №3; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №4; იხ.ზ.ქორიძის ჩვენება №1; იხ. ზ.ქორიძის ჩვენება №2).
საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებული ფაქტების გადამოწმების მიზნით, გამოძიება  ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა, ჩატარდა ასზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მოწმის სახით დაიკითხა 47 პირი, მათ შორის დაიკითხნენ  შეწყალების საკითხთა კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, კომისიის წევრი ეკა გიგაური, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი იქნა მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეები და მასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა  ე.წ. „კოკაინის“ საქმეზე მსჯავრდებულებთან ვიზიტორების შესახებ ინფორმაცია, დათვალიერდა მედია საშუალებებში გავრცელებული სიუჟეტები და ჩატარდა სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. ასევე გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული პირები, მათი ოჯახის წევრები, ადვოკატები, პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია. დასახელებულმა პირებმა მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში კატეგორიულად უარყვეს რაიმე სახის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ფაქტი. (იხ. ე.ბესელიას დაკითხვის ოქმიიხ. მ.კობახიძის დაკითხვის ოქმიიხ. ჟ.მ.-ს დაკითხვის ოქმიიხ. ე.მ.-ს დაკითხვის ოქმიიხ. ა.ზ.-ს დაკითხვის ოქმი).
გარდა ამისა, ალექსანდრე ელისაშვილმა გამოძიებას წარმოუდგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც მისი მტკიცებით ინახებოდა პოლიტიკოსებისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 
ალექსანდრე ელისაშვილის მონაწილეობით მოხდა მისი მობილური ტელეფონის დათვალიერება, სადაც არ აღმოჩნდა მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას კუთვნილი ტელეფონის სააბონენტო ნომრიდან განხორციელებული ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასთან დაკავშირებითაც მან განმარტა, რომ მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას მოკლე ტექსტური შეტყობინებები ელექტრონული ან არაელექტრონული ფორმით ცალკე არ შეუნახავს, რამაც წარმოშვა მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა.(იხ. მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი). 
ამ მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა კომპიუტერული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის მეხსიერებაში არ დაფიქსირდა ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სატელეფონო ნომრებთან განხორციელებული ზარები და მიმოწერა. 
ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ წარმოდგენილ მობილურ ტელეფონს არ გააჩნია მოკლე ტექსტური შეტყობინებების ავტომატურ რეჟიმში წაშლის ფუნქცია. გამოკვლევის მომენტისთვის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა 1596 მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელსაც ტელეფონის შიდა მეხსიერებიდან დაკავებული ჰქონდა 7,5 მეგაბაიტი, ხოლო გამოკვლევის მომენტისთვის ტელეფონის შიდა მეხსიერებიდან თავისუფალი იყო 131 მეგაბაიტი, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესანახად. აქედან გამომდინარე, ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ მობილურ ტელეფონში რომელიმე მოკლე ტექსტური შეტყობინების არარსებობა შესაძლებელია  გამოწვეული იყოს მხოლოდ მომხმარებლის მიერ  მისი მექანიკური წაშლით.  რაც შეეხება წაშლილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენას, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელთ არსებული ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით, გამოსაკვლევი ტელეფონის მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენა ვერ განხორციელდა. 
აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიურომ დახმარებისთვის მიმართა მობილური ტელეფონებიდან წაშლილი ინფრომაციის აღმდგენი მოწყობილობების მწარმოებელ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ შვედურ კომპანია ,,MSAB“-ს (კომპანია დაფუძნებულია 1984 წელს; ოფიციალური ვებ-გვერდი www.msab.com), თუმცა თავად მწარმოებელ კომპანიასაც კი არ აღმოაჩნდა გამოსაკვლევად წარმოდგენილი მოდელის მობილური ტელეფონიდან წაშლილი ინფრომაციის აღდგენისთვის საჭირო მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა N1; იხ. ექსპერტ გ.შარაბიძის დაკითხვის ოქმი).
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კომპიუტერული ექსპერტიზა ასევე ჩატარებული იქნა შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ასევე ვერ მოხერხდა მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, ამ მოდელის ტელეფონისთვის განკუთვნილი სათანადო პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო. (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა N2
იმის გათვალისწინებით, რომ ალექსანდრე ელისაშვილის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონიდან ვერ განხორციელდა წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მანანა კობახიძის თანხმობით ჩატარდა 2013-2014 წლებში მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის კომპიუტერული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, მობილური ტელეფონის მეხსიერებაში არ ფიქსირდება ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერთან განხორციელებული სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები. რაც შეეხება წაშლილ სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან ვერ იქნა აღდგენილი ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერთან სატელეფონო კავშირის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით. (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა N3). ასევე, ალექსანდრე ელისაშვილის მონაწილეობით დათვალიერდა, მის მიერვე წარმოდგენილი საკუთარი სააბონენტო ნომრის სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნუსხა. დათვალიერებით დადგინდა, რომ ა. ელისაშვილის თავმჯდომარეობით ჩატარებული შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომების წინ მისი მობილური ტელეფონის ნომერზე საერთოდ არ ფიქსირდება ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.    
ნუსხის მიხედვით, ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერზე მანანა კობახიძის მოკლე ტექსტური შეტყობინება ფიქსირდება მხოლოდ 2014 წლის 30 აპრილს, მაშინ, როდესაც 2014 წლის 28 აპრილიდან ალექსანდრე ელისაშვილს შეწყვეტილი ჰქონდა შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, ხოლო მისი კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების შესახებ ბოლო განკარგულება გამოცემული იყო 2014 წლის 17 აპრილს. (იხ. სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნუსხის დათვალიერების ოქმი; იხ. პრეზიდენტის ბრძანებულება).
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე ალექსანდრე ელისაშვილმა 2014-2015 წლებში 12-ჯერ მიმართა წერილობით საქართველოს მთავარ პროკურატურას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა არცერთხელ არ შეუტყობინებია ინფორმაცია მასზე განხორციელებული ზეწოლისა და შეწყალების საკითხებთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებების შესახებ. 
ამრიგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ე.წ. „კოკაინის საქმეზე’’ მსჯავრდებულ პირებსა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე შეწყვიტა გამოძიება."

გიორგი ფარესაშვილმა პროკურატურაში აუდიოჩანაწერები მიიტანა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 მარტი 2016 14:53

ჟურნალისტმა გიორგი ფარესაშვილმა, გელა ხვედელიძის, ლაშა ამირეჯიბის, გიორგი მამაცაშვილის და ნუგზარ ფოფხაძის საათნახევრიანი აუდიო ჩანაწერი  პროკურატურაში  შეიტანა. ჩანაწერი 2013 წლისაა  და იქ საუბარია  არა მხოლოდ მის არამედ იმ ქალების ვიდეოებზე რომელიც ახლა გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ფარესიშვილი გუშინ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისი მტკიცებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში დაინტერესებული პირები გიორგი მამაცაშვილი, გელა ხვედელიძე და ნუგზარ ფოფხაძე იყვნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური